"ნასვამმა შატილიონმა ღამით იარაღი ისროლა ხატთან ახლოს, გზაზე. ამის შემდეგ დაბრმავდა და მანამდე არ დაუბრუნდა მხედველობა, სანამ..."
"ნასვამმა შატილიონმა ღამით იარაღი ისროლა ხატთან ახლოს, გზაზე. ამის შემდეგ დაბრმავდა და მანამდე არ დაუბრუნდა მხედველობა, სანამ..."
წარმატებული ახალგაზრდა ხელოვანი - ხატია ლიქოკელი პროფესიით იურისტია. თუმცა როგორც ამბობს, მთლიანად ხელოვნებამ გაიტაცა და მისმა ნაშრომებმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა... ხატიაზე დიდი გავლენა ხევსურეთმა მოახდინა, თავად წარმოშობით სოფელ ანატორიდანაა...

- პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ცოტა მეღიმება, ამას რომ ვამბობ, იმდენად გადამყლაპა და შემისისხლხორცა შემოქმედებამ... ვსწავლობდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე; ცოტა ხანს რომშიც ვიყავი ამ განხრით, მაგრამ არაფერი დამამახსოვრდა, გარდა რომის ულამაზესი ქუჩებისა და შემიჩნდა ეჭვი, რომ საკუთარი თავი
უნდა მეპოვა...
ერთი წელია დავიწყე ქარგვა. ეს საქმე არ მისწავლია, მაგრამ ჩემში ალბათ ხევსურობამ გაიმარჯვა. მივხვდი, მთას ვეკუთვნი! აქ ისეთი პეიზაჟებია, შეუძლებელია, არ გახდე ხელოვანი... ამჟამად არსად ვმუშაობ. ზამთარში მივატოვე ყველაფერი და დრო დავუთმე იმას, რამაც უნდა გადამარჩინოს...
ქარგვას ვიწყებ ლოცვით და ვამთავრებ ასევე სამადლობელი
ლოცვით, არ ვხუმრობ! ყოველი ლოცვისას უფალს შევთხოვ, რომ დროებით მაინც მოკლას ჩემში მიწიერება და "მეზრდება ფრთები". ვქარგავ და მეღიმება, მეღიმება და ისევ ვქარგავ... მიყვარს შემოქმედება. ამ დროს პირში იმ მარწყვის გემო მაქვს, რომელსაც ბებია ჩემთვის რგავდა ხევსურეთში.

ჩემი სურვილია პაპის სახლი აღვადგინო ხევსურეთში, სიზმრებში სულ მას ვხედავ; ვხედავ, რომ ცეცხლით არის განათებული ცა და სიხარული დარბის ნადირივით, ამ ნაცნობ მიწებზე...



ანატორი...
- ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. აქ ძველად ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარი მდებარეობდა. ანატორში არსებული სალოცავი - ანატორის ჯვარი პირიქითა ხევსურეთში ერთ-ერთ ძლიერ სალოცავადაა მიჩნეული. ანატორის ჯვრის ყმებს ანატორელები წარმოვადგენდით. ჩვენი ყოფილა მთელი შატილის მთა და ბარი, თუმცა მერე დროის შატილივნები - ჯინჭარაულები მოსულან აქ და ანატორელებს ტერიტორიებში შეგვეცილნენ. ისინი ქაჩუში დასახლდნენ; მათი კოშკის ნანგრევები ახლაც არის და მას ქაჩუს ციხეს უწოდებენ. ანატორელები ჯინჭარაულებს რამდენჯერმე დავესხით თავს, თუმცა ვერ მოვახერხეთ მათი განდევნა, ამიტომ დასახმარებლად თუშებს ვუხმეთ. ჯინჭარაულები ქაჩუში გამაგრდნენ, მათი ცხვარი და სხვა პირუტყვი კი თუშებსა და ანატორელებს დაგვრჩა. თუშებს აინტერესებდათ კლდის თავზე გამაგრებულ ჯინჭარაულებს წყალი საიდან ჰქონდათ. ამის გასაგებად ჯორს დიდხანს წყალი არ დაალევინეს, შემდეგ გაუშვეს, მან კი იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც ციხის გვირაბიდან ასატანი წყალი იყო ჩამალული. ლაშქარმა მოწყვიტა წყალი, თუმცა შატილივნები მაინც არ დამორჩილდნენ, მათ დიდი თხორები ჰქონდათ (მატყლისაგან დამზადებული ძაფის გორგლები), რომელსაც დაბლა ისროდნენ, მდინარე არღუნში ასველებდნენ, შემდეგ წურავდნენ და კოდებს წყლით ავსებდნენ. ანატორის ჯვარი საიდან მოვიდა, უცნობია (თუმცა ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ის ალავერდიდან უნდა მოსულიყო (მაკალათია 1984:261), მას ხევსურეთში ორი მოძმე ჯვარი ჰყოლია - არხოტისა და ხონის. მათგან უფროსად არხოტის ჯვარი მიიჩნეოდა, შემდეგ ანატორის ჯვარი და ბოლოს - ხონის. სამივე მათგანზე მთავარანგელოზობით ლოცულობენ. ხალხის რწმენით ანატორის ჯვარი ხალხის მეშველი ყოფილა, მისგან ქაღალდი გამოაქვს და მის ბრძანებებს გადმოგვცემსო (მაკალათია 1984:261). ანატორის ჯვარი მფრინავი ყოფილა, ის სხვადასხვა ადგილში: თუშეთში, ხევსურეთში, ქისტეთში დაფრინავდა და ამით თავისი საყმოს რაოდენობას ზრდიდა. მას მკადრე დაატარებდა (მკადრე - ხატის მსახური, რომელიც ჯვარს დაატარებდა, მას მარჯვენა მკლავზე საფენი ჰქონდა დაფენილი, სადაც ჯვარი დაბრძანდებოდა. მკადრეს პირი ყოველთვის მარცხნივ ჰქონდა მიბრუნებული, თავისი სუნთქვით ხატი რომ არ შეეწუხებინა).

გადმოცემის თანახმად, მკადრე დაბერებულა, დაკოჭლებულა და ჯვარს ვეღარ ეწეოდა; ანატორის გაღმა მხარეს ერთი სოფელი ყოფილა, სადაც ოქრომჭედელი ცხოვრობდა. მკადრემ ოქრომჭედელს ერთი ლურსმანი გააკეთებინა და ხატისთვის მისი დაკვრა მოინდომა, რომ ხატს სწრაფად ვეღარ ევლო. ხატი ამის გამო გაუწყრა მკადრეს, მის გვარსა და მჭედელს, გააჩინა შავი ჭირი და მოსახლეობა სულ ამოწყვიტა. როდესაც შავი ჭირი გაჩნდა, მოსახლეობიდან ვინც დაავადდებოდა, სხვისთვის რომ არ გადაედო, მიდიოდა და აკლდამაში წვებოდა. ეს აკლდამები და ანატორელთა ჩონჩხები ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, შავ ჭირს მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელსაც თავი ჰქონია დაჭიავებული. შატილივნებს მისი მოკვლაც მოუნდომებიათ, რადგან აღარავინ შესცილებოდათ ადგილებში, მაგრამ მუცუვლებს თუშეთში გადაუყვანიათ და იქ მიუბარებიათ. ამ დროიდან ხატსაც მოუშლია ფრენა და ჩვეულებრივ სალოცავად გადაქცეულა. შემდეგ უკვე, როდესაც შატილივნებმა ამ ტერიტორიებზე კარგად მოიკიდეს ფეხი, თუშეთში გადავიდნენ, დარჩენილი ანატორელი გადმოიყვანეს და სოფლის ბოლოს დაასახლეს. ამ დროიდან შატილივნებიც ანატორის ხატის ყმები გახდნენ (ბარდაველიძე 1984: 116-117; ოჩიაური 2005: 236-237).


ანატორის ჯვართან დაკავშირებული იყო შატილის ყველა დღეობა, ამ დროს ხატში მიდიოდნენ და დღეობას აღნიშნავდნენ; მას სწირავდნენ საკლავებს, ანთებდნენ სანთლებს, ადიდებდნენ მის სახელს, აქვე აბამდნენ ფერხისას. დღეისათვის სალოცავისადმი რწმენა და კრძალვა დიდია. მასში შესვლა ყოვლად დაუშვებელია და მოსახლეობა მასთან ახლოს ხმაურსაც კი ერიდება. დღეობის დროს მისული მლოცველები სალოცავთან ახლოს, გზის პირას სწირავენ ძღვენს და ადიდებენ მას.

15-20 წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამმა შატილიონმა - შოთა ჭინჭარაულმა ღამით იარაღი ისროლა ხატთან ახლოს, გზაზე. ამის შემდეგ ეს ადამიანი დაბრმავდა და მანამდე არ დაუბრუნდა მხედველობა, სანამ სალოცავს საკლავი არ შესწირა. რაც შეეხება სალოცავის ამჟამინდელ მდგომარეობას ან იქ არსებულ ეკლესიის ნანგრევებს, მათი მდგომარეობა უცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ ხატში შესვლა აკრძალულია და ვერც ადგილობრივი და ვერც მეზობელი სოფლის მცხოვრებნი მასში შესვლას ვერ ბედავენ.

მანანა გაბრიჭიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები