"მე "ფაიზერის" ერთმა დოზამ მიშველა... თუმცა ზედა სართულზე სხვა მდგომარეობაა, სამი დღე პანაშვიდები ჩანდა ჩემი ფანჯრიდან" - კვირის პალიტრა

"მე "ფაიზერის" ერთმა დოზამ მიშველა... თუმცა ზედა სართულზე სხვა მდგომარეობაა, სამი დღე პანაშვიდები ჩანდა ჩემი ფანჯრიდან"

კორონავირუსით ინფიცირებული რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი, რომელიც კლინიკის შემდეგ სახლში მკურნალობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ვაქცინამ "ყველაზე რთული ფაზა გადაატანინა".

როგორც ის ჰყვება თავად "ფაიზერით" აცრამ დაიცვა, თუმცა კლინიკაში საშინელი სურათის შემსწრე გახდა.

"გამომწერეს საავადმყოფოდან და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, ყველაფერი წესრიგშია, ვირუსი ფაქტიურად გამქრალია. განსაკუთრებული მადლობა ლევან რატიანს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უძალიანმაგრეს გუნდს: თამილას, ქეთის, ოთოს და ყველა სხვას.

აქვე გეტყვით, რომ ფაიზერის ერთმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა და ყველაზე რთული ფაზა მარტივად გადამატანინა. ჩვენს სართულზე აცრილები იყვნენ და მათაც მარტივად გადააქვთ.

სამწუხაროდ, ზედა სართულებზე სულ სხვა მდგომარეობაა. არ არის საკმარისი საწოლი. მეგობარი 24 საათი ელოდებოდა რომ პალატაში გადაეყვანათ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნისას სამი ადამიანი გარდაიცვალა: 30 წლის ორსული გულის გაჩერებით, 28 წლის ბიჭი ტვინის დაავადებით და ბოლოს 22 წლის გოგოს გაუჩერდა გული. სამი დღე პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან.

მოკლედ ყველა აიცერით, პირბადე ატარეთ, დისტანცია დაიცავით და თავყრილობებს მოერიდეთ. მხოლოდ აცრა არ შველის, ყველა წესი უნდა დავიცვათ. ეს სურათი პირველ დღესაა გადაღებული, ვისაც პირბადეში გცხელათ, დამიჯერეთ ჟანგბადის ნიღაბი უარესია" - წერს ვარსიმაშვილი.