"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

2021 წლის 17 სექტემბერს ერთი წელი გახდება, რაც ჯაბა ბოჯგუა აღარ არის. ის 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა ჯაბას დედა, მანანა გვასალია, რომელიც მთელი იმ პერიოდის მანძილზე ერთადერთ შვილს გვერდიდან არ სცილდებოდა, იმედს ერთი წუთითაც არ კარგავდა, რომ ჯაბა კომიდან გამოვიდოდა და ამისთვის დღე და ღამეს ასწორებდა,

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი გრძნობს თავს და როგორ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად კომაში მყოფ შვილს უვლიდა...

- იმედი მქონდა, ცუდს ერთი წუთით არ ვუშვებდი და ვფიქრობდი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჯაბას ამ მდგომარეობამ ბებიაც, ანუ დედაჩემი შეიწირა... უკვე ერთი წელი ხდება, რაც სრულიად მარტო დავრჩი. მეც ვერ ვარ კარგად. ჩემი შვილის სიცოცხლეში, როცა მას ვუვლიდი, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს ვუჩიოდი. ალბათ იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, გვერდით არავინ მყავდა, ჩემ მეტი, ჩემი შვილის უშუალო მომვლელი არავინ ყოფილა. მოკლედ, მასზე ვიყავი მთლიანად გადართული. ახლა ისე ვარ, რომ დიდხანს ფეხზე ვერ ვდგავარ, ვერ ვჯდები და ვერ დავდივარ. სულ ექიმებთან ვარ, მაგრამ შედეგი ჯერ არაფერი მაქვს. ხერხემალი უზომოდ მაწუხებს. ეტყობა, ჯაბას რომ ვწევდი, ამან საბოლოოდ თავის კვალი დამატყო. მტკივა ფეხები, დასიებულიც მაქვს. წამლებს ვსვამ, მაგრამ შვება არაა. ექიმი მეუბნება, ყველაფერი ხერხემლიდან მოდისო. მოკლედ, ასე ვარ და ვწვალობ...

ყოველ მეორე დღეს საფლავზე ავდივარ, აქვე გლდანის კერძო სასაფლაოზეა ორივე - დედაჩემიც და ჯაბაც დაკრძალული... მყავდა დედა და შვილი და არცერთი აღარ არის - ორივე ერთ წელიწადში დავკარგე. დედის წლისთავი არ იყო გასული, ჯაბა რომ გარდაიცვალა.

იმ 12 წლის განმავლობაში ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად იყო. ისე ცუდად არც ყოფილა. შევხედავდი თუ არა ჩემს შვილს, ვხვდებოდი, როდის რა უნდა გამეკეთებინა, მისი ყველაფერი ვიცოდი, მაშინ კი ვერ გავერკვიე, რა სჭირდა. ხომ ვამბობ, გარდაცვალების წინა დღეს ძალიან ცუდად იყო, სკამზე ჩამოჯდომის საშუალებას არ მაძლევდა. ასე დაქანცულმა დილის 5 საათამდე მივაღწიე, მეც ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა, მეგონა, დავეცემოდი და რამდენიმე წუთით სავარძელზე ჩამოვჯექი, როგორც ჩანს, ჩამთვლიმა. 20 წუთში თვალები გავახილე და ჯაბა აღარ იყო... იმ ემოციას, განცდას ვერ გადმოგცემთ და აღვწერ, რა მჭირდა და რა დამემართა. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი თვალებიდან და გონებიდან ის ყველაფერი არ ამოვა.

- როგორც ვიცი, თქვენს დაბადების დღეზე გარდაცვლილა...

- კი, შარშან, 17 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა... მალე წლისთავია. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ აღარ არის... ამ ემოციებს, რაც ახლა მაქვს, ისევ ის მდგომარეობა მერჩივნა, ყოფილიყო ისე, როგორც იყო და ისევ მომევლო. თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ. ნერვები მღალატობს, ვერ ვიმორჩილებ. წამალს კი ვსვამ, მაგრამ ვერ მერევა. განაგრძეთ კითხვა