"ძალიან უნდათ, მალე გავთხოვდე"
"ძალიან უნდათ, მალე გავთხოვდე"
26 წლის ნინი მოხევიშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამჟამინდელი საქმიანობა ძალიან მოსწონს - "კომედი შოუს" მსახიობი გახლავთ. საქმეში ჩაფლულს პირადი ცხოვრებისთვისაც რჩება დრო, მაგრამ როგორც გვითხრა, მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი არ არის, რომელთან ურთიერთობაც ნინისთვის პრიორიტეტული იქნება...

- მესამე წელია, რაც "კომედი ჯგუფის" დიდი ოჯახის პატარა წევრი ვარ. თავდაპირველად "ფარული კონვერტის" (რომელიც "კომედი ჯგუფის" გადაცემა იყო) ჟურნალისტი გახლდით - სტაჟირებას გავდიოდი. შემდეგ "კომედი შოუს" ოფის-მენეჯერის პოზიციაზე აღმოვჩნდი. ამ პოზიციას დღემდე ვიკავებ.
უბრალოდ, ჩემდა უნებურად ისე მოხდა, რომ მე და თაკა კაკულიას "გვიანი შოუს" გარე გადაღებებში, მუსიკალურ ნომრებში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. დავთანხმდი კი არა, ვერ აღგიწერ, სიხარულისგან ისეთი შოკი მივიღე! რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი! ჩემი დებიუტი შედგა - ამიკო ჩოხარაძესთან ერთად სიმღერა "სენიორიტა" ჩავწერე. "კომედი შოუს" სკეტჩებში
მონაწილეობა ამის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად პატარა, ეპიზოდურ როლებს ვასრულებდი. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდიდი, რადგან მანამდე სატელევიზიო კამერებთან არასოდეს მიმუშავია. დაძაბული ვიყავი და ვფიქრობდი - ჩემი გამოუცდელობით ისეთი შეცდომა არ დამეშვა, რომ მერე მსახიობს (ვისთან ერთადაც კონკრეტულ ეპიზოდს ვიღებდით) ეწვალა... ეს ყველაფერი გადავლახე. ამასობაში დიდი როლებიც შემომთავაზეს. ყველაზე მასშტაბური მაინც კლიპი - "ქუთაისო ჩემო" იყო: ამ კლიპისთვის "კომედი ჯგუფის" წევრებს ლაშა გაბუნიას გმირის შეყვარებულის როლისთვის გოგონა უნდა შეერჩიათ. კლიპში მონაწილეობის ძლიერი სურვილი მქონდა. ხმამაღლა ვერ ვამბობდი, რომ "ის გოგო" მე უნდა ვყოფილიყავი. როცა მითხრეს, აგირჩიეთ და შენს სახლში უნდა გადავიღოთო, დაჯერება გამიჭირდა. ვიფიქრე, უბრალოდ, კლიპის სცენა ჩემს სახლში უნდა გადაეღოთ, მაგრამ კიდევ დამიზუსტეს - შენ აგირჩიეთ და შენს სახლშიც ვიღებთო (იცინის).

- ქუთაისელი ხარ?
- არა, არა, თბილისში ვცხოვრობ. ქუთაისთან არანაირი შეხება არ მაქვს. ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზიც დამემართა: ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელმა დამირეკა. რატომღაც ჩათვალა, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი და მითხრა, - ძალიან გვინდა, ჩვენი სალონის ვაუჩერი გაჩუქოთ. როცა მოახერხებთ, მობრძანდითო (იცინის)... ჩვენს ("კომედი ჯგუფის") ბიჭებს შორის ბევრი ქუთაისელია. ვუთხარი, - ზაფხულში, 2-2 დღით ყველას უნდა გესტუმროთ-მეთქი.

- კლიპის - "ქუთაისო ჩემო" გამოქვეყნების მერე, უცნობი ადამიანები გცნობდნენ?
- კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ფეისბუკზე" მეორე დღესვე მილიონი "ნახვა" ჰქონდა. უბედნიერესი ვიყავი!.. სიმღერის ტექსტის გამო ("არსად მინახავს ეგეთი სხეული ეული, ხვეული თმა...) კლიპში ხვეული თმა მაქვს - პარიკი მახურავს. ბევრი ვერ მცნობდა. ახლობლები მირეკავდნენ, - კლიპში რომ მონაწილეობს, ის გოგო ვინ არისო? - რავი, კარგად დააკვირდით. იქნებ, ვინმეს მიამსგავსოთ-მეთქი, - ვპასუხობდი (იცინის)... მერე სკეტჩები ჩავწერეთ, ლაშას და ნინის ამბავი განვითარდა. ხალხი მცნობდა - შენ ის არ ხარ, ლაშას შეყვარებულის როლს რომ ასრულებსო? ბოლოს, ლაშას და ნინის "ხაზში" უკვე ნინის ძმაც შემოვიდა, ამ როლს კაბუ თამაშობს... მოკლედ, ქუთაისის "ხაზს" საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თან, ლაშა გაბუნია ბევრს უყვარს...

