"რომ გაიგეს, ვთხოვდებოდი, დედა თავიდან განერვიულდა. ერთადერთი შვილი ვყავარ და არ სურდა საზღვარგარეთ გავთხოვილიყავი"
02-08-2021
"რომ გაიგეს, ვთხოვდებოდი, დედა თავიდან განერვიულდა. ერთადერთი შვილი ვყავარ და არ სურდა საზღვარგარეთ გავთხოვილიყავი"
"უილიამი დედაჩემს აქედან ეუბნება ხოლმე: "დედა, მოდი, ჩაგებუტო", ან "დედა, მიკალჰალ". ასეთი სიტყვებით სულ გადარია. რაც მთავარია, ჩემი მშობლები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ეს მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია..."

ირინა კაბერაშვილი ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობს. როგორც ბევრი ემიგრანტი, თავდაპირველად ისიც დალაგების სფეროში იყო დასაქმებული და დღეს წარმატებული გოგონაა, სიდნეიში თავის დასუფთავების კომპანიას ხელმძღვანელობს. სამშობლოში დაბრუნებას რომ გეგმავდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც ხელი და გული შესთავაზა. ირინა რომანტიკულ სიყვარულზე გულახდილად
გვესაუბრა.

ემიგრაციამდე...


- ხაშურში დავიბადე და იქვე დავამთავრე სკოლა. შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ასევე გავიარე ბუღალტერიისა და მენეჯმენტის კურსები. ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში ჯერ თანაშემწედ, შემდეგ ბუღალტრად, ასევე ბანკში და შემოსავლების სამსახურშიც. მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მერე გადაწყდა, რომ ემიგრაციაში უნდა
წავსულიყავი, რათა ჩემი მიზნების განხორციელება შემძლებოდა.

ინჟინრების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი წელში წყდებოდა, რამე რომ არ მომკლებოდა. უკეთილშობილესი მშობლები­ მყავს. შეუძლიათ უკანასკნელი ლუკმაც სხვას­ გაუყონ... იცით, ყველაზე მტკივნეული­ რა იყო ჩემთვის? დედა ცუდად გახდა, სიმსივნე დაუდგინეს. მე არ შემეძლო მის გვერდით ყოფნა და... საშინელი დღეები გამოვიარე. უფლის წყალობით, ყველაფერმა ჩაიარა. 8 წელიწადზე მეტია, არ მინახავს და ჩემი მიზანი ახლა ის არის, რომ მალე ჩავეხუტო მშობლებს... დედა მკურნალობის შემდეგ თურქეთში გამოკვლევაზე რომ ჩავიდა, უთხრეს, რომ აღარაფერი­ სჭირდება... მადლობა უფალს, რომ ასეთი მშობლ­ების შვილობა მხვდა წილად. მათ მასწავლეს სიყვარული, თანადგომა, ცხოვრება.

ემიგრაციის გზა...


- 24 წლის ვიყავი, როდესაც ემიგრანტი გავხდი. მატერიალური პრობლემები საქართველოს მოსახლეობის 80%-ს აქვს, მაგრამ ემიგრაციაში ჩემი წამოსვლა დაუგეგმავად მოხდა. ერთხელ მეგობარმა მირჩია, ავსტრალია ძალიან კარგი ქვეყანააო­ და ვიფიქრე, 2 წლით წავალ, თან ენას უკეთ ვისწავლი, თან იმდენ ფულს მოვაგროვებ, თბილისში ჩემთვის ბინა ვიყიდო-მეთქი... ქართველები, როგორც ყველგან, აქაც არიან. ზოგი თავს არიდებს ახალჩასულ ემიგრანტს. საბედნიეროდ, მე შემხვდა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც საცხოვრებელი გამიყვეს და სიკეთეს აუცილებლად სიკეთით გადავუხდი... მშობლებს­ არ უნდოდათ რესტორანში ან კლუბში მემუშავა, ამიტომაც ერთმა ქართველმა ქალბატონმა თავის კომპანიაში დამასაქმა: ახალაშენებული კორპუსების დასუფთავება გვევალებოდა... ჩვენთან მუშაობდა ირანელი ბიჭი, რომელსაც ნაცნობი დაეხმარა სარფიანი საქმის აღებასა და კონტრაქტის გაფორმებაში.­ იმ პერიოდში ჩემს უფროსს და გარდაეცვალა, საქართველოში გაემგზავრა და, ფაქტობრივად, უსამსახუროდ დავრჩი. ამ ირანელმა დახმარება მთხოვა. იცოდა, რომ დარეგისტრირებული მქონდა კომპანია და ამ ბიჭის კონტრაქტი ჩემი კომპანიის სახელზე გაფორმდა­. მე და ჩემი ბიცოლა, რომელიც აქ იმყოფება, დავეხმარეთ საქმის მოგვარებაში. მერე ეს ბიჭი საქმიდან გავიდა, ჩემთვის კი მისი წყალობით დადებული პირველი ხელშეკრულება გახდა რაღაც ახლის დასაწყისი: ამის შემდეგ, რეკომენდაციების წყალობით, კომპანია ნელ-ნელა გაფართოვდა და ამჯერად 70-მდე სამშენებლო კომპანიას ვემსახურებით.

ახლა ქართველი ემიგრანტები თავად მყავს დასაქმებული. თუმცა ქვეყანაში არც ისე ბევრი ქართველია - მაქსიმუმ 1000 კაცამდე, სიდნეიში დაახლოებით 400-500 კაცი იქნება. მე არა ვარ იმ ტიპის­ ადამიანი,­ ვინმეს­ ვეუფროსო. ყველასთან ვმეგობრობ. დეველოპერები რომ მირეკავენ, ხშირად მეუბნებიან, კარგ ხასიათზე გვაყენებ, დღეს კარგი დღე გვექნებაო. გულით უნდა მიუდგე საქმეს და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მომწონს, რომ ამ ქვეყანაში ყველა შრომობს, არავის არაფერი ეთაკილება.­ მშენებლები და დეველოპერები ბიზნესს ოჯახის წევრებთან ერთად უდგანან სათავეში და მშენებლობის პერიოდში არანაირ საქმეს არ თაკილობენ. მშენებლობისას მოწყობილ დროებით საჭირო ოთახებსაც კი საკუთარი ხელით ასუფთავებენ...

იოლი არ იყო იმ ყველაფრის მიღწევა. რთული დღეები გავიარე. წარმოიდგინეთ, მუხლებზე მდგარი რაღაცას რომ ხეხავ, მაგრამ სულ ვამხნევებდი და ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ასე შეიძლებოდა რაღაცის მიღწევა, მე ეს გზა უნდა გამევლო! ძლიერი ხასიათი მაქვს და თუ რამე მიზნად დავისახე, აუცილებლად მივაღწევ. არა ვარ მეოცნებე. რაც რეალურად შესაძლებელია, იმას ვეჭიდები და ნელ-ნელა ვაღწევ მიზანს. ერთბაშად არავინ გამდიდრებულა. ჩემთვის პრიორიტეტი სიმდიდრე კი არა, ბედნიერებაა და თუნდაც ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მთავარია, წინ წავიდე.

