"თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს" - კვირის პალიტრა

"თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს"

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება.

"ქვეყნისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა 3 ათასიანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ვაქცინის ჩანაცვლება მეორე დოზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება. როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, ასეთი ალერგიული რეაქცია საქართველოში მხოლოდ 2-3 ადამიანს აღენიშნა. რაც შეეხება თრომბოემბოლიურ გართულებას, მსგავსი შემთხვევა მისი ინფორმაციით ქვეყანაში არ ფიქსირდება, თუმცა, ვაქცინის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთ მოვლენას ადგილი ექნება.

"ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება ძალიან ცოტაა, ასეთი არის სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა ძალიან ცოტაა და მინიმალური. რაც შეეხება გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამას იხილავს იშგამის კომიტეტი, სადაც შედის ბევრი დარგობრივი ექიმი, მათ შორის ალერგოლოგები. ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ ამ კომიტეტის", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, თუ პირველ ვაქცინაციაზე ადამიანს გვერდითი რეაქცია განუვითარდება, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება.

"ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა, მაგალითად, თუ რეაქცია არის "ფაიზერზე", შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან "ასტრაზენეკა", თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ "ფაიზერი" ან "ასტრაზენეკა". საუბარია მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარებაზე - ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. ჩვენთან არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება "ასტრაზენეკას" პირველ დოზაზე, აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე იყო 2-3 შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს, მკურნალ ექიმს და დაწესებულებებს უშუალოდ გადავუგზავნით", - განაცხადა კულუმბეგოვმა.