- ლაშას ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც გვითხარი...
- თავდაპირველად, "კომედი ჯგუფში" რომ მივედი, ლაშას ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ არ ვიცოდი: რამდენიმე წლის წინ, ავტოავარიის შედეგად, ხერხემალი დაიზიანა, დაავადებამ კი წლების შემდეგ იჩინა თავი. მერე და მერე, სიტუაცია უფრო გართულდა... ლაშას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ 2-3 თვეში, პრობლემამ თავი ისევ იჩინა... გადაადგილება უჭირს. დადის, მაგრამ საშინელი ტკივილები აწუხებს. ბევრმა მიიჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან "სკეტჩებში" კვლავ ჩანს, მაგრამ ეს "სკეტჩები" წინსწრებით გვაქვს გადაღებული და ეთერში ახლა ვუშვებთ. ლაშას გვერდით დგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. თანამშრომლები ყველანაირად ვცდილობთ, მხარში ამოვუდგეთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ლაშა გაბუნია ძალიან საყვარელია და ჩვენს გუნდს არ უნდა დააკლდეს...

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- რა თქმა უნდა, ოჯახი (დედ-მამა და ძმა მყავს), მაგრამ "კომედი ჯგუფის" გუნდის წევრები ჩაწერის დროს ისე მგულშემატკივრობენ, რომ დიდ სტიმულს მაძლევენ. ეს საქმე ამიტომაც გამომდის. ოჯახის შემდეგ, ჩემი პირველი გულშემატკივრები თანამშრომლები არიან. ისე, დედაჩემს დიდად არ უნდოდა, ის საქმე მეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ.

- რატომ?
- ფიქრობდა, რაღაც რომ ვერ გამოგივიდეს, ვინმემ რაღაც "ისეთი" არ თქვას და გული არ დაგწყდესო. დაძაბული იყო. შემდეგ სიამოვნებდა, როცა ეუბნებოდნენ, - ტელევიზორში ნინი ვნახეთ, როგორ მოგვეწონაო (იცინის)!.. ოჯახის წევრებს არანაირად არ შევუზღუდივარ, პირიქით... მით უმეტეს, მამა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია, რომ მისი შვილი ეკრანზე ჩანს.

- გადაღებისას ყველაზე კომფორტულად თავს ვისთან ერთად გრძნობ?
- ყველასთან კომფორტულად ვარ, განსაკუთრებით - ლაშა გაბუნიასთან, რადგან ჩვენს სცენარს რომ მოგვცემენ, ცალკე გავდივართ, ნიუანსებს განვიხილავთ ხოლმე... თავდაპირველად, როგორც აღვნიშნე, დაძაბული ვიყავი, მაგრამ ლაშასთან მუშაობა კომფორტულია. ამ მხრივ კიდევ, თემო ნიქაბაძესთან მუშაობასაც აღვნიშნავ... გოგონები ყველანი კარგები არიან... საერთოდ, რომელიმე მათგანის გამოყოფა მიჭირს - სცენარისტებით დაწყებული, მსახიობებით დამთავრებული, ყველანი საუკეთესოები არიან.

- "კომედი ჯგუფიდან" რომელიმე ბიჭი ხომ არ გეფლირტავება?
- არა (იცინის). - ჩვენი პატარა დაიკო ხარო, - სულ ამას მეუბნებიან. უნდათ, მალე გავთხოვდე, ოჯახი შევქმნა. ჩემი გათხოვების საკითხში მთელი გუნდი ჩართულია.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ამჟამად - არაფერი. რაღაც "ბიძგები" იყო, მაგრამ განვითარება ვერ პოვა. მთლიანად საქმეში ჩაფლული და მოტივირებული ვარ. სიმართლე გითხრა, ვერ ვიტყვი, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება-მეთქი. უბრალოდ, ამჟამად, ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი არაა, რომ პრიორიტეტული მასთან ურთიერთობა იყოს. იმედია, გამოჩნდება (იღიმის).

- როგორი ადამიანი გინდა, რომ გამოჩნდეს?
- გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, რომ პირველ რიგში, ყურადღებიანი უნდა იყოს, რაც მთავარია - ჩემ მიმართ. ალბათ, რამე შეზღუდვას ვერ ავიტან, თუნდაც - ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულს. ხომ არიან ბიჭები, რომლებსაც არ მოსწონთ, როცა მათი შეყვარებული ეკრანზე ჩანს, ვინმეს შეყვარებულის როლს თამაშობს?.. მსგავს შეზღუდვებს ვერ ავიტან.

- ასეთი შემთხვევა გქონია?
- კი. ის ადამიანი ჩემი შეყვარებული არც ყოფილა. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ვიყავით, მაგრამ როცა საუბრის თემა ჩემს საქმიანობას შეეხო, აღმოჩნდა, რომ ის სხვა თვალით უყურებდა და აღიქვამდა იმ საქმეს, რომელიც მსიამოვნებდა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელდებოდა და დავშორდი, რადგან მიმაჩნია, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ.

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები