"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ფეხის აწყობა ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, სასწრაფოდ რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა" - კვირის პალიტრა

"უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ფეხის აწყობა ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, სასწრაფოდ რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა"

პანდემიამ ბევრის ცხოვრება შეცვალა, უფრო სწორად, ყველას ცხოვრება შეცვალა, ბევრის კი სრულიად თვდაყირა დააყენა. როგორ შეეგუვნენ ახალ რეალობას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, რამდენიმე მათგანის ცხოვრების მაგალითზე გიამბობთ.

"შვიდი თვე სადაზღვევო აგენტად ვმუშაობდი"

ოთო ნემსაძე: - ახლა ვერავის დავადანაშაულებთ, უფრო სწორად, დასადანაშაულებელი, ალბათ, მომავალში გამოაშკარავდება, რადგან ძნელად დასაჯერებელია, რომ მსოფლიოში ასეთი ამბავი ღამურის ჭამის გამო ატყდა. ეს ვერსია არარეალურად მეჩვენება. ცოტა დავიღალე ამ ყველაფრით. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, ყველა ავიცრათ, ვინც ალერგიული არა ვართ. ოჯახის ყველა წევრი ავცერი და მეც ძალიან მალე ავიცრები, უკვე ჩაწერილი ვარ. ჩვენ ხალხმრავლობას ვიყავით მიჩვეული და უცებ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ფეხის აწყობა ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, სასწრაფოდ რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა და შვიდი თვის განმავლობაში სადაზღვევო აგენტად ვმუშაობდი.

- რის დაზღვევას სთავაზობდით მომხმარებელს? - ავტომობილის, ჯანმრთელობის, ქონების და ა.შ. მგონი, კარგად გამომდიოდა. შეიძლება ახლო მომავალში ისევ დავუბრუნდე ამ საქმეს, ახლა ტაიმაუტი ავიღე, რადგან ძალიან უკან დამრჩა ჩემი მუსიკა. ბევრი შრომა მოგვიწევს მუსიკოსებს, რომ ამდენი ხნის გაჩერებული საქმე თავიდან ავაწყოთ. რაც უნდა მოხდეს, მე მუსიკის გარეშე არ შემიძლია. ახლა ახალი სიმღერა ჩავწერე, რომლის სატელევიზიო პრემიერაც მალე იქნება. კიკვიძის პარკში რამდენიმე სიმღერის პრეზენტაცია მაქვს, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ვცდილობთ, მოვერგოთ პანდემიას. ცუდი ის არის, რომ ბენდთან ერთად უნდა გამეკეთებინა პროექტი და ახლა არ შემიძლია ეს ჩანაფიქრი განვახორციელო.

- კონკურსებში ფეხბედნიერ მომღერლად ითვლებით... - კონკურსები დავამთავრე, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, იმიტომ, რომ უკვე მეორე წრეზე წავედი და ასე არ შეიძლება.

- ბინა გაქვთ, მანქანაც, კიდევ რა დაგრჩათ მოსაგები? - ბევრი რაღაც მაქვს მოგებული. მეგობრები ხუმრობით უძრავი ქონების აგენტს მეძახიან. გადავფხიკე და იქაც მოვიგე. მართალია, ორლარიანი, მაგრამ ხომ მოვიგე... საერთაშორისო კონკურსებში ისევ გავაგრძელებ მონაწილეობას. რატომაც არა!

- მაინცდამაინც სადაზღვევო აგენტობა რატომ მოინდომეთ? - ეკონომისტი ვარ, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი. ჩემთან მათემატიკა, გამოთვლა, ციფრები ძალიან ახლოსაა. მეგობრებმაც სწორედ ამის გათვალისწინებით შემომთავაზეს, რომ არსებობდა ასეთი სამსახური და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. დავიწყეთ ცოლ-ქმარმა მუშაობა. დღემდე ჩემი მეუღლე, რომელიც თეატრის მსახიობია, იქ მუშაობს.

ლოკდაუნის დროს რომ გამაგიჟა სახლში ჯდომამ და წონაშიც მოვიმატე, ბაბუაჩემისა და ბებიის დატოვებულ პატარა მიწაზე დავიწყე მუშაობა. ჩემი სახლისთვის, გასართობად ვისწავლე მიწასთან მუშაობის ანაბანა, მერე კი ოჯახთან, ჩემს ძმასა და მამასთან ერთად, ბევრი კარგი რაღაც გავაკეთე.

- გორშია ეს მიწა? - ერთი - სკრაში, მეორე - უფლისციხეში. მომეწონა მიწათმოქმედება. რაც გემო გავუგე ამ მამაპაპურ საქმეს, დიდი ინტერესი გამიჩნდა და ოდესმე აუცილებლად მივუბრუნდები. მოვიყვანეთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, მწვანილი...

"კლინიკაში ვმუშაობ და აცრაზე მოსულ ადამიანებს ვხვდები"

სალომე ბაკურაძე: - რთულ პირობებში აღმოვჩნდით. გარდა იმისა, რომ შემოსავალი დავკარგეთ, მოვწყდით ჩვენს საყვარელ საქმიანობას... სხვა პროფესიების ადამიანები ასე თუ ისე მოერგნენ ახალ ვითარებას, ონლაინმუშაობა შეძლეს, ჩვენს სფეროს კი არაფერი გამოუვიდა. შეიძლება მაინცდამაინც არც ვეცადეთ, თუმცა ჩვენი პროფესიის ადამიანებს არც იმ ქვეყნებში გამოუვიდათ რამე, სადაც ჩვენზე მეტი რესურსი აქვთ. ჩვენც მივხვდით, რომ ცდას შედეგი არ მოჰყვებოდა, ამიტომ ვინ რას მივაშურეთ, არც ვიცი, თუმცა მე შორს წასვლამ არ მომიწია - ჩემს ოჯახს პირველადი ჯანდაცვის კლინიკა აქვს, ადრე რომ პოლიკლინიკებს ვეძახდით, ისეთი. ადრე რაღაც ღონისძიებების სახით ვერთვებოდი ხოლმე მის საქმიანობაში, ახლა კი, ბევრი თავისუფალი დრო რომ გამიჩნდა, მეტი პასუხისმგებლობა ვიტვირთე და დავიწყე სამსახურში სიარული. მხოლოდ პიარი და საზოგადოებრივი ურთიერთობა კი არა, კლინიკაში სხვა ბევრი საქმეცაა, მით უმეტეს - პანდემიის პირობებში. მეც, რაშიც შემეძლო მონაწილეობა, ყველაფერს ვაკეთებდი: საბუთების მოგვარება, აცრებთან დაკავშირებით მიღება-გასტუმრება... აცრაზე მოსული ადამიანებისთვის სასიამოვნოა, რომ იქ მე ვხვდები... ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მანერვიულებს, ამიტომ ბავშვის სადმე წაყვანას ვერიდები. ამ პეროიდში ყველაზე მეტად იმ ბავშვებს გაუჭირდათ, ვინც ბაღში და სკოლაში ვერ დადიოდნენ. ახლა მთავარია, ავიცრათ, პირბადით ვიაროთ, თუმცა ამის გაკეთებაც გვიჭირს...

- პანდემიის პირობებში ბევრმა თავისი ახალი ნიჭი და შესაძლებლობა აღმოაჩინა: ზოგმა ხატვა დაიწყო, ზოგმა კულინარიული ექსპერიმენტები ჩაატარა... თქვენ როგორ მოიქეცით? - მე ვარჯიში დავიწყე. ეს ძალიან სასიამოვნოა და ცხოვრების წესად მექცა.

"სამშენებლო კომპანიაში დავიწყე მუშაობა"

ნოდიკო ტატიშვილი: - პანდემიამ გამოიწვია სტაგნაცია აბსოლუტურად ყველა სფეროში, მაგრამ ჩვენს სფეროს განსაკუთრებით ავნო. ჩვენი ქვეყანა პატარაა და, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, თუ ასეთი რთული ვითარება შეგვექმნებოდა. ვფიქრობდი, ორ-ნახევარი მილიონი ადამიანი როგორ არ აიცრება-მეთქი, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 200 ათასზე ცოტა მეტია აცრილი და ეს ძალიან ცუდია. არასდროს მიცხოვრია პრინციპით, რომ მარტო მე უნდა ვიყო კარგად, ამიტომ როცა ვხედავ, ჩემი ხალხი ასეთ დღეშია, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. ვნერვიულობ, კონცერტები რომ არ არის, აუდიტორიას ვერ ვხვდები, ვერ ვმღერი, შემოსავალიც არ არის, მაგრამ ვრწმუნდები, რომ მთავარი ჯანმრთელობა ყოფილა. ჩვენ გარშემო იმდენი ადამიანი გარდაიცვალა "კოვიდით", ვერ ვეგუები. ყველაფრის მიუხედავად, მაქვს იმედი, რომ მალე გამოსწორდება სიტუაცია, მაგრამ როგორ? ერთი კვირის წინ ვიყავი ბათუმში. წავიღე პირბადეების დასტა, ვიცოდი, ტურისტული სეზონი გუგუნებს და არ დამვიწყებია, რომ შარშანაც იქიდან იფეთქა მესამე ტალღამ. სამწუხაროდ, მიუხედავად წინა წლის გამოცდილებისა, წელსაც ბათუმში 100 კაციდან ხუთს თუ უკეთია პირბადე. დიდ მარკეტში რომ შევედი, პირბადე მარტო მე და მოლარეებს გვეკეთა. როდესაც გავაპროტესტე, მითხრეს, რა ვქნათ, ჩვენ ვეუბნებით და არ იკეთებენო. მერე რაღატომ უშვებთ-მეთქი?! აბა, რა ვქნათო?! ამდენ ლაპარაკს არ სჯობია, ჯანდაცვის სამინისტრომ გაგზავნოს თავისი ინსპექცია და მიიღონ ზომები! თან ძალიან ბევრი ტურისტია ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან... რუსეთიდან ნაყიდი კოვიდპასპორტებით მოდიან. ან ხომ არ გგონიათ, ვინმე ცუდად რომ გახდეს, იტყვის? ისე გადასდებენ 500 კაცს, როგორც არაფერი! ამ ყველაფერს კონტროლი ხომ სჭირდება?! ამიტომაც გვექნება ისეთი მეოთხე ტალღა, ჯერ რომ არ გვქონია! ახლანდელი სურათი შარშანდელ ნოემბერს მახსენებს...

- კაფეებსა და რესტორნებში როგორი სიტუაცია იყო? - არც მიმტანს უკეთია პირბადე, არც ადმინისტრატორს, არც ბარმენს. ბათუმში, ალბათ, სულ ორი კვების ობიექტი ვნახე, სადაც თავი დაცულად ვიგრძენი...

- ამ გულისტკივილის მიღმა მთავარი კითხვა უკან დაგვრჩა: რითი შოულობთ ჩვენი არსობის პურს? - რაღაც დანაზოგი მქონდა, რადგან კორონამდე, მადლობა ღმერთს, კონცერტების სიმცირეს არ ვუჩიოდი. მერე გამოჩნდა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, სანდო და წესიერი, რომლისგანაც ორი წლის წინ ბინა შევიძინე და მარტში შემომთავაზეს, გავმხდარიყავი მათი პიარმენეჯერი. სანდო ხალხია, კეთილსინდისიერი და ამიტომ დავთანხმდი. დავიწყე მუშაობა და ეს დამეხმარა, რომ სარჩო მქონოდა, მაგრამ რამდენი ჩემი კოლეგა ზის სახლში! ეს ხომ კატასტროფაა! არ ვიცი, როდის გვეშველება! ყველა გადართულია პოლიტიკაზე და მგონია, არავის აინტერესებს, ხალხი რას შვრება, როგორაა... არც ქვეყანა და არც ადამიანები არ აინტერესებს იმას, ვისაც ხელეწიფება და ევალება, ხალხს ყურადღება მიაქციოს!