რას უქადის საქართველოს გლობალური დათბობა - კვირის პალიტრა

რას უქადის საქართველოს გლობალური დათბობა

"ჩრდილოყინულოვანი ოკეანე ყოველწლიურად 75 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით კითხვებს არ ტოვებს"

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წელიწადის თითქმის 365 დღე პოლიტიკურ ბატალიებშია ჩაფლული, ოკუპანტის მსგავსად, ტერიტორიებს კლიმატიც გვართმევს.G გლობალური დათბობის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოში ყოველწლიურად მიწების 1% უდაბნოვდება, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას კი ზღვა და ღვარცოფი შთანთქავს. ბოლო 80 წლის მანძილზე ზღვამ 3,5-კილომეტრიანი სანაპირო მიიტაცა. Bბიომრავალფეროვნების ექსპერტი კახა არცივაძე სწორედ ამ პროცესებზე გვესაუბრება:

- ყინულმა ისე სწრაფად დაიწყო დნობა, რომ თვალუწვდენელი ტერიტორიები გაშიშვლდა და სასიცოცხლო პროცესებს სახე ეცვლება. ჩრდილოყინულოვანი ოკეანე ყოველწლიურად 75 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით კითხვებს არ ტოვებს.

როდესაც ოკეანის ზედაპირიდან ყინული ქრება, ეს ნიშნავს, რომ მცირდება არეკვლის მაჩვენებელი, რაც იწვევს მეტი მზის ენერგიის შთანთქმას, შემდეგ - წყლების გათბობას, ამის გამო ბევრი ზღვის ორგანიზმის გადაშენებას და ბოლოს - წყლის სიმაღლის აწევას. მოკლედ, ამ პროცესებმა განაპირობა ერთი მხრივ ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობს გაუდაბნოება - ჩვენ აქ ნალექების უმცირესი რაოდენობა გვაქვს - 400 მმ-დან 200 მმ-მდე.

მეორე მხრივ, არის დასავლეთი საქართველო, სადაც, შესაძლოა, ნალექების რაოდენობამ არ მოიკლოს, მაგრამ ინტენსივობა იცვლება. ვგულისხმობ იმას, რომ რამდენიმე თვის ნალექი შეიძლება რამდენიმე საათში მოვიდეს, რაც კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამას ემატება ზღვის დონის აწევა - შავმა ზღვამ თითქმის საუკუნის განმავლობაში 3,5-კილომეტრიანი სანაპიროს ზოლი წაგვართვა.

ქალაქ ფოთთან ბოლო ათეული წლების მანძილზე წყლის დონე 0.7 მეტრით არის აწეული. ამ ქალაქთან დაკავშირებით მეორე პრობლემაც დგას - აქ დედამიწის ფილებიც დაბლა იწევს... ზღვის მარილიანი წყლის კოლხეთის დაბლობზე გადმოწევა აუცილებლად გაანადგურებს მტკნარი წყლის უნიკალურ ჰაბიტატებს. როდესაც ვამბობთ, რომ 2100 წლისთვის საქართველოში ტემპერატურის საშუალო მატება ნავარაუდევია 4.1-5.50C-ით, ეს ნიშნავს, რომ ამ ტემპერატურაზე გარემომცველი ცოცხალი სამყაროს 40% განადგურდება.

- სიცოცხლე თუ დარჩება? - აუცილებლად, მაგრამ ეს აღარ იქნება ის ყოფა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ადამიანს საკვების ძებნა ძალიან რთულად მოუწევს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა. სამწუხაროდ, ადამიანს გლობალურ დათბობასთან ბოლომდე ბრძოლა არ შეუძლია, თუმცა შეგვიძლია შევასუსტოთ ამ პროცესის გამანადგურებელი ძალა. მაგალითად, გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე გავაშენოთ მცენარეები, რომლებიც დათბობის მძიმე ეფექტს გაანეიტრალებს. ამჟამად დედამიწის ატმოსფეროში 400 გიგატონა გამონაბოლქვია, რაც უზარმაზარი და საშიში რიცხვია და მისი შემცირებით ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული... გლობალური დათბობის შედეგად, ჩვენს მთებში უკან იხევს ყინულის ენა - წელიწადში 12-30 მეტრით მიიწევს უკან, მწვერვალისაკენ.

- თუ ყინული დადნა, ცხადია, წყალი მდინარეებშიც მოიკლებს. ეს პროცესი ისედაც თვალსაჩინოა, თითქმის ყველა მდინარე დაპატარავდა. მაშ, ჰესებს რისთვის ვაშენებთ? რატომ ვაყენებთ ისედაც დაზიანებულ ბუნებას ზიანს? - სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია, რაზეა გათვლილი ჰესების ეფექტი. საოცარია, მაგრამ საბჭოთა მმართველობის შემდეგ მდინარე ნამოხვანზე წყლის სიმძლავრე არავის გამოუთვლია. ანუ არ ვიცით, დღეს ამ მდინარის კალაპოტში წამში რამდენი კუბმეტრი წყალი გაივლის. როდესაც მდინარეში წყალი მცირდება, მისი სიმძლავრეც იკლებს, ამ ვითარებაში კი ჰესები ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაშ, რა საჭიროა ამხელა ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენება.

- სასმელი წყლის პრობლემა დღეს უკვე ბევრგან აქვთ, თუმცაღა ამ პრობლემას, ალბათ, ჭაბურღილები გადაწყვეტს. - ყველგან ვერ გადაწყვეტს. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გაუდაბნოება დაიწყო, მიწაში უამრავი მარილი და თაბაშირია. ეს ნიშნავს, რომ აქაური წყალი არც სასმელად ვარგა. ასეთი წყლით სავარგულების მორწყვაც არ შეიძლება. წყალი ზედაპირზე მარილიან-თაბაშირიან ნალექს ტოვებს და მოსავლის მოყვანას ხელს უშლის.

- და, როგორც წესი, ეკოლოგებსა და კლიმატოლოგებს არავინ არაფერის ეკითხება... - როგორც წესი... თუმცა 2000-იანი წლებიდან სწორედ ჩვენი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ეროვნული პარკები, დაცული ტერიტორიები. ეს არის სისტემა, რომელშიც კანონის ძალით ჩარევა და უნებართვოდ გამოყენება აკრძალულია. სხვათა შორის, დაცული ტერიტორიების აუცილებლობას თავის დროზე ჩვენზე უკეთ მიხვდნენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელები და სომხები. დღეს მათთან დაცული ტერიტორიები 17%-ია, ჩვენ კი მხოლოდ 10% გვაქვს.

- როგორც ვიცი, დაცული ტერიტორიის სტატუსი მზადდებოდა დიღმის ჭალისთვისაც, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ეს ტერიტორია ლამის ხეების კენწეროებამდე ივსება ნაგვით, სამშენებლო მასალის გატანის შემდგომ გაჩენილი თხრილებით. - აქედან საშენი მასალის გატანამ დიღმის ჭალებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ჭალა მოწყვლადი ადგილია, რომელსაც პატარა ჰესიც კი ანადგურებს - ჰესი ხომ იმას ნიშნავს, რომ მდინარე აღარ დიდდება და ჭალას ვეღარ კვებავს! რაც შეეხება ნაგავს, დიღმის ჭალის 40 ჰექტარზე 400 000 მ3 ნარჩენია. თუმცა ერთი კია - ამ პროცესებმა ბრძოლა გვასწავლა. დიღმის ჭალების დასაცავადაც თავგანწირვით იბრძვიან იქაურები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენთვის ბუნება სულერთი აღარ არის.

- ცნობილია, რომ დიღმის ჭალის პატარა "კუნძულზე" წავების "დასახლება" გაჩნდა. უცნაურია... წავი ხომ წითელ წიგნშია შეტანილი? - გადაშენების საფრთხემ წავები აიძულა, დიღმის ჭალასა და გლდანს შორის პატარა კუნძულს შეჰფარებოდნენ. მიზეზი ის არის, რომ აქ ვერც ადამიანი, ვერც ცხოველი ვერ აღწევს მათ დასახოცად. გვინდოდა ამ კუნძულზე წავების შორიდან დასათვალიერებლად ინფრასტრუქტურა მოგვეწყო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოგვდის...