საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც უწყება მედიის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების გაშუქებაზე საუბრობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონკრეტული ტელეარხები "აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს".

"დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედიასივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო.

სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა "მთავარი არხი", "ტვ-პირველი" და "ფორმულა", რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც.

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს.

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს და მოთმინებით დავძლიოთ გამოწვევები.

მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი).

სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება.

ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ!",- ნათქვამია ინფორმაციაში.