"15 წლისას შემიყვარდა. შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა, თუმცა დღეს ერთად აღარ ვართ"
"15 წლისას შემიყვარდა. შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა, თუმცა დღეს ერთად აღარ ვართ"
"ხანდახან ისეთ საოცრებებს ვხედავ, რომ არ ვიცი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, გოგოს ყურადღების მიპყრობას როგორ მოვახერხებდი"
მომხიბვლელი ალინა ეფიმოვა საკმაოდ აქტიური მოდელია, თუმცა მოდელობა მისი ინტერესის ერთადერთი სფერო არ გახლავთ, უფრო მეტიც - პრიორიტეტული სხვა მიმართულებით განვითარებაა...

- 17 წლის ვიყავი, როცა დედამ სააგენტო "ჯეო მოდელსში" მიმიყვანა, სადაც კასტინგი ტარდებოდა - ახალი სახეების აღმოჩენა უნდოდათ. სააგენტოს დამფუძნებელს - თაკო ჩხეიძეს ძალიან მოვეწონე. მაშინვე კონტრაქტი გამიფორმა. მომდევნო წელს თურქეთში სამუშაოდ გავემგზავრე, იქ
ჩემი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა. მერე კიდევ 2 თვით გავემგზავრე... ამას მოჰყვა "ფეშენ ვიკი", გადაღებები... საქართველოში გადაღებები ისე ხშირად მქონდა, რომ ახლა უკვე ბევრი კომპანია მიცნობს. საქმიან შემოთავაზებებს უცხოეთიდანაც ვიღებ: ვიყავი საბერძნეთში, ერევანში, ბაქოში...

- როგორ ფიქრობ, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შენთან თანამშ
რომლობას რატომ ამჯობინებენ?
- ხშირად მსმენია, რომ ჩემთან თანამშრომლობა კომფორტული და სასიამოვნოა. გულღია, გულთბილი ადამიანი ვარ. ალბათ, მათ არჩევანზე ისიც მოქმედებს, რომ მუშაობის პროცესში კარგ განწყობას ვქმნი, ასევე, რა თქმა უნდა - სტილი, ეშხიანობა (იცინის)...

- როგორც აღნიშნე, სამოდელო სფეროში დედის ინიციატივით მოხვდი. ამ სფერომ უკვე დაგაინტერესა თუ შენთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა?
- დღესდღეობით, ამ სფეროში ჩემი საქმიანობა მოყვარულის დონეზეა. ალბათ, მოდელობას უფრო სერიოზულად შევხედავდი, მაგრამ სხვა რაღაცები უფრო მეტად მაინტერესებს. მინდა, სხვა სფეროებში უფრო განვვითარდე, ვიდრე სამოდელოში, თუმცა, რა თქმა უნდა, მოდელობა შემოსავლის წყაროც არის და გარკვეული გადაღებები სიამოვნებასაც მანიჭებს. ბევრი საინტერესო გადაღება მაქვს, საიდანაც ინსპირაციას, ახალ ემოციებს ვიღებ...

- განვითარება რა მიმართულებით გინდა?
- ბავშვობიდან ვხატავ. როგორც კი სკოლაში სწავლა დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის (ტყავის მიმართულებით) ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრება ოჯახური ბიზნესი გვქონდა: მამა ფეხსაცმლის კერვით, დიზაინერობითაა დაკავებული. საქმის პროფესიონალია. მას რომ ვუყურებდი, ჩემთვის მაგალითი გახლდათ. ახლახან, პანდემიის დროს, ჩემი პირადი ბრენდი შევქმენი. შეკერილი მქონდა საზამთრო-საშემოდგომო კოლექცია. ახლა საზაფხულო და ისევ საშემოდგომო უნდა შევკერო. მინდა, ამ სფეროში განვვითარდე - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.

- ხელოვნური ტყავით რატომ არ მუშაობ?
- ვიცი, საქართველოში გვაქვს ბრენდი, რომელიც ტყავის შემცვლელებს იყენებს, რადგან ცხოველებს იცავს, მაგრამ პირადად მე, უპირატესობას იმას ვანიჭებ, რომ ფეხსაცმელი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტული, ხარისხიანი იყოს და დიდხანს გაძლოს.

- ცხოველთა ექსპლუატაციის ხარჯზე?
- ხანდახან ამაზე დავფიქრდები ხოლმე, მაგრამ ნატურალურ ტყავს თუ არ გამოვიყენებ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებ, რადგან ნატურალურს სხვაგვარი ხარისხი და დონე აქვს.

- დიზაინერობის გარდა, ხატვას აგრძელებ?
- კი, კი, პირადი შეკვეთებიც მაქვს. ჩემთვის ვხატავ, თავისუფალ დროს. ზეთის საღებავებით ხატვა დავიწყე, ძალიან მომწონს. კონკრეტული სტილი არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში, სხვადასხვა რაღაცის გადახატვა ძალიან მიყვარდა. ყველანაირი სტილი გამომდიოდა...

- ახლახან კულინარიულ ტელეპროექტში გიხილეთ...
- ბავშვობიდან ცოტათი ალერგიული ვარ. მთელი ცხოვრება ჩემი კერძო მენიუ მქონდა, კულინარიულ ექსპერიმენტებს სულ ვატარებდი. უკვე რაღაცები ვისწავლე, გამოცდილება მივიღე... პანდემიის დროს, როცა ყველას ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, კულინარიამ კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა. ჯანსაღ და ადვილად მოსამზადებელ კერძებს ვამზადებდი - კარგი გამომდიოდა. კერძების ფოტოებს სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი. შემდეგ სატელევიზიო კულინარიულ პროექტში მიმიწვიეს. უარი არ მითქვამს, პირიქით - მესიამოვნა. ვიფიქრე, ამ სფეროში უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ-მეთქი. კულინარიულ პროექტში მონაწილეობა მივიღე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თავით დიდად კმაყოფილი ვარ. ალბათ, იმაზე უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, რაც ეკრანზე ჩანდა. სამომავლოდ შეიძლება, ამ სფეროში კიდევ სადმე გამოვჩნდე...

- ქართული წარმოშობის გვარი არ გაქვს. საქართველოში როგორ მოხვდი?
- მამა რუსია, დედა - ბელარუსი. საქართველოში დავიბადე მეც და ჩემი მშობლებიც. მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთში, ჩემი დიდი ბაბუა პოლკოვნიკი გახლდათ. დაძაბული სიტუაციის გამო, ის და მისი ოჯახი საქართველოში გამოგზავნეს, რადგან აქ, სიმშვიდეში უფრო დაცული იყო. ჯარში სამსახური მისცეს და ბინა აჩუქეს. ისე დაემთხვა, რომ მისი შვილი, ანუ ბაბუაჩემი თბილისში რუს ქალბატონს შეხვდა და იქორწინეს (იღიმის)... ჩვენს ოჯახში ქართული სისხლი არავის ურევია, ბერძნული და ებრაული - კი. სამწუხაროდ, ჩვენი ნათესავებიდან საქართველოში მხოლოდ ჩვენ დავრჩით. სხვა ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

- ქართულ ენას კარგად ფლობ...
- კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სკოლა დავამთავრე. სკოლაში, ქართულ ენაში "ორიანი" მყავდა... რაღაც დიდი არეულობა დამემართა: თავდაპირველად, ქართულენოვან საბავშვო ბაღში მიმიყვანეს. შემდეგ, სკოლაში მისულმა რუსული საერთოდ არ ვიცოდი - სულ ქართულად ვლაპარაკობდი. მერე უკვე რუსული ენა სკოლაში ვისწავლე, მაგრამ - ქართული დამავიწყდა... სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი, ქართულის შესწავლას სერიოზულად მოვკიდე ხელი. უბრალოდ, სკოლაში სწავლისას ხანდაზმული მასწავლებელი მყავდა, მოსწავლეობის პერიოდი ისეთია, რომ ბავშვზე ბევრი რამ ახდენს ზეგავლენას... ჩემსა და ჩემს მასწავლებელს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა. ალბათ, ქართული ენის სწავლაში ჩემს "წარმატებაზე" ამანაც იმოქმედა (იცინის). აბიტურიენტობისას კერძოდ ვემზადებოდი - კარგი მასწავლებელი შემხვდა. ისე კარგად მომამზადა, რომ 3-4 თვეში, ქართული ენის ცოდნის მხრივ ძალიან განვვითარდი. თან, თბილისში რომ ხარ, ქართველი მეგობრები გყავს და მათთან საუბარი გიწევს, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ გამოცდილებას იძენ და ენას უკეთ ეუფლები. არ ვიცრუებ: ქართულ ენაში ახლაც ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგრამ რაც ვიცი, მყოფნის, ჯერჯერობით...

- თაყვანისმცემლები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?
- ყველაზე უხეშით - ქუჩაში ჩემს გაცნობას რომ ცდილობენ - დაწყებული საჩუქრების გამოგზავნით, ანონიმური სატელეფონო ზარებით, წერილებით გაგრძელებული... ხანდახან ისეთ საოცრებებს ვხედავ, რომ არ ვიცი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, გოგოს ყურადღების მიპყრობას როგორ მოვახერხებდი. "ინსტაგრამზე" სიგიჟეებს მწერენ, მაგრამ საერთოდ, გოგოებს რომ გვკითხო, თაყვანისმცემლები გვაწუხებენ, მაგრამ - მოგვწონს, გვსიამოვნებს (იცინის). ხომ ასეა?.. მოკლედ, ვერ გაიგებ: შესაბამისი წამი უნდა "დაიჭირო" ბიჭმა, რომ გოგოს ყურადღება მიიქციო.

- შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?
- ალბათ - შეგნებული. ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, კეთილი, რომლებმაც იციან, რა უნდათ.

- შეყვარებული ხარ?
- არა.

- გყვარებია?
- სიმართლე გითხრა, დღემდე არ ვიცი, რა არის სიყვარული, რადგან ეს გრძნობა იდეალური მხოლოდ ფილმებშია: ერთმანეთი უყვართ, ზრუნავენ... ცხოვრებაში ყველაფერი ნამდვილად სხვანაირად ხდება, რეალობა სხვანაირია, ალბათ, - უფრო უსამართლო. მაგალითად, შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ მაინც ისე მოიქცე, რომ მას ეწყინოს. შემდეგ ნანობ... თუნდაც, ღმერთის მიმართ სიყვარულის გრძნობა ხომ გვაქვს, არა? მიუხედავად ამისა, მაინც ვცოდავთ - ყველაფერს ისე მაინც არ ვაკეთებთ, როგორც მას უნდა. ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობაშიც ასეა. ყველაფერი ხდება... 15 წლისას შემიყვარდა. შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა, თუმცა დღეს ერთად აღარ ვართ. ერთმანეთთან მეგობრული კონტაქტი გვაქვს...

- შეყვარებული როგორი ხარ?
- ზოდიაქოს ნიშნით კურო ვარ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ერთგულება გვახასიათებს, ოჯახური სიტუაცია, სტაბილურობა გვიყვარს. კუროები მზრუნველები, გულთბილები არიან. საერთოდ, ძალიან გულთბილი ვარ, პირად ურთიერთობაში - მით უმეტეს. მოკლედ, მზრუნველი და ერთგული გახლავართ...

- ზაფხულს როგორ ატარებ?
- ბევრი გადაღება და პროექტია დაგეგმილი. მალე სერიალი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ.

- სამსახიობო სფეროშიც გქონია გამოცდილება?
- კი. სხვადასხვა პროექტში, მუსიკალურ კლიპებში ვარ გადაღებული, ასევე - სერიალშიც: საქართველოში არაბები იყვნენ ჩამოსულები და არაბულ კრიმინალურ კომედიას იღებდნენ. მთავარი გმირის შვილის როლს ვასრულებდი, რომელიც გაიტაცეს, გამოისყიდეს... ამის გარდა, ქართულ ფილმებში მთავარი როლების შესრულებასთან დაკავშირებით, შემოთავაზებები მაქვს.

- მომავალში შენს თავს რომელ სფეროში ხედავ?
- მომავალში საკუთარ თავს ვხედავ, როგორც ძალიან წარმატებულ ქალბატონს, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს და წარმატებულია როგორც სამოდელო, ასევე - სამსახიობო და დიზაინის სფეროებში... ჩემთვის დიზაინერობა პირველ ადგილზეა: მინდა, ჩემი მთავარი საქმე, შემოსავლის ძირითადი წყარო ეს იყოს...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

ვლადიმერ ჭანტურიძე
24 ივლისი 2021 13:44
კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ქალია! განათლებული! ვისურვებდი, ასეთებად გაიზარდნონ ჩემი შვილიშვილები და ქართველი გოგონების უმეტესობა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები