კლინიკების ასოციაცია: "საჭიროა, გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი და გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი" - კვირის პალიტრა

კლინიკების ასოციაცია: "საჭიროა, გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი და გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი"

კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსვლისთვის სამოქმედო ღონისძიებებს სთავაზობს.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა, გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი და გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი. ამასთან, ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უნდა მობილიზდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლები.

"შეზღუდვები შემსუბუქდა, საზღვრები გაიხსნა, ამოქმედდა ბიზნესსექტორი, ყოველდღიურად იზრდება ტურისტული მიგრაცია, უკიდურესად ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებს თითქმის არ იცავს, მწირია რეგულაციების მაკონტროლებელი რესურსები, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი დღითიდღე იზრდება...

მოსალოდნელი საფრთხე: კვლავ აქტუალური გახდება შემზღუდავი რეგულაციების გამკაცრების საკითხი, კვლავ შეფერხდება ბიზნეს სექტორის ფუნქციონირება, კვლავ შეჩერდება ტურისტული სეზონი, კვლავ დაემუქრება ქვეყანას ჩაკეტვა და კომენდანტის საათი, არასრულფასოვნად წარიმართება წინასაარჩევნო პროცესები და შესაძლებელია დღისწესრიგში დადგეს საკითხი დაგეგმილი არჩევნების გადადების შესახებ...

პრობლემის არსი: ახალი ვირუსული შტამების გავრცელების ინტენსივობის ზრდა; დარჩენილ რეგულაციებზე კონტროლის შესუსტება; რეგულაციების კონტროლის მიზნით მხოლოდ პატრულისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურების მწირი ადამიანური რესურსების ჩართულობა; ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის სირთულე; ვაქცინაციის პროცესის შენელებული ტემპი; კლინიკებში პაციენტთა სიჭარბე, დაავადებულთა სწორი მართვა და ტრიაჟი.

სამოქმედო ღონისძიებები: დაუყოვნებლივ საჭიროა გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი; უნდა გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი; საზღვრის გადმოკვეთის უფლება უნდა მიეცეთ მხოლოდ იმუნიზირებულ ტურისტებს; ლაბორატორიული კვლევის შედეგად უნდა გადამოწმდეს ვიზიტორის ორგანიზმში მოცირკულირე ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი; ტურისტულ ზონებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე დაუყოვნებლივ უნდა გამკაცრდეს პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებები; უნდა გაორმაგდეს ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციების კონტროლი; გვარდიის შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას 3-კაციანი სამოქალაქო რაზმები, ტურისტულ ზონებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე დაწესებული რეგულაციების კონტროლის მიზნით, რაც არ საჭიროებს დამატებით ფინანსურ რესურსებს; დროულად უნდა მოვახდინოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია, რაც, აგრეთვე არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს; დაუყოვნებლივ უნდა ჩამოყალიბდეს მობილური ამცრელი ჯგუფები (რეანიმობილებით) და აცრების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს ყველა სოფლის ამბულატორია. სოფლებში სადაც არ ფუნქციონირებს ამბულატორიები, მაგრამ არსებობს ტაძრები და სალოცავები, ეთხოვოს საპატრიარქოს და სხვა რელიგიურ კომფენსიებს დართონ ნება მედიკოსებს აცრები აწარმოონ სწორედ ტაძრებისა და სალოცავების ტერიტორიაზე.

შედეგები: შემცირდება ვირუსული ინფექციის გავრცელების ინტენსივობა; მოიმატებს დარჩენილ რეგულაციებზე კონტროლი; მკვეთრად გაიზრდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაობის ეფექტურობა; საარჩევნო პერიოდი წარიმართება უსაფრთხო გარემოში; ბიზნეს სექტორი და ტურიზმი განაგრძობს მუშაობას შეუფერხებლად; განიტვირთება კლინიკური სექტორი; გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულობა; მოსახლეობაში მკვეთრად მოიმატებს იმუნურად მდგრადი ფენა",- ნათქვამია განცხადებაში.