"ბრმად არ უნდა მივანდოთ ჩვენი გული ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს" - კვირის პალიტრა

"ბრმად არ უნდა მივანდოთ ჩვენი გული ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს"

"მინანია, როდესაც გადამიჭარბებია და საკმაოდ უხეშად, პირდაპირ მითქვამს ადამიანისთვის, რასაც ვფიქრობდი"

მომღერალი თათა გიორგობიანი ამბობს, რომ საკმაოდ გულახდილი ადამიანია; რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რასაც ოჯახიდან უნდა ვსწავლობდეთ, სიკეთის კეთებაა; რომ არასდროს მოეწონება ქედმაღალი და მოურიდებელი ადამიანები...

- "მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულობაა, როგორც ტანთ გახდა და გაშიშვლება" (ბეკონი).

- ვეთანხმები ამ გამონათქვამს, ზოგჯერ გულახდილობა შეიძლება უტაქტობაშიც გადაიზარდოს და დიდი ტკივილი მივაყენოთ ადამიანებს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ზღვარი. საკმაოდ გულახდილი ვარ, ზოგჯერ დაუჯერებლადაც კი, ოღონდ ამ ზღვარს არ ვცდები. ყოფილა შემთხვევა, რომ მინანია ჩემი გულახდილობა. საერთოდ, ოჯახში უფრო მკაცრი ვარ, არ "ვატარებ" ბევრ რამეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიყვარს და რომლებზეც ვზრუნავ. ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მათ შეცდომებზე. სხვებს მაინცდამაინც, არ ვუკირკიტებ და წნეხის ქვეშ არ ვატარებ, რადგან ვთვლი, ჩემი სათქმელი ვუთხარი, თუ გაიგებს, ხომ კარგი, თუ არა და, ისევ თვითონ დაზარალდება. არ მიღირს ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება. მინანია, როდესაც გადამიჭარბებია და საკმაოდ უხეშად, პირდაპირ მითქვამს ადამიანისთვის, რასაც ვფიქრობდი.

- "სიმდიდრე მსახურია ჭკვიანისა და ბატონი სულელის" (დეილაიუსი). - რა თქმა უნდა, კარგია, თუ გამოიყენებ ჭკუას და მიიღებ ფინანსურ შემოსავალს. როცა იქნება, აუცილებლად დაუფასდება ადამიანს პროფესიონალიზმი, თუმცა მთავარი ის კი არ არის, რამდენს იშოვი, მთავარია, რამდენის დახარჯვას შეძლებ და რამდენად სწორად გადაანაწილებ შემოსავალს. ბავშვობიდან მქონდა ფულის შეგროვების უნარი, არ ვარ შოპოჰოლიკი, ისეთი, რომ გარბიან და ხელფასს მაღაზიებში ტოვებენ, ოჯახსაც ვეხმარები.

- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო). - აღზრდა მნიშვნელოვანია და მიკვირს, რატომ არ ისწავლება სკოლებში ფსიქოლოგია, რადგან დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან, ტრავმის დამუშავება, სხვისი უფლებები, ერთმანეთის პატივისცემა. ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, ასწავლოს ეს საფუძვლები, რათა შემდგომ ადამიანმა შეძლოს ნორმალური სოციალიზაცია, გარემოსთან ადაპტირება და იყოს მოქნილი, არა ისეთი ხისტი და მაქსიმალისტი, როგორიც დღეს არის ბევრი.

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი). - ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ გაჩნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ჩაიცვას, გაერთოს და ამით კმაყოფილი იყოს. ვფიქრობ, ადამიანის უმთავრესი დანიშნულება სწორედ განვითარებაა. ამისთვის წიგნები მნიშვნელოვანია, ისინი გვზრდიან და გვეხმარებიან ჩამოყალიბებაში, მეგობრებთან ურთიერთობა და ცხოვრებისეული გამოცდილება კი გვეხმარება უმთავრესი მიზნის მიღწევაში - გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობლებისგან უნდა ვისწავლოთ, ალბათ არის სიკეთე, სიკეთის მნიშვნელობა, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი.

- "ექსცენტრიკულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ" (დალაი ლამა). - ვისთვის როგორ სჯობს, ისე კი, ადამიანში უპირატესობას ვანიჭებ, როდესაც ის მორიდებულია და ნაკლებად თამამი. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ სითამამე ცალსახად ცუდია, უბრალოდ, მაინც მირჩევნია, საქმემ იმეტყველოს მის შესახებ და არა მისმა დამოკიდებულებამ საკუთარი თავისადმი, ნახეთ, მე ვინ ვარო. არ მომწონს საკუთარი თავის პრეზენტაციას რომ ახდენენ, თანაც მოურიდებლად - ეს ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია. ტანსაცმლის ფერი, მარკა თუ სითამამე არაფერს წყვეტს.

- "გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან, უეჭველად დაღუპავს" (მიხეილ ჯავახიშვილი). - ადრე თუ გვიან, თუ ადამიანი არის მატყუარა, არაბუნებრივი, არაგულწრფელი და არ არის სიკეთისკენ მოწოდებული, აუცილებლად წაიტეხს კისერს. იმისთვის, რომ ერთმანეთსაც გავუმარტივოთ სიცოცხლე და საკუთარ თავსაც, სჯობს, ავირჩიოთ სიკეთე. იყო კარგი ადამიანი, არ ნიშნავს, აკეთო კარგი საქმეები, არამედ ნიშნავს იმას, რომ თავი შეიკავო ცუდის კეთებისგან. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი პირობაა შრომა. რასაც დღეს ვაკეთებ, ამაში მართლაც დიდი შრომა ჩავდე. ბევრ პროფესიაში მოვსინჯე თავი და მარცხიც განვიცადე, რადგან არ იყო ჩემი საქმე. ამიტომაც, არ უნდა დანებდე და ასჯერ თუ წაიქცევი, ას მეერთედ უნდა წამოდგე, განაგრძო მიზნებისკენ სვლა. გარკვევა იმისა, თუ ვინ ხარ და რა გინდა აკეთო, წარმატების ნახევარია უკვე. იღბალიც საჭიროა, ზოგი ადვილად ხვდება, რა უნდა და შესაფერის გარემოში აღმოჩნდება, იოლად აღწევს წარმატებას, ზოგს კი ბრძოლა უწევს, ზოგიც იღლება ამ ბრძოლაში და ნებდება.

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი). - აუცილებლად განმეორდება - ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ამ გამონათქვამს ყველას ვერ მოარგებ, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ. ღალატი ბევრნაირია, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და მნიშვნელოვანია, მიტევება შევძლოთ. არასდროს არავისთვის მიღალატია, ასე ვიცხოვრებ და რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტია.

- "არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ" (გაბრიელ გარსია მარკესი). - ზოგჯერ მაინც ვატირებთ ხოლმე ერთმანეთს. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ბევრი ცუდი ხდება. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მერე ნაკლებად გვექნება მიზეზი, ვიტიროთ. საერთოდ, ზედმეტად გულჩვილი ვარ, ისეთ რამეებზე შეიძლება ამეტიროს, ვერც წარმოიდგენთ, მულტფილმზეც კი, მაგრამ არავის ვანახვებ ამას. ემოციების მართვა ჩემი ძლიერი მხარეა. ბევრი უტაქტო შენიშვნა მომითმენია და გამიტარებია.

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტეს საავედრა). - ნამდვილად ასეა, სიყვარული ხომ ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევა ფსიქოლოგიაში (იცინის). ეს არის დიდი საჩუქარი ღმერთისგან, ადამიანის საუკეთესო სახეს გვაჩვენებს სიყვარული, თუმცა არასწორი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, ბრმად არ უნდა მივანდოთ ჩვენი გული ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. როდესაც გიყვარს, გაანალიზებული უნდა გქონდეს მისი მინუსებიც. რეალობის აღქმის უნარი საკმაოდ კარგი მაქვს და შემიძლია დავინახო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ, ადამიანის შეცვლის მცდელობას აზრი არ აქვს. თვითონ უნდა ჰქონდეს განვითარების სურვილი, შენ ვერ აიძულებ ამას.

- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი). - ამაში ვერ დავეთანხმები ავტორს. სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს, ქალსაც და კაცსაც, ოღონდ თუ ეს არ არის ბრმა, თვალახვეული სიყვარული. ბალანსი უნდა დაიცვა და რეალობას ორივე სწორად აღიქვამთ.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი).

- არის მოთხოვნა, არის მიწოდება, ასეა ყოველთვის. ჩემზე ცუდი არაფერი მესმის და ეს მიხარია. იყო ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ ტრაგედია არ ყოფილა. როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, გაქვს იმის მოლოდინიც, რომ შენზე რამეს იტყვიან. ყველას ვუსურვებ, იყოს ბედნიერი, რათა სხვის ცხოვრებაში ჩარევისა და ტკივილის მიყენების სურვილი აღარ ჰქონდეს.

- "მამაკაცები სამყაროს ყველაზე ლამაზი მეორეხარისხოვანი არსებები არიან" (კრისტი ჰეფნერი). - (იცინის) ვერ ვიტყვი, რომ ასეა, ასე ვერ დავაკნინებ მამაკაცებს; ქალიც და კაციც ესთეტიკურად ლამაზი ქმნილებები არიან, ერთმანეთს ავსებენ.

- "ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება" (უენლისი). - დაბალი თვითშეფასებაც ხომ ძალიან ცუდია, მაგრამ ქედმაღლობაში რომ გადადის შენი დამოკიდებულება, ეს უფრო დიდი პრობლემაა, ჩემი აზრით. ქედმაღლობას უნდა აჯობო, ისე წარმატებას ფასი არ აქვს. ქედმაღლობა ხელს გიშლის, რეალურად გააანალიზო სიტუაცია, შეაფასო შესაძლებლობები. შეიძლება ვიღაცაზე მეტიც გაქვს რამე, მაგრამ იქნებ მას კონკრეტულ ეტაპზე ჯერ არ მიუღწევია წარმატებისთვის? არავინ იცის, 10-20 წლის შემდეგ ვინ სად ვიქნებით.

- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი). - ხშირად ვთხოვ მეგობრებს, როდესაც რაღაც არ გამომდის ან რამეს ვერ ვაკეთებ, მითხრან. ჩემთვის ის უფრო დასაფასებელია, მიმითითონ ჩემს სუსტ მხარეზე, ნაკლის აღმოჩენაში დამეხმარონ, ვიდრე ის, რომ მეპირფერონ, ყველაფერი საუკეთესოდააო. ოღონდ შენიშვნა უნდა მომცენ მეგობრულად, ზრდილობიანად. უნდა ვაღიარო ახლა, რას მსაყვედურობენ მეგობრები ყველაზე ხშირად - არაპუნქტუალური ვარ და ამის გამო სულ ვიღებ საყვედურებს.

- "ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება" (ლაროშფუკო). - არა მგონია, ასე იყოს. საიდან მოდის ეჭვიანობა? ეჭვიანი ადამიანი შეიძლება იყოს გარკვეული კომპლექსების გავლენის ქვეშ ან ისე უყვარდეს, რომ ეშინოდეს მისი დაკარგვის. ყოფილა შემთხვევა, კითხვები მეც დამისვამს სიტუაციაში გასარკვევად, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანი ვარ. ნდობა თუ არ არის, რა აზრი აქვს ურთიერთობის გაგრძელებას.

- დაბოლოს, ასეთი აღმოსავლური ანდაზაა: "ვინც წარსულს პისტოლეტიდან ესვრის, მას მომავალში ქვემეხიდან ესვრიან". - ყველანი ჩვენს წარსულზე "ვდგავართ" და ვფიქრობ, ის უნდა დავაფასოთ თავისი კარგითაც და ცუდითაც, რადგან წარსული გამოცდილებაა, რის შედეგადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"