"აპროტესტებდნენ - სად მიდიხარ, ტყე-ღრეში რატომ დაეხეტებიო?!. შინ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა" - კვირის პალიტრა

"აპროტესტებდნენ - სად მიდიხარ, ტყე-ღრეში რატომ დაეხეტებიო?!. შინ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა"

ზოგჯერ უფროსები ბავშვების გარეშე დასვენებას ამჯობინებენ: მშობლები ცალკე ისვენებენ, შვილები - ცალკე. თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - მზია შარაშიძე ყოველთვის შვილთან ერთად დადის სამოგზაუროდ, ლაშქრობაში... მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მშობლებს და შვილებს ბევრი საერთო, დასამახსოვრებელი თავგადასავალი ჰქონდეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"1997-98 წლები იყო: ომი, გადატრიალებები, უბედურება... თავდაპირველად ოჯახის წევრებს ძალიან ეშინოდათ, რადგან ლაშქრობებში დავდიოდი. აპროტესტებდნენ - სად მიდიხარ, ტყე-ღრეში რატომ დაეხეტებიო?!. შინ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ძმაც დაინტერესდა და ისიც "მოიწამლა". რამდენიმე წლის შემდეგ, ლაშქრობაში წამოსვლა დედაჩემსაც მოუნდა..."

"ჩემი შვილი - მათიკო 4 წლის იყო, როცა ბირთვისში, 2-დღიან ლაშქრობაში წავიყვანე... მსგავსი გამოცდილება ბავშვებს ცხოვრებაშიც აუცილებლად გამოადგებათ. ძალიან ყოჩაღები, მამაცები არიან. უფროსი ადამიანი უწყლობას მოითმენ, მაგრამ ბავშვისთვის, რომელიც ყოველ 10 წუთში ერთხელ წყალს სვამს, იმის გაგება ძნელია, რომ წყალი არ არის და ცოტა ხანს მოთმენა მოუწევს. როცა ბავშვი ამასაც უმკლავდება, მერე სხვადასხვა სირთულის გადალახვას სწავლობს, ასევე - ერთმანეთის დახმარებას..."

"ერთად მოგზაურობა, ერთობლივი აქტივობები მე და ჩემს შვილს დამეგობრებაში გვეხმარება. მიჯაჭვულობა, კავშირი, რომელიც მშობელს და შვილს შორის უნდა არსებობდეს, ზუსტად ამ პერიოდში ყალიბდება. მე და მართას იმდენი რამ გვაქვს გასახსენებელი, რომ ზოგჯერ იმდენი სალაპარაკო ჩემს ზრდასრულ მეგობართანაც კი არ მაქვს..."

"მწვერვალზე ასვლისას, ბავშვები კი არა, უფროსებიც "წელში გავწყდით". რომ შევატყვე, პატარები უკიდურესად დაღლილები იყვნენ, დავფიქრდი - რა შეიძლებოდა, მომეგონებინა? დავინახე, რომ ბალახზე ცვრის წვეთები შემორჩენილიყო. ბავშვებს ვუთხარი, - ნახეთ, ეს ჯადოსნური "ცვარნამებია", რომელსაც თუ დალევ, ენერგია მოგემატებათ და მწვერვალს სულ ფრენა-ფრენით აივლით-მეთქი. ბალახის ღეროებისგან საწრუპებიც გავუკეთე... დარწმუნებული იყვნენ, რომ ჯამის ფორმის ფოთლებში ჯადოსნური "ცვარნამები" იყო დაგროვებული, რომელიც ადამიანს ძალას მატებს. მწვერვალზე მართლა სულ ფრენა-ფრენით ავიდნენ (იღიმის)..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი