"ჯერაც ვერ ვიაზრებ, რომ თავისუფალი ვარ..." - კვირის პალიტრა

"ჯერაც ვერ ვიაზრებ, რომ თავისუფალი ვარ..."

"ეთნიკური ნიშნით განსხვავება ქართველებსა და ოსებს შორის არც იგრძნობოდა, პირიქით, ოსი პატიმრები მეხმარებოდნენ. პირველ დღეებში ადგომა მიჭირდა და როდესაც საჭმელი შემოჰქონდათ, ოსი პატიმრები მაწვდიდნენ"

ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილი გაუგზავნა: "მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.გ.-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო", - ნათქვამი იყო წერილში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ცხინვალის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ზაზა გახელაძე "კვირის პალიტრასთან" იხსენებს დაკავებისა და ერთწლიანი პატიმრობის პერიოდს.

- გახარებული ვარ, რომ ოჯახში დავბრუნდი. თუმცა ჯერაც ვერ ვიაზრებ, რომ თავისუფალი ვარ... განვიცდი იმ ერთ, უაზროდ დაკარგულ წელს, მაგრამ მადლობა უფალს, რომ შინ ვარ, ჯანმრთელი და თავისუფალი.

იმ დღეს სახლიდან რომ გავედი, ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ასეთი ხანგრძლივი გზა მელოდა. შარშან 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ რუსებს გადავაწყდი. დამინახეს თუ არა, დამიძახეს, ის იყო შევტრიალდი, ავტომატი დამიმიზნეს და გამოვიქეცი. მაშინვე ტყვია დამადევნეს. ოღონდ ცოტა უცნაურად მესროდნენ, ქაოსურად. ბოლოს ფეხში დამჭრეს და სად გავიქცეოდი, ან ჩემი სანადირო თოფით რას გავხდებოდი და ჩავბარდი. მერე კი თქვეს, გვესროლაო, მაგრამ ნამდვილად არავისთვის მისვრია. ჩემთან ერთად ახლობელიც იყო, რომელიც იმწუთას ოდნავ მოშორებით იყო და როდესაც სროლა დამიწყეს, გავისროლე, რომ მისთვის საფრთხე მენიშნებინა და გაქცეულიყო...

ერთი სიტყვით, სამხედრო-სატვირთო მანქანით ახალგორში გადამიყვანეს.

- არაფერი გითხრეს? - არა, არც აგრესია ყოფილა. ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ჭრილობა დამიმუშავეს.

არც იქ მომქცევია ვინმე ცუდად. სამედიცინო პერსონალი ზედმეტი კითხვების გარეშე მუშაობდა. ჭრილობა დიდი იყო, ძვალი სამ ადგილას მქონდა დამსხვრეული, მაგრამ ღმერთის წყალობით ნორმალურად შემიხორცდა.

- ციხეში სამედიცინო პერსონალი ჰყავთ? - კი, გარდა იმისა, რომ ჭრილობას მიმუშავებდნენ, ყოველ საღამოს სიცხეს გვიზომავდნენ, კოვიდტესტებსაც გვიკეთებდნენ და ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არავინ დაფიქსირებულა.

- იზოლატორში რა ხდებოდა?

- ჩვეულებრივი ციხე იყო. ეთნიკური ნიშნით განსხვავება ქართველებსა და ოსებს შორის არც იგრძნობოდა, პირიქით, ოსი პატიმრები მეხმარებოდნენ. პირველ დღეებში ადგომა მიჭირდა და როდესაც საჭმელი შემოჰქონდათ, ოსი პატიმრები მაწვდიდნენ.

- რა იყო საჭმელი? ქართველი უკანონო პატიმრების თქმით, ჰიგიენისა და კვების მხრივ მძიმე მდგომარეობაა... - ჩვეულებრივი საკვები იყო, ციხის კვალობაზე არა უშავდა: დღეში სამჯერ კვება, კვირაში ერთხელ, კვირა დღეს, ლობიოს კერძი, სხვა დღეებში ფაფები, ბორშჩი, სუპი... ხანდახან აბანოც...

ვნახე სხვა ქართველი პატიმრებიც, მაგალითად, ლაშა ხეთერელი, რომელიც უკვე თავისუფალია, და გენადი ბესტაევი, რომელიც იმედია, ჩვენს ბედს მალე გაიზიარებს.

- ბესტაევი როგორ გრძნობს თავს?

- გასამართლების შემდეგ მე მესამე სართულზე გადამიყვანეს და მას შემდეგ ბესტაევი არ მინახავს, ის მეორეზე იყო. სანამ ერთმანეთს ვნახულობდით, ნორმალურად იყო. საბოლოო "გადაწყვეტილების" მიღებამდე უამრავი "პროცესი" ჩატარდა.

არაფრით ველოდი, თუ 12 წელსა და 6 თვეს მომისჯიდნენ და ძალიან განვიცადე... ისეთი სიტუაცია იყო, საიმედოს ვერაფერს ვხედავდი. ამიტომ ვიყავი ხელჩაქნეული, როდესაც "წითელმა ჯვარმა" ცოლ-შვილს შემახვედრა. როდესაც გავიგე, ჩვენმა პატრიარქმა ჩემი გათავისუფლების თხოვნით რუსეთში წერილი გაგზავნა, იმედი მომეცა.

რაღაც ძალა მკარნახობდა, რადგან პატრიარქი ჩაერია, მალე სახლში ვიქნები-მეთქი.

- რა განცდა იყო, როდესაც გითხრეს, რომ გათავისუფლებდნენ? - საკანში ტელევიზორი გვქონდა და ქართულ არხებს ვუყურებდი. ყველაფერს ვიგებდი ჩემი ოჯახის მღელვარებაზე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე... 5 ივლისის ამბებიც ვნახე და ძალიან განვიცადე. იქიდან ეს პროცესები უფრო მტკივნეულად ჩანს.

ბოლო დღეებში მეუბნებოდნენ, უნდა გაგათავისუფლონო, ოსი პატიმრებიც მილოცავდნენ, ბედნიერი კაცი ხარო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, მეგონა, მეხუმრებოდნენ და ვბრაზდებოდი კიდეც, სახუმაროდ არა მაქვს საქმე-მეთქი. შემდეგ ზედამხედველი შემოვიდა, გახელაძე, შენი ბარგი აიღე, სახლში მიდიხარო. მეგონა, სიზმარში ვიყავი. მანქანაში რომ ჩავსხედით და ახალგორისკენ წავედით, მღელვარებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი. ე.წ. საზღვართან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, გორისა და ატენის მეუფე, მიტროპოლიტი ანდრია და ქართველი ჟურნალისტები რომ დავინახე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სახლში მაბრუნებდნენ. იმ რამდენიმე ნაბიჯის გავლა გამიჭირდა, მუხლები მიკანკალებდა... როდესაც დედ-მამა და მეუღლე დავინახე, ასე მეგონა, თავიდან დავიბადე. ჯერ კიდევ არ მინახავს შვილები, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ უჩემობას (ინტერვიუ ჩაწერილია 16 ივლისს), დღეს უნდა მომიყვანონ, ოჯახმა რამდენიმე დღით გაარიდა აქაურობას, სანამ ეს მღელვარება გადაივლიდა. ეს კიდევ ერთი, უდიდესი ბედნიერებაა.

- მომავალში რას აპირებთ?

- აქ ცხოვრებას, ჩემს მიწაზე, ჩემს სახლში, ჩემს დედ-მამასა და ცოლ-შვილთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას. ვიმუშავებ, შვილებს გავზრდი... ან სად უნდა წავიდე? ეს ჩემი სახლია, ჩემი მიწა-წყალი. აქაურობას ვერავინ შემიცვლის... უღრმესი მადლობა პატრიარქს, საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მართლაც ძალისხმევა არ დაიშურა, ჩემს დასაბრუნებლად. ერთი წელი კი არა, ერთი საათიც კი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ 12 წელი რომ არ მომიწია იქ დარჩენამ, ბედნიერი ვარ.

ირმა, ზაზა გახელაძის მეუღლე: - იმის მიუხედავად, რომ საქმეში უამრავი ვინმე იყო ჩართული, მაინც არ მჯეროდა, რომ ზაზას ასე მალე გაათავისუფლებდნენ. სწორედ იმ დღეს მასთან "წითელი ჯვარი" იყო შესული, ამანათი გავგზავნე და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ვთხოვე კიდეც, თუ შესაძლებელი იქნება სკაიპით დამალაპარაკეთ-მეთქი... დილის 12 საათი იყო, როდესაც ცხინვალის ციხეში შევიდნენ და ზაზასაც დამალაპარაკეს, საღამოს 5 საათისთვის კი მაცნობეს, ზაზას ძალიან მალე ნახავთო. ვიცოდი, რომ ჭრილობა მოშუშებული ჰქონდა და ახლა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვნერვიულობდი. ამიტომ სკაიპით საუბრისას შევეცადე დამეიმედებინა, ყველაფერი კარგად იქნება, პატრიარქია ჩართული-მეთქი... ვიცი, ყველაფერს თვალს ვადევნებო, მითხრა. უზომოდ მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის მის შინ დაბრუნებაში. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან გვაიმედებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, რომელიც კვირაში რამდენიმე დღეს ჩვენთან იყო და თუ ვერ მოდიოდა, აუცილებლად დაგვირეკავდა და მოგვიკითხავდა. უღრმესი მადლობა მას.

P.S. ცხინვალის ციხეშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გენადი ბესტაევი, მას ე.წ. ცხინვალის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში "საზღვრის უკანონო გადაკვეთისა" და "ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის" ბრალდებით დააკავეს. "საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. იმედია, მალე გენადი ბესტაევის ოჯახიც იზეიმებს მის გათავისუფლებას.