არა ძალადობას!!! - კვირის პალიტრა

არა ძალადობას!!!

რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები 5-6 ივლისის საზარელ მოვლენებზე...

"მაშ, ვინღა გადაიღოს, ვინ უთხრას მართალი ხალხს?!"

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: - ისე განვიცადე ლექსო ლაშქარავას ამბავი, ისე ვიტირე, კადრებს რომ ვუყურებდი, ტელეეკრანს გამომარიდეს ჩემმა შვილებმა. ისე მტკივა ეს ამბავი, ლაპარაკიც კი არ მინდა. სადამდე მიგვიყვანა, გადაგვჩეხა ამ დაპირისპირებამ, ერთმანეთთან ძიძგილაობამ!

სულ ვფიქრობ, ნუთუ მართლა ეგეთი ერი ვართ, რომელსაც ერთმანეთი არ უყვარს? რისთვის გაიმეტეს? რომ იღებდა იმას, იქ რაც ხდებოდა, მაგისთვის სცემეს გამეტებით? შეიძლება? მაშ, ვინღა გადაიღოს, ვინ უთხრას მართალი ხალხს?! სულ აბდაუბდა რომ გადის, რაც კიდევ უფრო აუბედურებს ამ ქვეყანას... ჟურნალისტების წინააღმდეგ შეიძლება ეგეთი რამის ჩადენა? ეს კატასტროფაა! ისე სცემეს, ლამის თვალი ამოუვარდა ბუდიდან. გული მიკვდება... მე რისი გამრჩევი ვარ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ასეთი რამ ადამიანებს შორის აღარ უნდა მოხდეს! გულიდან უნდა ამოირეცხონ ბოღმა და შხამი ყველამ!

"ასე სვლა სინათლესთან ვერ მიგვიყვანს"

ტარიელ ხარხელაური, პოეტი: - ყოველთვის წინააღმდეგი ვარ აგრესიისა. გამოხატე შენი პოზიცია, მაგრამ ძალადობა სიკეთეს არ მოგვიტანს. ეს არ არის საშუალება, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. ამით ფონს ვერ გავალთ. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ინტელექტი არ გვყოფნის. მაგიტომაც გადავდივართ ჩხუბზე. გაუნათლებლობის ბრალია ეს. ასე სვლა სინათლესთან ვერ მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვაცალკევეს, გაგვთიშეს. ყველა პოლიტიკოსს თავ-თავისი ინტერესები აქვს, ქვეყნის ინტერესები მაგათგან შორსაა, ხალხს კი იყენებენ, როგორც თავიანთი ბრძოლის იარაღს.

"ეს არ არის ღმერთის სიყვარული! ასეთი რადიკალები არსად მინახავს"

დავით ხურცილავა, მსახიობი: - მინდა მივუსამძიმრო ლექსო ლაშქარავას ოჯახს. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ტრაგედიაა. რაც შეეხება ძალადობას, ეს არის უდიდესი შეცდომა. უცნობმა, მე და ჩვენმა ბიჭებმა 9 აპრილს შეხვედრა რომ გავმართეთ, ბუზი არავის აჰფრენია, არადა, 25 ათასი კაცი იყო თავშეყრილი. გვესმის, რომ ვიღაცებს მართლაც უყვართ ეკლესია, უყვართ ღმერთი, მაგრამ ეს არ არის ღმერთის სიყვარული! ისეთი რადიკალები არიან, მსგავსი არსად მინახავს. ჩვენთან თუ არ ხართ, ესე იგი, იმათთან ხართო, უცნობს უთხრეს. თუ არ მოდიხართ და ჟურნალისტებს არ ურტყამთ, პიდარასტები ხართო. ასეთი რადიკალიზმი, ალბათ, ჰიტლერი რომ მოდიოდა 30-იან წლებში, მაშინ იყო. იმათ ჰგვანან, მაგრამ ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი უბედურებაა, რომელსაც ჭედავენ, ჭედავენ ეს "ნაცები" და ვერ გამოჭედეს. ამ ჩვენი მთავრობისა კიდევ, რა გითხრათ, ჩემო ბატონო... პატარა ბავშვებივით არიან. ეგეთი უსუსური არავინ მინახავს.

მე ხალხში დავდივარ. გივი ბერიკაშვილის არ იყოს, წყაროსთან რა ხდება, ის ვიცი. ხალხი დაიღალა ამ ნაძირალების ყურებით. კოაბიტაცია იყო თითიდან გამოწოვილი ქმედება. სწორედ კოაბიტაციამ მოგვიტანა ეს ყველაფერი! თავზე გვასხედან უინტელექტო, უჯიშო, უსისხლო არაადამიანები! ცოტანი არიან, მაგრამ მაგდენიც თუ იყვნენ, არ მეგონა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სამმილიონიანი ქვეყანა ფეხზე არ დადგეს! ძალიან ბევრი ფული აქვთ. ცალ-ცალი კალოშით მოსული კეზერაშვილი ახლა ხუთსართულიან სახლში ცხოვრობს ელტონ ჯონის მეზობლად, ლონდონში, სადაც კვადრატული მეტრი მილიონები ღირს! ჩვენი ფული აქვთ წაღებული მაგასაც, სააკაშვილსაც და ახლა აჭმევენ ამ აფთრებს!

ესენი უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. აღარ უნდა არსებობდეს არც ეს რამდენიმე არხი, ფულის გულისთვის რომ აკეთებენ ყველაფერს.

"ძალიან მრცხვენია ყველაფრის, რაც მოხდა. ჩვენი საზოგადოების მრცხვენია"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - ბევრი სამუშაო მქონდა ამ პერიოდში, ამიტომ ვერ ვიყავი ჩართული იმაში, რაც ხდებოდა, თუმცა ისეთი ამბები დატრიალდა, წარმოუდგენელია, შეწუხებული არ იყო...

ძალიან მრცხვენია ყველაფრის, რაც მოხდა. ჩვენი საზოგადოების მრცხვენია. მრცხვენია, რომ ასეთი გამეტება შეგვიძლია ადამიანის, იმ ადამიანის, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს!

ამას ახლა პირველად ვამბობ, თუმცა, წლებია, ვწერ, რომ ჩვენი კულტურა უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს დაკავშირებულია, უპირველესად, განათლებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, უმდაბლეს დონეზეა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მასკულტურა და ეს არ არის ის, რამაც შეიძლება აღზარდოს საზოგადოება. გაუნათლებლობის შედეგია ისიც, რომ ძალიან დაბალი დონისაა ჩვენი პოლიტიკური კულტურაც. ახლანდელი ჩვენი მდგომარეობა არაფრით განსხვავდება იმ უმძიმესი პერიოდისაგან, რომელიც დოსტოევსკიმ აღწერა რომანში "ეშმაკნი". თითქოს 200 წლის წინანდელი ამბავი ხდება დღევანდელ საქართველოში.

შეიძლება პოლიტიკური ინტერესებისთვის ასე გაიმეტონ ადამიანები! სრულიად ნათელია, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა, ვინ მართოს ეს ქვეყანა. და იბრძვიან ის ძალები, რომლებიც, ჩემი აზრით, არ არიან ამის ღირსი, ვინაიდან მათ, სხვაზე რომ არაფერზე ვილაპარაკოთ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაკარგეს.

თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მესმის, რომ ყველა ემოციურია, მაგრამ ყველანაირ ემოციას ხომ მართვა სჭირდება, ამისთვის კი ინტელექტი და პროფესიონალიზმია აუცილებელი.

არ შეიძლება, ჟურნალისტების ნაწილი ვერ მიხვდეს, რომ თავიანთი ქმედებით ისინი აზარალებენ ქვეყანას და ამას უთუოდ გამოიყენებს ჩვენი მოწინააღმდეგე. ვერ ხედავენ, რა ხდება ამიერკავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სადაც რუსეთმა ის გააკეთა, რაც უნდოდა?!

უპირველესად, ყველაფრის გამოძიებაა საჭირო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, საზოგადოება ისეა აღელვებული, ყველაფრის გამოძიებას მოითხოვს და საქმესაც ბოლომდე მიაყვანინებს, ვისაც ეს ევალება! ამას უნდა მოჰყვეს ყველაფრის ობიექტური შეფასება და ყველას დასჯა, ვინც დასასჯელია.

მასმედიამ არ უნდა მისცეს თავს უფლება, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რაღაც თითქოს სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა, ცხადია, ზოგი ამას პოლიტიკური ზეგავლენით აკეთებს. საზოგადოებამაც უნდა გამოთქვას თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც ამ დღეებში ვნახეთ. ძალადობა მიუღებელია კულტურულ ქვეყანაში!

რაც შეეხება ხელისუფლებას, რასაკვირველია, ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს, რომ თავის დროზე არ იმოქმედეს. ამასაც გამოძიება სჭირდება.

ჩემი ერთადერთი ოცნება და სურვილია, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩევნებზე კი ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ.

სანთელი დავანთე ლექსო ლაშქარავას სახელზე. ვოცნებობ, რომ მისი სულიერი სიცოცხლე გაგრძელდეს სიმშვიდეში. ვუსამძიმრებ ოჯახს...

"გვახსოვდეს, უფალი მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენ გვერდით, როცა მაცხოვრის წეს-კანონებით ვიმოქმედებთ!"

ერეკლე საღლიანი, პოეტი: - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ყველას. საზარელი ფაქტი მოხდა, რომელმაც ოდნავ გამოაღვიძა ჩვენი გონება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს ეპიზოდური გამოღვიძებაა. თუ დანაშაულის სიღრმეს არ ჩავწვდით, ამ სენს ვერ განვკურნავთ. თქვენ მკითხეთ, მიზეზი სად უნდა ვეძიოთო. ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი არის მორალური კოდექსი, რომელსაც მთელი კაცობრიობა მოსწყდა. რაც ჩვენთან ხდება, არის კაცობრიობის პრობლემა. ჩვენ ბევრ რამეს არასწორად ვიგებთ, მიზეზი კი გაუნათლებლობაა. იყო პერიოდი, როდესაც მეტროში რომ ჩახვიდოდი, წიგნი თუ არა, გაზეთი მაინც ყველას ეჭირა და კითხულობდა. რა თქმა უნდა, მაშინდელ განათლების სისტემას უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელთან შედარებით უფრო მოქნილი იყო. მაშინ არავინ გვიკრძალავდა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას", დღეს კი დიდი ძალისხმევის, დიდი ბრძოლის შემდეგ ძლივს მოხერხდა, რომ სკოლებში "დედა ენა" დაბრუნდეს. მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო მამა კონსტანტინე გიორგაძეს, ავთანდილ არაბულს, გოგი გოგოლაშვილს და ყველას, ვინც იღვწოდა, რომ ეს საშვილიშვილო საქმე განხორციელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცხოვრეთ 70-წლიან უღმერთო ქვეყანაში, ზნეობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის. რატომ? იმიტომ, რომ კომუნისტები, რომელთაც არ სწამდათ ღმერთი, ძირითადად, ეყრდნობოდნენ ფიზიკურ ძალას, უხეშ საშუალებებს, მაგრამ არ გააჩნდათ გადაგვარების ისეთი მეთოდი, რომელიც დღეს დაგვატყდა თავს და რომელიც ადამიანს სახეს აკარგვინებს. ანუ რა გამოდის? იმ საზარელ უღელქვეშ, რომელსაც ერქვა კომუნისტური მმართველობა, ჩვენ ვახერხებდით და ადამიანობას ვინარჩუნებდით.

დღეს თითქოს რწმენის თავისუფლება დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამას იმდენი რამ მოჰყვა... რწმენის თავისუფლება ბევრისთვის ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს. ესენი ერთმანეთისგან ვერ არჩევენ თავისუფლებას და აღვირახსნილობას. აი, ამ აღვირახსნილობამ და სხვის ტაშფანდურზე ბუქნაობამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია! ახლა მეორე: როდესაც არ გაგვაჩნია შინაგანი სიმრთელე, არ გაგვაჩნია მტკიცე რწმენა, ფსევდოლიბერალების გამაღიზიანებელ მოქმედებას, სამწუხაროდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ვპასუხობთ, არადა, ეს სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ახალგაზრდა კაცი ფსევდოლიბერალებმა, ფაქტობრივად, ზვარაკად შესწირეს, რათა დღევანდელი ხელისუფლების სასტიკი სახე, მისი უსუსურობა წარმოეჩინათ. მინდა ვთხოვო ყველას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დიდი მოთმინებით, შინაგანი ძლიერებით, რწმენით, დაუცხრომელი ლოცვით და განათლებით მიიღწევა ის სიმშვიდე, რომელიც იქნება თითოეული ჩვენგანის ფარი. რწმენა განათლების გარეშე უსუსურია ისევე, როგორც განათლება რწმენის გარეშე. ეს ადამიანში ერთდროულად უნდა არსებობდეს. და რა მივიღეთ ჩვენ? ფაქტობრივად, საზოგადოება არის ეგზალტირებული ბრბოს მდგომარეობაში და ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება! მინდა მივმართო ჩემს თანამემამულეებს: ეცდებიან ჩვენს გამოწვევას, გამოიყენებენ ყოველგვარ საშუალებას, შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს სხვა გზა აღარ არსებობს, მაგრამ გვახსოვდეს, უფალი მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენ გვერდით, როცა მაცხოვრის წეს-კანონებით ვიმოქმედებთ! დაწყებულია მასობრივი პროპაგანდა, რომ სახელი გაუტეხონ ეკლესიას, ახალგაზრდობას ქრისტეს რჯული შეაძულონ და ამას ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც, მაგრამ ეს დროებითია. მათ მიერ გზას აცდენილი ახალგაზრდა ბოლოს ყველაფერს მიხვდება, უარს ეტყვის თავის საზარელ წარსულს და რწმენისკენ მობრუნდება, ეკლესია კი ყოველთვის მზად არის, მიიღოს შეცდომილნი და მათ თავის წიაღში მიუჩინოს ადგილი.

