"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ... საქართველო ჩემი სამშობლოა და მუდამ ასეთად დარჩება" - კვირის პალიტრა

"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ... საქართველო ჩემი სამშობლოა და მუდამ ასეთად დარჩება"

რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ("Московский комсомолец") სანქტ-პეტერბურგული გამოშვების 30 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ მომღერალ თამარ გვერდწითელთან, რომელშიც იგი, ჟურნალისტ ილია ზლატოვთან საუბრისას, ეხება თანამედროვე რუსულ კულტურას, ხელოვნებას, ლაპარაკობს პეტერბურგულ შთაბეჭდილებაზე, სადაც მან რამდენიმე დღის წინათ კონცერტები გამართა... ბუნებრივია, თამარ გვერდწითელი საუბრობს საქართველოს შესახებაც. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თამარა მიხაილოვნა, როგორ მოგწონთ ჩვენი სანქტ-პეტერბურგი? გრჩებათ ქალაქში გასეირნების დრო, როცა აქ გასტროლებზე ხართ?

- სამწუხაროდ, გასეირნებას იშვიათად ვახერხებ... პეტერბურგი წელიწადის ყველა დროს ლამაზია, განსაკუთრებით - გაზაფხულზე და ზაფხულობით. ხშირად მინატრია, რომ ტურისტი ვიყო და ქალაქი დავათვალიერო.

- მოსკოვში დიდი ხანია, ცხოვრობთ. რა არის თქვენთვის რუსეთის დედაქალაქი? - მოსკოვი დიდი ხანია, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა - თითქმის 20 წელია... მე მოსკოვში 1990-იანი წლებიდან ვარ, ახალგაზრდობის პერიოდიდან. იყო დრო, როცა წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ დავრჩი და არ ვნანობ - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრება - ეს ყოველდღიურ ბრძოლას ნიშნავს "მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად", დედაქალაქში სულ სხვა ცხოვრებაა - შემოქმედება, გამარჯვებები და ოცნებების ასრულება... მე, რასაკვირველია, როგორც ადამიანი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს ეთნიკურ წარმომავლობას, ჩემს ეროვნებას - იმ ხალხს, რომელსაც ვეკუთვნი, ამიტომ ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მოსკოვი ძალიან მიყვარს.

- სხვათა შორის, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოსთან? - საქართველო ჩემი სამშობლოა და მუდამ ასეთად დარჩება. სამშობლოში ჩვენ შეიძლება რაღაცები მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ სამშობლო თავის შვილებს არასდროს არ იშორებს, მას უყვარს თავისი შვილები უსიტყვო, დედაშვილური სიყვარულით. შეიძლება მიკერძოებულიც კი იყოს ამ სიყვარულში - ისევე, როგორც ყველა დედა. შვილმაც შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვას, მაგრამ მისი სიყვარული დედა-სამშობლოსადმი უცვლელია და მას ვერავინ ვერაფრით დაჩრდილავს.

(...)

- თქვენ, ალბათ, ქართული სამზარეულო მოგწონთ და უპირატესობას ეროვნულ კერძებს აძლევთ... - დიახ, ქართული სამზარეულო ჩემთვის ყველაზე ორგანულია, ძალიან მიყვარს ჩვენი საჭმელები, განსაკუთრებით ფხალი - ქართული ეროვნული საუზმეული ბოსტნეულისა და ნიგვზისაგან! თუმცა მთლიანობაში ყველაფერი მომწონს, რასაც მცოდნე ადამიანები კარგად, გემრიელად და სიყვარულით ამზადებენ. ზოგადად კი, ძალიან ვაფასებ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ საქმეს ღირსეულად აკეთებენ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