"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად, ყველა მისი განცხადება არის უბრალოდ ხულიგნობა" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება მოძველბიჭო და მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად, ყველა მისი განცხადება არის უბრალოდ ხულიგნობა"

ერთ უფასო და ძალიან სასარგებლო რჩევას მივცემ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს, ასეთ თავხედ ადამიანს, როგორიც არის პაატა იმნაძე, მოძველბიჭო ელემენტს თუ არ გამოუშვებენ სპიკერად, უკეთესი იქნება, ნდობა გაცილებით მეტი იქნება პროცესებისადმი - არ შეიძლება ეს მოძველბიჭო, მოხულიგნო პაატა იმნაძე გამოდიოდეს სპიკერად, ყველა მისი განცხადება არის უბრალოდ ხულიგნობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და მათი სპიკერები არასწორ მესიჯებს აჟღერებენ ვაქცინებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ არ უნდა უკვირდეთ, რომ მოსახლეობა ელის კონკრეტულად ერთ ვაქცინას, ამ შემთხვევაში "ფაიზერს".

ჩიხლაძის თქმით, ის, რომ სხვა ვაქცინებისადმი ნდობა არ არსებობს, ეს ხელისუფლების არასწორი მუშაობის შედეგია.

"ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა "ფაიზერს" ენდობა, მერე იყო "მოდერნა", მერე სხვა ვაქცინები და ბოლო ადგილზე იყო "სინოფარმი", "სინოვაკი" და კიდევ უფრო ბოლო ადგილას რუსული ვაქცინა. ამ კვლევიდან ერთ კვირაში ხელისუფლებას მილიონი დოზა "სინოფარმი" და "სინოვაკი" შემოაქვს. ამ ვაქცინებს კი არ ვერჩი, მე თვითონ ვარ აცრილი ჩინური ვაქცინით - "სინოფარმით", რადგან, რაც არის ხელმისაწვდომი, იმით უნდა ავიცრათ, მაგრამ შენ თუ კვლევას ატარებ და ნდობას ზრდი ამ კონკრეტული ვაქცინის მიმართ, მერე რატომ გიკვირს, რომ მაინც და მაინც ეს ვაქცინა უნდა ადამიანს. ის, რომ სხვა ვაქცინებისადმი ნდობა არ არის, ესეც ხომ ხელისუფლების "დამსახურებაა". გამოჰყავთ ასეთი უსინდისო ადამიანები და რაღაც სულელურ მესიჯებს აჟღერებენ. მესიჯს რომ გააჟღერებს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, რომ "ფაიზერი" ეს არის "მერსედესი" და "მერსედესი" რა საჭიროა ყველას ჰყავდეს, "მოსკვიჩიც" უნდა ჰყავდეს ვიღაცასო, რატომ გვიკვირს მერე, რომ "ფაიზერისადმი" არის უფრო მეტი ნდობა. ყველა ვაქცინა სანდოა, მაგრამ ხელისუფლება თუ ხედავს, რომ "ფაიზერზე" არის ასეთი ბუმი, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ამაზე იმუშავე, იმიტომ, რომ იმაზე დასაკარგი დრო აღარ არის, რომ მე კიდევ ავუხსნა მოსახლეობას რა და როგორ - ვერ ავუხსენი, ამიტომ ფაქტი დამდგარი რაც არის, უნდა ვიმუშაოთ ამაზე",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მომატებულ ტემპს, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ეს დაგვიანებული ვაქცინაციისა და არაეფექტური კამპანიის შედეგია.

"ჩვენ არ გამოვიყენეთ ის საშუალება, რასაც ჰქვია ვაქცინა დროულად. ჩვენ რომ დაგვეწყო ვაქცინაციის პროცესი, მასიური ვაქცინაცია ან მეტ-ნაკლებად ეფექტური ვაქცინაცია იანვარ-თებერვალში, დღეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იქნებოდა.

ამასთანავე, ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ აირჩია არასწორი, არაადეკვატური კომუნიკაცია, ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები, რამაც დეზორიენტაცია მოახდინა მოსახლეობის. მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ვაქცინა რომ არ არის, აქაც საზოგადოება ვართ დამნაშავე? ყველა უნდა გავსულიყავით და კონტრაბანდული გზით ჩვენ ჩვენი ვაქცინა შემოგვეტანა?", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"