ერთსაც ვიტყოდი: სულიერი საზრდო წაართვეს ადამიანებს, ასეთი ადამიანი კი უსაყრდენოდ რჩება და სადღაც, უსასრულობაში, ვარდება. მისი აზროვნებაც, მოქმედებაც ქაოსური ხდება და დღეს ჩვენ სწორედ ქაოსი გვმართავს. ადამიანის გადაგვარება სკოლიდან იწყება. საბედნიეროდ, კიდევ არიან შემორჩენილი მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთ აღსაზრდელებს სიკეთე შთააგონონ, ჭეშმარიტება დაანახონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ცოტანი დარჩნენ. ფსევდოლიბერალებმა უკვე სკოლებშიც შეაღწიეს და ამან შექმნა დეზორიენტირებული საზოგადოება. აი, ეს არის ძირითადი მიზეზები.

რაც შეეხება მთავრობის მოქმედებას, მე ამას ცოტა სხვაგვარად ვუყურებ... საზოგადოების ეს წიაღი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ვერ შექმნის უკეთეს მთავრობას, თუმცა აქ სხვა რამეც ხდება: კლანური ინტერესები, ნეპოტიზმი, უსამართლობა... ხალხმა ამ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა.

ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს აფხაზეთის, სამაჩაბლოს დანაშაულებრივ ომებში. იმ ხალხმა, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა, ახლა გააცნობიერა, რომ ეს ყველაფერი დანაშაული იყო! დიახ, მათი ტრაგედიაც უნდა გავითვალისწინოთ... ტყუილზე იყო ყველაფერი აგებული და ასე გრძელდება დღესაც. ახალი არაფერი ხდება, თუმცა ერთი რამ ვერ გაგვიგია - შეიძლება იყო მთავრობის წევრი, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების წევრი, მაგრამ არ შეიძლება მთავრობის ან პოლიტიკური პარტიის შვილი იყო. შვილი უნდა იყო საქართველოსი, შენი ქვეყნის! აი, ასეთი მიდგომა რომ იყოს, სამართალსაც ნაკლებად გაუჭირდებოდა, ეჭამა პური. დღემდე ეძებს სამართალი ამ პურს, პური - სამართალს, მაგრამ ჩვენ ვდგავართ შუაში და მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ ვაძლევთ.

