შაორის ტბაზე მცურავი კოტეჯი - კვირის პალიტრა

შაორის ტბაზე მცურავი კოტეჯი

ქართველებს იდეები არ გვიკვირს, ოღონდ ხორცშესხმაა მთავარი... და ზოგჯერ გამოგვერევიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ცოტაოდენი ფულით და გამორჩეული იდეებით ქმნიან რაღაც ახალს, საინტერესოს და სურთ ეს სიხარული სხვებსაც გაუზიარონ... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ პაპანაქებაში შაორის ტბაზე მცურავ კოტეჯში გრილზე გრილი ღამეების გატარება, სადაც თბილი საბნის შემოხვევა დაგჭირდებათ, ნამდვილი სასწაულია! და ახლა ამ თემით `გაგრილებას" სიცხით გადაღლილ ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ. შუაგულ რაჭიდან უნდა გესაუბროთ ვახტანგ იაშვილისა და ანა იშხნელის აღმოჩენილ სამყაროზე, სადაც მეგზურობა კოტეჯის დიასახლისმა ანა იშხნელმა გაგვიწია.

- ჩემს მეუღლეს გაუჩნდა იდეა, რომ შაორის ტბაზე მცურავი კოტეჯი აეშენებინა.

- რატომ იფიქრეთ, რომ ეს პროექტი კომერციულად მომგებიანი იქნებოდა? - ჩემი მეუღლე რაჭველია და ეს კუთხე ძალიან უყვარს. ბავშვობიდან ოცნებობდა ასეთ კოტეჯზე და ახლა ეს რეალობად აქცია. თავიდან მხოლოდ ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, კომერციული დანიშნულება არ ჰქონია. ვისვენებდით ამ სამოთხეში და თანდათან გვიჩნდებოდა სურვილი, სხვებსაც ეგრძნოთ ეს სიამოვნება. ჯერ მეგობრები მოვიწვიეთ, მერე სხვებიც... შემდეგ ვიფიქრეთ, რა იქნება ქართველები მოვიდნენ ამ კოტეჯში, დაისვენონ და დატკბნენ სამშობლოს სილამაზით-მეთქი. მერე იმ უცხოელებსაც შევთავაზეთ, რომლებთანაც ჩემს მეუღლეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. ყველა აღფრთოვანდა და ამის შემდეგ მივხვდით, რომ საჭირო იყო ამ პროექტის კომერციული დანიშნულებით გამოყენება. ულამაზეს შაორის ტბას უცხოელი ტურისტები ნაკლებად იცნობდნენ და მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. საქართველოში სხვაგან არც არის ტბაზე მცურავი კოტეჯი, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. ჩვენი კოტეჯი ორკაციანია. ვაპირებთ ოთხკაციანის აშენებას. მთელი აგვისტო უკვე დაჯავშნილია. ფაქტობრივად, ჩვენ ვეღარც ვისვენებთ ამ კოტეჯში, რადგან თავისუფალი თითქმის არასდროს არის. უფრო თითო-თითო დღით ჯავშნიან, თუმცა გვყავდა ერთი სტუმარი, რომელმაც ოთხი დღე გაატარა.

რაც ადამიანს სჭირდება, ყველაფერია კოტეჯში: გენერატორის მეშვეობით ელექტროენერგია, ცხელი თუ ცივი წყალი, პატარა გაზქურა, მინისამზარეულო, სადაც სტუმრებს პროდუქტის შენახვა და სადილის მომზადება შეუძლიათ. მათ ყოველთვის ვთავაზობთ საუზმეს, რაც ფასში შედის. ასევე, საკურიერო მომსახურებას - თუ რამე დასჭირდებათ, კატერებით მივუტანთ. ბოლო დროს პაპანაქება იყო და კოტეჯში კონდიციონერიც დავაყენეთ, მაგრამ დღისით თუ გამოიყენებენ, საღამოობით ისეთი სიცივეა, სტუმრებს თბილ საბნებში გახვეულებს სძინავთ.

- კოტეჯი ნაპირიდან რამდენი მეტრის მოშორებით დგას? - 200 მეტრით არის მოშორებული. ადრე სხვა ადგილზე იდგა, მაგრამ ნაპირზე საქონლის ბალახობის სეზონი დაიწყო და სხვა მხარეს გადავაცურეთ. სეზონის მიხედვით ვუცვლით ადგილს.

- რამდენ ხანს მუშაობს? - 6 თვით, ზაფხულის და შემოდგომის თვეებში, სანამ ტბა გაიყინება. თუმცა ზამთარშიც ძალიან ლამაზია შაორი და ვიზიტიორები გვწერენ, რომ ზამთარშიც სურთ ჩამოსვლა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ გაყინულ შაორზე ნაპირთან ახლოს მოვწიოYთ კოტეჯი. ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი, სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს პრობლემა.

- ალბათ, კოტეჯში დაცულია უსაფრთხოების ზომები... - რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ სასტუმროში. კოტეჯში არის უსაფრთხოების ჟილეტები ბავშვებისა და უფროსებისთვის, ცეცხლმაქრით და ა.შ. სტუმარს შეუძლია როგორც ტელეფონით, ასევე რაციით დაგვიკავშირდეს 24 საათის განმავლობაში. დაცვა მუდმივად ნაპირზეა და შეუძლია ნებისმიერ დროს მომსახურების გაწევა. რაც შეეხება ზამთარს, გათბობაც იქნება საჭირო.

- როცა ტბაზე მთიდან ჩამოსული ნისლი დგას, საოცარი სანახაობა იქნება...

- მართლაც ასეა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ნისლიანი ამინდი ასე ლამაზი იქნებოდა. ამ დროს გარემო ძალიან მისტიკური ხდება.

- ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან გყავთ ტურისტები? - ბევრი არაბული ქვეყნებიდან ჩამოდის, გვყავს პოლონელებიც, რუსებიც... ყველას მოსწონს აქაურობა, შთაბეჭდილებებს სპეციალურად გახსნილ წიგნში გვიზიარებენ, სადაც უამრავ ჩანაწერს ნახავთ. ჩვენთვის ყოველი სტუმარი სასურველია. ვცდილობთ მათი ყველა სურვილი გავითვალისწინოთ და მომსახურება მათ ჩვევებსა და ტრადიციას მივუსადაგოთ.

- პანდემიამ შეამცირა ტურისტების ნაკადი? - სწორედ კოტეჯის იზოლირებულობა იზიდავს ტურისტებს და პანდემიის დროს უფრო მომრავლდნენ. ერთადერთი, ქალაქების ჩაკეტვამ შეგვიშალა ხელი.