"არ მესმის, ბოლო კაპიკებს როგორ იხდიან ძვირფას სამოსში, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია" - კვირის პალიტრა

"არ მესმის, ბოლო კაპიკებს როგორ იხდიან ძვირფას სამოსში, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია"

"ქალმა უპირველესად თავისი თავი უნდა იპოვოს, რადგან რეალიზებული ქალი ყველაზე მოხდენილი და ლამაზია"

ყოფილი მოდელი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო ორდენიძე ქართველ საზოგადოებაში კრიტიკული გამოსვლებით არის ცნობილი. ის დღეს ჩვენი სტუმარია:

- ქალბატონო ნინო, ყოველთვის ენერგიული და პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?

- საბედნიეროდ, ასეა. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიაქვთ და დეპრესიაში უეცრად ვარდებიან? - მე ეს არ მახასიათებს, უფრო მეტიც, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვფიქრობ, რომ არ არსებობს პრობლემა, გარდა სიკვდილისა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება და ვცდილობ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვო.

- როდესაც ქვეყანაში უსიამოვნო ამბები ხდება, თქვენს განცდებს როგორ გამოხატავთ? - როდესაც პრობლემას შევეჩეხები, უფრო შემართებული და ბრძოლისუნარიანი ვხდები, ყველაზე მეტად გაუგებრობა მძულს. თუნდაც ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ არ გადაწყდეს, მაინც მირჩევნია სიტუაციაში გავერკვე და მოქმედება მყისიერად დავიწყო. რა მეხმარება მხნეობის შენარჩუნებაში? - ჩემი მეუღლე და შვილები. რაც უნდა ცუდი ხდებოდეს, ვიცი, რომ ოჯახში მოსიყვარულე ადამიანები დამხვდებიან, რომლებიც სულ ცდილობენ გამახარონ. წყნეთში ვცხოვრობთ - დამღლელი დღის შემდეგ შინ რომ ვბრუნდები და ბავშვებთან ერთად ჩვენს ეზოში ვსხდებით, ყველა პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება.

- როგორ ახერხებთ, რომ სულ მომხიბლავად გამოიყურებით?

- ქალმა გარეგნობას ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მიხედოს. ამის საუკეთესო მაგალითი იყო ქალი, რომელმაც გამზარდა - მას ყველანი ტოსიას ვეძახდით. 90-იან წლებში ვერაზე ვცხოვრობდით, ის ჩვენი ოჯახის დამხმარე იყო. საქართველოში ომის დროს მოხვდა და გვიყვებოდა: აქ რომ ჩამოვედით, ისე გვიჭირდა, დედაჩემი ნაგავში ძვლებს აგროვებდა, რეცხავდა, აშრობდა და დაფშვნილს კალციუმის ნაცვლად გვაძლევდაო. წარმოიდგინეთ, აფრიკის დასახლებიდან ვერამდე ფეხით მოდიოდა და რომ შემოვიდოდა, თვალს ვერ ვაცილებდი: სულ მოწესრიგებული იყო. ორსართულიან სახლს დაალაგებდა, დაღლილ-დაქანცული სააბაზანოში შევიდოდა და შინისკენაც მოწესრიგებული მიდიოდა. ალბათ, ეს თვისება მისგან შევიძინე. შეიძლება ადამიანს საშუალება არ ჰქონდეს, ტანსაცმელს მეორადების მაღაზიებში ყიდულობდეს, მაგრამ ისე მოიხდინოს, რომ ბევრს აჯობოს. არ მესმის, ბოლო კაპიკებს როგორ იხდიან ძვირფას სამოსში, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია.

- ვინ გეხმარებათ ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავებაში? - მე და ჩემი მეუღლე, ლევან გვაზავა, 15 წელია ერთად ვართ, ის ჩემთვის ყველაზე საიმედო მეგობარია. მართალია, პოლიციის გენერალ-მაიორია, მაგრამ ვხუმრობ - ოჯახში გენერალისიმუსი მაინც მე ვარ-მეთქი. მისი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რომელი უფრო ხშირად ვთმობთ? - ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ სერიოზულ დათმობაზე წასვლა არც გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დამთმობი ვარ. ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

უფროსი შვილი, დოდოშკა, 14 წლის გახდება, მაშო - 11 წლის. ერთს ჩემი დედამთილის სახელი დავარქვით, მეორეს - დედაჩემის, აქაც ბალანსი დავიცავით. ძალიან თბილი და ლაღი ბავშვები არიან და ორივე ჩემი უახლოესი მეგობარია.

- საქმიანი ქალების სუსტი წერტილი ხშირად კულინარიაა. გიყვართ სამზარეულოში ტრიალი? - ჩემს დამზადებულ კერძებზე მეუღლე გიჟდება, შვილებსაც მოსწონთ. მეც გამოუსწორებელი გურმანი ვარ. უგემრიელეს ჩანახს და ჩახოხბილს ვაკეთებ... ჩემი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ეს უსამართლობააო. თავად მუდმივად დიეტაზე არიან, მე კი შემიძლია დილიდან ნაირ-ნაირი კერძების მომზადება და ჭამა დავიწყო.

- ვიცი, რომ ცხოველები ძალიან გიყვართ.

- ცხოველები ზოგიერთ ადამიანზე ბევრად კეთილები და შეგნებულები არიან. მყავს ულამაზესი სპარსული კატა. საღამოს დაღლილი რომ ვბრუნდები, მაშინვე ხვდება და ცდილობს დამამშვიდოს. ახლა ოჯახში მატება გვაქვს: ჩვენმა კავკასიურმა ნაგაზმა 6 ლეკვი გააჩინა. ერთი ძალიან სუსტია და ვდარდობ.

- რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც ყოველდღიურად დამქანცველი შრომა უწევთ და მაინც ცდილობენ სილამაზის შენარჩუნებას? - ქალმა უპირველესად თავისი თავი უნდა იპოვოს, რადგან რეალიზებული ქალი ყველაზე მოხდენილი და ლამაზია. აუცილებელია ჯანსაღი კვებაც. წონის დასაკლებად სიარული საუკეთესო საშუალებაა. მაგალითად, მე ყველაზე უმოქმედო დღედ რომ ვთვლი, იმ დღეს 7 კილომეტრი მაინც მაქვს ფეხით გავლილი. და კიდევ: 12 საათზე აუცილებლად ვიძინებ. 7-8 საათი მაინც უნდა მეძინოს. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი სითხეც აუცილებელია. ასაკის მატებასთან ერთად რაციონიდან ცხიმი და საფუარი უნდა ამოვიღოთ და თუ შევატყობთ, რომ წონა "გაგვექცა", მაშინვე უნდა მივხედოთ...

ხათუნა ჩიგოგიძე