ერთსაც ვიტყოდი - აუცილებელია სისტემის მთლიანად შეცვლა! ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც უნდა მოვიდეს, ამ სისტემის საფუძველზე ხალხს ისევე მოექცევა, როგორც ეს მთავრობა ექცევა. რატომ ვფიქრობ ასე და იმიტომ, რომ აღარ დამთავრდა საქართველოში ერთპარტიული დიქტატი! არ შეიძლება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა! ხუთი წლის შემდეგ პარტია ლპობას იწყებს და ჩვენშიც ეს ხდებოდა ყოველთვის: 90-იან წლებში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ... სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება. მე ქართულ პოლიტიკაში სიახლეს ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ჩემს მეგობრებსაც ძალიან ეწყინათ, როცა ვთქვი, ჩვენ ჯერ არ გამოვსულვართ საბჭოთა კავშირიდან-მეთქი. ამის თქმისას, უპირველესად, აზროვნება ვიგულისხმე. ჩვენი ხელწერა, მეთოდები არაფრით განსხვავდება საბჭოური წეს-წყობილების დანერგილი მეთოდებისგან. მაგრამ ახლა დავინახეთ მეორე საშინელებაც... კარგი, პოლიტიკურად თითქოს გავთავისუფლდით, მაგრამ სანამ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს უცხო ქვეყანას, როგორ ვიტყვი, რომ მას მთლად დავაღწიეთ თავი?! ამასთანავე, ის წესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გამეფებული, ტყუპისცალივით ჰგავს საბჭოეთის მეთოდებს. ამან გამაოგნა და შემაძრწუნა!.. მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა ნობელის პრემია მიიღო ორი ნაწარმოებისთვის: "არქიპელაგი გულაგი" და "კიბოს კორპუსი". ის საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვერც იქ პოვა საშველი და ისევ რუსეთში დაბრუნდა (მართალია, უკვე არასაბჭოთა რუსეთში) - რაკი ყველგან ერთი და იგივე უბედურებაა, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოში მაინც ვიყოო. მე ასე ავხსენი მისი საქციელი. არ გაამართლა ფსევდოლიბერალურმა პროპაგანდამ. არ გაამართლა იმიტომ, რომ დედაბუნებამ თავისი კანონები დააწესა: კაცი გააჩინა კაცად, ქალი - ქალად. მე ვთვლი, რომ ქალისთვის უდიდესი პატივია მისი ქალობა, კაცისთვის კიდევ - კაცობა. და რა ხდება ახლა? ხდება ის, რომ ჩვენი ისტორია იკვლევს კაცობრიობის მიერ განვლილ გზას და მეცნიერების დასკვნით, ნეანდერტალელი ადამიანი გადაშენდა იმიტომ, რომ მათ შორის მასობრივად გავრცელდა ჰომოსექსუალიზმი. მე იმის თქმა მინდა, რომ ბუნების კანონებს არ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ.

"დიახ, პატრიარქმა მისწერა რუსეთის პატრიარქს და ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს. აი, მართლმადიდებლობის ძალა!"

დავით ევგენიძე, მუსიკოსი: - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და სრულიად საქართველოს. ეს არის უდიდესი ტკივილი. ქვეყანაში ყველაფერი უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ უფსკრულის პირას ვდგავართ. თუ თითოეული ქართველი არ მიხვდა, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენისთვის, არაფერი გვეშველება. სანამ ეს დაყოფილი საქართველო თავის პირად ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს, არაფერი შეიცვლება. მტერი ყოველთვის ზეიმობდა, როცა საქართველოს დაყოფდა, რადგან მერე მასზე ბატონობა ადვილი იყო. 30 წელიწადია, ვხედავთ, რომ ყველა თავისი გავლენის გასაძლიერებლად იბრძვის, ხელისუფლების გადაბარება-გადმობარებას უნდებიან და არავის ახსენდება, საქართველოს განვითარებასა და ტერიტორიების დაბრუნებაზე იზრუნოს...

ძალადობა დაუშვებელია, მით უმეტეს - მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც მიტევება უნდა იყოს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი! ანაფორიანი მღვდელი არ ნიშნავს ეკლესიას, ამიტომ ზოგიერთი ასეთი ადამიანის საქციელი არ შეიძლება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პირობად იქცეს! ჩვენთან არასდროს არავინ იჩაგრებოდა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისება სწორედ ტოლერანტობა იყო. ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილების გამოხატვის ფორმა და საშუალებაც შესაფერისი უნდა იყოს. ძალადობის მსხვერპლი გახდნენ სრულიად უდანაშაულო მედიის წარმომადგენლები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იპოვოს ამ ბოროტების სათავე და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც ეს მოაწყო.

როდესაც ქვეყნის წინაშეა უდიდესი პრობლემები - წართმეული ტერიტორიები, ასიათასობით დევნილი, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია არ იყოს ტენდენციური, მაგრამ როგორც პოლიტიკური ჯგუფები არიან დაყოფილნი, ასევე არის ტელევიზიებიც. მედია უნდა ავრცელებდეს ობიექტურ ინფორმაციას და არ იცავდეს რომელიმე მხარის ინტერესებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროშიც, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ბევრი მსგავსი პრობლემაა, მათაც ძალიან რთული გზა გაიარეს. დემოკრატია ვერ ადგება და ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად გამარჯვებას ვერ იზეიმებს, ეს ადვილი არ არის.

ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის განმავლობაში ცხინვალის საპატიმროში მყოფი ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს... პატრიარქმა მისწერა რუსეთის პატრიარქს. აი, მართლმადიდებლობის ძალა! ამ საქმეში მადლობა ჩვენს პატრიარქს ეკუთვნის.