"ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, როგორ გაეშვათ მინისტრი სამშობიაროდ, შევარდნაძემ ხუმრობით მკითხა: რომ არ გაგიშვათ, რა მოხდებაო?.."
"ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, როგორ გაეშვათ მინისტრი სამშობიაროდ, შევარდნაძემ ხუმრობით მკითხა: რომ არ გაგიშვათ, რა მოხდებაო?.."
როდესაც საქართველოს "მწვანეებს" ახსენებენ, უნებურად ყველას "მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი ნინო ჩხობაძე ახსენდება... ის 30 წელზე მეტია, ამ მოძრაობის აქტიური წარმომადგენელია, წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრი იყო, ახლა კი "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარეა. "წარმატებულ ქალს შეიძლება კარგი ოჯახიც ჰქონდეს და საუკეთესო დიასახლისიც იყოს", - უთხრა ჟურნალ "გზას" საუბრისას ქალბატონმა ნინომ.

- თქვენი ბავშვობით დავიწყოთ: ლიდერის თვისებებს თავიდანვე ამჟღავნებდით?
- არც მეტისმეტად ზარმაცი ვიყავი და არც ზედმეტად ბეჯითი, თუმცა ფრიადოსანი
ვიყავი და ყველაზე მეტად წიგნების კითხვა მიყვარდა. წინ ყოველთვის რამდენიმე წიგნი მეწყო და ყველას ერთდროულად ვკითხულობდი. როგორც ყველა საბჭოთა ბავშვი, მეც დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, რომელიც ძლივს დავამთავრე. სამაგიეროდ, კლასში ყოველთვის ლიდერი ვიყავი. ჩემი მშობლები სწავლას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მათი დევიზი დაახლოებით ასე ჟღერდა: "ჯერ
სწავლა, მერე - გათხოვება და სხვა დანარჩენი!" დედაც და მამაც ექიმები იყვნენ და ოჯახი ძალიან გავანაწყენე, მედიცინა რომ არ ავირჩიე.

- როგორი იყო გზა "მწვანეთა მოძრაობის" რიგითი წევრობიდან მინისტრობამდე?
- ბუნების დაცვის საკითხებით ჯერ კიდევ სტუდენტობაში დავინტერესდი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა სტუდენტურ გაზეთს ინტერვიუ მივეცი და იქ ვამბობდი: ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს ბუნების და ტყეების დაცვაა-მეთქი. როგორც კი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა" შეიქმნა, იმ დროიდან ამ ორგანიზაციის წევრი ვარ ანუ - 1988-1989 წლებიდან. ბუნების დაცვა ალბათ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო. 1995-2004 წლებში გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი - ეს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" და პერსონალურად ზურაბ ჟვანიას რეკომენდაცია იყო: ჯერ მოადგილე ვიყავი და მერე მინისტრი გავხდი. ოჯახიც სწორედ მინისტრობის დროს შევქმენი.

- რთული არ იყო კარიერის ოჯახთან შეთავსება?
- ეს მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალისთვის კარიერული წინსვლა რთულია. მე კი სულ ვამტკიცებ, რომ ქალი თუ მოინდომებს, ყველაფერს მოახერხებს. ის ყოველთვის იპოვის დროს ოჯახისთვის და თავისი საქმისთვისაც. მთავარია, ადამიანს თავად სურდეს რაღაცის მიღწევა და შექმნა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლეც ამავე სფეროში საქმიანობდა: ის გარემოს დაცვის სამინისტროში გავიცანი და როგორც კი მინისტრი გავხდი, თანამდებობიდან გავათავისუფლე, - ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. იმის გამო, რომ ცოლი მინისტრი ჰყავდა, მერე სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. მეუღლე ყოველთვის მიწყობდა ხელს საქმიანობაში, 1995 წელს, როცა დავქორწინდით, მინისტრის მოადგილე ვიყავი, მინისტრი 6 თვეში გავხდი და შვილებიც ამ თანამდებობაზე ყოფნისას გავაჩინე. მინისტრი ცოლის "ატანა" იოლი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ყველა პრობლემას ერთად გავუმკლავდით.

- ალბათ ის წლები თქვენთვისაც რთული იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ერთხელ დედამ ძალიან კარგი დარიგება მომცა: როცა სახლში შემოდიხარ, სამსახურში რა შეგემთხვა, ვინ გაწყენინა - ეს ყველაფერი კარს მიღმა დატოვე, რადგან ოჯახში შენ თანამდებობის პირი აღარ ხარო. მართალია, ჩემს გათხოვებას არ მოსწრებია, მაგრამ ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვდა. ჩემთვის ხომ რთული იყო ის პერიოდი, მაგრამ სახელმწიფო კანცელარიასაც დიდი პრობლემა შევუქმენი, როცა დეკრეტული შვებულება დამჭირდა: ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, როგორ გაეშვათ მინისტრი სამშობიაროდ, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში. ძალიან კარგად მახსოვს, ედუარდ შევარდნაძემ ხუმრობით მკითხა: რომ არ გაგიშვათ, რა მოხდებაო?.. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩვეულებრივ შვებულებაში გავედი, რადგან დეკრეტული ვერ გააფორმეს. ჩემი უფროსი ვაჟი რომ გავაჩინე, ერთ თვეში უკვე სამსახურში გავედი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ორივე შვილი ბუნებრივ კვებაზე მყავდა და სახლიდან სამსახურში დავრბოდი, რომ ბავშვები მშიერი არ დამრჩენოდა. ერთხელ პრეზიდენტმა მომიკითხა, როგორ ხარო? ვუპასუხე: როგორ უნდა ვიყო ეს იმერელი ქალი სამი გურულის ხელში-მეთქი?!. მახსოვს, რა გულიანად გაეცინა.

- ალბათ ოჯახის წევრებიც ხელს გიწყობდნენ.
- საბედნიეროდ, ასე იყო: არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა - ციალა წერეთელი, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. ღამით ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ, რომ დედამთილს დაესვენა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დისკომფორტი იყო, მაგრამ როცა დედობა გინდა, ყველაფერს შეძლებ. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შემშლია. ეს იმის გამო, რომ დედამთილი, მამამთილი და მთელი ოჯახი ხელს მიწყობდნენ. ამიტომ დღემდე მადლობელი ვარ ჩემი ოჯახისა!

- ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, მამაკაცებს ჭკვიანი ქალები მართლა არ მოსწონთ?
- ვფიქრობ, რომ ქალისთვის ჭკუა ყველაზე დიდი ღირსება და სამკაულია. შესაძლოა, ვიღაცას მართლა ჰგონია, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ, მაგრამ დამისახელეთ ერთი წარმატებული ოჯახი საქართველოში, სადაც ქალი არ წყვეტს ძირითად საკითხებს. ამიტომ მოდი, ეს მითი დავანგრიოთ: წარმატებული და წელგამართული ოჯახი ჭკვიანი ქალის გარეშე არ არსებობს.

- საინტერესოა, თქვენი შვილებიც "მწვანეები" გახდნენ და "მწვანეთა მოძრაობას" შეუერთდნენ?
- სამწუხაროდ, ჩვენს პროფესიას არც ერთი შვილი არ გაჰყვა: უფროსი ვაჟი სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებს, უმცროსი კი - სამხატვრო აკადემიას, მან ხელოვნება, კერძოდ, მულტიპლიკაცია აირჩია. მოკლედ, ჩვენი პროფესიით არც ერთი არ წასულა. ჩემი სურვილია, ორივემ ისეთი მყარი ოჯახი შექმნას, როგორიც მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს: უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს ბევრს ნიშნავს. წინასწარ არ ვიცი, როგორი დედამთილი ვიქნები, მაგრამ თუ იმ მაგალითს მივბაძავ, რომელიც ჩვენს ოჯახში დამხვდა, ჩემგან ცუდი დედამთილი არ გამოვა. ძალიან კარგი დედამთილი მყავდა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახში კიდევ განმეორდება.

- და ბოლოს, ერთი ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ: სამსახურთან ერთად საოჯახო საქმეს თუ ასწრებთ?
- როგორ არა - სამზარეულოში ყოფნაც მიყვარს და ამბობენ, რომ საკმაოდ კარგი კულინარი ვარ. ჩემთვის საოჯახო საქმეები უცხო არ არის. მარტო ხაჭაპურს არ ვაკეთებდი, რადგან ჩემი დედამთილი აცხობდა ხოლმე. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის და ახლა უკვე ხაჭაპურის ცხობაც მიწევს. როგორც ნებისმიერ ქალს შეეფერება, მეც ნორმალური დიასახლისი და კულინარი ვარ. ამას ჩემი ახლობლები და ყოფილი თანამშრომლებიც დაამოწმებენ. გარდა ამისა, საკმაოდ კარგად ვკერავ და მთელი ახალგაზრდობა ჩემი შეკერილი ტანსაცმელი მეცვა. ჩემს შვილებსაც რომ დასჭირდათ, ბაღისა და სკოლის საკარნავალო ფორმებს სულ მე ვუკერავდი. ასე რომ, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოფნას ჩემთვის ხელი არაფერში შეუშლია.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

მერი
20 ივლისი 2021 12:10
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ახალგაზრდებიც და დედამთილებიც
ლია
19 ივლისი 2021 19:48
მე სამსახურებრივად მქონდა შეხება ნინოსთან - პროფესიონალი, აშკარად განათლებული, უბრალო, წესიერი, კარგი ადამიანი... უმრავლოს ასეთები ჩვენს ქვეყანას!
მარტვილელი
19 ივლისი 2021 16:18
დადებითი ადამიანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები