ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი დაიტბორა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 -მდე ქუჩა დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო, გადაადგილება განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩაზე უჭირთ. მოსახლეობის თქმით, ცალკეულ ქუჩებზე შეუძლებელია ფეხით გადაადგილება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დიდი რაოდენობით წყლის გატარება დროულად ვერ ხდება, რაც ქუჩების დატბორვას იწვევს.

თავის მხრივ, შპს "ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, მობილური ჯგუფები იმ ქუჩებზე გავიდნენ, სადაც ძლიერი წვიმის დროს ტერიტორია ხშირად იტბორება. უწყების ინფორმაციით, წყლის გამტარი მილების აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. როგორც კლინიკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

"უხვი ნალექის გამო, მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას", - აცხადებენ პრესსამსახურში.