"ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი" - ეს უნდა იყოს ყველა ქართველის ლოზუნგი" - კვირის პალიტრა

"ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი" - ეს უნდა იყოს ყველა ქართველის ლოზუნგი"

"ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებსაც მოსდით შეცდომა - ჟურნალისტი არ უნდა იყოს მხარე. არ შეიძლება ბნელი მხარე უწოდო ვინმეს, ამით ყოფ და აპირისპირებ საზოგადოებას..."

"ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გალავანი უნდა შემოვავლოთ საქართველოს. ყველაზე დიდი და ყველაზე გამძლე სიყვარულის გალავანია, ყველანი ამ გალავნის მეციხოვნეები უნდა ვიყოთ და დავიცვათ სამშობლო. არ შეიძლება საქართველოში რაღაც ხდებოდეს, შენ კი ცეცხლზე ნავთი ასხა. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" და არა ევროპელებს, ჩრდილოელებს თუ სამხრეთელებს", - გვეუბნება მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული და ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ქართველებს შორის ჩამდგარი სიძულვილის მიზეზებზე საუბრობს.

- შოთასი არ იყოს, "კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია", მგონი, ასე ვართ. ჩნდება კითხვა, რატომ?

- 14 ივლისს ვაჟას დაბადების დღე იყო და მისი სიტყვებით დავიწყებდი: "ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა". უბედურება ის არის, რომ დღეს ქართველმა ქართველის სიყვარული დაკარგა და დაკარგა ქვეყნის სიყვარულიც.

რაც დღეს ხდება, პოლიტიკური ქაოსისა და ბაკქანალიის გამოვლინებაა ამა თუ იმ პარტიის, ამა თუ იმ ლიდერის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა, რომლებიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ ქულების, ხმების თუ დაფინანსების მოპოვებას. ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა, საშინელება იყო და საქართველოს ისტორიას ლაქად დააჩნდება. ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, ყველა ჩვენზეა ჩასაფრებული - რას წაგვგლეჯენ, რას წაგვართმევენ, როგორ გადაგვივლიან თავზე... ყოველი ასეთი ბიძგი და შეჯანჯღარება ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია.

მაშინ, როდესაც დაკარგული გვაქვს ტერიტორიების 22%, მაშინ, როდესაც დაკარგული გვაქვს მთები, ჩვენი სოფლები დაცლილია, გვაქვს დემოგრაფიული პრობლემა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, ლგბტ-ების პრაიდები მოვახვიოთ თავს ქვეყანას. არავის უფლებების დაცვის წინააღმდეგი არა ვარ, კონსტიტუციაში არსებობს კანონი ყველას უფლებების დაცვისა და გამოხატვის შესახებ, ყველას შეუძლია მსვლელობა, ტელევიზიით გამოსვლა და რაც უნდა, იმის თქმა, მაგრამ მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემაა, როცა უნდა გამოვდიოდეთ ტერიტორიების დაბრუნების, სოციალური თუ დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნით, დღეს, როდესაც ტელევიზიები არიან რომელიღაც პარტიის იდეოლოგიის გამტარებლები და აჟიოტაჟის შემომტანი, ამ დროს იქმნება ქაოსი და იწყება მოსახლეობის დაპირისპირება.

ვაჟა ივედრებოდა, ღმერთო, ქართველს ქართველი შეაყვარეო, ამ შემთხვევაში კი ვერ შეაყვარებს იმიტომ, რომ ქართველი ქართველთან არის დაპირისპირებული პარტიული ინტერესების ნიშნით...

- სიძულვილმა წალეკა ქვეყანა, დღეს ძალადობის გულშემატკივარი უფროა ქართველი, ვიდრე მისი მგმობელი... მეც გამახსენდა ვაჟას "ჩემი ვედრება": "ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა". რატომ მომრავლდნენ მგლები? - ხალხი გესლით, ზიზღით და უსიყვარულოდ ცხოვრობს და ამიტომაცაა ამდენი ტრაგედია, ერთმანეთის გალახვა, დაჭრა ქუჩაში, მუდმივად "გადადექის" ძახილი და ა.შ. სამწუხაროდ, მასმედიიდანაც იღვრება სიძულვილი. უბედურება ისაა, რომ მთელი საქართველო პოლიტიზებულია, ყველა ქართველი რომელიღაცა პარტიის წევრი და მომხრეა.

4-მილიონიან საქართველოში აღრიცხულია 200 პარტია მაშინ, როცა, 230-მილიონიან რუსეთში 20 პარტიაა. წარმოიდგინეთ, არჩევნებში 200 პარტია რომ შეიტანს განაცხადს, ეს ხალხი ხომ იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული? ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს, არ შეიძლება ყველაფრის ასე მიშვება.

- 5 ივლისის ჟურნალისტები რომ დაარბიეს რუსთაველზე, ეს რა იყო, რამ და ვინ დაგეშა აგრესიული ჯგუფი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე? - პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება - იმ დაჯგუფებას, რომელსაც პრაიდის ჩატარება სურდა, და იმ ხალხს, რომელიც ამის წინააღმდეგ გამოვიდა და ძალადობას მიმართა. საქართველოში 95% პრაიდების და მარშების წინააღმდეგია, მაგრამ ამას ხალხი რაღაცნაირად მაინც შეეგუა. 30 წლის წინ დანაშაულად იყო მიჩნეული გეიაქტივისტების გამოსვლები და მსგავსი რაღაცები. ბოლო წლებში საზოგადოება, ასე ვთქვათ, მეტ-ნაკლებად განვითარდა და ასეთი თემები აგრესიას აღარ იწვევს. რაც ამ დღეს მოხდა, იყო მივიწყებული წინააღმდეგობის ხელახლა გაჩაღება.

დიახ, გაქვს გამოსვლის უფლება, მაგრამ მოქალაქეობრივი ვალდებულებაც ხომ გაქვს შენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. როცა იცი, რომ იქ დაპირისპირებული მხარე დგას, რომელსაც ასევე აქვს უფლება დაიცვას თავისი შეხედულება, შენ მიდიხარ და აღვივებ ცეცხლს, ამ დროს მოქალაქეობრივმა ვალდებულებამ ხომ უნდა შეგაკავოს? როცა მეორე მხარეს ასეთი აგრესიული ძალა დგას და არ გაგატარებო, ყვირის, და მაინც შენსას აკეთებ, გინდა შენი გაიტანო, ეს უკვე დანაშაულია. დანაშაული იყო აგრესიული ჯგუფის ქმედებაც. არ დაინდეს ჟურნალისტები და ოპერატორები. მსგავსი საშინელება არასდროს მინახავს.

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა დაფინანსებული და ორგანიზებული ორივე მხარე? - პრაიდის ხალხის დასაფინანსებლად, დიდი თანხა შემოდის. არაერთი მიტინგის მონაწილე ვარ ახალგაზრდობიდან და არსად მინახავს ჟურნალისტზე ამგვარი ძალადობა, სიძულვილი. პირიქით, ვეფერებოდით, რადგან ისინი თანამებრძოლებად მიგვაჩნდა. ყოველივე ეს პროვოკაციის შედეგად მომეჩვენა... გახსოვთ, როცა გიორგი სანაია მოკლეს, ამას ხელისუფლების დამხობის მცდელობა მოჰყვა. ახლო წარსულიდან ისიც გვახსოვს, როცა სააკაშვილისა და გვარამიას ჩანაწერები გავრცელდა, სადაც საუბარი იყო მსხვერპლზე ორსულ ქალზე, ჟურნალისტის შეწირვაზე და ა.შ., რატომღაც ეს გამახსენდა... ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტების დარბევაში ვინც მონაწილეობდა, ყველა საქმის კურსში იყო, მაგრამ რაღაც ნაწილი წაქეზებული იყო და მერე ინსტინქტურად სხვებიც აჰყვნენ. ის პროვოკატორები შესაძლოა მერე გაიქცნენ, დანარჩენები კი შერჩნენ და მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტების ცემაში. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებსაც მოსდით შეცდომა - ჟურნალისტი არ უნდა იყოს მხარე. არ შეიძლება ბნელი მხარე უწოდო ვინმეს, ამით ყოფ და აპირისპირებ საზოგადოებას. ანუ მე ვარ ბნელი, რომელიც ეკლესიური ვარ და არ მინდა ერთსქესიანების ქორწილი?

ამერიკამ რამდენიმე შტატში აკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება, საფრანგეთში მილიონიანი მიტინგი იყო ამის მოთხოვნით, უნგრეთმა აკრძალა და გააუქმა მსგავსი ორგანიზაციები იმიტომ, რომ ეს დემოგრაფიული კატასტროფაა. ამას მიხვდა კარგა ხანია ევროპა. ჩვენ ახლა ვიღებთ რაღაც კანონებს, რომელთაც, ალბათ, კიდევ მოჰყვება უბედურება. კარგი იქნებოდა, პრაიდის ხალხს გაეთვალისწინებინა საზოგადოების ნეგატიური განწყობა - დალოცვილო, ლისის ტბაზე თუ არ გინდა, წადი და აღლუმი იპოდრომზე ჩაატარე. ჩვენ არ ვატარებდით მიტინგებს იპოდრომზე?

- ანუ ფიქრობთ, რომ აგრესია და ძალადობა მიზანმიმართული იყო? - დიახ, ლგბტ საზოგადოებას ევროპაში პრობლემები შეექმნა და ახლა ცდილობენ ისეთ ქვეყნებში შეიტანონ ეს იდეოლოგია, სადაც ეკონომიკურად უჭირთ, სადაც შეუძლიათ მოისყიდონ. "მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე", - ესეც ვაჟამ თქვა ("პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი").

როცა ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, მთავრობას ის პრობლემა და საზრუნავი არ უნდა ჰქონდეს, როგორმე მოიგერიოს მიტინგები, სადაც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ არეულობის შემოტანას. საქართველოს მართლაც არა დაუშავებია რა, ის ჩვენი წინაპრების საფლავების ერთიანობა, ტრადიციების ერთობლიობაა. ჩვენ ძველი ტრადიციების ქვეყანა ვართ და ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა ნორმალური ადამიანისთვის ძნელი ასატანია. ყველა ადამიანი თავისუფალია, ცხადია, რაც უნდა, ის აკეთოს, მაგრამ თავს ნუ მომახვევ ისეთ რამეს, რაც ჩემს ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

- იგივე ვაჟა ფშაველა, კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს არ ყოფს, ერთმანეთთან აიგივებს: "ყველა ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია და - პირიქით... პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს", - განმარტავს ყველა დროის მართლაც ყველაზე დიდი ევროპელი ვაჟა... - ჯანსაღი პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ავსებს ერთმანეთს. ეს არ ნიშნავს ავადმყოფურ დამოკიდებულებას, შენი ტრადიციები დაივიწყო და მიიღო ის, რაც ჩვენი წინაპრებისთვის მიუღებელი იყო. პარლამენტმა ხომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ევროპა-ამერიკის ზემოქმედების შედეგი იყო. ამის მერე ისინი დაცული არიან, მათ მიმართ აგრესია არავის აქვს. ამის შემდეგ მოინდომეს "ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ" კანონის შემოღება. ამ პრაიდის შემდეგ მეორე ნაბიჯი, მეორე პრაიდი, უკვე ამ ცვლილების შემოღების მოთხოვნით იქნებოდა. უახლოეს 5-10 წელში ეს პრობლემა წამოყოფს თავს საქართველოში და არაერთხელ კიდევ მოგვიწევს გამოსვლა. საქართველოში ამდენი პრობლემაა - დაცლილია ხევსურეთი, რაჭა, მთიანი აჭარა... კაცს ვერ იპოვი სოფლად და ნაცვლად იმისა, სახელმწიფომ მთელი ყურადღება იქით გადაიტანოს, ამათ უნდა სდიოს? ძალიან ცუდად იქცევიან დესტრუქციული ძალები, ის ოპოზიცია, რომელმაც გაერთიანებით ის ხმებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. ყველა პარტია გაუფერულდა. დარჩა ერთადერთი პარტია თავისი ავანტიურით, ექსტრემიზმით და დესტრუქციული ქმედებებით - ეს არის "ნაცმო" და მისი ნარჩენები.

- სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობსო, განაცხადა პრემიერმა. რისკები გვქონდა გათვლილიო, რომ ამბობს ხელისუფლება, მაშინ რატომ არ აღკვეთა ძალადობა? - გეთანხმებით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ აქაც პროვოკაცია იყო. პრაიდის ორგანიზატორებმა აღლუმის დროდ 5-6 საათი დააანონსეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ადრე აპირებდნენ, რაც იმ ჯგუფმა გაიგო და დილის 10 საათიდანვე დადგნენ ქაშუეთთან. პოლიცია არასაკმარისი იყო, რადგან არ არსებობდა ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკი.

სადაც არ ელოდებოდა ხელისუფლება ხიფათს, სწორედ იქ დაუგეს ხაფანგი. ვინც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, შეიძლება ყველა არ იყო დაგეშილი ან მოგზავნილი, მაგრამ თუ იყო ნაწილი, რომელიც ჟურნალისტების გალახვას და ამის მოწოდებას დაიწყებდა, ვიღაცები აუცილებლად შეუერთდებოდნენ. მიტინგზე ვინც გამოვიდა, ამით კარტი გაიხსნა, თუ ვინ იყო დაინტერესებული ჟურნალისტების გალახვით - ისინი, რომლებიც მიშას დროს არ აპროტესტებდნენ მკვლელობებს და ცემა-ტყეპას. ჩამოვთვალო? მე მაშინ არ მახსოვს მათგან პროტესტი... ის საწყალი გალახული ბიჭი - ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა და ამაზე დაიწყეს სპეკულაციები, რაც ყველაზე ამაზრზენი და ამორალურია. ასეთი უზნეობის, ორმაგი თამაშის წესების დანერგვა არ შეიძლება - ჟურნალისტი იქნება, მწერალი, პოლიტიკოსი თუ სხვა.

