"ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის პირველ კომენტარს ავრცელებს გამარჯვების შემდეგ ტოკიოდან.

ცნობისთვის, 90 კილოგრამამდე წონაში ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

"ეხლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს ჩემი სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა. გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ მთლიანად საქართველო და ჩემი ხალხი"

იხილეთ ვიდეო