"აქ თავმომწონეობა ღირსეულ და ადამიანის შესაფერის საქციელად არ მიიჩნევა" - კვირის პალიტრა

"აქ თავმომწონეობა ღირსეულ და ადამიანის შესაფერის საქციელად არ მიიჩნევა"

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მაია ყიფშიძე დიდი და ღირსეული ოჯახიდანაა. მისი დიდი ბაბუა, გრიგოლ ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელად და ჟურნალისტიკის და ახალი საერთო-ეროვნული სალიტერატურო ენის დამკვიდრების ერთ-ერთ ფუძემდებლადაა მიჩნეული; ბაბუა, ვასილ ყიფშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ; მამა, გრიგოლ ყიფშიძე - ცნობილი არქიტექტორი, რომელმაც თავისი გამოგონება, სითხით ქვის კონსერვაცია, 90-იან წლებში პარლამენტის დაზიანებული სვეტების აღდგენის დროს გამოიყენა. ქალბატონი მაიას მამიდა და მამიდაშვილი არიან ჩვენი ლეგენდარული მსახიობები - ელენე ყიფშიძე და ზურაბ ყიფშიძე...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემთვის საინტერესო იყო ე.წ. კოდექსის აღმოჩენა, რომელიც ნორდიკულ ქვეყნებში ერთგვარ ქცევის კოდექსადაა მიღებული და დიდ გავლენას ახდენს აქაური მოსახლეობის და საერთოდ, სკანდინავიელების მორალური ქცევის ნორმებზე. "იანტეს კანონის" (დანიურად ჟანტელოვენ) მიხედვით ცდილობენ ახსნან სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობის ეგალიტური ბუნება. ამ ე.წ. ათი მცნების თანახმად, არაორდინარული და ძალიან გამორჩეული საქმის კეთება, დაუმორჩილებლობა ან პირადი ამბიციურობა თუ თავმომწონეობა ღირსეულ და ადამიანის შესაფერის საქციელად არ მიიჩნევა.

ამ "კანონში" შემავალი ათი წესი ძირითადად ერთ თემატიკაზეა აგებული და ჩვეულებრივ, ერთი წინადადებით მოიხსენიებენ ხოლმე: "ნუ ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ ან - ჩვენზე უკეთესი"..."

"შესაძლოა ამ "ხმამაღალმა" ციფრებმა ვინმეს აფიქრებინოს, რომ ნორვეგიის მოქალაქეს ფეხი ფეხზე გადადებულს შეუძლია იცხოვროს, მაგრამ ასე არ არის. ნორვეგიელი მშრომელი და მიზანსწრაფული ადამიანია. 1969 წელს ქვეყანაში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ მათი ყოფა გაიოლდა, ოღონდ რასაც მანამდე აკეთებდნენ, თავი არ დაუნებებიათ. აქ სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა საუკუნეებია შეუფერხებლად ვითარდება, თევზჭერა და ზღვის პროდუქტების ექსპორტი კი, ნავთობისა და გაზის ექსპორტის მსგავსად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია..."

"ამ მშვიდ და ლამაზ ქვეყანაში არა მარტო პრემიერ-მინისტრია ქალბატონი, არამედ მინისტრთა კაბინეტის შვიდი წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ასევე - ოსლოს მერი, პარლამენტის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი. მთავრობის შემადგენლობის ორმოცი პროცენტი ქალბატონები არიან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

დეა ცუცქირიძე