"ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაური, რაც კი ცხოვრებაში ვინმესგან მიმიღია..." - კვირის პალიტრა

"ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაური, რაც კი ცხოვრებაში ვინმესგან მიმიღია..."

ამბობენ, რომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ... ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტისა და მთარგმნელის - თეა გვასალიას საქმიანობას: ქალბატონმა თეამ ბავშვობის ოცნება სინამდვილედ აქცია და დღესაც ამ სინამდვილეში ცხოვრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი ფიქრები და ოცნებები ყოველთვის ესპანეთს უკავშირდებოდა. რატომ?.. მეც არ ვიცი! რაც თავი მახსოვს, სულ ვოცნებობდი, ესპანური ენა მესწავლა და ამ ქვეყანაში წავსულიყავი. სულ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ესპანეთი ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. დღესაც ეს ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია..."

"ბედნიერი ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე! არ მიყვარდა ყოველდღიური რუტინა და რეჟიმი, არც საგნები, რომლებიც იძულებით უნდა მესწავლა. მიკვირდა, რატომ უნდა მესწავლა ფიზიკა ბოლო კლასამდე, როცა ამ დროს შემეძლო ერთი ენა მაინც შემესწავლა, რომლისკენაც მიდრეკილება მქონდა..."

"როცა პირველი ესპანელი ვნახე და ვესაუბრე, გაოცებული მისმენდა. მითხრა, რომ თავიდან ესპანელი ვეგონე. მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, ეს რომ მითხრა! ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაური, რაც კი ცხოვრებაში ვინმესგან მიმიღია..."

"თითქმის ყველა ფეხბურთელის ბიოგრაფია და ვინაობა ზეპირად ვიცოდი... ახლა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი რომ იმართება, ყოველთვის ესპანეთს ვგულშემატკივრობ. ვისთვის "ბარსელონაა" ფავორიტი და ვისთვის - მადრიდის "რეალი", მე კი, სხვებთან შედარებით ბილბაოს "ატლეტიკი" მიყვარს..."

"ტელევიზორში რომ ვხედავ, გული მიკვდება: მადრიდი, რომელიც წელიწადში 8 მილიონამდე ტურისტს იღებდა, თითქმის ცარიელია. იქ სულ რამდენიმე ათასი ტურისტია ჩასული. რას ვიზამთ, ამ ვირუსმა მთელი მსოფლიო შეძრა და საერთო წესებს ჩვენც ვემორჩილებით. ამიტომ წლევანდელ ზაფხულს ჩემს ოჯახთან ერთად წყნეთში გავატარებ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე