"თავიდან ფეხებამდე გერმანელი" - კვირის პალიტრა

"თავიდან ფეხებამდე გერმანელი"

"მწერალი ის ადამიანია, რომელსაც სხვა ადამიანზე მეტად უჭირს წერა", - გაგიკვირდებათ და, ეს სიტყვები თომას მანს ეკუთვნის, მწერალს, რომელმაც თავისი პირველივე რომანისთვის ნობელის პრემია დაიმსახურა.

რომანსაც გააჩნია - "ბუდენბროკები" ხომ ის "მოდური რომანი" არ არის, ყველა დროში რომ ანაზდად "იფეთქებს" ხოლმე, მთელი მსოფლიო რომ ერთ წელიწადში წაიკითხავს, იქნებ ბევრი (თუნდაც ნობელის, ასეთებიც მომხდარა) პრემიაც მიიღოს და მერე სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა. პირიქით, ამ სქელტანიანი რომანის ყოველი სტრიქონი სიდინჯით, სოლიდურობითა და ღრმა აზრით სუნთქავს და მით უფრო საოცარია, რომ მისი გენიალური ავტორი მაშინ მხოლოდ 25 წლისა იყო(!).

და ასეთი კაცი ამბობს, წერა მიჭირსო! გასაგებია, რასაც გულისხმობდა დიდი მწერალი და არ შეიძლება, არ დაეთანხმო იმ აზრს, რომ ასე წერა მართლაც ძნელია, ასე სხვა ვერავინ დაწერდა.

"ბუდენბროკების" "გაბარიტები" ვახსენეთ ზემოთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო (რადგან რომანი ორ წიგნად გამოდის), თითქოს იმაზე საწუწუნო აღარ უნდა მქონდეს, რაზეც "50 წიგნის" პროექტის სხვა საპრეზენტაციო წერილებში დავიჩივლებ ხოლმე (გაზეთის ნახევარ გვერდში რისი თქმა უნდა მოხერხდეს ან ავტორზე, ან წიგნზე-მეთქი) - ახლა ხომ შემდეგ წერილშიც შეგვიძლია თომას მანსა და "ბუდენბროკებზე" განვაგრძოთ საუბარი. მაგრამ ცხადია, არც ორი და არც ხუთი გვერდი არ არის საკმარისი ამ მართლაც ბუმბერაზი მწერლისა და XX საუკუნის საეტაპო რომანზე საუბრისათვის (ალბათ, მართლაც სიმბოლურია, რომ "ბუდენბროკები" საუკუნის პირველივე, 1901 წელს გამოქვეყნდა). ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ გასული საუკუნის მწერალთაგან თომას მანი იმ იშვიათთა რიცხვშია, ვისი შემოქმედებაც (მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა) რაოდენობით რამდენიმეათეულჯერ(!) ჩამოუვარდება მის შესახებ დაწერილ წიგნებს. თავად განსაჯეთ, ბოლო წლებში თომას მანის კიდევ ორი ბიოგრაფია გამოვიდა გერმანიაში, რომელთაგან ერთი - 2250 გვერდია, უფრო "პატარა" კი - 700!

"ბუდენბროკებს" ბევრი ავტობიოგრაფიულ რომანად მიიჩნევს და, ალბათ, ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ საოცარი სხვა რამეა - თომას მანმა ან "იწინასწარმეტყველა" თავისი ოჯახის თავგადასავლის ზოგიერთი ეპიზოდის მსგავსება რომანის სიუჟეტთან, ან ამ წიგნმა მოახდინა მათზე გავლენა და მანების ცხოვრება "მიიზიდა" და "მიიმსგავსა" - 1901 წელს 26 წლის თომას მანს არანაირად არ უნდა სცოდნოდა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის სამომავლო თავგადასავალი - გერმანიისა, რომელიც მას უსაზღვროდ უყვარდა და რომელმაც უამრავი ტანჯვა მიაყენა და სამუდამო ტკივილად დარჩა (მიუხედავად პერსონაჟთა და ავტორის ცხოვრების ქრონოლოგიური სხვადასხვაობისა, მკითხველი მიმიხვდება, რასაც ვგულისხმობ).

ვისაც წაგიკითხავთ, გაიხსენეთ, ვინც ახლა გაეცნობა ამ ნაწარმოებს, დაუკვირდით: მიუხედავად იმისა, რომ "ბუდენბროკები" თითქოს ტიპური ბურჟუაზიული, ბიურგერული ყოფის ამსახველი რომანია, ადამიანთა გრძნობა-შფოთვისა და თავგადასავლების გარდა, გერმანიისადმი რამხელა სიყვარული გამოსჭვივის ავტორისაგან, სიყვარული და სიამაყე დიდებული სამშობლოს გამო. და ასეთი კაცი 58 წლის ასაკში მეუღლესთან ერთად რამდენიმე თვით ტოვებს მას და ეს "რამდენიმე თვე" 16 გრძელ წლად იქცევა, მაგრამ წინ კიდევ უარესი ელის - ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა მიუნხენს და დაბრუნებამ სიხარულის ნაცვლად ტკივილი და ცრემლი მოჰგვარა, რადგან ეს "თავისი" მიუნხენი კი აღარ იყო, არამედ ნანგრევებად ქცეული მისი ქვეყნის წარსული. ერთი დღითღა დარჩა და ისევ წავიდა, ამჯერად სამუდამოდ.

ein Deuscher durch und durch - "თავიდან ფეხებამდე გერმანელი" - ასე შეიძლება ითარგმნოს თომას მანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოგრაფის, ჰერმან კურცკეს შეფასება და ამაში უპირველესად იმას გულისხმობს, რომ გარეგნულად და "ანკეტურად" რესპექტაბელური, მდიდარი, სახელოვანი, სოლიდური მწერალი სინამდვილეში და საქმეში ჩაუხედავთათვის მოულოდნელად, უფრო "დოქტორ ფაუსტუსისა" და კიდევ მეტად "სიკვდილი ვენეციაში" პერსონაჟი იყო, ვიდრე საქმიან-საქმოსანი "ბუდენბროკებისა".

ცხადია, "სიკვდილი ვენეციაში" შემთხვევით არ გვიხსენებია - ექვსი შვილის მამა თვითონაც ვეღარ მალავდა (ისე, დიდად არც ცდილობდა) თავის ჰომოეროტიკულ მიდრეკილებებს. როგორც ზოგიერთი მისი თაყვანისმცემელი ამბობს, ბევრად ამანაც განსაზღვრა მისი შინაგანი სამყაროო. მაგრამ, მოდი, ამ თემას ამჯერად "წავუყრუოთ", მით უმეტეს, რომ შინაგანი სამყაროსა და ემოციების ჩამოსაყალიბებლად თომას მანს უამისოდაც არ დაჰკლებია "მასალა" - ექვსი შვილი ვახსენეთ და არაფერი გვითქვამს მის მეუღლეზე (მასზე წერილის მეორე ნაწილში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ), რომელიც ებრაელი იყო. ამას იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა მიუნხენელი (მიუნხენი - ნაციონალ-სოციალიზმის სამშობლო!) მწერალი, რომ ჯერ კიდევ ჰიტლერის ნაბოდვარით საერთო-სახალხო აღტაცებამდე დიდი ხნით ადრე დედის წარმომავლობას საგულდაგულოდ უმალავდა შვილებს; თომას მანის მთელი ოჯახის "სხვანაირად მგრძნობიარობის" დადასტურებაა ისიც, რომ არაერთხელ სამედიცინო შემოწმებაგავლილმა (ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელები იყვნენ) მისმა ორმა დამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა და მათივე ბედი გაიზიარა მწერლის გამორჩეულად საყვარელმა ვაჟმა - კლაუს მანმა, რომელიც ნაომარ გერმანიაში ამერიკული გაზეთის კორესპონდენტად იყო და სწორედ მისი წერილებით ეცნობოდა თომას მანი სამშობლოს ამბებს.

ამას ისიც დაამატეთ, რომ თომას მანს "გაუკვალავ გზაზე" არ უვლია - ის ხომ ასევე დიდი გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ მანის უმცროსი ძმა იყო, და კიდევ უფრო ნათელი გახდება, რატომ მოგვცა გრძნობების, გენის, განსწავლულობისა და ნიჭის ასეთმა ნაზავმა ის "პროდუქტი", რასაც თომას მანის გენიალური პროზა ჰქვია და რატომ არის ჩვენ მიერ თქვენთვის ამჯერად შემოთავაზებული "ბუდენბროკები", მისი ავტორის ახალგაზრდობის მიუხედავად, ასეთი "დიდური" და "სერიოზული" - მისი შემქმნელი წლების მატებასთან ერთად გრძნობებსა და ემოციებს იძენდა და არა "სიდინჯესა" და "სოლიდურობას".

ჩვენო მკითხველო, გილოცავთ კიდევ ერთი ისეთი წიგნის გამოსვლას, რომელსაც "გემრიელად ჩაუჯდები" და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ, რაც გვაწუხებს და რასაც ყოველდღე ვეხლებით - ჩვენი ყოველდღიური დიდი და მცირე საზრუნავი, ძალიან, ძალიან უმნიშვნელოა რაღაც მთავართან, რაღაც მარადიულთან.