პირადი ცხოვრება


- პირად ცხოვრებაში ისე გამიმართლა, ამაზე ლაპარაკის მეშინია. ასეთ ადამიანზე ვერც ვიოცნებებდი. საუკეთესო ადამიანია, თბილი, კეთილშობილი, ვაჟკაცურიც. უილიამ ელიოტი სულ ჩემს გახარებას ცდილობს. როგორ გავიცანი? - ერთსა და იმავე უბანში ვმუშაობდით და რამდენჯერმე შევხვდით "კოფიშოპში". ერთხელაც გამომელაპარაკა და ტელეფონის ნომერი გამომართვა. ცოტა ხანში სოციალურ ქსელშიც დამიმატა... ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, გვიხაროდა და მოგვწონდა ერთად ყოფნა. ცდილობს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთებით გამახაროს. თავგადასავლების მოყვარულია და ერთ დღესაც წასულა იქ, სადაც საფირონის ქვა მოიპოვება. რომ დაბრუნდა, იქ ნაპოვნი ქვებით ორივესთვის დაამზადებინა ოქროს ბეჭდები. ეს იყო პირველი საჩუქარი, რომელიც მომიძღვნა... უილიამი რაღაცით გვგავს ქართველებს, თბილი, უშუალო, მხიარული ადამიანია. სხვათა შორის, ასაკით ჩემზე პატარაა, მაგრამ კარგად შევეწყვე...

ერთ დღეს კორეულ რესტორანში წამიყვანა. მოულოდნელად თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა... მიყვარხარ, შენ ის ხარ, ვისაც ვეძებდიო. ამას არ ველოდი. აქ ასე ადვილად არ ხდება ურთიერთობის აწყობა. წლების განმავლობაში ხვდებიან ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ დაქორწინებაზე, უილიამმა კი გაცნობიდან მალევე შემომთავაზა დაქორწინება, მანამდე კი ოჯახის წევრებიც გამაცნო... ძალიან საყვარელი ოჯახი ჰყავს. უილიამი და მამამისი ძალიან ცნობილი ფილმების გადაღებებში არიან ჩართული. ჩემს მამამთილს გამწვანების ბიზნესი აქვს, მაგალითად, გადასაღები მოედნისთვის პარკის ან ტყის მოწყობას უკვეთენ...

მოკლედ, 3 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ამასობაში აქ ჩემს ვიზას ვადა გასდიოდა და ვფიქრობდი, დრო იყო, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. ჰოდა, მომკიდა ხელი და წამიყვანა იუსტიციის სამინისტროში, პარტნიორობა გააფორმა - აქ ასე ეძახიან თანაცხოვრებას. ამის შემდეგ დავგეგმეთ ქორწილიც გასულ წელს, მაგრამ მერე პანდემიის გამო გადავდეთ. ქორწილი 2022 წლისთვის დავგეგმეთ, სამსართულიან გემ-რესტორანზე. მესამე სართულზე გადავწყვიტეთ ხელმოწერის ცერემონიის ჩატარება, მეორეზე ა-ლა-ფურშეტი გაიმართება, მერე კი გავუმასპინძლდებით სტუმრებს, თან ულამაზესი­ ხედებით დატკბებიან. უკვე კაბაც ვიყიდე, მაგრამ ვფიქრობ, არ მომბეზრდეს. უილიამსაც საკუთარი და 5 მეჯვარის კოსტიუმებიც შეძენილი აქვს. ახლა მე დავიწყებ ჩემს მეჯვარეებზე ზრუნვას. აქ ასეთი წესია, შენ აცმევ მეჯვარეს, ყვავილებზეც თავად უნდა იზრუნო და სხვა დანარჩენზეც. მოკლედ, ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც სიდნეია, ჰარვა-ბრიჯისა და ოპერა-ჰაუსის გვერდით მოცურავე გემზე გადავიხდი ქორწილს, რაზეც, ალბათ, ვერც გავბედავდი ოცნებას, მაგრამ ერთ რამეში დავრწმუნდი, შეუძლებელი არაფერია.

მონატრება


- მერწმუნეთ, ეს სიყვარული მაცოცხლებს და მაძლებინებს ახლობლებისგან ძალიან შორს მყოფს, თორემ ვერ გავუძლებდი მშობლების მონატრებას. დედის სურნელი და მამა, ჩემი ოჯახი მენატრება ყველაზე მეტად! რა თქმა უნდა, ქვეყანაც, ახლობლებიც და მეგობრებიც, მაგრამ როცა ემიგრანტი ხდები, შენი ოჯახი ყველაზე მეტად გეძვირფასება. რომ გაიგეს, ვთხოვდებოდი, დედა თავიდან განერვიულდა. ერთადერთი შვილი ვყავარ და არ სურდა საზღვარგარეთ გავთხოვილიყავი. დაბრუნების­ რა გითხრათ, მაგრამ როცა დადასტურდება ჩემი ვიზა, წელიწადში ერთხელ 2-3 თვით აუცილებლად ჩამოვალ. მანდაც მაქვს ჩემი გეგმები და ვინ იცის, იქნებ უფრო ხშირადაც მომიხდეს საქართველოში ყოფნა. ასე რომ, დედა თავიდან ცოტა დეპრესიულად იყო განწყობილი, მაგრამ მერე უილიამი შეუყვარდა. ესეც, აქედან ეუბნება ხოლმე: "დედა, მოდი, ჩაგებუტო", ან "დედა, მიკალჰალ". ასეთი სიტყვებით სულ გადარია.

უილიამი ცდილობს ქართული ისწავლოს და "პატატას" მეძახის. ჰოდა, აქაურებს ჰგონიათ, "კარტოფილს" ვეძახით ერთმანეთს. რაც მთავარია, ჩემი მშობლები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ეს მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
უილიამს ერთი სული აქვს, როდის ჩავა საქართველოში. ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მოეწონება საქართველო - ქვეყანა, სადაც ყველაზე ლაღი ურთიერთობებია.

გეგმები და ქველმოქმედება....


- ჩემი ოცნება იყო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის შექმნა. მოლაპარაკება დაწყებულია ერთ-ერთ კომპანიასთან. ყველაფერი საქართველოში შეიკერება. მასალას იტალიიდან და თურქეთიდანაც შემოვიტანთ. ნაწარმი თავიდან საქართველოსა და ავსტრალიაში გაიყიდება, მერე ვნახოთ. აქ გავიცანი ადამიანი, რომელიც ყველა ცნობილი ბრენდის ("გუჩი", "დოლჩე & &გაბანა", "ვერსაჩე" და ა.შ.) პირველი შემომტანია. მპირდება, რომ ჩემს პროდუქციას შეისყიდის და ბაზარზე გაიტანს. ამიტომ ისეთი მაგარი რამეები უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოთვლილი ბრენდების გვერდით მისი დადება შეიძლებოდეს.

ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო პროექტებში. ცოტა ხნის წინ დავეხმარეთ ბავშვებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, სიცოცხლის თვეები და დღეები აქვთ დარჩენილი. სიკვდილი მათი განაჩენია და გადავწყვიტეთ, ამ პატარებისთვის დღეები გაგველამაზებინა. ამან, ცხადია, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. სულ მათზე ვფიქრობ.

პანდემია და ავსტრალიელები


- პანდემიის მხრივ აქ კარგი სიტუაცია გვქონდა. თითქმის 3-4 თვეს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, მაგრამ 1-2 კვირის წინ ისევ ლოკდაუნი გამოაცხადეს ინდური შტამით დასნებოვნებულების გაზრდილი რაოდენობის გამო: უკვე 150 კაცამდეა დაავადებული და მგონი, ყოველდღიურად იმატებს. ბევრი უბანი ჩაკეტეს, რესტორნები აღარ მუშაობს. სხვა ყველაფერი ღიაა, მაგრამ შედარებით შეზღუდულ პირობებში მუშაობენ. შარშან, როცა პანდემია დაიწყო, აქაც ყველაფერი ჩაიკეტა, რათა მაქსიმალურად იზოლირებული ვყოფილიყავით. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ავსტრალიაში კარგი ხალხი ცხოვრობს.­ დილით ქუჩაში გასულს ყველა გესალმება. გეკითხებიან, როგორ ხარ და აუცილებლად კარგ დღეს გისურვებენ. ეს ძალიან სასიამოვნოა.

ლიკა ქაჯაია
ადამიანი
03 აგვისტო 2021 10:46
გაიხარე მშვენიერო ქალბატონო. წარმატებები

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები