"აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს" - კვირის პალიტრა

"აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს"

"აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება.

ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, მან ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ წამახალისებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

" ეკატერინე ტიკარაძემ მოგახსენათ სხვადასხვა ლატარეის გათამაშებაზე და სხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე. ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს - ისინი უფრო მარტივად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის სრული ჩამონათვალი გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.