"ჩემთვის გამოსავალი შინაგანი ემიგრაციაა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის გამოსავალი შინაგანი ემიგრაციაა"

"ძნელია, სამშობლო ეძახო ტერიტორიას, სადაც კულტურა მომსპარია"

5 ივლისის ცნობილ მოვლენებზე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე მწერალი კოტე ჯანდიერი გვესაუბრა:

- 30 წელიწადია, გვქვია დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ფიქციაა. დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლება ჰქონდეთ სულიერად და ინტელექტუალურად თავისუფალ ადამიანებს, რომელთაც აზროვნების უნარი აქვთ.

30 წელიწადი ვანგრიეთ მეცნიერება, ვანგრიეთ განათლება! რაც გვქონდა, იმაზე უარესი სკოლა გვაქვს ახლა და რაც ძვირფასი იყო იმ საბჭოთა კავშირის დროს, ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ახალგაზრდობას რომ ჰკითხო, შავბნელის მეტი არაფერი ყოფილა საბჭოთა კავშირში, არც ნიკოლოზ მუსხელიშვილი ყოფილა, არც ილია ვეკუა, არც აზროვნების ცენტრები!

ყველაფერი ნაბან წყალს გადავაყოლეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის წარსული არ არსებობს. წარსული მარტო დავით აღმაშენებელი არ არის. როდესაც დროთა კავშირია გაწყვეტილი, მომავალიც არ გაქვს. რომელ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ? ვინ არის დამოუკიდებელი, ეს ქვეყანაა დამოუკიდებელი? თუმცა, კიდევ კარგი, რომ არ არის და კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი მართავენ. ეგენი რომ არა, ახლა აქ ცემა-ტყეპა კი არა, 90-იანი წლები და უარესიც იქნებოდა. არათავისუფალი ადამიანის დამოუკიდებლობა არის უბედურება და ნგრევა. ასე გამოვიყურებით ჩვენ ახლა - უბიოგრაფიოდ, უწარსულოდ; სანაგვეზე გადავყარეთ ყველაფერი, რაც იყო და არ იყო გადასაყრელი, მხოლოდ აგრესია დავიტოვეთ.

ცემა-ტყეპაო... ამ 30 წლის განმავლობაში ერთი მონაკვეთი დამისახელეთ, როცა ცემა-ტყეპა წახალისებული არ ყოფილა და არა მხოლოდ სახელმწიფოსგან. ზოგჯერ ოპოზიცია იყო წამახალისებელი, ახლა კი ვნახეთ, რომ ეს აურზაური, ფაქტობრივად, ეკლესიამ წაახალისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიაა ცუდი და ვინმე კარგი. ეს ეკლესიაც ჩვენა ვართ, ეს მთავრობაც ჩვენა ვართ და ეს ოპოზიციაც ჩვენა ვართ! რაცა ვართ, ეგა ვართ - უბიოგრაფიო ადამიანები, თავისუფალი აზროვნების უქონელნი, თავისუფლებაზე წარმოდგენაც რომ არ გვაქვს. რაღაცა კლიშეებსა და დოგმებს ვიმეორებთ და ერთმანეთს ვჩრით ცხვირში, მე უფრო დემოკრატი ვარ, ვიდრე შენო. დათო მაღრაძემ შესანიშნავი ფრაზა დაწერა - ჩვენ ისეთივე ლიბერალები ვართ, როგორიც ქრისტიანებიო. ზუსტად! არც ეკლესიაში ვვარგივართ და არც - დემოკრატიასა და ლიბერალიზმში. ილია ჭავჭავაძე იყო ლიბერალი და ამ ჩვენი პოლიტიკური ტიპაჟებიდან რომელიმე ჰგავს მას?!

ლიბერალიზმი ქრისტიანობიდან არის დაბადებული, ადამიანის თავისუფალ არჩევანს ნიშნავს და არა - მონურ, გაუაზრებელ გამეორებას უაზრო დოგმებისა, რომლებიც, არც კი გესმის, რას ნიშნავს.

რაც შეეხება ლგბტ-ს, მე რომ მკითხოთ, ყველაზე ტოლერანტული იყო მამაჩემის და ჩემი თაობა. ეს ხალხი ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. ბუცა ჯორბენაძეს ვინმემ არ ააშენებინა ქალაქის ცენტრში ის სასახლე? გეგმური ეკონომიკის დროს აბსოლუტურად გენიალური შენობა ააშენებინეს! იური ზარეცკის ვინმემ არ დაადგმევინა რომელიმე ცეკვა? ქართულ ფილმებში თუ სადმე კარგი ცეკვაა, ყველა მისი დადგმულია! ჭაბუკიანზე აღარაფერს ვამბობ... ჩემი თაობა სვანეთში დავდიოდით ეგეთ ადამიანებთან, ვმეგობრობდით. ზოგიერთი მათგანი ჯემპრებსაც ქსოვდა და ერთი-ორი ჯემპრი ახლაც მაქვს შემორჩენილი, მათი ნაჩუქარი. ვიცოდით, რომ ეგეთები იყვნენ, მაგრამ არასოდეს თავში არ მოსვლიათ, თავიანთი ორიენტაცია ცხვირში შეეჩარათ ვინმესთვის.

ყველაფერი ძალადობააო... პრაიდიც ძალადობააო...

ეს ხალხი, რომლებიც ჯვრიანი კომბლებით თუ რაღაც ოხრობით გაცვივდნენ, ბნელი ორმოდან ამოდიან ხოლმე, როცა რაღაც ირევა და სახელმწიფო თავის ადგილზე ვერ არის. ძალიან კარგად ვნახეთ 90-იან წლებში ამათი სახე, ამათი საძმოები, მერე ისევ ორმოში ჩავიდნენ. სააკაშვილის დროსაც ვნახეთ ამ ორმოდან ამოსული მეგის ქარდავები, ახალაიები... ეგ ორმო უკვდავია. ახლაც იქიდან ამოსულები სცემდნენ ჟურნალისტებს.

როგორი ჟურნალისტები არიან, სხვა საკითხია, მაგრამ ეს ორმოს ხალხის გასარჩევი არ არის! განათლების სისტემა გვაქვს ისეთი, არავითარი იმედი იმისა, რომ შეიძლება ადამიანი ნორმალური გაიზარდოს, აღარ არსებობს. ნახეთ ეროვნული სასწავლო გეგმები!.. კოვიდლოკდაუნი რომ გამოცხადდა და სკოლები დაიხურა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოითხოვა, გაკვეთილები ტელევიზიით ჩავატაროთო და ვნახეთ ჩვენი მასწავლებელთა კორპუსის საუკეთესო ნაწილი - 200 კაციდან 10 აირჩეოდა ისეთი, რომლებიც შეიძლება ეკრანზე გამოაჩინო! რატომ? იმიტომ, რომ არავითარი სოციალური წონა არა აქვს მასწავლებლის ღვაწლს. ბისმარკმა თქვა, მე კი ნუ მიხდით მადლობას გერმანიის გაერთიანებისთვის, ეგ მადლობა გადაუხადეთ გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, იმათ გააერთიანეს გერმანია, მე მხოლოდ შემსრულებელი ვიყავიო. ნორმალური ადამიანისთვის, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არავითარი მოტივაცია არ არსებობს, რომ სკოლაში წავიდეს. ვერსად რომ ვერ შოულობს სამსახურს, ისეთი ხალხი მიდის იქ და გაუთავებლად რაღაც რეფორმებს ატარებენ, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული... მერე იყო ლომაია და ახლაც იგივე გრძელდება. რა რეფორმები! სკოლის კომპიუტერიზაცია ყოფილა რეფორმა! დღეს ეგ ისეთი რამაა, როგორიც წყალგაყვანილობა და გათბობა. ეგ არის რეფორმა?! სწავლების შინაარსი და ვინ უნდა იყოს მასწავლებელი - ეს საკითხი ვინმემ განიხილა? ფიზიკის ტესტი ფიზიკის მასწავლებელთა 80%-მა ვერ ჩააბარა! რაზე ვლაპარაკობთ?!

დღევანდელ აურზაურში ვინ არის მართალი, ის ჟურნალისტები, გუშინწინ სახელმწიფო გადატრიალებას რომ გვპირდებოდნენ თუ ბნელი ორმოდან ამოსული ხალხი, ვიღაცების დაფინანსებულ-წაქეზებული? რა ვიცი...

- თავისი გამოსვლით პრემიერ-მინისტრმაც წაახალისა ეს ძალადობაო, ითქვა... - პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა სუსტია, რადგან ავტორიტეტი არ აქვთ, თუმცა მის იმდღევანდელ სიტყვებში მე წახალისებისა ვერაფერი გავიგე. მან თქვა, მეშინია, რაღაც ცუდი არ მოხდესო. იგულისხმა, რომ თუ პრაიდი ჩაივლის 5 საათზე და ეს ბნელეთი დაეტაკება, პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს, ამიტომ მოდი, თქვენ სხვაგან შეიკრიბეთ, რომ დაცვა ადვილი იყოსო. ჩემთვის ეს სიტყვები წახალისება კი არ იყო, არამედ აღიარება - მე ამას ვერ გავაკონტროლებო.

პოლიცია ამბობს, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჟურნალისტებს დაერეოდნენო. მართალაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ ეს ხომ ორგანიზებული იყო და პოლიციასაც მხოლოდ მომხდარზე რეაგირება ხომ არ ევალება? ინფორმატორები არა ჰყავთ? ამის პრევენცია არ არსებობს? ვიღაცამ მოიფიქრა, ვიღაცებმა განიხილეს, მერე ამ ბნელ ძალას უჩვენეს მიმართულება და მისცეს მითითება, წადით და იმათ დასცხეთო. არ არის, ბატონო, რუსთაველზე ამდენი ლგბტ და რა ვქნათო? - ამათ იკითხეს. აბა, ვინ არიანო? - იმათ. მხოლოდ ჟურნალისტებიო. თუ ჟურნალიტები არიან, ჟურნალისტებს დასცხეთო, ვიღაცამ უთხრა. შეიძლებოდა ეთქვათ, ჭაღარა ვინც შეგხვდებათ, გალახეთო, ეფექტი იგივე იქნებოდა. ან - ქერა-ცისფერთვალებებს დაერიეთო, რა ვიცი... მაგრამ შსს რომ ხარ, მარტო მომხდარზე რეაგირება გევალება? არ იცით, რომ ვიღაცების სისხლის გამოშვებას და თავ-პირის დამტვრევას აპირებენ? ეს თქვა ღარიბაშვილმა - თუ სხვაგან ჩაატარებთ შეკრებას, უფრო გაგვიადვილდება თქვენი დაცვა, მაგრამ თუ იქ გაივლით, მაშინ მეშინია, რომ უბედურება მოხდებაო. შინაარსი ეს იყო.

ესენი რომ მოითხოვენ, გადადგესო, ეგ მეორე უბედურებაა, მაგრამ ჩემთვის, მოქალაქისთვის, საშინელებაა, როცა მთავრობა ამბობს, მე არ შემიძლია შენი დაცვა და გაფრთხილებო... ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არა ვართ, მით უმეტეს - დამოუკიდებელი. იმ ხალხს ჰგონია, რომ აქ ცივილიზაციაა. მეტ-ნაკლებად ცივილიზებულები ვიყავით 30 წლის წინ. ახლა ვართ ველურები და ჩვენი სახე არის ის, რაც ვნახეთ - ბნელი ორმოდან ამოსული ხალხი, რომელთაც ვინ მოასწრებს და სათავისოდ გამოიყენებს, ამაზეა დამოკიდებული ამ ქვეყნისა და საზოგადოების ბედ-იღბალი!

კულტურის ნასახი აღარ არის ამ ქვეყანაში. ძნელია, სამშობლო ეძახო ტერიტორიას, სადაც კულტურა მომსპარია. კულტურა ამათ ის ჰგონიათ, ვიღაც პრომოუტერს 49 მილიონს რომ გადაუხდიან და ბლექსი არენაზე კონცერტს გამართავენ. გართობა ჰგონიათ კულტურა! არადა, კულტურის გარეშე როგორ შეიძლება ვინმემ დამოუკიდებელი ქვეყანა შექმნას?!

- რა არის ქვეყნისთვის გამოსავალი? - ქვეყნისთვის გამოსავალზე იფიქრონ, ვინც ქუჩაში არყევს ცხოვრებას. ჩემთვის გამოსავალი შინაგანი ემიგრაციაა. სადაც უკულტურობაა, იქ ჩემი სამშობლო არ არის. ჟურნალისტით დაწყებული, ბნელი ორმოს მკვიდრი თავპირისმტვრეველით დამთავრებული, ყველა ინსტინქტების მსახურია, კულტურა კი ის არის, რაც ინსტინქტებს კალაპოტში აქცევს. აღზრდაც კულტურაა. ტელევიზორიდან დედას აგინებ ნახევარ საქართველოს, ეკრანიდან მეძველბიჭები და ქუჩაში დაცვის გარეშე ვერ გამოდიხარ! თუ იგინები, ეგ ქუჩის ამბავია და ქუჩაში გინების პასუხი მუშტია. შენ გინდა ტელევიზორიდან იგინებოდე, ძველბიჭობდე, ამ ბნელმა მასამ კი ეს მოითმინოს და ისე მოიქცეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს შეგნებული მოქალაქე? აქ მართალი და მტყუანი არ არსებობს, ბნელეთია! ნორმალური, პატიოსანი და შეგნებული ხალხისთვის ახლა ისეთი გარემოა, როგორიც იყო ბნელი საუკუნეების ბარბაროსების შემოსევების შედეგად რომის იმპერიის, ანტიკური კულტურის დაიღუპვის შემდეგ. ვინც აზროვნებდა, პატარა ჯგუფები შექმნეს და წიგნები რომ არ გაენადგურებინათ, შეინახეს, მოწაფეები გაიჩინეს და ბნელეთის ოკეანეში პატარა კუნძულები შექმნეს. შინაგანი ემიგრაცია ჰქვია ამას. მერე დადგა დრო, გამოიტანეს ეს წიგნები, დიდი ანტიკური კულტურა დაუბრუნდა გაველურებულ კონტინენტს და დაიბადა ევროპა - ალარიხები და თეოდორიხები. ევროპელს ქრისტიანობა რომ გამოაცალო, იგივე ბარბაროსი იქნება.

მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს უბედურება არ არის. ორმოს ხალხი იყო ისიც, აშშ-ში ფლოიდის მკვლელობის შემდეგ სიეტლსა და პიტსბურგს რომ წვავდა. საიდან გამოძვრნენ ასე უცებ, რატომ იყვნენ დაუსჯელები, პოლიცია რატომ იყო დაჩოქილი? იმიტომ, რომ რომელიღაც ძალას ეგრე აწყობდა! აქაც იგივეა, ოღონდ იქ უფრო დიდი მასშტაბისა იყო. მე მეგონა, ეგ ბნელი ორმო იქ აღარ იყო და მხოლოდ ჩვენ გვქონდა. აბა, იქ ყოფილა, თუ ყოფილა!..

- ორმოების ამოქოლვის რეცეპტი თუ არსებობს ისტორიაში? - სოციალური ლიფტები უნდა გააკეთო და ინტეგრირება სცადო, თუ შეგიძლია.

- ჩვენი საყვარელი ციტატა გავიხსენოთ რეზო გაბრიაძისგან... - რეზო გაბრიაძე `შერეკილების~ ბოლოს ჩამოთვლის, რას გადაუფრინეს ერთაოზმა და ქრისტეფორე მგალობლიშვილმა თავიანთი ცათმფრენით. იქ არ წერია კონტინენტები და ოკეანეები. ფესტვენიძის ბოსტანს, ვიღაცის ვენახს, გატეხილ ციხეებს, დაქცეულ მონასტრებს, თამარ მეფის საფლავს გადაუფრინესო... თამარ მეფის საფლავი, საბედნიეროდ, მარტო იქიდან ჩანს, სადაც ახლა რეზოა. სამშობლო სწორედ ეგ საფლავია, რომელიც, კიდევ კარგი, არ შემოგვრჩა, თორემ გადაიქცეოდა მავზოლეუმად და ტურისტულ ობიექტად...

- იქნებ ეს ამბავიც ოდესმე `შერეკილებივით~ დამთავრდეს... - რანაირი საზოგადოებაა? გინდა თუ არა, ან იმ მხარეს იყავი, ან - ამ მხარესო!.. რა ვიცით, როდის რა დამთავრდება...