"გოგონას ყური გახურებული დანით მოაჭრეს, ბიჭს კი თავი მოჰკვეთეს... გოგოს დედა ამბობდა, ამით შვილი გადავარჩინეო"
"გოგონას ყური გახურებული დანით მოაჭრეს, ბიჭს კი თავი მოჰკვეთეს... გოგოს დედა ამბობდა, ამით შვილი გადავარჩინეო"
"აქ ცხოვრება ძალიან ძვირია, საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, ყველაფერი ძვირი ღირს. ბანანიც კი, რომლის ხეები ტყეში ხარობს, ბევრად ძვირია, ვიდრე საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში"

ანა მამაცაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებში რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს - დევნილებთან უწევდა ურთიერთობა. იყო შემთხვევები, როდესაც კოლეგებთან ერთად ომსა და ძალადობას გამოქცეულ ერაყელებთან, ავღანელებთან, სირიელებსა და ქურთებთან ერთად ცხოვრობდა. თავიდან მათ ტრაგედიებს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალებზე ძალადობის ამბებს რომ ისმენდა, კარგა ხანს საქმეზე კონცენტრირება უჭირდა.

-
ახლა გაიანაში ვარ, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში - ასე ჰქვია ოფიციალურად ამ პატარა სამხრეთამერიკულ სახელმწიფოს, რომელიც ერთა თანამეგობრობის წევრია. წლების განმავლობაში ბრიტანეთის იმპერია იყო. აქ მოსახლეობა ინგლისურად ლაპარაკობს. ხანდახან ინდური ენების შიდასახეობებსაც მოისმენთ. საოცრად გულღია ხალხია, მაგრამ წლებია კრიმინალს ვერაფერს უხერხებენ. აქ მოპარვა, დაკარგვა, ჯიბიდან ამოცლა
ჩვეულებრივი რამაა.



- რატომ გადაწყვიტეთ ამ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა?
- საერთაშორისო ორგანიზაციის ის დეპარტამენტი, რომელიც კონფლიქტის ზონებსა და ომების შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში ჰუმანიტარული მისიებით ჩადის, გაიანაში სამU პროექტზე მუშაობდა. მე, როგორც თარჯიმანსა და ლტოლვილებთან მუშაობის გამოცდილების მქონეს, თანამშრომლობა შემომთავაზეს. ყველანი გაგვაფრთხილეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად გვემოქმედა და ხალხთანაც დისტანცია დაგვეცვა, მაგრამ ქალებსა და ბავშვებთან ეს არ გამომდის. ძალიან მხიარული ხალხია და გამოელაპარაკები თუ არა, მაშინვე გიშინაურდებიან. ბავშვი ყველგან ბავშვია. აქ ბევრი რამ აკლიათ სრულფასოვანი ბავშვობისთვის, მაგრამ მაინც ძალიან ლაღები და ცნობისმოყვარეები არიან. იმდენი ენა იციან, რამდენ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჰქონიათ კავშირი.



- თქვენ თურქეთშიც მუშაობდით, საინტერესო იქნებოდა.
- ძალიან, საინტერესო და მძიმე.
ვნახე სირიელი ლტოლვილი ქალები და გოგონები, რომლებიც მზად იყვნენ თურქეთის ლტოლვილთა ბანაკში დახოცილიყვნენ, ოღონდ სამშობლოში არ დაბრუნებულიყვნენ.

ასევე იყვნენ ავღანელებიც. ქაბულში 3 თვეზე მეტხანს ვიყავი და ყოველდღე ვფიქრობდი კონტრაქტის გაწყვეტას. იმხანად ტერორისტულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა, გავლენები ვერ გაიყვეს და ერთდროულად ათამდე სოფელზე მიიტანეს იერიში. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, დახოცეს, სამშვიდობოს ქალებისა და ბავშვების ნაწილმა გამოაღწია.

მახსოვს ერთი გოგონა, შეშლილი სახით. ცალი ყური მოჭრილი ჰქონდა და კისერზეც ნაიარევი ეტყობოდა. რამდენიმე დღე არც ხმას იღებდა და არაფერს ჭამდა... მასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ. გაირკვა, რომ შეყვარებულთან ერთად გაქცევა სცადა და ამის გამო მოლამ და მისმა ოჯახმა სამაგალითოდ დასაჯა - ყური გახურებული დანით მოაჭრეს. როგორც დედამ გვითხრა, ეს სხვა გოგონებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო.



- ბიჭს რა ბედი ეწია?
- თავი მოჰკვეთეს... გოგოს დედა ამბობდა, ამით შვილი გადავარჩინე და რომ არა ტერორისტების შეტევა, საქმროც კი გვყავდა ნაპოვნი, შორეული ნათესავი, შუახნის მამაკაცი, რომელმაც ხელ-ფეხი ნაღმზე აფეთქებისას დაკარგა, მაგრამ საქონელი ჰყავდა და მიწის ნაკვეთებიც ჰქონდაო... ვეცადე ამეხსნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, ის კი გაოცებული მიყურებდა - ქალი მამაკაცს ეკუთვნის და მისი ბედიც მან უნდა გადაწყვიტოსო.

იმავე პერიოდში ავღანეთის ხელისუფლებამ ამერიკელებთან ერთად ათამდე ნარკოტიკის მწარმოებელი ქარხანა გაანადგურა. ადგილობრივი ბიზნესმენების იყო, რომლებიც ამის შემდეგ ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდნენ, რადგან უშემოსავლოდ დარჩნენ. ამიტომ მგონია, რომ ამერიკული ჯარების გაყვანით არავინ იცის, რა მოხდება.

ამის შემდეგ ისევ თურქეთში დავბრუნდი, სირიელ და ერაყელ ლტოლვილებთან ვმუშაობდი. ერთი შეხედვით, შესაძლოა ჩანდეს, რომ ასეთ ქვეყნებში ქალები უუფლებონი არიან, სინამდვილეში კი იმდენად ძლიერი რწმენა აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან, დასავლელი ქალები რომ ვერც წარმოიდგენენ. ხშირად გარბიან ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში ლაპარაკობენ სამშობლოს პრობლემებზე, მაგრამ მათ იქ დიდად არავინ უსმენს. განსაკუთრებით პროვინციებში ირღვევა უხეშად ადამიანის უფლებები, ინტერნეტი ან იჭერს, ან არა, ინტერნეტი კი არა, ელექტროენერგიაც კი არა აქვთ. ჩვენ მხოლოდ იმ ქალების შესახებ ვიცით, ვინც იქაურობას თავი დააღწია, მაგრამ ათიათასობით ქალი შეეწირა მოძალადე მამაკაცებთან უთანასწორო ბრძოლას. ვნახე შემთხვევა, როდესაც შვილებმა ჩაქოლეს დედა, იმიტომ, რომ მისი ქმარი სხვა ცოლმა მის წინააღმდეგ განაწყო... ერთი სიტყვით, ავღანეთის თემა ამოუწურავია. იქ მუშაობის შემდეგ მეგონა, ვერაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ სირიელი და ერაყელი ლტოლვილები უმძიმეს ამბებს გვიყვებოდნენ თავიანთ ოჯახებზე, ტერორისტებზე, რუსებზე, რომლებიც ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს და ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად საჰაერო იერიშებსა და აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ. მშვიდობიან მოსახლეობას არათუ ჰუმანიტარულ დერეფანს არ უკეთებდნენ, მძინარე ადამიანებს ხოცავდნენ...

გაიანაში ვენესუელელი ლტოლვილები არიან, ისინი, ვინც ნიკოლას მადუროს რეჟიმს გამოექცნენ: ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები... მადურომ ავტორიტარული რეჟიმის შესანარჩუნებლად რუსეთის მხარდაჭერით სამოქალაქო ომი გააჩაღა. მადურომ ასეულობით თანამემამულის სასტიკი წამებით კაცობრიობის წინაშე საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ დიქტატორს შერჩა, იმედია, ჯერჯერობით...

- როგორ ცხოვრობენ გაიანაში?
- ღარიბულად... უმუშევრობა, კრიმინალი, ანტისანიტარია, კორუფცია, რასობრივი დისკრიმინაცია ყვავის, მაგრამ ქუჩაში ხალხი მაინც იღიმის. ამ ლამაზი ქვეყნის ტერიტორიის 85% მარადმწვანე ხეებით არის დაფარული. აქაური ინდური წარმოშობის ხალხის თქმით, თავიანთ ენაზე "გაიანა" ბევრი მდინარის ქვეყანას ნიშნავს. აქ უამრავი მდინარე, ტბა და ჩანჩქერია. ატლანტის ოკეანის საზღვართან პლაჟი სავსეა დასასვენებელი ადგილებით, სადაც ხშირია ძარცვა, ქურდობა, ძალადობა, მაგრამ ექსტრიმის მოყვარულები მაინც ჩამოდიან. აქ ცხოვრება ძალიან ძვირია, საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, ყველაფერი ძვირი ღირს. ბანანიც კი, რომლის ხეები ტყეში ხარობს, ბევრად ძვირია, ვიდრე საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

გაიანამ ბრიტანეთს 90-იანი წლების ბოლოს დააღწია თავი და მისი კულტურიდან მხოლოდ ენა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიას, ვენესუელასა და სურინამის ემეზობლება, მასთან არა აქვს სავაჭრო ურთიერთობა. ახლახან აქ ნავთობი აღმოაჩინეს, რასაც რუსული კომპანიების სიმრავლე მოჰყვა. ხალხს ჯერ სასიკეთო არაფერი დასტყობია, მოგება სახელმწიფო ბიუჯეტში კი არა, მდიდრების ჯიბეში მიდის. ამ ბოლო დროს აქ იქმნება მდიდრების დასახლება, ელიტური ზონა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები იცავენ. აქ დამნაშავეები კლანებად არიან დაყოფილი, უსაფრთხო ტრანსპორტი მხოლოდ თვითმფრინავია, ამიტომ მდიდრებს თავიანთ ტერიტორიებზე ასაფრენი ბილიკები აქვთ მოწყობილი.
როგორც ამბობენ, უმრავლესობა ჯერ კიდევ 30 წლის წინ ნარკოტიკების ბიზნესით გამდიდრდა.

მოსახლეობის უმეტესობა კარიბის კუნძულებზეა დასაქმებული, მწირ გასამრჯელოს იღებენ, ამიტომაც საკვებიც მწირია: ბოსტნეული, ბრინჯი, დღესასწაულებზე კი ქათმის ხორცის ტრადიციული კერძი კასავა. გვიან გაზაფხულზე ხანდახან ბრაზილიის საზღვართან მდებარე ქალაქ ლატეში მუსიკალურ ფესტივალებს მართავენ. მუსიკა ყველაფერზე, ჭამაზე მეტადაც კი უყვართ.

მომწონს გაიანელები - ცხოვრების ელემენტარული პირობების უქონლობის მიუხედავად, მაინც ძალიან მხიარული ხალხია. ხანდახან ვხუმრობ, მხოლოდ აქ შეუძლიათ შეიარაღებულ ადამიანებს, ღიმილით გაგძარცვონ-მეთქი. ისიც მომწონს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს, მათ შორის დაპირისპირება არასდროს ყოფილა. მეტიც, დიდ დღესასწაულებს ქრისტიანები, მუსლიმანები და ბუდისტები ერთად აღნიშნავენ.

- სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრიხართ?
- დიახ, ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან. გავიცანი უკრაინელები, რუსები, ბალტიისპირელები...
ერთხელ კი ვნახე გაიანელი ექიმი, რომელმაც ქართული სიტყვა იცოდა. ქრისტიანი იყო და "მამაო ჩვენოც" მითხრა ქართულად, ოღონდ ოდნავ დამახინჯებული სიტყვებით. თურმე საბჭოთა კავშირის დროს კიევში სწავლობდა და ქართველი ჯგუფელები ჰყოლია. სულ თავიანთ ენაზე საუბრობდნენ და მეც მასწავლესო.

ჯერ კიდევ რამდენიმე სამუშაო თვე დამრჩა და იმედია, საინტერესო ადამიანებისა და ადგილების ნახვას მოვასწრებ.