"ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე" - კვირის პალიტრა

"ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე"

"შეიძლება ვთქვათ, რომ ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 - 30 000 ადამიანი უნდა აიცრას.

"გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში საშუალოდ ვაქცინირებულთა რაოდენობა 14 000-ია. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 - 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება", - განაცხადა გაბუნიამ.

აქვე, გაბუნიამ განმარტა, რომ ზაფხულის პერიოდში ქვეყანაში არსებულ ყველა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება შეუზღუდავი და "ფაიზერის" ამცრელი კაბინეტები სხვა რეგიონებშიც დაემატება.

"ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია, დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად შემოვა. ჩვენ ზაფხულის პერიოდში ყველა იმ ვაქცინაზე, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის "სინოფარმი", "სინოვაკი", "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა", იქნება შეუზღუდავი. ახლა იმ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ გათანაბრდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და "ფაიზერის" ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს "ფაიზერით" აცრის შესაძლებლობა", - აღნიშნა გაბუნიამ.