"ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას, არამედ, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას" - კვირის პალიტრა

"ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას, არამედ, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში "ნაციონალური მოძრაობის", აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის იერსახის დამახინჯების ნებისმიერ ფაქტზე, თბილისის მერიას შესაბამისი რეაგირება ექნება.

"თბილისის ქუჩები და მისი შენობება-ნაგებობები ქმნიან ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ამდენად, დედაქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ 2012 წელს, ყველამ ერთად მივაღწიეთ, მაგრამ დაუშვებელია, კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით, ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება - შევღებოთ, საღებავი შევასხათ ან წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია. ამიტომ, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება. ჩემთვის პირადად, ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების, მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის. ასევე, იყო მცდელობა ამ პლაკატების უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექციის. სულ მცირე ლოგიკაა საჭირო - რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა და ქაოსი, აგრესია?! მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი პიარიც და ჩვენი იარაღი ოპონენტებთან ურთიერთობისას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა.

"ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე, გულშემატკივრობს ქალაქის განვითარებას, წინსვლას, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ აგრესიას და ძალადობას, აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ. ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს და ქალაქის, მოქალაქეებისადმი პატივისცემას და სიყვარულს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.