"დამიწუნეს - "აწყობილი" გოგოაო" - კვირის პალიტრა

"დამიწუნეს - "აწყობილი" გოგოაო"

"ძალიან პატარა - 18 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი"

სახელი, გვარი: თაკო ცქვიტინიძე. ასაკი: 36 წლის.

პროფესია: მსახიობი, ჟურნალისტი.

ჰობი: ჩოგბურთი.

ცხოვრების დევიზი: "იცხოვრე დღეს, რადგან "გუშინ" აღარ არის და "ხვალ" შეიძლება, აღარ იყოს".

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში ყოფნა. ფინჯანი ყავის თანხლებით მათთან საუბარი, სიცილი... ეს დიდ ძალას მაძლევს და მასვენებს.

- მეგობრისგან ღალატი გიგემიათ? - ღალატი - არა, მაგრამ გულისტკივილის შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. დიდი მნიშვნელობა აქვს, მეგობარი რომელ ასაკში შეიძინე და როდემდე გაგყვება. მაგალითად, სკოლაში სწავლისას, მოზარდობისას, სტუდენტობისას შეძენილი მეგობრების წრე მუდმივად იცვლება, რადგან ჩვენც ვიზრდებით, ვვითარდებით, მსოფლმხედველობა გვეცვლება. შესაბამისად, უკვე ავტომატურად, ვიღაც ჩამოგშორდება ან პირიქით - ძალიან დაგიახლოვდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. დღესდღეობით, ჩემი ერთ-ერთი დიდი სიმდიდრე სწორედ მეგობრებია. მქონდა რთული პერიოდები, პრობლემები, როცა მათი ჩემ მიმართ დამოკიდებულება, პატივისცემა და სიყვარული კარგად გამოჩნდა.

- ბავშვობაში ან მოზარდობისას შეძენილი მეგობრები გყავთ? - რომ ვთქვა, ბევრი ახალშეძენილი მეგობარი მყავს-მეთქი, ტყუილი იქნება. ძირითადად, სტუდენტობის პერიოდში შეძენილი მეგობრები მყავს.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ? - ვიზუალური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ის ადამიანი არ ვარ, ვინც სარკეში ჩახედვისას თვითკმაყოფილია - ვაიმე, რა ლამაზი ვარო!.. ყოველი გარდამტეხი პერიოდი მახსოვს, თითოეული წელი ჩემთვის დიდ გამოცდილებას და ხასიათის ცვლილებას ნიშნავს. პლუს, იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ამ აზრს იზიარებს - ასეთი ვარ და რა ვქნაო? კონკრეტული სიტუაციები არსებობს, როცა უნდა შეიცვალო. მეც რადიკალურად შევიცვალე. ვცდილობ, ამ ცვლილებებს დადებითი მიმართულება მივცე... ყოველდღე - არა, მაგრამ გარკვეული პერიოდების შემდეგ, სარკეში ჩახედვისას სხვადასხვა ადამიანს ვხედავ და ვცდილობ, რაღაცები უფრო მეტად შევცვალო. ჩემთვის თვითგანვითარება უმნიშვნელოვანესია.

- წლების წინ როგორი იყავით და ახლა როგორი ხართ? - ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები შემიცვალა, ამა თუ იმ პრობლემის მიღება და გადაჭრის გზების ძიება მასწავლა. წინათ რაღაცებზე თუ ძალიან ვნერვიულობდი, ახლა ძველებურად მძაფრად არ აღვიქვამ... უბრალოდ, ასაკობრივი, ჩვეულებრივი ამბავი მგონია. ალბათ, ყველა ასეა... საკუთარ თავზე დღესაც ვმუშაობ, რომ თუ რამე არ მომწონს, გამოვასწორო.

- ერთი მავნე ჩვევა, ხასიათის თვისება დაგვისახელეთ, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობთ... - არ მინდა, ისე გამოჩნდეს, რომ თავს ვიქებ - ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ჩემი პროფესიების მიუხედავად, ზოგჯერ ზედმეტად მორიდებული ვარ. კამერა რომ ჩაირთვება და წითელი შუქი აინთება, იმ დროს უკვე ჟურნალისტი ვხდები; როდესაც მესამე ზარი დაირეკება და სცენაზე შევალ, იქ უკვე მსახიობი ვარ; ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა ზედმეტად მორიდებული გახლავართ, რაც რაღაცებში ხელს მიშლის: შეიძლება, ადამიანთან ზედმეტად დარეკვა და მისთვის შეკითხვის დასმა მომერიდოს, - ვაიმე, არ შევაწუხო-მეთქი. სითამამე მაკლია ხოლმე.

- უკეთესი ჟურნალისტი ხართ თუ მსახიობი? - მსახიობი. იმას ვგულისხმობ, რომ თეატრი უზომოდ მიყვარს. ეს ის ადგილია, რომელსაც ვერ შეველევი, რა შემოთავაზებაც უნდა მივიღო. თეატრი ჩემთვის პრიორიტეტულია.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით? - ვისურვებდი, რომ ადამიანების გამოჯანმრთელება, დახმარება შემძლებოდა...

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღეთ? - (ფიქრობს) საერთოდ, შენიშვნას ცუდად არასდროს ვიღებ, პირიქით... მსახიობებს გვახასიათებს, რომ მაგალითად, სპექტაკლის პრემიერის შემდეგ, გარშემო მყოფი კომპეტენტური ადამიანების აზრით ვინტერესდებით. აქეთ ვითხოვთ შენიშვნებს, კრიტიკას, რომ ხარვეზი გამოვასწოროთ... შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე ეთერში ვარ. გამორიცხულია, სახლში მოვიდე, მეცალოს და ჩემი ეთერი არ "გადავახვიო". რა თქმა უნდა, ამას თვითტკბობის გამო არ ვაკეთებ: მინდა ყველაფერს შევხედო, რომ ვიცოდე, სად რა იყო არასწორი, გამოსასწორებელი, ზედმეტად ბევრი როდის ვილაპარაკე ან როგორ ვიჯექი... მანერებს ვაკვირდები, ყველაფერს ვაანალიზებ... შესაბამისად, შენიშვნას რომ მაძლევენ, მძაფრად არ აღვიქვამ, პირიქით - თუ ადეკვატური და მისაღებია, გამოსწორებას ვცდილობ. შენიშვნის მეტი რა მიმიღია? ბოლოს - ვერ ვიხსენებ... დედა ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და მაკიაჟთან დაკავშირებულ შენიშვნებს ხშირად მაძლევს. სავარაუდოდ, ბოლო შენიშვნაც მისგან მივიღე (იღიმის).

- თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური რა ჭორი მოგისმენიათ?

- ბოლო დროს ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა წლების წინ, როცა "პირველ სტერეოზე" ვმუშაობდი (როცა ტელეეკრანზე პირველად გამოვჩნდი), რატომღაც ყველას ეგონა, რომ ტუჩი, ცხვირი "გაკეთებული" მქონდა. ახლახან იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ღონისძიების წამყვანი უნდა ვყოფილიყავი და დამიწუნეს - "აწყობილი" გოგოაო (იცინის). ახლა ის ეპოქა აღარ არის, რომ ადამიანმა მსგავსი რაღაცები დამალო, პირიქით - "ინსტაგრამზე" "სთორებს" ვნახულობთ, გოგონები ტუჩს პირდაპირ ეთერში როგორ იკეთებენ. ეს დასამალი აღარ არის და მე ხომ არ დავიწყებ პრანჭვა-გრეხას? "გაკეთებული" რომ მქონდეს რამე, ნამდვილად ვიტყოდი (იღიმის)... ძირითადად, ამ ტიპის ჭორები მსმენია. რამე გულსატკენი ან მძაფრი არაფერი მახსენდება, განსაკუთრებით - ბოლოდროინდელი.

- გარეგნობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება? - ფინანსური სახსრები აუცილებლად სჭირდება და მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ შინ სახეზე არაჟნის წასმით ან კიტრის ნათალის დადებით გარეგნობაზე ზრუნვას მოვახერხებთ. ქალბატონი საკმაოდ ხარჯიანია, კარგად რომ გამოიყურებოდეს: თავის მოვლის გარდა, კვებაც განსხვავებული სჭირდება, თუკი წონის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, სამოსს დიდი ფინანსები უნდა... ჩემს შემთხვევაში, ვერ ვიტყვი, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი. ამწამს სახეზე კრემიც კი არ მისვია. პრინციპში, მჭირდება, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ...

- დაასახელეთ მსახიობი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს, თქვენ კი - არა...

- სახელს ვერ ვიხსენებ. ძალიან შეუხედავი ქალია: გამხდარი, მაღალი, მოკლედ შეჭრილი ქერა თმა და გადმოკარკლული ცისფერი თვალები აქვს... "აფრენენ" ხოლმე, ისე მოსწონთ. ჩემთვის მისი გარეგნობა უკვე ისეთი დამთრგუნველია, ვერ ვხვდები, რატომ მოსწონთ...

- თქვენი ცხოვრება რომელმა ეპიზოდმა შეცვალა რადიკალურად? - უპირველეს ყოვლისა, იმ ეპიზოდმა, როცა ჩემი შვილი - სანდრო გაჩნდა. როცა ქალს "დედის" სტატუსი მიენიჭება, მისთვის ბევრი რაღაც მთავრდება და სხვანაირი მსოფლმხედველობა, მოვლენების აღქმა უჩნდება... ასეთ დროს ქალი თავიდან ბოლომდე იცვლები. შვილი რაც უფრო იზრდება და შენც იზრდები, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება: რაღაცების უფლება არ გაქვს, რაღაცები ცოტათი სხვანაირად უნდა გააკეთო... ძალიან პატარა - 18 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი.

- შეყვარებული როგორი ხართ? სიყვარული თქვენზე როგორ მოქმედებს? - ძალიან კარგად. მგონი, სიყვარული არის ის, რამაც უკეთესი უნდა გაგხადოს. შესაბამისად, წარმოუდგენელია, სიყვარული ვინმეზე ცუდად მოქმედებდეს. ეს გრძნობა უნდა იყოს მოტივატორი, რომ უფრო მეტი და უკეთესად გააკეთო...

- თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?

- ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვყვები ხოლმე. გულწრფელი ვარ - არაფერს ვმალავ, მაგრამ არის რაღაცები, რაც მგონია, რომ მარტო ჩემია, ამაზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკო ადამიანმა... ჩემი მესაიდუმლე რამდენიმე დაქალია.

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"