კინტრიშის ტყის ლაბირინთები
26-07-2021
კინტრიშის ტყის ლაბირინთები
"როდესაც ტყეში დავდივართ, გვგონია, მარტო ვართ, მაგრამ უცებ ვხვდებით, რომ ცხოველებიც იქვე არიან, გვაკვირდებიან და გვეჩვევიან, მერე კი, გზად რომ შევხვდებით, წამით თითქოს ფრთხებიან, მერე კი მშვიდად გაივლიან"

კვლავ იჩეხება ჩვენი ქვეყნის ტყეები; კვლავ ავადდება, მაგრამ არავინ მკურნალობს; გამხმარი ხეები ლპება და იქცევა,­ მაგრამ მათ ნერგებით არავინ ანაცვლებს... ერთი სიტყვით, ჩვენი ტყე უპატრონოა, თუმცა ყველგან ხომ ყველაფერი ერთნაირად ვერასდროს იქნება, ჰოდა, არსებობს "ბედიანი" ტყეც, რომელსაც ის ადამიანები იცავენ, ხის მოჭრას
რომ ვერასდროს შეეგუებიან, ვერც შვლებისა და ირმების დახოცვას. კინტრიშის ნაკრძალის შესახებ მინდა გიამბოთ, აჭარის მთების საოცრებაზე. წლებია, ამ ტყეს ექვსი რეინჯერი იცავს, მათ შორის არის მირზა მეგრელიძე - რომელსაც, ჩემი აზრით, "ყველა ჩიტის ენა ესმის!.." ამიტომ არ მიკვირს, როცა ის ტყეში ნაპოვნ ბახალაზე ან მურა
დათვის "აღზრდაზე" მიამბობს. მგონი, ვაჟა ფშაველას მინდია მართლაც არსებობს და ის მირზაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და აქედან ყოველდღე ათეულობით კილომეტრს გადის ტყის დასაცავად.

- ვიცი, რომ კინტრიშის ნაკრძალი ბევრს არ უნახავს, ბევრს იქნებ არც გაუგია და ზოგჯერ ამ ადამიანების თითქოს მშურს კიდეც, რადგან ასეთი სილამაზის ნახვის ბედნიერება წინ აქვთ. ჩვენს ქვეყანას ამ ნაკრძალის სახით უნიკალური განძი აქვს. ახლა ეს ტერიტორია იუნესკოს მატერიალური კულტურის ძეგლიც გახდება - წლებია, ამაზე ლაპარაკობენ, დოკუმენტაციაც მზადაა, მაგრამ პანდემიამ შეუშალა ხელი. ყველამ წარმოიდგინოს სამოთხე, რომელსაც ექვსი რეინჯერი ვდარაჯობთ. ყველას ისე გვიყვარს აქაურობა, ხანდახან შეფი გვეხუმრება - ბიჭებო, ცოტა მოდუნდით, იქნებ კანონდარღვევის პატარა აქტი მაინც დაწეროთ, თორემ ვინ დაგვიჯერებს, რომ აქ მსგავსი არაფერი ხდებაო, არადა, მართლაც არ ხდება.



- ალბათ, ხალხს ანდამატივით იზიდავს აქაურობა.
- კინტრიშის ტყეებით ბევრი მინახავს გაოცებული და აღფრთოვანებული. ათასობით ჰექტარზე საუკუნოვანი ურთხმლის, წიფლის, წაბლის…კორომებია გაშლილი. აქაურობა დაბურული ლაბირინთია და ამიტომ დანომრილია სასიარულო ბილიკები. არადა, ბევრი ამ სილამაზის გამო ცდუნებას ვერ უძლებს, ყველგან უნდათ შესვლა და იკარგებიან. ამ დღეებშიც ბიჭი და გოგო დავკარგეთ. მაშველებმა ხუთი დღე ეძებეს და ბოლოს ძლივს იპოვეს, რომელიღაც ხეობაში იყვნენ. Gგვითხრეს, ტბიყელის ტბის სილამაზემ ისე შეგვიყოლია, მთაზე გადავედით და გაუვალ ხევში აღმოვჩნდითო. ისე, ტბიყელი მართლაც სასწაულია. შორიდან გეგონება, მთის ფერდობზეა დაკიდებული და აგერ-აგერ გადმოიქცევა.

- კინტრიშის ტყეებში მტაცებელიც იცის...
- დიახ, მაგალითად, ფოცხვერი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი... მაგრამ იცით, რა აღმოვაჩინე რეინჯერობისას? მგონი, მტაცებლებიც ეჩვევიან ადამიანის გვერდით ყოფნას. როდესაც ტყეში დავდივართ, გვგონია, მარტო ვართ, მაგრამ უცებ ვხვდებით, რომ ცხოველებიც იქვე არიან, გვაკვირდებიან და გვეჩვევიან, მერე კი, გზად რომ შევხვდებით, წამით თითქოს ფრთხებიან, მერე კი მშვიდად გაივლიან. ეს ხშირად შემიმჩნევია ჩვენი ტყეების მურა დათვისთვის, რომელიც შეიძლება ყოველდღე შეგხვდეს. ამას წინათ წავაწყდი ერთ-ერთს, რომელმაც ბევრი მაცინა. ორი ბელი მოჰყვებოდა და როდესაც დამინახა, მაშინვე უკან დახევა დაიწყო, ოღონდ ზურგი კი არ შემაქცია, პირით ჩემკენ მობრუნებული იხევდა უკან, თან ტორებით ორივე ბელს უბიძგებდა, ბელები კი ჯიუტობდნენ და არ მიჰყვებოდნენ. მათი ცქერა ერთ რამედ ღირდა... ისეთი დათვიც მინახავს, თავის ბელს რომ ეჩხუბებოდა და იღლიაში ამოჩრილს ტოტს უბარტყუნებდა, პატარა კი პროტესტის ნიშნად გაჰყვიროდა. აი, ასე ზრდიან ბელებს... რეინჯერების სახლში ყვავის ბახალაც გავზარდეთ. მე და ჩემმა მეგობარმა ვიპოვეთ ტყეში. ისეთი უშნო იყო, რეინჯერებსაც კი გაგვიკვირდა. მერე ირგვლივ ყველა ხე დავათვალიერეთ, იქნებ რომელიმეზე ბუდეა და ბახალა იქედან გადამოვარდაო, მაგრამ სად იყო ბუდე! ჰოდა, წავიყვანეთ გასაზრდელად. სახელიც დავარქვით - კეშა. საჭმელს პირველად სამზარეულოში ვაჭმევდით. მერე "ფეხი აიდგა", აივანზე გამოვიდა და ახლა იქ მივართმევდით ხოლმე. რომ "დავაყვავეთ", გავუშვით, გავაფრინეთ, მაგრამ... ერთიც ვნახოთ და, საღამოს ისევ უკან არ მოგვადგა? მაჭამეთო! ჩვენც ვაჭამეთ და ისევ გავაფრინეთ, მას შემდეგ ასე წინ და უკან დაფრინავს. მოკლედ, კეშას მოცილება არ იქნა. გვიბრაზდება და გვკბენს, თუ არ ვაჭამეთ. თანაც იცით, როგორი ჭკვიანია?! ექვსივე რეინჯერს მოსვენებას არ გვაძლევს, მაგრამ თუ დაინახა, რომ ჩვენთან სტუმარია, ახლოს არ გვეკარება. სტუმარი რომ წავა, მაშინ მოგვადგება ხოლმე...
კეშამდე ჩემმა მეგობარმა დაკარგული შველი გაზარდა, მაგრამ ის კეშასავით თავხედი არ ყოფილა.



- რა საინტერესო ამბები გქონიათ კინტრიშის ტყეში!.. თუმცა, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო ის არის, როდესაც დაძაბულ ყოველდღიურობას სადმე ტყეში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გაექცევი... ბევრჯერ გამიგონია, არაფერი მინდა, ოღონდ ტყეში ქოხი მომცა და ცოტა ხანს მარტო მამყოფაო...
- მეც გამიგონია და არ არის ეგ ცუდი... თუმცა ბოლოს მაინც ყოველთვის ოჯახისკენ მიიჩქარი... როდესაც, როგორც რეინჯერმა, შუა ტყეში მარტომ პირველად გავათიე ღამე, სწორედ იმ ღამით შუქი ჩაქრა და უცნაური გრძნობა დამეუფლა. განა იმიტომ, რომ რამის მეშინოდა! აბა, მშიშარამ რეინჯერად როგორ უნდა იმუშაოს?! მაგრამ იმ სიმარტოვეში მთელი ღამე მაინც არ დამეძინა. ამ დროს ყველაფერზე გეფიქრება, მაგრამ თუ სიმშვიდე და ბუნების ჰარმონიის ნაწილად გადაქცევა გინდა, უნდა ეცადო, ფიქრი არ გაგექცეს. მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, სადაც იმ წუთებში ხარ. ეს ფიქრის ხელოვნებაა... ასე რომ, იმ ხალხს, ვინც ტყეში ქოხს და სიმშვიდისთვის მარტო ყოფნას ნატრობს, სიმშვიდე მხოლოდ მაშინ გამოუვა, როდესაც ფიქრს "დაიჭერს" და სხვაგან არ გაუშვებს...

- რა კარგად თქვით... ყველაზე დიდი სიმშვიდე როდისაა ტყეში?
- როდესაც თოვს და შეურხეველი სიჩუმეა. ამ დროს კილომეტრზე გაფრენილი ბეღურის ფრთის ხმასაც კი გაიგონებ... მაგრამ როდესაც წვიმაა, რომელიც ფოთოლსაც კი ახმაურებს, ტყეში ისეთი გუგუნია, გული გიჩქარდება...

- მტაცებელი ცხოველები კი სოროებს არიან შეფარებული...
- ხან - კი, ხან - არა. ეს ცხოველები ტყეს მიჩვეული არიან. მე ბუნების მოვლენების ცვლილებისას ყველაზე მეტად ცხენები მებრალება, პაპანაქება სიცხისას ძალიან უჭირთ. ამ დღეებშიც ტყეშიც ისე ჩამოიხუთა, რომ ცხენებს ძალიან გაუჭირდათ, ერთი მომენტი ჩემი ცხენის ტვირთი თავად გადავიკიდე - ვიფიქრე, ჩაოფლიანდება და ვერ გაუძლებს-მეთქი.

მდინარე კინტრიშში ამჟამად მთის წითელ კალმახს ვიცავთ ბრაკონიერებისაგან. ის წითელ წიგნშია შეტანილი. რეინჯერები ტყეში ყოველდღე ათეულობით კილომეტრს გავდივართ, რომ ტყეში ვინმეს მრუდე ხელმა რამე არ დააზიანოს. .
ბესარიონ გოგიტიძე
16 აგვისტო 2021 23:56
მირზას ბავშვობიდან ვიცნობ და არის არაჩვეულებრივად თბილი და ბუნების მოსიყვარულე ადამიანი.

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები