"დიახ, ნაოჭები მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ!" - კვირის პალიტრა

"დიახ, ნაოჭები მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ!"

"ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია"

"ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და ბოლოს და ბოლოს მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... მეც მაქვს ნაოჭი ყელის არეში, თვალთან და ამით ვამაყობ! ძალიან არასწორია 40-ს პლუს ასაკში აბსოლუტურად პლასტმასის სახე გქონდეს!" - ამბობს ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში, ულამაზესი ნანა ნებიერიძე. იგი საზოგადოებას ყველაზე მეტად პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაამახსოვრდა... ყოფილი სპორტსმენი მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უმთავრესი რამ დახვეწილი გემოვნების გამოსავლენად?

- პირველ რიგში, საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა...

- თქვენზე რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა? - დიდი მადლობა, თუ ფიქრობთ, რომ დახვეწილი ვარ... საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიაჩემი გახლდათ პოლონელი გრაფინია - ამა რაუმოვსკაია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა...

მახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე წასასვლელად ვემზადებოდით, იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე და წასვლის წინ კანცელარიაში, პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გვქონოდა. საგანგებო გამოსასვლელი კოსტიუმი და ქვედაბოლოები გვეცვა, შლაპებიც - ულამაზესი ფორმის იყო... ბებიამ გამოწყობილი რომ დამინახა, მითხრა, "ჩულოჩკები" ჩაიცვიო. იგი რუსულენოვანი გახლდათ და ვერც მივხვდი, რისი ჩაცმა მირჩია... თურმე, კოლჰოტს გულისხმობდა და გადავირიე, 40 გრადუსი სიცხე იყო, იწვოდა თბილისი და კოლჰოტს რა ჩამაცმევდა?!. ჩემს აღშფოთებას ბებიას საყვედური მოჰყვა: როგორ შეიძლება ამ დონის მიღებაზე ქალი შიშველი ფეხებით მიხვიდეო...

მისგან ნასწავლი მეორე უმთავრესი რამ დღემდე წესად მაქვს! სადაც უნდა წავიდე - ქორწილში, დაბადების დღეზე, პრეზენტაციაზე, ჯერ აუცილებლად გემრიელად უნდა ვისადილო! სულ მეუბნებოდა, ასეთ ადგილებზე ჭამა არ შეიძლება, მხოლოდ რამე უნდა გასინჯოო... გამორიცხულია, სადმე მივიდე და წინასწარ გემრიელად დანაყრებული არ ვიყო! ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია.

- ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით... სიახლეების გაცნობას ამჯობინებთ თუ ისტორიულ წარსულში მოგზაურობას? - მე იმ თაობის ადამიანი ვარ, უკვე ძალიან მყარად რომ დავდივართ დედამიწაზე... მომწონს და მიყვარს ის, რაც არის სინამდვილეში! რაც შეეხება მოგზაურობას, პანდემიამ ამ მხრივ ძალიან დაგვაზარალა და ამიტომაც საგანგებოდ ავიცერი, სადმე რომ წავიდე... მოგზაურობა სერიოზული "რესტარტია" ჩემთვის!

- თქვენ ხომ პრივილეგირებული იყავით იმ მხრივ, რომ მაშინ შეგეძლოთ გემოგზაურათ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა ამის საშუალება... პირველად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდით და რით იყო შთამბეჭდავი? - ცოტა არასწორად არის კითხვა დასმული... კი ბატონო, მე იმ პერიოდში დავიწყე საზღვარგარეთ სიარული, როცა ჩაკეტილი სივრცე იყო, მაგრამ მერწმუნეთ, რისი ნახვაც ძირითადად მიწევდა, ეს იყო: აეროპორტი, აუზი და ის, რასაც ავტობუსიდან ან სამარშრუტო ტაქსიდან ქუჩაში დავინახავდით.

მერე რაც უფრო გავიზარდე, მით მეტად ვპოულობდი დროს მესეირნა და რამე მენახა... პირველი ჩემი მოგზაურობა იყო ავსტრიაში, ვენაში... ვენიდან ინსბრუკში წავედით და ვინაიდან ძალიან პატარა ვიყავი, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფნის დროს დავიკარგე. ხომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რატომ მიპოვეს, ნეტავ იქ დავრჩენილიყავი-მეთქი (იცინის)...

- მაშინ არ შეგეშინდათ? - არა... წარმოიდგინეთ, ჩაკეტილი სივრციდან 7 წლის ბავშვი უცებ აღმოჩნდა ასეთ ქალაქში, უზარმაზარ მაღაზიაში და იმდენი საინტერესო რამ ნახა... აღფრთოვანებული ვიყავი.

- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად ნახეთ? - ვინაიდან იტალიაზე ვგიჟდები და ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური ენა, სამზარეულო, სტილი, ჩაცმულობა, ლაპარაკი, ქცევა და ასე შემდეგ, ამიტომაც, გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვითაც იტალია ჩემთვის ნომერი პირველია!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ მისაბაძად გემოვნებიანი? - მე ძალიან მომწონს ირა პრუსეცკაია... სოლიდურ ასაკში მყოფი ქალბატონი ძალიან დახვეწილია, არასოდეს აქვს ზედმეტი წონა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორი ქალიც ძალიან მომწონს... ბრჭყვიალებს და ზედმეტ ფერებს ვერ იპოვით მის სამოსში, ზუსტად იცის თავისი სხეული და როგორი შემოსილით უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე! გვარმა შეიძლება ბევრი დააბნიოს, მაგრამ თბილისელი ქალბატონია, საქართველოში ცხოვრობს და ქართველია ყველანაირად. თემურ ჭყონიას მეუღლის - მარინა გუნიას ახლო მეგობარია.

ამას წინათ მე და ჩემი შვილი ვსაუბრობდით აჩი არველაძის მეუღლეზე. ძალიან მომწონს ეს გოგო, გამორჩეულად ბუნებრივია. არ არის გიჟურად გატაცებული ინიექციებით და პლასტიკური ოპერაციებით, თან ძალიან თავმდაბალია და ნაზი.

რაც შეეხება ცნობილებს, მანიკა ასათიანს გამოვარჩევდი. ისიც ძალიან ბუნებრივია. საუბრის დასაწყისში რაც ვახსენე - საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა, ყველა პუნქტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ეს მისი დანახვის პირველი წამიდან შეიმჩნევა!

- უკვე მოზრდილი შვილიშვილი გყავთ, თავად კი ისე გამოიყურებით, შოკში აგდებთ უცნობებს, ვინც ბებიის ამპლუაში გაგიცნობთ... რა არის თქვენი ასეთი გარეგნობის საიდუმლო? - დიდი მადლობა, თუ ასე თვლით... არსებობს ბევრი რამ, რასაც ასე ვთქვათ, ვერ ვიკადრებ... მაქსიმალურად ვაკონტროლებ, ზედმეტი წონა არ მქონდეს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის და ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს! ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის ჩემი ყოველდღიურობა.

მერწმუნეთ, სახეზე საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ჩემთვის მთავარია სრულფასოვანი ძილი! ყოველთვის ვიძინებ საღამოს ცხრა ან ათ საათზე, ჩემი დილა კი ექვსზე იწყება... არავინ თქვას, რომ გამოუძინებელ სახეს ინიექციები ან რამე შველის! თუ შინაგანად დასვენებული არ ვარ, ნამდვილად ვიცი, გარეგნობაზე ეს ცუდად აისახება.

- ჯანსაღი კვება ახსენეთ... უფრო დეტალურად რომ გვითხრათ თქვენი კვების რაციონის შესახებ... - ყველაფერს ვიღებ, მაგრამ ვერიდები ისეთ პროდუქტებს, რომელსაც ჩემი ორგანიზმი ვერ იღებს. მაგალითად, ცომეულს და ამიტომაც, მაქსიმალურად ვერიდები. ერთადერთი, ხინკალს თუ შევჭამ. ვგიჟდები ხინკალზე და უარის თქმა არაფრით შემიძლია!

- ჩაცმულობაზე რამდენად დიდ ენერგიას, ფინანსებს ხარჯავთ? - ძალიან კარგი კითხვაა! მე უკვე ისეთ ასაკში ვარ - 40-ს პლუს, ეს ბალზაკის პერიოდია და დიდი ხანია გავიარე ბრენდებზე გაგიჟება... ახლა ჩემთვის კომფორტია უმთავრესი! შესაბამისად, ქსოვილი, რომელსაც ვატარებ, აუცილებლად ბუნებრივი უნდა იყოს! არ მიყვარს სინთეტიკა, ხელოვნური ქსოვილები...

გარკვეულწილად მაქვს ჩემი სტილი და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ვბაძავ. ვიცი ჩემი ფორმები, რა მჭირდება... ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა შეიძლება იყოს კლასიკური, ქეჟუალი ან გამიქსებული...

- რომელია თქვენი საყვარელი ფერები, აქსესუარები... - აქსესუარებს მაქსიმალურად პატარებს ვიყენებ... ისედაც ყოველთვის ჩანს და არ არის აუცილებელი ისეთი გაიკეთო, ძალიან შორიდანაც რომ "ყვიროდეს"... მიყვარს გემოვნებით შერჩეული და აუცილებლად ძვირფასი, ხარისხიანი აქსესუარები. არ მომწონს ბიჟუტერია და არც მაქვს.

რაც შეეხება ფერებს: მიყვარს ნაცრისფერი, აგურისფერი, რძისფერი... რძისფერი ჩემი უსაყვარლესი ფერია და შილაკს ყოველთვის ამ ფერისას ვიკეთებ...

- რამდენად ადევნებთ თვალს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს?

- რა თქმა უნდა, ვადევნებ და ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ლაშა ჯოხაძის კოლექცია მომწონს... მახსოვს, როგორ დაიწყო დიზაინერობა, რა სიმაღლეებამდე ავიდა და დიდი ნიჭი გამოავლინა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი დიზაინერი გამოჩნდა და ვწუხვარ, მათი სახელები და გვარები რომ არ ვიცი. ქებას, აღტაცებას ნამდვილად იმსახურებენ... სოციალურ ქსელებში ვადევნებ თვალს მათ შემოქმედებას და მიხარია, ამდენ კარგ ნამუშევარს რომ ვხედავ...

საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველას აქვს კარგი გემოვნება... ძალიან მომწონს როგორც გამოიყურებიან დღეს ახალგაზრდა გოგონები. მათ შეცვალეს სტერეოტიპი და ქუჩაში უფრო მოკლე შორტებით, ტოპებით დადიან. იმდენად თავისუფალი თაობაა, თვითონ გვკარნახობენ თბილისურ მოდას...

ერთადერთი, გულდასაწყვეტია, რომ აღარ არსებობს ადგილები, სადაც წასვლას თუ გადაწყვეტ, საგანგებოდ უნდა შეიმოსო. ადრე ქალბატონები იკერავდნენ კაბებს ოპერაში, თეატრში წასასვლელად... უნდა იყოს ღონისძიებები, სადაც აუცილებლად დრესკოდს დავიცავთ! დღეს ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა!

შორს რომ არ წავიდეთ და ჩემს თავზეც გითხრათ, არ მახსოვს, ბოლოს როდის მეცვა ქუჩაში ქუსლიანი. ყველა ბოტასებზე, მსუბუქ და კომფორტულ ფეხსაცმელებზე გადავედით. ბოლო წლებში რუსთაველის ქუჩაზე ან თავისუფლების მოედანზე ქალი გინახავთ მაღალ ქუსლებზე? მე - არა.

- რას ურჩევდით ქალბატონებს იმისთვის, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ? - პირველ რიგში, ქალმა თავის სახე არ უნდა დაკარგოს! რაც უნდა რთული სიტუაცია იყოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და პრობლემებში ღრმად არ უნდა "ჩავიდეთ"!

თავის მოვლის მხრივ ყველაზე აუცილებელი ძლიერი ნებისყოფაა! დღეს ყველაფერი იმდენად გამარტივებულია, ყოველდღიურ რუტინას მაქსიმუმ სამი წუთი სჭირდება! შენ თუ შენი სხეულის და სახის მოვლისთვის სამ წუთს ვერ გამონახავ, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი?! უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და ყველაფერი გამოგივა!

- ინიექციების, პლასტიკური ოპერაციების მომხრე რამდენად ხართ? - ამას პოზიტიურად ვუყურებ! ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ გრძნობ, რომ გჭირდება, უნდა გაიკეთო! არ უნდა იფიქრო იმაზე, ვინ რას იტყვის. მთავარია შენ იყო კარგად!.. თუმცა, ზომიერებაც აუცილებელია. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... ბუნებრიობა ძალიან კარგია. ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ!

მანანა გაბრიჭიძე ჟურნალი "გზა"