"ვჩუქნი ჩემს 300.000 დოლარად შეფასებულ ნამუშევრებს მას, ვინც ჩემს სურვილს აასრულებს" - კვირის პალიტრა

"ვჩუქნი ჩემს 300.000 დოლარად შეფასებულ ნამუშევრებს მას, ვინც ჩემს სურვილს აასრულებს"

"ყველაზე საშინელი წყევლა სიბერეში მარტო დარჩენა ყოფილა"

მის ცხოვრებაში იყო ბევრი სიხარულით სავსე დღე, იყო სილამაზე, სიყვარული, წარმატება, ახლა კი მარტოობაა…- 90 წლის ნელი ბერაია სამი წელია, სამების საკათედრო ლავრაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც სახლი მოტყუებით გაუყიდეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, საცხოვრებელი პატრიარქმა შესთავაზა. ამბობს, რომ ერთადერთი სურვილი აქვს - გახსნან მისი სახელობის მუზეუმი. ქალბატონი ნელი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ, ქმნის უნიკალურ ნამუშევრებს, რომლებიც 20-მდე საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი. მის ნამუშევრებში, ცნობილი ადამიანებისა და წმინდანების პორტრეტებთან ერთად, ულამაზეს პეიზაჟებსაც ნახავთ. მეგობრები, ჯერ კიდევ მოსკოვში სწავლისას, ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ და ქართველ ოდრისაც კი უწოდებდნენ. მსგავსება მართლაც ისეთი თვალსაჩინოა, გაგიჭირდებათ ფოტოებით ამოიცნოთ, რომელია ნამდვილი ოდრი.

- ადამიანი იმდენ ხანს უნდა ცოცხლობდეს, რამდენ ხანსაც უწერია, მაგრამ სულ ახალგაზრდა უნდა იყოს. ამბობენ ხოლმე, სიბერესაც აქვს თავისი ხიბლიო, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს.

- მომიყევით თქვენ შესახებ...

- დავიბადე მოსკოვში. მამა კიროვის რაიონის რაიკომის მდივანი იყო და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაუგზავნიათ მოსკოვში... დედა იურისტი გახლდათ, მოსამართლე, მე კი პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე. ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, მქონდა გადაცემებიც. მაშინ უფრო დაფასებული იყო ეს პროფესია, ისევე, როგორც მწერლობა, თეატრი, კინო. ადრე ხალხს ერთმანეთი უყვარდა, პატივს სცემდა, ახლა ის ურთიერთობა და მეგობრობა აღარ არის, სამწუხაროდ.

სულ რეზო თაბუკაშვილის სიტყვები მიტრიალებს გონებაში - გეშინოდეთ, პროვინციალიზმი მოდისო. ამბობდა, აგრესიული პროვინციელები ყველასა და ყველაფერში მტერს ეძებენო და ეს დრო მართლაც მოვიდა. ვფიქრობ, ამიტომაც ვართ ასეთ დღეში, ეს არის მიზეზი იმისა, რაც დღეს გვჭირს. ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა, რომ ყველა და ყველაფერი შეიცვალა, რომ ახლა ბოროტება და ბოღმა სძლევს სიკეთეს, რაც გულსატკენია. "გმადლობთ", "ბოდიში", "თუ შეიძლება" - ეს სიტყვები ხალხმა დაივიწყა. შეიძლება თავი წაგაცალონ და ბოდიშიც არ მოგიხადონ.

ჩემს თაობაში სხვანაირად იყო. უყვარდათ თეატრი, კინო, წიგნი... საღამოს გამოვიპრანჭებოდით ხოლმე ახალგაზრდები რუსთაველზე გასასეირნებლად. რომ გაივლიდი, ბიჭები კომპლიმენტებს გეუბნებოდნენ. ახლა გინების მეტი რამე გესმით ქუჩაში?

- სტუდენტობის წლებიც გაიხსენეთ... - მე მოსკოვში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი. დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, მელორ სტურუა - ამ ადამიანებთან ურთიერთობა დღესასწაული იყო.

დღეს ხალხს რუსების მიმართ სიძულვილი აქვს ჩანერგილი. პოზნერს ქვები რომ დაუშინეს, ხომ გახსოვთ? მომღერალ დავით გამრეკელის მეუღლესთან ვმეგობრობდი და პოზნერი ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს. ყოველთვის მახსოვს მისი სიტყვები ქართველების შესახებ: ქართველები დიდებული ხალხია, მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მათო. ამიტომაც იხდიდა აქ დაბადების დღეებს.

- ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე იყავით. როგორ შეხვდით ერთმანეთს? - კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი და იმ პერიოდში გავიცანი ირაკლი. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ძალიან კარგი ადამიანი და კარგი მეუღლე იყო. ყველაზე საშინელი წყევლა სიბერეში მარტო დარჩენა ყოფილა - გარდამეცვალნენ მეგობრებიც, ნათესავებიც, ერთადერთი შვილიშვილი მყავს და არც ვიცნობ. ოთხი წლის იყო, ჩემი გოგონა რომ დაიღუპა. მისი მეუღლე მალევე დაქორწინდა. ქუთაისში ცხოვრობდნენ და ბავშვს ვერ ვნახულობდი. მერე ჩემი შვილიშვილიც დაოჯახდა და საბერძნეთში წავიდა...

- თვითნასწავლი მხატვარი ხართ და იმას, რასაც აკეთებთ, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. როდის დაიწყეთ ხატვა ბისერის მძივებით და ნახევრად ძვირფასი ქვებით? - დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ნამუშევრებს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. 63 წლის ვიყავი, როდესაც სიზმარი ვნახე, თითქოს ჩემი სხეული თამარ მეფედ გარდაიქმნა და შევძახე, ცოცხალი ყოფილხართ და თქვენს საფლავს რატომ ეძებენ-მეთქი? რაღაც ძალამ გამომაღვიძა, ავიღე ფანქარი და ხატვა დავიწყე. მანამდე არც ნიჭი მქონია ხატვის და არც სურვილი. რომ დავასრულე და შევხედე, გავოცდი, არ მჯეროდა, ნამდვილად ჩემი დახატული თუ იყო, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა, გაცოცხლება უნდოდა, მე კი საღებავების გამოყენება არ ვიცოდი. გამახსენდა, რომ ბავშვობის დროიდან მოგროვილი ბისერები მქონდა ქილაში შენახული. ვიფიქრე, მოდი, ვცდი, იქნებ მძივებით გავაწყო-მეთქი და მართლაც საუცხოო გამოვიდა. თამარ მეფე იყო პირველი ნამუშევარი. ახლა ავსტრიაშია, კერძო კოლექციაში, ისევე, როგორც ჩემი სხვა ნახატები.

100-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს გაყიდული - მეტწილად უცხოელები ყიდულობდნენ, ბევრიც გავაჩუქე... ურთულესი სამუშაოა, თვეები სჭირდება ერთი ნახატის დასრულებას. ჯერ ფანქრით იხატება და მერე მძივებით ხელმეორედ ხატავ. ბისერებთან ერთად ვიყენებ სვაროვსკის თვლებს, მარგალიტებს... ფერთა შეხამებას მიქებენ. ცოცხალი, მეტყველი სახეები ამიტომაც გამომდის. ძირითადად, პორტრეტებს ვხატავდი, თუმცა მქონდა პეიზაჟებიც, ულამაზესი ყვავილები...

ასე მგონია, ჩემი ყველა სათქმელი ჩემს ნახატებშია. ახლა ვეღარ ვხატავ, მხედველობამ მიღალატა და გული მწყდება.

ძალიან მინდა, ჩემს ნახატებს პატრონი გამოუჩნდეს. მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემი სახელობის მუზეუმი გაიხსნას, სადაც გამოიფინება და შემდეგ სახელმწიფოს დარჩება.

ამ თხოვნით მივმართე არაერთ ადამიანს, ვისაც ხელეწიფებოდა ამის გაკეთება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს... ვიფიქრე, კახი ისეთი ადამიანია, ყურადღებას მომაქცევს-მეთქი, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია. ვჩუქნი ჩემს 300.000 დოლარად შეფასებულ ნამუშევრებს მას, ვინც ჩემს სურვილს აასრულებს...

ნინო ჯავახიშვილი