- რას მოიტანს მედიის პროტესტი, თუ ამან პერმანენტული ხასიათი მიიღო? უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, რათა სათანადოდ დაისაჯონ როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები და დამკვეთები? - როგორც ყველა საღად მოაზროვნე, მეც ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას კომისია. იმ მიტინგზე ისეთები დავინახე, ვინც თავისი მმართველობის დროს თავად ამკვიდრებდნენ ძალადობას, ცემა-ტყეპას, ქუჩებში ხოცავდნენ და ქონებას ართმევდნენ ხალხს. თუნდაც "იმედის" დარბევა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა იკმარებს მათი საგმირო საქმეების წარმოსაჩენად. ამათ ძალადობის გაპროტესტების არავითარი ზნეობრივი და მორალური უფლება არ გააჩნიათ. თუ კომისია შეიქმნა, მასში უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული წევრები - მწერლები, ხელოვანები, ისტორიკოსები თუ მეცნიერები, რომლებიც არ იქნებიან მხარე და არავითარი ინტერესები არ ექნებათ.

არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება სპეკულირების საგნად გაიხადოს დაინტერესებულმა მხარემ. კომისიაში არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, არც "ნაცების" და არც "ოცნების". უნდა გამოიძიონ, ვინ იძალადა ლაშქარავაზე, ვინ იყო ცემა-ტყეპის დამგეგმავი და ორგანიზატორი. ჟურნალისტებს ყველა პატივს სცემს და მათზე თავდასხმა არასდროს არავის აზრადაც არ მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ ბნელ მასას უწოდებენ მათ, ვინც პრაიდისტებს არ უჭერს მხარს. მთავარია, ყველამ ხალხის ინტერესს გაუწიოს ანგარიში.

პოლიტიკა არის ზნეობის, მოქალაქეობრივი, მორალური პასუხისმგებლობის ერთობლიობა და როცა ამ კანონებს დაარღვევ და არ ემორჩილები, რაც შენს ქვეყანას ჩამოაქცევს, დაანგრევს, ეს უკვე დანაშაულია, ლგბტ იქნება, "ნაცმო", "ოცნება" თუ სხვა. ვის უნდა საქართველოში ამღვრეული წყალი და მასში თევზის დაჭერა, ეს ყველამ კარგად იცის.

იქიდან რომ გვმოძღვრავს "ნაცების" ლიდერი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები რუსებს ჩააბარა, გარდაცვლილები ცხინვალის ქუჩებში მიატოვეს და რომ არა პატრიარქი, ისინი გამოუსვენებლები დარჩებოდნენ, თვითონ კი საქართველოდან გაქცევას აპირებდნენ. ესენი ლაპარაკობენ დღეს სამართალზე? თავის მხრივ, ეს "ოცნების" ბრალია, რომელმაც მათ თავის დროზე ადგილი არ მიუჩინა, ყველა დამნაშავე უნდა დასჯილიყო!

- "ო, გაყიდულო საქართველო, რა გეშველება?!" სვამთ რიტორიკულ კითხვას თქვენს ლექსში. თავად გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი და ეღირსება "ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა"? - ლაშარის გორზე შადგომა ისევ სიყვარულით და გაერთიანებით შეიძლება. ვაჟას დევიზით და მოწოდებით, მისი ცხოვრების წესის დამკვიდრებით შეიძლება საქართველოს გამარჯვება და "ლაშარის გორზე შადგომა". რითიც დავიწყე, ვაჟას სიტყვებითვე დავამთავრებ: "ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო" ეს უნდა იყოს ყველა ქართველის ლოზუნგი და ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. მწამს, სიყვარულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველო. ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გალავანი უნდა შემოვავლოთ საქართველოს. ყველაზე დიდი და ყველაზე გამძლე სიყვარულის გალავანია. ყველანი ამ გალავნის მეციხოვნეები უნდა ვიყოთ და დავიცვათ სამშობლო. არ შეიძლება საქართველოში რაღაც ხდებოდეს, შენ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" და არა ევროპელებს, ჩრდილოელებს თუ სამხრეთელებს. ჩვენი თავი თუ არ გვეყუდნის, ერთმანეთს ვერ გავუგებთ და მოვეფერებით. ვაჟა ტრადიციებზე, წარსულსა და ღირებულებებზე იდგა მყარად და მომავალს იქიდან ხედავდა. თავისი შემოქმედებით ერთიანობას, სიკეთეს, ერთგულებას და სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდა. მისი სულის, ენერგიის და ნიჭიერების გამოსხივება დღესაც ჩვენს გონებასა და ცნობიერებაში ტრიალებს და ესაა გადარჩენა საქართველოსი. ღმერთმა ქნას, ლუხუმი შემდგარიყოს ლაშარის გორზე!