"საბჭოთა კავშირში გაღვიძების შიში მაქვს..."
"საბჭოთა კავშირში გაღვიძების შიში მაქვს..."
"ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვიტირე"

"ხშირად მსაყვედურობენ, რომ ადამიანებს იმაზე მეტ უფლებას ვაძლევ, ვიდრე იმსახურებენ", - ამბობს მსახიობი სოფია სებისკვერაძე. რა არის მისი სუსტი წერტილი, რას მალავს, რა დროს იბნევა, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და როგორი ადამიანები აკვირვებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1981 წლის 23 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი და ასეც მოხდა. ყველაფერზე დაკვირვება მიყვარდა, ვიდრე ბევრი
ლაპარაკი. "ილუზიონი" რომ დაიწყებოდა, იმ მუსიკაზე დედა ხშირად ეტიუდებს მაკეთებინებდა, ხან ჩიტი ვიყავი, ხან - პეპელა. ეს გადაცემაც ძალიან მიყვარდა, ამ პროფესიისადმი ინტერესი ფილმებმაც გამიჩინა.

- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ კეთილი ვარ. თეატრში ამბობენ, რომ შრომისმოყვარე და ნიჭიერი გახლავართ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...
-
...ბავშვობაში, როცა ჩემი მეზობელი ანზორი ბიძია მაგიდაზე ამიყვანდა, ხან ლექსებს მათქმევინებდა, ხან მამღერებდა, რაც ძალიან მიხაროდა. ეს ეპიზოდი ყოველთვის კარგად მახსენდება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს თავს. არასდროს არავინ დამხმარებია.


- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილი და მე ვარ მე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...გავხდე უკეთესი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...არ ვიღლები იმისთვის, რომ უკეთესად ვიცხოვრო, პიროვნულად განვვითარდე.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ემოციურობაა, რომელსაც ყოველთვის ვებრძვი. მინდა, ნაკლებად ემოციური ვიყო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ბევრი შეცდომა ცხოვრებაში ალბათ არ დამიშვია, მაგრამ იმ შეცდომებზე, რომლებიც დავუშვი, ბევრი რამ ვისწავლე.

- პატიება შემიძლია, თუ...
- "თუს" გარეშე შემიძლია.


- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...საქართველო არის ძლიერი, დამოუკიდებელი, განვითარებული ქვეყანა, ხალხს არ შია, მოხუცები ქუჩაში ლიმონს არ ყიდიან. მოგვარებულია სოციალური პრობლემები და დაკარგული ტერიტორიები დაბრუნებულია.

- ვიბნევი...
- ...როცა ადამიანები იტყუებიან.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ჩემს მშობლებთან ერთად, დღეს მამას დაბადების დღეა.

- მენატრება...
- ...ყველა ის ადამიანი, ვინც ძალიან მიყვარს და ხშირად ვერ ვნახულობ.

- ვაგროვებ...
- ...საინტერესო ადამიანებს. ასეთ პიროვნებებთან მეგობრობა, ემოციების და აზრების გაცვლა ყველაზე დიდი განძია.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...მტრულად განწყობილ საზოგადოებას, რომელსაც არ უნდა ქვეყნის განვითარება.

- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები, რომლებიც არ ცდილობენ, იცხოვრონ უკეთეს გარემოში.


- სიყვარული ეს...
- ...ინდივიდუალური განცდაა, ზოგს სიამოვნებას ანიჭებს, ზოგს ტანჯავს. ისე უნდა დააბალანსო, რომ სიამოვნება მიიღო, ტანჯვით შენს თავსაც ტანჯავ და იმ ადამიანსაც. სიყვარული აუცილებელია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალ-ვაჟის სიყვარულს არ ვგულისხმობ. ძალის მომცემია საქმის სიყვარული, მეგობრების სიყვარული, ოჯახის და ა.შ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ბავშვის სიცილმა, მასთან ერთად თამაშმა, ჯანსაღმა იუმორმა.

