"ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ"

"გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა. ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი "ლოკდაუნი," ეკონიმიკას რთულ ვითარებაში ჩააგდებს. მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

"ფაიზერის" მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება.

ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს", - განაცხადა ხუნდაძემ.