"ოპერაციიდან მერვე, ხოლო მშობიარობიდან მეცხრე დღეს სპექტაკლები ვითამაშე" - კვირის პალიტრა

"ოპერაციიდან მერვე, ხოლო მშობიარობიდან მეცხრე დღეს სპექტაკლები ვითამაშე"

თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. თავისუფალი თეატრის დაარსებიდან მალევე, მისი ერთ-ერთი აქტიური მსახიობი გახდა. ენერგიის მაქსიმუმს დებს როგორც როლის მომზადებისას, ისე თავის მოსწავლეებთან მუშაობისას. მსახიობი, პედაგოგი და რეჟისორი თიკო კორძაძე საპრემიერო სამზადისში იყო, როცა ილიაუნის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში შევხვდით და მისთვის საყვარელ პროფესიაზე ვისაუბრეთ.

- თიკო, საზოგადოება შენ გიცნობს, როგორც მსახიობს, რეჟისორული საქმიანობა როდის დაიწყე? - მეუხერხულება თქმა, რომ რეჟისორი ვარ. ჩემთვის რეჟისორი სლენგით რომ ვთქვა, სხვა ლეველია. ცნებას "რეჟისორი" სხვა თამასა აქვს. ეს თავისთავად მოჰყვა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას. წლების წინ, როცა თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, ჩემმა გენიოსმა პედაგოგმა შალვა გაწერელიამ კათედრაზე დამტოვა როგორც პედაგოგი. დავამთავრე მაგისტრატურა ბატონ შალვასთან, შემდეგ დოქტორანტურა და სარეჟისოროზე ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან ვსწავლობდი. ისე მოხდა, რომ პედაგოგიკას მივყავი ხელი. 2009 წელს დამოუკიდებლად გავაკეთე ჩემი პირველი სპექტაკლი "უჩინმაჩინის ხელი" . მას შემდეგ ჩუმ-ჩუმად "ვეპარები" ამ პროფესიას. ერთ სპექტაკლს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და თუ არ ვცდები, ახლა "კედელი" ჩემი რიგით მეშვიდე სპექტაკლია.

- რეჟისორის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, თუ სცენაზე, როგორც მსახიობი? - სულ ვშაყირობ საკუთარ თავზე და ვამბობ ხოლმე, სცენა მიხმობს-მეთქი (იღიმის). ასე ვიტყვი: ჯერ მსახიობი და მერე რეჟისორი ვარ. ამავდროულად, მსიამოვნებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ვამბობ ხოლმე, დონორები არიან-მეთქი. მათ გვერდით სულ ტონუსში ხარ, სულ მობილიზებული და მათგან ბევრს ვსწავლობ.

- როგორი პედაგოგი ხარ? - მკაცრი. ის ჯგუფი, რომელთანაც ახლა "კედელს" ვდგამ, 4 წევრისგან შედგება. თავდაპირველად ჯგუფში 14 ადამიანი იყო. ნელ-ნელა გავცხრილე. გამოცდის შემდეგ ვეუბნებოდი: "თქვენ ვეღარ გადახვალთ შემდეგ კურსზე". არ ვიცი, რანაირად ვახერხებ, მაგრამ მგონი მაინც ვუყვარვარ ყველას. მკაცრი ვარ იმიტომ, რომ ეს არ არის პროფესია, სადაც არსებობს კომპრომისი და სადაც რამეზე იტყვი, "არა უშავს".

- ყველაზე მძაფრი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შენს პროფესიაში რამ მოგიტანა? - ეს პროფესია მთლიანად დაუვიწყარი მოვლენებისა და შთაბეჭდილებებისგან შედგება. თუმცა, რომ დავფიქრდე და პირველი ნაბიჯებიდან გავიხსენო, ეს ბატონ შალვა (მუმუშა) გაწერელიას უკავშირდება. ჩემს პროფესიაშიც მისი წყალობით გადავეშვი, თითქოს ხელი მკრა, გაცურეო და მეც შთაბეჭდილებების ზღვაში გავცურე. მახსოვს, ეტიუდებს რომ ვაკეთებდით, ერთ-ერთი პირველი, რაც გვითხრა, იყო ეს: ქუჩაში გადით, ადამიანებს ხელებზე დააკვირდით, კიდურების მიხედვით შეთხზეთ ისტორია და გამოიცანით, ვინ რა პროფესიისააო. ხელი, ისევე როგორც თვალი, ჩვენს პროფესიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თვალი ყველაფერს ყიდის, როგორც კი შუშისებრი ხდება ან პირიქით, ძალიან მეტყველია, მაშინვე ხვდები და ვერ უძლებ. ასევე ყოფილა ხელიც. დავალების მიხედვით დაკვირვება დაახლოებით 2 კვირა გრძელდებოდა, მერე ჩვენს აზრებს ვწერდით და ხელების მიხედვით ვთხზავდით ამბავს, თუ რა ცხოვრება გამოიარა და რა ბიოგრაფიის მატარებელი იყო. ვფიქრობ, ადამიანებზე მუდმივი დაკვირვება არტისტისთვის პირდაპირ კავშირშია მის პროფესიასთან. ის გარდასახვა, რაზეც სტანისლავსკი საუბრობს, სწორედ ამგვარი დაკვირვებით იძერწება. ვიღაცის ტანში რომ შეძვრე, ჯერ ღრიჭო უნდა უპოვო.

- ამ წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად, რომელ როლზე მუშაობისას გაგჭირვებია "სხვის ტყავში შეძრომა"?

- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ადვილია, თუმცა, ყველა როლი მიყვარს. ემოციური ადამიანი ვარ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიცი დახარჯვა. ასე თუ არ მოვიქცევი, რეგენერაციაც ვერ მოხდება. სპექტაკლზე არასოდეს მომბეზრებია და არ მქონია განცდა "მეზარება". წლების წინ სცენაზე სიმაღლიდან ჩამოვარდი, მოგვიანებით ხერხემალზე პრობლემა გამიჩნდა და კისერზე ოპერაცია დამჭირდა. მერვე დღეს სპექტაკლი ვითამაშე. "რიჩარდ III" და "ვალსი ძილის წინ" ზედიზედ. ყელზე ჭრილობა გადახვეული მქონდა და დასაფარად მაქმანებიანი საყელო შევაკერვინე. შვილებიც რომ გავაჩინე, მშობიარობიდან მეცხრე დღეს უკვე სცენაზე ვიდექი. აქტიური ტიპი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია. კარგ ენერგიას ვიღებ და შინ ასე ვბრუნდები. ძალიან მეხმარებიან ჩემი მშობლები, ამისთვის დედ-მამას დიდი მადლობა.

- აქტიური ტიპი ვარო, თქვი. რამდენიმე ადგილას მუშაობ და თუ გიფიქრია სხვა პროფესიაზეც? - ექიმების ოჯახიდან ვარ. ჩემს ცხოვრებაში სულ აქტიურად იდგა სამედიცინო სფეროსთვის დამახასიათებელი თემები: ავადმყოფების ზარები, დედა სადღაც გარბოდა, ვიღაცებს ეხმარებოდა. კარგად ვსწავლობდი და მეც სამედიცინოზე ჩაბარებას ვგეგმავდი, გინეკოლოგობა მინდოდა, მაგრამ.... მზრუნველი ვარ, ჩემმა სამეგობრომ იცის ხოლმე, თუ რამე პრობლემა ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რჩევას მეკითხებიან, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტში გამოცდებზე არ გავსულვარ. მარტის თვეში, სახლში გამოვაცხადე, რომ თეატრალურში ჩაბარება მინდოდა. რომ გითხრათ, ჩემმა არჩევანმა ისინი ძალიან გაახარა-მეთქი, მოგატყუებთ, ასე არ იყო, მაგრამ ყველანაირად დამიდგნენ გვერდში.

- რა ხდება კულისებში ან საგრიმიოროში მანამ, სანამ სცენაზე გახვალ? - არ მაქვს განსაკუთრებული და გამორჩეული ტრადიცია მანამ, სანამ სცენაზე გავალ, მაგრამ სულ მინდა დავრჩე ჩემთვის, ყველას გავერიდო და თეატრის მიღმა დავტოვო პრობლემები და ყოველდღიურობა. სულ ასე ვიქცევი ხოლმე. თავისუფალი თეატრი 20 წლისაა, მალევე მივედი, გამოდის 19 თუ 18 წელი (იღიმის).

- რეგიონებში ხშირად გიწევთ გასვლა? - ბატონ ავთო ვარსიმაშვილსა და თავისუფალ თეატრს ასეთი ტრადიცია აქვს, თბილისში სპექტაკლის პრემიერიდან მესამე დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ვთამაშობთ იმავე სპექტაკლის პრემიერას. ამგვარად, ქუთაისელ მაყურებელს ერთგვარი საჩუქარს ვუკეთებთ. გარდა ამისა, მოვლილი გვაქვს მთელი საქართველო. დედით და მამით იმერელი ვარ და ძალიან მიყვარს ეს მხარე. საოცარი მაყურებელი ჰყავს ქუთაისსა და ჭიათურას, რომელიც სუნთქვაშეკრული გისმენს, რეჟისორულ მინიშნებებს ზედმიწევნით მიყვება და ზუსტი რეაქციები აქვს ყველაფერ იმაზე, რაც სცენაზე ხდება.

- დაბოლოს, ბოლო პერიოდში ახალგაზრდებთან საუბარში, ვისაც მსახიობობა, რეჟისორობა სურს, ხშირად ვაწყდები ფაქტებს, რომ ისინი არც ეროვნულ კინემატოგრაფიას იცნობენ, ვერც მსახიობებს და ზოგადად, ბევრი არაფერი იციან ქართულ კინოსა თუ თეატრზე. ალბათ შენ უფრო ხშირად აწყდები ამგვარ ფაქტებს... - ერთ საოცარ მაგალითს მოგიყვან: წლების წინ ერთი ბავშვი მომიყვანეს, - სანამ თეატრალურში გამოცდაზე გავა, ნახეო. გარეგნულად კარგი ბიჭი იყო და რომ ვკითხე, რატომ გინდა მსახიობობა-მეთქი, ვერ მიპასუხა, შუშის თვალები გაუხდა. დედა ახლდა და ის მეუბნება: ჩემი ბიჭი ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას ვერ სწავლობს და ასე გადავწყვიტეთო. ისე გავბრაზდი, ყვირილი დავიწყე, ანუ რახან მისი შვილი ამ საგნებს ვერ სწავლობდა, გადაწყვიტა, რომ მსახიობობა მარტივია. ცოტა რომ დავწყნარდი, ბავშვს მივუბრუნდი და ლაპარაკი გავუგრძელე, რაღაცასთან დაკავშირებით ვუთხარი, - აი, გურამ საღარაძე რომ კითხულობს ლექსს, ხომ იცი-მეთქი?! და ვინ გურამი, ეგ ვინ არისო?! იქვე დავემშვიდობე. სამწუხაროდ, ასეთებიც არიან და რაც თქვი, გეთანხმები. მეტ-ნაკლებად ასეა, უბრალოდ არ მიყვარს უფროსი ასაკის ადამიანების მხრიდან ახალგაზრდებისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიცაა: "აი, თქვენ რა იცით", "ჩვენ რომ ვიყავით". კი, ეს პრობლემა დგას და განათლების ამბავი ცოტა გვიჭირს. ამ თაობას მე "დაიკიდე თაობა" შევარქვი. რაღაცაზე რომ ავღელდები, ვაიმე, არიქა, შეიძლება მითხრან: "დაიკიდეთ, ქალბატონო თიკო".

- ბოლომდე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ამგვარი დამოკიდებულება მოვლენებისადმი ცუდია პიროვნებისთვის. ცხოვრებას იმარტივებენ, ასე არ არის? - რა თქმა უნდა, ამას მინუსთან ერთად, პლუსებიც აქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ნიჭიერები, მიზანდასახულები, მოტივირებულები და ინფორმირებულები არიან. ამის არდანახვა შეუძლებელია. "დაიკიდე" ძალიან შველით. ბარიერი არ აქვთ, ყველა კარის შეღება შეუძლიათ და თავის საუკეთესოდ წარმოჩენის უნარი აქვთ. ალბათ ეს 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს აქვს თავის პლუსები და მინუსები...

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"