გალელების გაურკვეველი ბედი აფხაზეთში - კვირის პალიტრა

გალელების გაურკვეველი ბედი აფხაზეთში

"აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში ტყვარჩელში, გალსა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ქართველების "დოკუმენტაციის მოწესრიგების" საკითხი

ისევ დადგა..."

რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს? - ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო დღეებია ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში ტყვარჩელში, გალსა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ქართველების "დოკუმენტაციის მოწესრიგების" საკითხი ისევ დადგა. ე.წ. დეპუტატი ალხას კვიცინია აცხადებს, რომ ქართველი მოსახლეობის "პასპორტიზაციის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს".

რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობის დროს მსგავს საკითხებს ანქვაბი-ბჟანიას გუნდი მიუღებლად მიიჩნევდა და გალის მოსახლეობის შევიწროებად აღიქვამდა. "მათ უფლება ჰქონდათ იქ ეცხოვრათ თუნდაც იმიტომ, რომ ძირძველი მკვიდრები არიან, იქაურობა 90-იან წლებშიც არ დაუტოვებიათ და კიდევ, გალის მოსახლეობას აფხაზეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მათი იზოლაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, პირიქით, მათი ინტეგრაციისთვის ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადაიდგას". მაშინ აფხაზეთის მოსახლეობა მათ განცხადებებს წინასაარჩევნო პიარს უწოდებდა, რადგან ხაჯიმბას ოპონენტებს გააზრებული ჰქონდათ, რომ გალელების ხმები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

"რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება იმ ადამიანებს, ვინც აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა? - ეს საკითხის ერთი მხარეა. არის მეორე მხარეც - ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც აფხაზეთსა და აფხაზებს ეხმარებოდა, ჰაერში არ უნდა იყვნენ, მათ დოკუმენტი სჭირდებათ. რაღაც ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ", - ამბობს ალხას კვიცინია.

გალის რაიონის ე.წ. საკრებულოს დეპუტატმა ოლგა ბელოუსოვამ "პარლამენტის სპიკერ" ვალერი კვარჩიას მიმართა. მისი თქმით, როდესაც ვლადისლავ არძინბამ სამურზაყანოს მოსახლეობას დაბრუნებისკენ მოუწოდა, ის მათ მტრებად არ მიიჩნევდა. "2016 წელს ჩვენი პასპორტების ანულირებით მხოლოდ მოქალაქეობა კი არ წაგვართვით, დაგვამცირეთ კიდეც, რადგან ჩვენს შვილებს მომავალი წაართვით. ისინი აქაურ სკოლებში სწავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ, განათლების მისაღებად საქართველოში მიდიან, სადაც მაღალი დონის განათლებას იღებენ, სპეციალობებს ეუფლებიან და უკან აღარასდროს ბრუნდებიან", - ამბობს ბელოუსოვა. მისი თქმით, გაგრელი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში პაციენტების გადასარჩენად და ადამიანების რაიმე პრინციპით შერჩევა მიუღებელია.

"ველურებივით ვექცევით მათ, როცა გვინდა მტრები არიან, როცა არა - ჩვენიანები. რის გამო მივიჩნევთ მეორეხარისხოვან ადამიანებად? არც პასპორტი აქვთ, არც მოქალაქეობა. ამიტომაც მიდიან საქართველოში", - წერს სოხუმელი რიმა ხიშბა.

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი: - გალელების გარეშე აფხაზებს ძალიან გაუჭირდებათ თუნდაც ეკონომიკურად, რადგან ძალზე მშრომელი ხალხია, გადასახადებს იხდიან და კანონმორჩილებიც არიან. აფხაზეთის სხვა მოსახლეობასთან შედარებით, სანდო ხალხია. ეს ყველამ იცის, მათაც, ვინც გალის აფხაზეთთან ინტეგრაციის მომხრეა, და მათაც, ვისაც გალელები გულზე არ ეხატება. ვგულისხმობ რაულ ხაჯიმბასა და მის მომხრეებს, რომელთაც ძალაუფლებაში დასაბრუნებლად ფარ-ხმალი ჯერაც არ დაუყრიათ. ამიტომ იყენებენ იარაღად ახლა გააფთრებით გალის თემას, ბჟანიასა და ანქვაბს გალელების მიმართ ლოიალურობას საყვედურობენ.

მე ურთიერთობა მაქვს ყველაზე აგრესიული ფრთის წარმომადგენლებთანაც კი და ისინიც აღიარებენ, რომ გალელები საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან ქართული მხარის ახლანდელი პოლიტიკა აგრესიული არ არის და გალის მოსახლეობას სოხუმის წინააღმდეგ არ ამხედრებს. თუმცა ხანდახან, იმიტომ, რომ ბჟანიას "ხელმძღვანელობას" დაარტყას, გამოხტება ვინმე და გალელების თემით სპეკულაციას დაიწყებს. ამაზე კარგი პასუხი გასცა გალის ე.წ. საკრებულოს რუსმა წევრმა ოლგა ბელოუსოვამ, რომელმაც მკაცრად მოითხოვა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეთ, რა გინდათ ამ ხალხისგანო. აფხაზეთის არასამთავრობო სექტორში ძალიან მოეწონათ მისი აქტიურობა. შესაძლოა გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აღარ დააბრუნონ, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ იმ მასწავლებლებს მაინც არ ემუქრებიან, ვინც ქართულ ენაში ბავშვებს ამზადებდა. ამას წინათ, გალში "დეპუტატი" ფილია ჩავიდა და გალელებს აუხსნა, ჩვენიანები ხართ და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ თავი მშვიდად იგრძნოთო.

- ვითარების შერბილებაში როლი "კოვიდმაც" ითამაშა, არა? - დიახ, თავად გახსნეს ენგურის გამშვები პუნქტი. ადრე ხალხს მდინარის გადალახვა უწევდა და უბედურებებიც ხდებოდა, ოჯახი დაიხრჩო რამდენიმე თვის წინ. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ფორმა #9, ბინადრობის უფლება, უკვე აღარ ჭრის. შესაძლოა გალის გამო კიდევ ერთხელ ატეხილი აჟიოტაჟი მოსახლეობის ყურადღების სხვა თემაზე გადატანას ემსახურებოდეს, რადგან გაბრაზებული და იმედგაცრუებული მოსახლეობა არაპოპულარული ნაბიჯით უფრო მეტად არ გააღიზიანონ. ჩემდა გასაკვირად, ბჟანია იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილობრივებს ეგონათ. ხაჯიმბას კლანი ახლა სულ უფრო ძლიერდება და ბჟანიას ასეთი სისუსტით მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი, თუნდაც გალის თემა მის წინააღმდეგ გამოიყენონ, დარტყმა მიაყენონ და ასე მოიშორონ ბჟანია-ანქვაბის გუნდი. გალის საკითხში ძალიან უსინდისოდ იქცევა ოპოზიცია, გაიძახის, ძალიან ბევრს უთმობთ გალელებსო. ყველანაირად ცდილობენ პროვოცირებას. იციან მოსახლეობის განწყობაც, რომ გალელები ქართული მხარისკენ იყურებიან, რაც თუნდაც იმაში გამოჩნდა, რომ აცრისთვის ყველა აქეთ გადმოდის. თავად აფხაზებიც იცრებიან ქართული მხარის კონტროლირებად სამედიცინო დაწესებულებებში, მაგრამ ოპოზიცია სპეკულირებისთვის მაინც გალის ქართველ მოსახლეობას იყენებს.

მიუხედავად ყველაფრისა, გალელების თემა ვერც ამ სიტუაციაში იქნება რეგიონში წამყვანი, რადგან აფხაზეთში უმძიმესი მდგომარეობაა - დანაშაულსა და ნარკომანიას აქვს იქაურობა წალეკილი. ტურისტულ სეზონზე რუსეთიდან უამრავი ნარკომომხმარებელი თუ რეალიზატორი შემოდის. ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ ირჩევს აფხაზეთს. ეს რეგიონი ნარკოტიკებისა და კრიმინალის ბუდედ იქცა რუსეთის მართვითა და პირდაპირი მონაწილეობით.

- ამას ემატება ელექტროენერგიის კრიზისი, მაინინგის ბიზნესი.

- დიახ, ე.წ. მთავრობის სხდომა ჩააგდეს, რათა ბიზნესი "სამთავრობო დონეზე" არ აკრძალულიყო, რადგან პოლიტელიტა ძალიან კარგ შემოსავალს იღებს მაინინგისგან. ამიტომაც მფარველობენ ამ ბიზნესს.

- ბჟანიაზე თქვით, სუსტი აღმოჩნდაო, მაგრამ ბოლო დროს არ აქტიურობს ანქვაბიც, რომელიც ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო ოპოზიციისთვისაც - "რკინის ალიკაც" კი შეარქვეს. - გეთანხმებით, ეს არის გონიერი, საჭიროების შემთხვევაში ხისტი ადამიანიც, მაგრამ ძალზე მძიმედ გადაიტანა კოვიდვირუსი და ამბობენ, რომ სიტუაციას ძველებურად ვეღარ მართავს, თან ასაკიც აქვს... ბჟანიას პასიურობა რუსეთის ე.წ. ჰარმონიზაციის პროგრამითაც არის განპირობებული, ის ხელფეხშეკრულია ბევრ რამეში. რუსეთი ენერგორესურსებით პირდაპირ დაინტერესებას გამოხატავს. სხვადასხვა პროექტი რუსეთის სასარგებლოდ ისე მიმდინარეობს, რომ აფხაზებს ყურმოკვრით აქვთ ინფორმაცია. ბჟანია ამ უმძიმეს ვითარებაში მარტოა. მას არა ჰყავს შემტევი და პრინციპული ანქვაბი. რაც უნდა უცნაური იყოს, ერთადერთი ეფექტიანი კადრია ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, რომელიც რაღაც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლადაც იღებს, თუნდაც ტურიზმის განვითარებაში. გვახსოვს, ალბათ, ქართული ფულის ბიზნესსექტორში დაბანდების თემაც, რაც რუსეთსა და პრორუს ძალებს აღიზიანებს... იმავეს ვერ ვიტყვი, ე.წ. შს მინისტრ დიმიტრი დბარზე, რომელიც ცდილობს აქტიურად მომუშავე კადრის იმიჯი შეიქმნას, მაგრამ ვერ ახერხებს.

აფხაზეთში კრიმინალური სამყარო უკვე იმდენად არის გაძლიერებული, მხოლოდ დბარი და თუნდაც ბჟანია-ანქვაბის გუნდი ვერაფერს მოუხერხებს. რუსეთი კი არათუ ეხმარება, სულ უფრო მეტად გუდავს აფხაზეთს, რადგან ეს რეგიონი უკანა ეზოდ სჭირდება. რუსეთს აფხაზეთი ძალზე მარტივად დასამორჩილებელი ეგონა, მაგრამ აფხაზები ხედავენ "ჰარმონიზაციის პროგრამის" საფრთხეებს და შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებიან კრემლს. ამის გამო კი რუსეთი ნიშნს უგებს, მეტიც, იქ მყოფ დამნაშავეებს ხელს აფარებს. რეგიონში ნარკოტიკებით, მაინინგითა და არაერთი უკანონო ბიზნესით ძალიან დიდი ფული კეთდება და ვიღაცები მგლური კანონებით მოქმედებენ.

ახლა აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელი კრიმინალი დათარეშობს. მათთვის იქ სასათბურე პირობებია: ფული და ნარკოტიკი აქვთ, დამალვა ადვილია, აფხაზეთის ე.წ. მილიცია მათ ვერაფერს აკლებს. რუსეთი ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავს - საკურორტო სეზონზე სოჭსა და ადლერს კრიმინალებისგან ასუფთავებს, მათ აფხაზეთში გადადინების შესაძლებლობას აძლევს. კრიმინალს კი თან ახლავს ნარკოტიკები, უკანონო იარაღი... ამით კი აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას კიდევ უფრო ასუსტებს.

- საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა როგორია ამ ვითარებაში? - სამედიცინო დახმარების გარდა, ქმედითი არაფერია. შეეძლოთ რაიონული თვითმმართველობის არჩევნებში ეაქტიურათ. ჩემი ინფორმაციით, ისინი ელოდნენ, რომ ქართული ორგანოები რაღაც ფორმით იქნებოდნენ ჩართული. ფაქტობრივად, სუს-ის გარდა, სხვა კონტაქტები შეზღუდულია. ჩვენ ხან 5 ივლისი გვაქვს, ხან სხვა თემები და აფხაზეთისთვის არ გვცალია, ამასობაში კი მტერი თავის საქმეს აკეთებს, აქაც და იქაც. აფხაზები ამ პროცესებს ადევნებენ თვალს, გრძნობენ, რომ მათ მიმართ ინტერესი შემცირებულია და გაუცხოებაც იზრდება.

- ვიცი, ახლახან გალელ ექიმებს შეხვდით. რას ჰყვებიან ისინი იქაურ პრობლემებზე? - ძალიან უჭირთ. ადგილობრივმა ე.წ. ხელმძღვანელობამ ტყვარჩელში კარგი სტანდარტების საავადმყოფო ააშენა. წლებია მშენებლობა გრძელდება და ახლა დაასრულეს, მაგრამ იქაურობა დაცლილია და ვის აუშენეს, არ ვიცი. გალში უმძიმესი პირობებია, წლებია, საშუალო დონეზე გამართული ამბულატორიაც არა აქვთ. "კოვიდის" მხრივ იქაც უმძიმესი ვითარებაა, ოღონდ მთლად ისეთიც არა, როგორი"ც დანარჩენ აფხაზეთში.

ამ რაიონს მაინც სამხედრო დანიშნულება აქვს და რუსი ტურისტები იშვიათად ჩადიან, მაგრამ გალელებს სამედიცინო დაწესებულება ხომ სჭირდებათ? ქართულ მხარეს სთხოვეს, ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა მაინც მოგვეცით, მძიმე დღეში ვართო. ვფიქრობ, თუ ქართული მხარე მისცემს, აფხაზები არაფერს იტყვიან.

მათაც ესმით, რომ ამხელა რაიონი პირველადი სამედიცინო დახმარების გარეშე ვერ იქნება. გალელები ამბობენ, ის წნეხი აღარ არის, რაც ხაჯიმბას დროინდელი კადრის, თემურ ნადარაიას დროს იყო, მაგრამ "კოვიდმა" ვითარება ძალიან დაამძიმაო. იქნებ ქართულმა მხარემ რაიმე ფორმა იპოვოს, რათა გალის მოსახლეობას დაეხმაროს.