- ვრისკავ...
- ...იშვიათად, სამწუხაროდ რისკიანი ადამიანი არ ვარ, არადა, ეს ხშირად საჭიროა.


- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...მიუსაფარი ცხოველებია, მათ გვერდს ვერასდროს ავუვლი გულგრილად.

- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მერიდება, თავს უხერხულად ვგრძნობ, ეს ალბათ ბავშვობიდან გამომდინარეა, ჩემი თაობის უმრავლესობა ისე გავიზარდეთ, მშობლებიც კი არ შეგვაქებდნენ ხოლმე, რადგან საბჭოთა კავშირში ეს ცუდ ტონად იყო მიჩნეული.

- შიში მაქვს...
- ...სიკვდილის, საბჭოთა კავშირში გაღვიძების.

- ვმალავ...
- ...ცრემლებს.

- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.

- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ ადამიანებს იმაზე მეტ უფლებას ვაძლევ, ვიდრე იმსახურებენ.


- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს. თინეიჯერობის წლებში მსურდა 5 სანტიმეტრით მაღალი ვყოფილიყავი, ახალა ეგეც არ მწუხებს.

- ვუფრთხილდები...
- ...ჯანმრთელობას, მეგობრებს, ნათესავებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ინგლისური ენა, კარგად არ ვიცი და ეს სათანადოდ არმონდომების ბრალია.



- ვიტყუები...
- ...იშვიათად; მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებლობას წარმოადგენს და ვინმეს არ დააზარალებს.

- ყოველთვის მრცხვენია...
- ...როცა ადამიანები თვალთმაქცობენ.

- თავისუფლება...
- ...შინაგანი მდგომარეობაა. ჩემს შემთხვევაში, თავისუფლება მოვიდა 30 წლის შემდეგ. ეს ის ასაკია, როცა ზუსტად იაზრებ, ვინ ხარ, რა გინდა, სწორად ცხოვრობ, საკუთარ თავს არ ატყუებ. თავისუფლებაა, როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები განსხვავებულობის გამო ერთმანეთს არ კლავენ; თავისუფლება მოდის სულიერ ზრდასთან ერთად, შინაგანად რაც უფრო გაზრდილი ხარ და საკუთარ თავს უფრო კარგად იცნობ; როდესაც ბევრს შეიმეცნებ და მეტად განვითარდები, თავისუფლების ხარისხიც მეტია. ვფიქრობ, თინეიჯერობის ასაკში ეს ვინმესთან იშვიათად თუ "მიდის".

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...მიუსაფარ ცხოველებს მივხედავდი. ასევე, მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, ყველა ახლობელს დავეხმარებოდი და თავად უსასრულოდ ვიმოგზაურებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს "წამალია" ფეხით სეირნობა, კითხვა, მეგობრებთან ერთად ყოფნა.


- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...როდესაც პატარა ვიყავი, ბებო ხშირად მარიგებდა, სულ ცხოვრებისეულ რჩევებს მაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბავშვი გახლდით, მისი ხმაც კი მკაფიოდ მახსოვს. მეუბნებოდა, ადამიანმა ყოველთვის ბევრი უნდა იფიქროს, სანამ რამეს გააკეთებსო.

- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოდის თეატრში, ვინც წაიკითხა ეს ინტერვიუ და რამდენიმე წუთი დაგვითმო. დრო ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ვეცდები, მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო ვიყო.

თამუნა კვინიკაძე

BiBi
02 აგვისტო 2021 22:13
კაააი რამეა ჩემმა მზემ,
მარა ვინ არის?
მარი
01 აგვისტო 2021 22:29
ლამაზი საყვარელი ადამიანი
ihcuiy
01 აგვისტო 2021 13:49
რაც უფრო მეტის ადამიანის აზრს ვისმენ თავისუფლებაზე, მით მეტად ვრწმუნდები რომ თავისუფლების აზრი საერთოდ არ ესმით რა არის:(((

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები