"მგონია, რომ თბილისში უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წელს დავრჩები სახლში და..."
"მგონია, რომ თბილისში უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წელს დავრჩები სახლში და..."
"ვაქცინის გაკეთების დროს ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე, ასაკოვან ხალხზე, ზოგადად, სამყაროს გადარჩენაზეც"

ზაფხული მოვიდა, დასვენებისა და განტვირთვის სეზონი, თუმცა ქვეყანაში ვერაგი კორონავირუსი და პანდემია კვლავ მძვინვარებს, ამასთან ბოლო პერიოდია, ინფიცირებულების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. სად აპირებენ დასვენებას, ჩაუშალათ თუ არა პანდემიამ გეგმები და რა დამოკიდებულება აქვთ ვაქცინის მიმართ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებსს გავესაუბრეთ და მათი ზაფხულის გეგმები და დასვენების ამბები გავარკვიეთ.

ლელა მებურიშვილი, მსახიობი:
- 3 დღის წინ დავამთავრე სპექტაკლები, დავხურეთ სეზონი. ძალიან ბევრი რამ დავგეგმე, მაგრამ საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩემი გეგმები გადავდე და ზოგი - გავაუქმე. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვარ აცრილი და წესით დაცულად უნდა ვგრძნობდე თავს, მაინც მეშინია, რადგან ჩემი
შვილები პატარები არიან, არ არიან აცრილები და მათ გამო თავს შევიკავებ. ჯერჯერობით აგარაკზე ვარ და ზაფხულის განმავლობაში შევეცდები ისეთ ადგილებში დავისვენო, სადაც ნაკლები ხალხი იქნება. მქონდა დაგეგმილი კონკრეტული ლოკაციები, მაგრამ სასტუმროებში აღარ ვაპირებთ წასვლას, ბევრი ხალხია. სავარაუდოდ, ზღვაზეც და მთაშიც საკუთარ სახლში წავალთ, სადაც არავინ იქნება, ჩემი ოჯახი წევრების გარდა.

- ზოგადად, როგორი ტიპის დასვენება მოგწონთ?
- სხვადსხვანაირი ტიპის დასვენება მომწონს, მე და ჩემ მეუღლეს აქტიური დასვენება, გართობა და ხალხმრავლობა გვიყვარს და პანდემიამდე ხშირად დავდიოდით მსგავს ადგილებში. კორონავირუსის გამო, მაქსიმალურად მოწყურებული ვარ გართობას, ძალიან მინდა ლამაზი კაბები შევიკერო, ვიყიდო, ყოველდღე წვეულებებზე ვიარო, ბევრი ადამიანი ვნახო, გავიცნო ხალხი და მეგობრებთან ერთად გათენებამდე ვიმხიარულო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში - არახალხმრავალ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას.

- პანდემიამ ყველას შეუშალა ხელი, თქვენი გეგმებიც ჩაშალა?
- ძალიან ბევრი გეგმა ჩამეშალა. ამ ერთი წლის განმავლობაში საინტერესო პროექტები იყო დაგეგმილი და უცბათ ყველაფერი გაუქმდა. ბევრი გეგმა და შემოთავაზება მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ განხორციელდა, რამდენიმეზე თვითონ ვთქვი უარი, ისევ და ისევ ვირუსის გამო.

- როგორც ახსენეთ, აიცერით, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვაქცინის მიმართ?
- თავიდან, როდესაც არ იცი რასთან გაქვს შეხება, ნერვიულობ, სკეპტიკურად ხარ განწყობილი, მითუმეტეს, როდესაც იაზრებ, რომ ყველაფერი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ახლა მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, მე შეიძლება ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვარ, მარტივად მოვერევი ვირუსს, მაგრამ სხვაზეც უნდა ვიფიქროთ. ვაქცინის გაკეთების დროს ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე, ასაკოვან ხალხზე, ზოგადად, სამყაროს გადარჩენაზეც. თითქოს, რაღაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდი სამყაროს გადარჩენისკენ. აღარ ჩავიტარე გამოკვლევები, პირველივე ვაქცინა, რომელიც შემოვიდა და ჩემთვის დაშვებული იყო, იმით ავიცერი. ყველა ჩემი ოჯახის წევრი, ვისთანაც შეხება მაქვს, მეგობრები, ახლობლები, უკვე ყველა აცრილია.

ნინუცა მაყაშვილი, მსახიობი:

- ჯერ არ მომიფიქრებია სად დავისვენებ, მაგრამ მინდა, ისეთ ადგილას წავიდე, სადაც სიმშვიდე იქნება, წიგნს წავიკითხავ და დილით ადრე გაღვიძება არ მომიწევს. ზოგადად, მშვიდი, წყნარი დასვენება მიყვარს, ბუნებაში ყოფნა მსიამოვნებს. აქტიური დასვენება აღარ მინდა, რაც უფრო ნაკლები ხალხი იქნება, მით უკეთესი.

- პანდემიამ ყველას შეუშალა ხელი, თქვენი გეგმებიც ჩაშალა?
- პანდემია ჩემს გეგმებს არ შეხებია, რადგან განსაკუთრებული არაფერი დამიგეგმავს და არც ჩამშლია რამე.

- ხომ არ აცრილხართ?
- ვაპირებ 5 აგვისტოს ავიცრა "ფაიზერით". ვერ გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ, ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ ვაქცინა სურვილისამებრ კეთდება და ჩემი დის დიდი მოწოდებით, მეც გადავწყვიტე, ავიცრა. აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ნერვებს  არ მიშლის ის ხალხი, ვინც არ იცრება და ვინც იცრება, არც იმათზე მაქვს რამე აზრი.

სალომე გოგიაშვილი, ჟურნალისტი:
- არსად არ ვაპირებ წასვლას, პანდემიიდან გამომდინარე, წელს თავს შევიკავებ. 2-3 დღე თუ გავალ სადმე, სხვა შემთხვევაში, ხანგრძლივი დროით ვერ გავრისკავ წასვლას. ზღვა, სანაპირო და რუჯი მიყვარს, თუმცა წელს თავს შევიკავებ. მეშინია სადმე წასვლის, მგონია, რომ თბილისში უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წელს დავრჩები სახლში და მომავალ წელს კარგად დავისვენებ.

- ხომ არ აცრილხართ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვაქცინის მიმართ?
- დიახ "სინოვაკით" ავიცერი და ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ყველა აიცრათ. ჩემს გარშემო, ვისაც კორონავირუსი დაემართა, ყველამ ძალიან რთულად გადაიტანა, ისინიც ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა აიცრათ, რადგან ჯანმრთელ ადამიანებსაც რთულ ფორმებში ჰქონდათ ვირუსი და ეს საშიშია.

გიორგი გილიგაშვილი, მომღერალი:

- ჯერ არ დავღლილვარ და არ ვგეგმავ დასვენებას. მოძრაობა და მოძრაობა, ეს სულ ჩვევაში მაქვს. ეს ჩვევა უნდა გაბედნიერებდეს ადამიანს და ჩემს შემთხვევაშიც ასეა, მაბედნიერებს. წელს, ნამდვილად არ დავღლილვარ.

- ზოგადად, როგორი ტიპის დასვენება მოგწონთ?
- ვფიქრობ, რომ ყველანაირი, ხუმრობის გარეშე, იმდენად ცოტა ხანი ცხოვრობს ადამიანი წუთისოფელში, ის აქ დაღლას ვერ მოასწრებს. დასვენებას მე განტვირთვას ვეძახი. თუ სულ პოეზიაში ხარ, პროზით უნდა განიტვირთო, თუ ცეკვაში ხარ, სიმღერით, თუ სიმღერაში ხარ, ფილოსოფიით, შემდეგ სპორტით და ასე. ძალიან ბევრი რამ არის, რითიც შეიძლება გაამრავალფეროვნო ცხოვრება.

- ვაქცინა ხომ არ გაგიკეთებიათ და რას ფიქრობთ აცრაზე?
- არ ავცრილვარ, კორონავირუსი ორჯერ გადავიტანე და ახლა ვირუსი რომ მხედავს, მიფრთხის, აუ, ისევ გილიგაშვილიო? ორჯერვე გამარჯვებით დავბრუნდი მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. სიმართლე გითხრათ, ვაქცინაზე არ მიფიქრია. როდესაც ადამიანი იბადება, მან იცის, რომ იგი ოდესღაც უნდა ეახლოს უფალს. თუ ადამიანის მრწამსი დაკავშირებულია ეკლესიასთან, ეს ნიშნავს, რომ იგი მეცნიერებასთან არის დაკავშირებული და არა - უმეცრებასთან. თუ მეცნიერება გვაძლებს საშუალებას, ეს ვაქცინა საკურნებელი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ ამ წუთისოფელში, მაშინ უნდა მივიღოთ ის, რატომ არ უნდა გაიხანგრძლივო ცხოვრება?! წამალი, რომელიც საკურნებელია სიცოცხლისთვის, როგორ შეიძლება ცუდი იყოს. ყურმოკვრით ვიცი რაღაც-რაღაც ინფორმაციები, რომლებშიც ნამდვილად არ ჩამიხედავს. მაგრამ, სიყვარულზე დიდი დამცველობითი ვაქცინა დედამიწაზე არ არსებობს.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- რატი, დასვენების სეზონი გაიხსნა, თქვენ სად გეგმავთ დასვენებას?
- არსად, წელს თბილისში დავრჩები, არ გავდივარ ქალაქგარეთ. პანდემიის გამო, აზრი არ აქვს ასეთ ვითარებაში დაისვენო, ყველგან პრობლემაა და მირჩევნია, სახლში დავრჩე. კლუბები არ მუშაობს, კონცერტები არ არის. ახლა იმდენად არამყარი სიტუაციაა, ვერაფერს ვგეგმავ.

- ზოგადად, როგორი ტიპის დასვენება მოგწონთ?
- ყველანაირი, თავისი ღამის ცხოვრებით, ზღვითა და განტვირთვით. ჯერ არ ავრცილვარ მაგრამ ავიცრები აუცილებლად. ყველა უნდა ავიცრათ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თუ არ ავიცრებით, მოგვიწევს სულ სახლში ჯდომა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ქართლოსი
01 აგვისტო 2021 11:24
Teils. შენი ლოგიკით გამოდის, რომ ერთი ადამიანიც თუ დარჩა აუცრელი იმ ადამიანისგან დაიწყება ახალი მუტაცია და ტალღა. რუსული ვაქცინა არ ითვლება ვაქცინად ეს შენი 300 მილიონი კაცი. ამერიკა და დასავლეთ ევროპის დიდი ნაწიილი არ ცნობს ჩინურ ვაქცინას. ეს შენი მილიარდ სამასი მილიონი კაცი. ეხლა გეკითხები აქვს აცრას აზრი შენივე ლოგიკით? არ დამბლოკოთ!
Teos
30 ივლისი 2021 13:10
შენნაირად რო ფიქრობს მოსახლობის ნაწილი და არ იცრება სწორედ ამიტომაც აქვს ვირუსს მუტაციის შესაძლებლობები და განვითარების საშუალება, ყველას რო აქამდე გაეკეთებინა ვაქცინა კორონა ვირუსი საქართველოს წარსულს ჩაბარდებოდა და ამოვისუნთქებდიტ მარა ყველას საქმის კეთება სხვისი ხელით გინდათ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არა!
Ზაზა
30 ივლისი 2021 11:21
მხოლოდ ქართული ვაქცინით ავიცრები! მანამდე სპირტი და პირბადე, საუკეთესო დაცვაა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები