"მე შემიძლია აღვწერო ჯოჯოხეთი..." - კვირის პალიტრა

"მე შემიძლია აღვწერო ჯოჯოხეთი..."

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ძლიერდება ანტივაქსერული მოძრაობაც. ამასთან ერთად, იზრდება მათი რიცხვიც, ვინც კოვიდინფექციის გართულების გამო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გაიარა და ერთადერთი სურვილი აქვთ - როგორმე გააგებინონ სხვებს, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, რომ ეს საშინელება სხვებს მაინც ავარიდოთ თავიდან. ერთ-ერთი მათგანია ენათმეცნიერი მარინე ბერიძე. მან "კოვიდთან" უმძიმეს ბრძოლაში კლინიკაში თვე-ნახევარი გაატარა, სადაც მის გვერდით კოვიდინფექციით არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. Mმეცნიერის სულისშემძვრელ პოსტს, სადაც ვაქცინაციის აუცილებლობაზეც წერს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის - ვაქცინაციის აგრესიული მოწინააღმდეგეებისაც.

"გავბედავ და ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევის გამო რაღაცებს გავიხსენებ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადიხართ, ადამიანებო, რატომ დავემსგავსეთ საკუთარი ლეკვის მჭამელ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისათვის?!" - წერს მეცნიერი. ჩვენ ქალბატონ მარინეს აბასთუმანში, რეაბილიტაციის ცენტრში დავუკავშირდით.

- ძნელია გაუგებარი აგრესიის ატანა მაშინ, როცა ადამიანების დახმარებას ცდილობ, რჩევებს უზიარებ, ამის გამო კი თავს გესხმიან. საბედნიეროდ, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ჩემი მონათხრობით, ჩემი რჩევებით გავაფრთხილებ, ვინც აუცილებლად დაფიქრდება, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ. მე შემიძლია აღვწერო ჯოჯოხეთი, დაავადება, რომელიც სიკვდილისკენ მიგათრევს.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?P დაიწყო იმით, რომ პანდემია თითქოს მთელმა ოჯახმა დავამარცხეთ და სოციალურ ქსელშიც კი დავწერე ამის შესახებ, რაზეც ახლა მწარედ მეცინება. რომ მეგონა, ავადმყოფობა ბეჭებზე დავდე, სწორედ მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი, სადაც უმძიმესი იმ ადამიანების გარდაცვალებაა, რომლებიც კლინიკაში შენ გვერდით არიან. თითქოს, დახმარებას ცდილობ, ჩასძახი, მათთვის ლოცულობ, მაგრამ ისინი თვალსა და ხელს შუა ქრებიან.

- უნდა გავიხსენო, როგორც აღწერთ ამას: "აქ... არც ბნელა, არც ნათელია. რეანიმაციის მუსიკაა... ამ მუსიკას პაციენტების თავთან დაკიდებული აპარატურა გადმოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი და სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. მერე გრძნობ, როგორ ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან - გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ... Gგაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კართან"...

კლინიკაში თქვენ გვერდით მოიყვანეს კახი კავსაძეც... - ერთი საწოლი იყო ჩვენ შორის. ლაპარაკის თავი არც ერთს არ გვქონდა. მხოლოდ იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც დიდ ამბად დარჩა ჩემს მეხსიერებაში... მერე კი იმ სხვადასხვა პალატაში, სადაც მე გართულებების გამო გადავყავდი, იყო უამრავი ადამიანი, რომლებმაც ჩვენი სამყარო "კოვიდის" გამო დატოვეს. ურთულესია, სიტყვებით გადმოსცე ეს. ამ გზაზე, რეანიმაციიდან სიცოცხლემდე, ერთ-ერთ პალატაში დამხვდა საოცარი ქალბატონი წალენჯიხიდან. საწოლზე იჯდა და სახლში წასასვლელად ემზადებოდა. ნდობით აღსავსემ, რომ ზუსტად გავუგებდი, რასაც ამბობდა, მითხრა: "იცი, ამის შემდეგ მე ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც ვიყავი". ეს იყო სიტყვები, რომლებიც ზუსტად გამოხატავდა, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც უმძიმესი "კოვიდი" გადაიტანა. მოგვიანებით იგივე მითხრა 91 წლის დედაჩემმაც. და, ალბათ, ეს არის ბევრი იმ ადამიანის სათქმელი, ვინც "კოვიდი" მძიმე გართულებებით გადაიტანა. დიახ, ჩვენ ვეღარ ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით და ეს მდგომარეობა რაღაცნაირად ჰგავს სიკვდილს!

სამწუხაროდ, ხშირად იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი გაუფრთხილებლობით აავადებენ სხვას, არც კი იციან, რომ მათ გამო, შესაძლოა, სადღაც ვიღაც კვდება; რომ ანტივაქსერის დათესილ შიშს, შესაძლოა, იმ ადამიანის გარდაცვალება მოჰყვეს, ვინც ამ შიშის გამო არ აიცრა...

ჩემი გადარჩენა სრულიად ალოგიკური იყო, მაგრამ რადგან გადავრჩი, იქ, საავადმყოფოში, მომეჩვენა, რომ მხოლოდ იმიტომ გადავრჩი, ყველასთვის მომეყოლა, რაც ვნახე... მაგალითისთვის, არავის შეუძლია აღწეროს, რას განიცდის წყალში დამხრჩვალი ადამიანი ბოლო წუთებში, ამიტომ ამბობენ, რომ გული გაუსკდა, მორევმა ჩაითრია, დინებამ გაიტაცა და ა.შ. ამ კოშმარიდან სიმართლეს ვერასოდეს გაიგებ, რადგან დამხრჩვალი თავად ხომ ვერაფერს გიამბობთ?! მაშ, ვისგან შეიძლება გაიგო, რა ხდება ამ დროს? მხოლოდ გადარჩენილისგან!A მე "კოვიდით" დახრჩობისგან გადარჩენილი ვარ და ამ დაავადებამ საქართველოში 5000 ადამიანზე მეტი ადამიანი დაგვიხრჩო. ჩვენ კი არ გვინდა, თვალი გავუსწოროთ ამ შემზარავ სინამდვილეს! ჩვენ ომში ვართ, სადაც მხოლოდ ექიმები იბრძვიან განწირულ პაციენტებთან ერთად, გარეთ კი ამ ომის ქვემეხების ხმა არ აღწევს და თუ აღწევს, მხოლოდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს.

როდესაც კლინიკიდან გამოწერილმა ჩემს კედელზე პოსტებს თვალი გადავავლე, მივხვდი, რომ დიდხანს ვერაფერს ვიტყოდი იმაზე, რაც ვნახე... ჩვენი დამოკიდებულება იმას მაგონებს, თავისუფლების მოედანზე ტანკი შემოდიოდეს ჩვენს გადასავლელად და ჩვენ ამ დროს ოდნავ ქვემოთ, ორბელიანის მოედანზე, ქორწილს ვმართავდეთ.

- სამწუხაროდ, ასეთ "ქორწილში" საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობს, არადა, უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვაქცინირებულთა წინაშე სიკვდილი უკან იხევს. არც საქართველოს ეკლესიისგან მსმენია, რომ ვაქცინაცია აპოკალიფსის მომასწავებელი ბეჭედია...

- ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა - მე თუ გადავრჩი, მხოლოდ უფალთან ყოფნის სურვილით, ლოცვით, ეკლესიის წიაღში ყოფნით გადავრჩი და ყველაზე დიდი შიში უზიარებლად სიკვდილის შიში იყო. მე არ ვფიქრობ, რომ… ანტივაქსერობა საქართველოს ეკლესიის პოზიციის გამოხატულებაა. განსხვავებული აზრი ყველგანაა. ანტივაქსერობის დაბრალება ეკლესიისკენ თითის გაშვერის კიდევ ერთი საბაბი მგონია... ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ჯანსაღი აქტივობა, საგანმანათლებლო და არა დამაპირისპირებელი ინფორმაცია, ოდნავ მაინც შეცვლის ვითარებას...

დღეს ბევრი ნაცნობ-ახლობელი ან შორეული წევს საავადმყოფოში და ერთის ამბავი ყველას ეხება, ამიტომ ასე დავამთავროთ: "მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს "კოვიდთან" - ეს იმ ადამიანის სიტყვებია, რომელიც ახლა რეანიმაციაში უიმედო მდგომარეობაშია... ვფიქრობ, ღმერთო, მაინც რა ბედნიერი ყოფილა, რომ თვითონ და არა - მისი შვილი, შვილიშვილი, ან სხვა ახლობელი ეწირება ახლა ამ დამოკიდებულებას... მთელი სულითა და გულით ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის.

აიცერით, გვაკმარეთ ცრემლი.