"ზოგჯერ ძალიან მიჭირს ფეხზე წამოდგომა და ვამბობ, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი..." - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ ძალიან მიჭირს ფეხზე წამოდგომა და ვამბობ, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი..."

ნუცა ჯანელიძის თბილისი და ცხოვრებისეული გაკვეთილები

ანსამბლ "ფორტეს" ხელმძღვანელისთვის, ნუცა ჯანელიძისთვის მუსიკა არის დიდი ბედნიერებაც და სევდაც, შესაძლებლობა, სიხარული მიანიჭოს სხვებს. რა არის ყველაზე დიდი ტკივილი მისთვის, რას ნიშნავს თბილისელობა, შეუძლია თუ არა პატიება და ვისი მადლიერია? - ამის შესახებ მუსიკოსი გულწრფელად გვპასუხობს.

- "ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი" (ოთარ ჭილაძე).

- მართლაც სინანულით გასახსენებელია ბავშვობა, ოღონდ - ღიმილიანი სინანულით. ღიმილით იმიტომ, რომ უდარდელი ბავშვობა მქონდა მეც და მგონი, უმეტესობას იმ დროს. ჩემი მშობლები არ იყვნენ თანამდებობის პირები და ძალიან შეძლებულები, ყოველდღე ხიზილალას არ მივირთმევდით, ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით, მაგრამ კარგად ვგრძნობდით თავს. ზაფხულობით დასასვენებლად მივდიოდით, სკოლის ასაკშივე ვიყავი საზღვარგარეთ, პიონერთა სასახლიდან. როგორც მშობლები მეუბნებოდნენ, ზარმაცი და მორცხვი ვიყავი, მაგრამ გამოცდების პერიოდში განსაკუთრებით ვღელავდი და სწავლაში ვათენებ-ვაღამებდი. თავს ვუკრძალავდი დროის ტარებას. ვფიქრობდი, ღმერთი ზემოდან მიყურებდა და ამბობდა, - ნუცა, ხვალ გამოცდა გაქვს და რა დროს გართობა და დროს ტარებააო?!. ამიტომაც წიგნებზე ვიყავი გადამკვდარი. სკოლიდან რომ მოვიდოდი, მამა ყველაფერს დაწვრილებით მაყოლებდა, ისიც კი აინტერესებდა, როგორ ვმეტყველებდით ბავშვები. "ჰოდა, ისა, რა ჰქვია", - აი, ამ ფრაზას ვერ იტანდა. ზედმეტ სიტყვებს რომ ვიყენებდი საუბრისას, ყოველთვის მისწორებდა. განსაკუთრებულად უყვარდა მშობლიური ენა. მაშინაც იყო ჟარგონები, მაგრამ ენას უდიდეს პატივს სცემდნენ, კარგად იცოდნენ გრამატიკა.

- "ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს - კომედია" (ჟან დე ლა ბრუიერი).

- ვინც ემოციებს არის აყოლილი, მისთვის მართლაც ტრაგედიად იქცევა ცხოვრება. ბევრისგან გამიგონია, რომ რამდენჯერაც დაეცა, იმდენჯერ შეძლო წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყება. ასეთი სულიერი სიძლიერე კარგია, თუმცა, ზოგჯერ ძალიან მიჭირს ფეხზე წამოდგომა და ვამბობ, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი... ზოგჯერ არის მომენტები, როცა პირიქითაც ხდება - ასე მოხდა? აი, ახლა ნახეთ, რას გავაკეთებ. კარგი გაგებით, ჟინიანი ვხდები და ბრძოლის უნარი მემატება.

- "ნუ კითხულობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი ქვეყნისათვის" (ჯონ კენედი).

- "კაცად მაშინ ხარ საქები,/ თუ ეს წესი წესად დარგე:/ ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,/ აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?" - ილიას ეს სიტყვები სწორედ დღევანდელობაზეა. დღეს მხოლოდ პრეტენზიები გვაქვს და ველოდებით, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვინმე სხვა გააკეთებს, მაგრამ შეიძლება ბევრიც მოინდომო, ეცადო და მაინც ვერაფერი შეძლო. საკუთარ შესაძლებლობებს ხომ ვერ გადაახტები? "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების", ხომ იცით. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუნდაც მცირედი რომ გავაკეთოთ ქვეყნისთვის, კარგი იქნება. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, ახლომახლო მზესუმზირის გამყიდველები ისხდნენ. რუსთაველის პროსპექტი მაშინ ჩვენი ქალაქის სახე იყო, ვერ გაბედავდი იქ ნაგვის დაყრას, აუცილებლად მოვიდოდა ვიღაცა და შენიშვნას გეტყოდა, - ეს შენი ქალაქია და ნუ ანაგვიანებო. ეს კარგად ჩამრჩა გონებაში, მეც მოვქცეულვარ ასე, გამყიდველი ქალებისთვის მეც მითქვამს, აქ რომ არ გაყიდოთ, ხომ შეიძლება-მეთქი? ახლა რომ შეიგინებიან და ძვირად ღირებულ მანქანებში ჩასხდებიან, ეს ჰგონიათ კაი ტიპობა. თბილისელობა ნიშნავს, უფრთხილდებოდე შენს ქალაქს, ქუჩებს.

- "წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ" (პიერ ბუასტი).

- ასეცაა: წყენა ქვიშაზე იმიტომ უნდა ჩავწეროთ, მალე რომ წაიშალოს. რაც შეეხება მადლიერებას, ბევრჯერ ვხედავ სანაცნობოში, სამეგობროში, კოლეგებს შორის დაუნახაობის ზეიმს, რაც გულსატკენია. ასეთებს ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს... იცით, რა მახსოვს დღემდე? ამბობენ, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, თუმცა ყოფილა პერიოდი, სამუშაო არ მქონია და მეგობარი დამხმარებია სამსახურით, ახლა სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი. ეს ჩემთვის დაუვიწყარია. სანთელს როცა ვანთებ, ყველას ვიხსენიებ ხოლმე, ვისიც მადლიერი ვარ. როდესაც შენს ზურგს უკან ოჯახი დგას და შენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ასეთ დროს ვიღაც დახმარების ხელს რომ გიწვდის და გზას გინათებს, ეს დიდი ბედნიერებაა.

- "მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს" (პლატონი).

- ისე კარგად უთქვამს პლატონს, რაღა დავამატო? მუსიკა ჩემთვის არის ბედნიერებაც, სევდაც, სხვისი გახარების უნარიც - ყველაფერია, რა გითხრათ, ეს არის საზრდო სულისთვის.

- "დაივიწყე ტკივილი, გააღიზიანე ტკივილი, დასცინე ტკივილს და ის დამცირებული წავა" (ჯიმ ქერი).

- რა საინტერესოა! მე ასე არასდროს მოვქცევივარ ტკივილს. საუბედუროდ, ტკივილს ვერავინ ავირიდებთ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ჩემი ძმის გარდაცვალება იყო, 2 წლის წინ და, რომ არ მოგატყუოთ, ბოლო 5-6 თვეა, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე ცრემლები აღარ მომდის. ერთადერთი დედმამიშვილი მყავდა და როდესაც გარდაიცვალა, ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი. თუ გახსოვთ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში ცრემლები წამომივიდა და მერე გიამ ბოდიში მომიხადა, არ ვიცოდი, თუ კვლავ ამისთანა რეაქცია გექნებოდაო.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- მაგარი ხარ-თქო, ჩემგან გადაეცით შვარცენეგერს, რა ენაღვლება მაგას?!. 48 და 50 მილიონი არ მინდა, 40 მქონდეს... ფულის მოგროვება შემიძლია, ოღონდ მაგდენის არა (იცინის). ერთი კონკრეტული მიზნისთვის შემიძლია გადავდო და ხელი არ მოვკიდო, ვიდრე ჩაფიქრებულს ავასრულებ. შემიძლია შემწვარ კარტოფილზე გადავიარო და ის ფული მაინც არ დავხარჯო, ნებისყოფა მაქვს.

- "ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც" (დონალდ ტრამპი).

- ვენაცვალე ტრამპს, ჭკვიანია... სამწუხაროდ, ჩემმა გამოცდილებამაც ეს დამიდასტურა. ხომ ამბობენ, გაბზარული გული არ გამთელდებაო, ნდობაც ასეა. შენ გინდა, მაინც გაუგო და აპატიო, რადგან არ შეიძლება გატეხილი "ჭიქები" პანტაპუნტით გადაყარო და მოისროლო შენი ცხოვრებიდან, - მერე მარტო დარჩები. ამიტომ უნდა შეძლო და გააგრძელო ურთიერთობა. მე თვითონ ვარ ძალიან ერთგული და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ღალატი, ცრემლებამდე მტკივნეული.

- "თითოეული ჩვენგანი დიდ დანაკარგს, ღალატს, შეურაცხყოფას განიცდის ცხოვრებაში. უსიამოვნების დავიწყება და დამნაშავეების პატიება სულიერი სიმწიფისა და გონივრულობის ნიშანია. რაც მოხდა, მოხდა, ის წარსულში დარჩა... სანამ არ ვისწავლით პატიებას, წარსულისგან ვერ გავთავისუფლდებით, ვერასოდეს ვიქნებით ჯანმრთელი, ჯანსაღი, ბედნიერი და წარმატებული" (ლუიზა ჰეი).

- ალბათ პატიების უნარი მიანიშნებს ადამიანის გონივრულობასა და სიმწიფეზე, თუმცა ძალიან რთულია რეალობაში. მე, ცოტა არ იყოს, მიჭირს. გული გაგლეჯაზე რომ გაქვს ტკივილისგან, ძნელია სიცილ-ხარხარში გადაიტანო ყველაფერი, თუმცა მეც მიპატიებია, როგორ არა, ასეც მომხდარა. მიპატიებია, მაგრამ ამის შემდეგ სულ ყურადღებით ვარ, რომ კვლავ არ მიღალატოს, ეს ძალიან დამღლელია.

- "მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).

- გააჩნია, ვინ მეუბნება და რამდენად კეთილგანწყობილია ჩემ მიმართ. თუ ვიცი, რომ ვუყვარვარ და იმისთვის მიმანიშნებს ჩემს ნაკლზე, რომ უნდა გამოვასწორო, მაშინ დავფიქრდები ხოლმე და ვამბობ, მართლა ასეთი ვარ-მეთქი. მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ, რაღაც რომ არ მოგწონს, მაშინვე სახეზე გეტყობა და ემოციები შეიკავეო. ვთქვათ, სტუმრად ვართ და ვიღაც არასასიამოვნოდ მოიქცა, სახეს რომ "დავკერავ", მეგობრები ხან ფეხს გამკრავენ მაგიდის ქვეშ, ხან ხელს და ჩაილაპარაკებენ, ნუცა, სახე გაასწორეო. ფხუკიანი იმერელი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასეთი უსაქციელობა მემართება (იცინის).

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა" (ოსკარ უაილდი).

- ვერ დავეთანხმები ოსკარს, მე მყავს ისეთი მეგობრები, ბიჭები, რომლებზეც ვგიჟდები და სულ ვეუბნები, როგორ მიყვარს ისინი.

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტესი).

- მე ერთი რამ ვიცი: სიყვარულია ეს თუ უბრალოდ ვინმეს ნახვის წყურვილი, ყოველთვის ხარ ბედნიერი. მართლა ასეთია სიყვარული, ყველაფერს ვარდისფრად ხედავ, თუმცა დარდიც ახლავს ამ გრძნობას. მე ყოველთვის ვიყავი რომანტიკოსი, შეყვარებულიც და დედა სულ დამცინოდა ამის გამო. მეუბნებოდა, ცოტა მიწაზე დაეშვიო.

- "თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია" (შოთა რუსთაველი).

- ისეთ ადამიანებზე, თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ, თანაც უსაფუძვლოდ, ყოველთვის მეცინება. მე კი ვიცი, რომ ის ვიღაც ყვავია, მაგრამ თვითონ ვერ ხვდება და აი, ეს არის დასაცინი. რა გინდა თქვა ასეთ დროს?

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).

- ალბათ ამაზე ყველას ეფიქრება. რა ვქნა, მე ძალიან მაშინებს სიკვდილზე ფიქრი. ვფიქრობ ხოლმე, აი, ეს ხე ისევ აქ იდგება, ეს სახლიც, მზე ისევ ამოვა, ისევ გათენდება, ისევ დაღამდება და მხოლოდ მე აღარ ვიქნები...

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"