"გადაყირავდა და ხერხემლით დაეცა, მეორედაც თამაშის დროს წაიქცა მეტლახზე. ხშირად ტიროდა და ვერ ვიგებდით, რა სტკიოდა" - პატარა ლიტას დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"გადაყირავდა და ხერხემლით დაეცა, მეორედაც თამაშის დროს წაიქცა მეტლახზე. ხშირად ტიროდა და ვერ ვიგებდით, რა სტკიოდა" - პატარა ლიტას დახმარება სჭირდება

"სიზმარი ვნახე, იესო ვნახე, მეფე წვერებიანი, მკოცნიდა და მეფერებოდაო... ეს თითისტოლა ბავშვი აღფრთოვანებული საუბრობდა იესოზე..."

"ამ მადლიანმა ბიჭმა გადაწყვიტა, ორი შვილის დედასთან მოეწერა ხელი და მას დახმარებოდა. აქ უნდა მიატოვოს ყველაფერი და უცხო ქვეყანაში გაჰყვეს იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა ლიტას გამოსაჯანმრთელებლად"

3 წლის ლიტა ეფემიას ჩვენი დახმარება სჭირდება, მას ძვლის ტვინის სიმსივნე აქვს... ლიტას ოჯახს ბევრი განსაცდელი შეხვდა ბოლო წლებში, მაგრამ ამ სატკივარმა ყველა სხვა პრობლემა დაავიწყა მის დედას, ახლობლებს და ბებიას, ნანა მიქავას, რომელსაც საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს, როგორც ყოფილ დიქტორს, მწერალს, სიმღერების ავტორს, პოეზიის საღამოების ორგანიზატორს... ახლა ყველა ლიტა ეფემიას უყურებს თვალებში, რომელსაც სჯერა, რომ მას უფალი იესო უსმენს და ამიტომაც, იესოზე ხშირად საუბრობს, უყურებს მასზე გადაღებულ ფილმებს და ა.შ.

ნანა მიქავა:

- 2 წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და ხვალინდელ დღეს შიშით შევყურებთ. თუმცა, პრობლემის პარალელურად, უკეთესის იმედი ყოველთვის არსებობდა, როცა ლიტას ჯანმრთელობაზე იყო საუბარი... იმ წელს დასასვენებლად დაგვპატიჟეს ერთ-ერთ რეგიონში. ერთ დღეს ბავშვს შემთხვევით სხვა პატარა დაეჯახა და ლიტა ეფემია გადაყირავდა, ხერხემლით დაეცა. მეორეჯერაც ასე, თამაშის დროს წაიქცა მეტლახზე. რამდენი დღეში დაიწყო წუწუნი, ხშირად ტიროდა და ვერ ვიგებდით, რა სტკიოდა. დაჯდომა აღარ უნდოდა. როცა ჩამოვედით, ექიმთან წავიყვანეთ. ვერაფერს მიხვდნენ, გადაღებული რენტგენის სურათზეც არაფერი ჩანდა საშიში... მერე გვითხრეს, ტომოგრაფია გაგეკეთებინათო, მაგრამ რატომღაც, ამას ხელი არავინ მოკიდა, ბავშვს ვერ დავაძინებთო.

ამასობაში ერთმა ქალბატონმა, რომელსაც რაღაც ფონდი ჰქონდა, შემოგვთავაზა: პატარას თურქეთში სრულიად უფასოდ წავიყვან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადასაღებადო. ძალიან გაგვიხარდა, რადგან მაშინაც, როგორც ახლა, არანაირი სახსრები არ გვქონდა, ეს თავად რომ მოგვეხერხებინა და ცხადია, შემოთავაზებას დავთანხმდით. მერე აღმოჩნდა, რომ იქაც მხოლოდ რენდგენი გადაუღეს და ექიმებთან კონსულტაციები გაატარეს. სამმა პროფესორმა დაწერა, რომ აქ მხოლოდ ხერხემლის გამრუდებაა და არაფერია ისეთი, საგანგაშოო. ამის შემდეგ ცოტა არ იყოს, დავმშვიდდით. ყველა ექიმისგან დაახლოებით ერთსა და იმავე პასუხს რომ იღებ, როგორ დაეჭვდები? მაგრამ ამ ნდობამ დამღუპა, ერთი წელი დამაკარგვინა, რადგან ვიყავი მშვიდად, რომ საშიში არაფერია, მაგრამ ტკივილი რომ გრძელდებოდა? როგორია, ჩაიკეცებოდა 2 დღეში ერთხელ, ეს თითისტოლა ბავშვი და ხელს იჭერდა მარჯვენა მხარეს, მკერდთან. ისევ ავწრიალდი, - არა, რაღაც სჭირს, აუცილებლად გავაკეთოთ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა-მეთქი. მაშინ კი დამცინოდა ბევრი ახლობელი, ძალიან პანიკიორი ხარო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი...

მოკლედ, ძალიან გვიქეს ქალბატონი დინა ცხვარაძე და მასთან მივიყვანეთ ლიტა გამოკვლევებზე. ის უპრობლემოდ დაგვთანხმდა, დააძინეს ბავშვი, გაუკეთდა კვლევა და დადგინდა, რომ ჰქონდა 6-სანტიმეტრიანი სიმსივნე ხერხემლის ტვინში.

ექიმმა, - ბავშვი ფეხზე რომ დგას და არ არის მოწყვეტილი, ეს საოცრებააო. მაგრამ წუთი და წამი არ გაქვთ დასაკარგიო. თუმცა, უკვე პანდემია იყო ქვეყანაში და არ ვიცოდით, რა გზას დავდგომოდით. ვისთვის გვეთხოვა თანხა, რომ ბავშვი საზღვარგარეთ წაგვეყვანა, როცა ყველას თავისი უჭირდა ამ ჩაკეტილ სამყაროში. თან ფულიც რომ გვქონოდა, ვინ სად გაგვიშვებდა...

- რატომ საზღვარგარეთ? - აბა, აქ უმეტესობა მარჩიელობდა, საქმე წინ ვერ მიდიოდა და ამის გაძლება ძალიან ძნელია... თუმცა, ფული თუ არ გაქვს, რას გახდები. მოკლედ, საშინელი დღეები გამოვიარეთ, დროც არ იცდიდა და ნეიროქირურგ ლადო წიქარიშვილს მივაკითხეთ. მანამდე სხვებთანაც ვიყავით, მაგრამ გვეუბნებოდნენ, ვერაფრის პირობას ვერ მოგცემთ, შეიძლება მაგიდაზე დარჩეს ან დაინვალიდდესო. ისიც გვითხრეს, რომ წაიქცა, კარგიც იყო, ამან პროვოცირება მოახდინა და პრობლემამ ადრეულ ეტაპზე იჩინა თავი, თორემ შესაძლოა, ძალიან გვიან მიმხვდარიყავით, რომ სიმსივნე ჰქონდაო...

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, წიქარიშვილმა გააკეთა ოპერაცია. გვითხრა: ბოლომდე ვერ ამოვიღე. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე, მაგრამ სავარაუდოდ, ბავშვს მოძრაობა გაუჭირდებაო.

- მაგრამ ლიტამ შეძლო წამოდგომა... - დიახ, სასწაული მოხდა! გაიღვიძა და ხელ-ფეხი აამოძრავა... იცით, იმ დღეებში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ოპერაციის წინადღეს, შუადღისას მეუბნება, - სიზმარი ვნახე, იესო ვნახე, მეფე წვერებიანი, მკოცნიდა და მეფერებოდაო... ეს თითისტოლა ბავშვი აღფრთოვანებული საუბრობდა იესოზე...

მოკლედ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ბავშვმა რეაბილიტაციაც მალე გაიარა, აღიდგინა ძალები. როცა სიმსივნის ამოკვეთილი ნაწილი "დაითესა", მოვიდა პასუხი: არის პირველი ხარისხი, ანუ ნაკლებად აგრესიულია, კეთილთვისებიანისკენ იხრება. ყველაზე კარგი ვარიანტი გაქვთ და წესით, არც გაიზრდება 10-15 წელი მაინცო. მაგრამ შემოწმებას მაინც გავდიოდით ხოლმე. ისევ დავმშვიდდით თითქოს, რადგან ორჯერ რომ შეამოწმეს, დაკონსერვებული იყო, თუმცა მერე ისევ დაიწყო ხელის დადება მარჯვენა მხარეს და ელდა მეცა. ღამე ვერ ისვენებდა. სასწრაფოდ თავიდან შეამოწმეს და, - უმნიშველო ზრდაა, 3 მილიმეტრია, მაგრამ ნეიროქირურგის კონსულტაცია აუცილებელიაო. ექიმებმა განგაში ატეხეს. ახლა მეუბნებიან, ქიმია და სხივები ერთდროულად უნდა დავიწყოთო. თუმცა, ზოგადად ეს სხივები 7 წლამდე არ კეთდება, რადგან იწვევს ზრდის შეფერხებას, გონებაზეც ცუდად მოქმედებს. ბევრი უკუჩვენება აქვს. ერთმა ექიმმა გვირჩია, ცოტა მოვიცადოთ და კიდევ დავაკვირდეთო, მაგრამ ამის დრო არ გვაქვს, ეს აშკარაა! სხვა ექიმმა გვირჩია, საზღვარგარეთ წავიყვანოთ. მას ისიც გაუკვირდა, - თუ პირველი ხარისხი იყო, არაფრით არ უნდა გაზრდილიყოო. აშკარაა, რაღაც ვერ არის რიგზე, მარჩიელობის დრო არაა, ბავშვს უნდა ვუშველოთ. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გვიპირდება, რომ თუ გერმანიამდე ჩავალთ აგვისტოში, ის გზის გაკვალვაში დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ გასამგზავრებელი ფულიც კი არ გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოების შეწუხება. ძალიან გვერიდება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ლიტა ეფემია უნდა გადავარჩინოთ.

- როგორც ვიცი, ლიტას მამა არ ჰყავს... - სამწუხაროდ, ჩემი სიძე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ნაადრევად დაქვრივდა ჩემი შვილი. მაშინ მათი უფროსი ვაჟი წლინახევრის იყო, ლიტა კი 5 თვის...

- ლიტას განსაკუთრებით უყვარს ტაძრებში სიარული... - ღმერთი უყვარს სასწაულად. სულ იესოზე მთხოვს ფილმებს. ჯვარზე რომ აკრავენ, ამ მომენტზე მძაფრი რეაქცია აქვს... ჩემი მეორე შვილიშვილი დაიჩივლებს ხოლმე, დავიღალე სულ ამის ყურებითო და ეს პასუხობს: შენ იცი, იესო ვინ იყო? მკვდრებს აცოცხლებდა. მე "მიკვალს" იესოო. ეკლესიებშიც შევარდება, ჯვრებს კოცნის და ხატებთან ამბობს, ლიტას ტკივაო. არ ვიცი, საოცრებაა. მან უნდა იცოცხლოს, აუცილებლად! იმედი არსებობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ უფულობა გვაფერხებს...

- მას სახელი შეუცვალეთ, როგორც ვიცი... - ჩემმა შვილმა გოგონას ლილიტა დაარქვა. ბევრი გვეუბნებოდა, ლილიტი ყოფილა ადამის ცოლი, უარყოფითი პიროვნება და არ არის კარგი, იქნებ სახელი შეუცვალოთო. მერე ოპერაცია რომ ჩაუტარდა, მასთან მამა შალვა კეკელია მივიყვანეთ, 24 ივლისი იყო, წმინდა ეფემიას ხსენების დღე და აქედან გამომდინარე დავარქვით ეფემია. ახლა ეფემია ლიტას ვეძახით, ლილიტას აღარ ვახსენებთ. ბავშვი დამყავს მამა ნაომთან, წმინდა გაბრიელის და მამა ვიტალის საფლავზეც მყავდა რამდენჯერმე. იცით, საფლავიდან წამოღებული ზეთის გამოყენება რომ დავიწყეთ, გეფიცებით, ტკივილი შეუმსუბუქდა თითქოს და ღამით მშვიდად სძინავს. დავდივარ მთელი დღე და სულ ვიძახი, რომ ლიტა ეფემია ჯანმრთელია, გიჟივით ხმამაღლა ვლოცავ. ეფემიას სჯერა უფლის, ხანდახან მგონია, ჩვენზე მეტადაც კი და ამიტომაც მიმყავს ხოლმე ტაძრებში. ის კი არა, ქუჩაში ან მაღაზიაში შესაწირ ყუთებს რომ დაინახავს, მივარდება და ლოცულობს, ჯვრებს კოცნის, ხოლო იესო თუა სადმე გამოსახული, აღფრთოვანებული ყვირის: აი, ჩემი იესოო...

დაბოლოს, მინდა მადლიერება გამოვთქვა ერთი ადამიანის მიმართ, რომელსაც ჩემი შვილი ძალიან უყვარს. ამ ადამიანმა რომ გაიგო, გერმანიაში უნდა წავიდნენ, მარტო ვერ გაგიშვებო და ლამის აიძულა ჩემი შვილი, რომ ხელი მოეწერათ. დედამისმაც პატარა სუფრა გააწყო ამის აღსანიშნავად. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ადამიანი გვიდგას გვერდში? ამ მადლიანმა ბიჭმა გადაწყვიტა, ორი შვილის დედასთან მოეწერა ხელი და მას დახმარებოდა. აქ უნდა მიატოვოს ყველაფერი და უცხო ქვეყანაში გაჰყვეს იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა ლიტას გამოსაჯანმრთელებლად. ამას ბევრი ვერ გააკეთებს. ჰოდა, ასეთი სასწულები რომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ახლა იმის იმედიც მაქვს, რომ ხალხი გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს და დაგვეხმარებიან, რომ ჩააღწიონ გერმანიამდე და იქ შეძლონ მკურნალობის დაწყება. მადლობა თითოეულს, ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანს. მიჭირს, მაგრამ უნდა გთხოვოთ, დაგვეხმარეთ, რომ ლიტა ეფემიას განკურნება შევძლოთ. უფალმა დაგლოცოთ თითოეული...

P.S. თუ ამ პატარა, უსაყვარლესი და ძალიან მხიარული გოგონას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა დარიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე: GE45BG0000000345963789 (მიმღები ნანა მიქავა). წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)