რა რისკების წინაშე დადგებიან პენსიონერები, თუკი პენსიის განაწილება ერთის მაგივრად რამდენიმე ბანკს ჩაბარდება?
რა რისკების წინაშე დადგებიან პენსიონერები, თუკი პენსიის განაწილება ერთის მაგივრად რამდენიმე ბანკს ჩაბარდება?
რა ელის მთიან რეგიონებს საპენსიო პროგრამის ბანკებზე გადანაწილების შემთხვევაში?

საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შემცირება არაერთი პოლიტიკური პარტიის დაპირებებში მოგვისმენია. თუმცა საკითხავია, რამდენად რეალურია ამ დაპირების შესრულება. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება სულაც არ არის მარტივი, რადგან ეს მაჩვენებელი საშუალო საბაზრო განაკვეთის ტოლია და მისი განახევრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
შესაძლოა სწორედ ამიტომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა საკითხი სხვანაირად დაესვა და ამჯერად პენსიონერებისა და არა მარტო მათთვის იმის მტკიცება
დაიწყეს, რომ უმჯობესი იყო პენსია სხვადასხვა ბანკს გაეცა და ამით პენსიონერებიცა და სახელმწიფოც მოგებული დარჩებოდა. ინიციატივის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ კონკურენცია ბანკებს შორის გაიზრდებოდა, პენსიონერებსაც სხვადასხვა ბანკი მოემსახურებოდა და შედეგად, მომსახურების ხარისხი გაიზრდებოდა. თუმცა ამ საკითხშიც ჩნდება ბევრი კითხვა. კერძოდ, რა შეიძლება მოხდეს საპენსიო
ტენდერის დაშლის შემთხვევაში და ვინ მოემსახურება, ვინ მიუტანს პენსიას მთიან რეგიონში მცხოვრებ 200 ათასამდე პენსიონერს, ხომ არ მოუწევთ მათ ამ ხარჯის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, ხომ არ გაუარესდება მომსახურება, რაც დღეს შეუფერხებლად ხდება? ჩამოთვლილ კითხვებზე მკაფიო და ჩამოყალიბებული პასუხი აღნიშნული რეორგანიზაციის ინიციატორ პარტიებს არა აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ შეკითხვებზე მეტ-ნაკლებად ნათელი პასუხი მიგვეღო.

როგორ აიღებენ პენსიას იმ სოფლებში, სადაც ადგილობრივი საბანკო მომსახურება არ არის?
- საქართველოში მცხოვრები პენსიონერების თითქმის მეოთხედი დღეს ისეთ სოფლებში ცხოვრობს, სადაც არც ბანკის, მათ შორის არც საპენსიო სერვისის მიმწოდებელი "ლიბერთი ბანკის", ფილიალი და ბანკომატი არ ფუნქციონირებს. დღეს საქართველოში ასეთი 1300 სოფელზე მეტია. ასეთ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში პენსიის გაცემის უფლებას თუ სხვადასხვა ბანკი მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მათ დამატებითი არცთუ მცირე ხარჯის გაწევა მოუწევთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გასამართავად. გარდა ამისა, ჩამოსაყალიბებელი იქნება პენსიის დარიგების სისტემაც, რადგან პენსიის გაცემის დროის დაგვიანება და ვადაგადაცილება დაუშვებელია. პენსიონერების მომსახურე ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში თუნდაც "ხელით მიიტანოს" და ბენეფიციარებს კუთვნილი თანხები ნაღდი ფულის სახით დაურიგოს. როგორც "ლიბერთის" წარმომადგენლები ამბობენ, წლების გამოცდილებისა და დიდი შრომის შედეგად დღეს მათ ეს სისტემა უკვე გამართული აქვთ და 1 300 სოფელში მცხოვრებ 200 000 მოქალაქესთან პენსია "ლიბერთის" თავისი მოძრავი სერვისცენტრების მეშვეობით, შეუფერხებლად მიაქვს. მათივე ინფორმაციით, 30 ათასამდე ბენეფიციართან კი ბანკის გამსვლელ მოლარეებს თანხა სხადასხვა ტრანსპორტით, ზოგჯერ ფეხითაც კი მიაქვთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სოფლებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, მთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კუთვნილ თანხას დაგვიანების გარეშე იღებენ.

მიიღებენ თუ არა მოქალაქეები პენსიას დროულად, თუ მომსახურება სხვადასხვა ბანკზე გადანაწილდება?
- აღნიშნულზე ცალსახა პასუხი ამ ეტაპზე არავის აქვს. მომსახურების სხვადასხვა ბანკზე გადანაწილების შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ ისედაც მინიმალური თანხის დროულად მიწოდება შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეფერხდეს. როგორც ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, შეუძლებელია ერთ დღესა და თუნდაც ერთ თვეში ისე გაიმართოს პენსიის გაცემის საკმაოდ რთული სისტემა, რომ დაგვიანება გამორიცხული იყოს. აღნიშნულისთვის პენსიის ამჟამად გამცემ ბანკს საკმაო დრო დასჭირდა და აქვთ კი პენსიონერებს იმის ფუფუნება, რომ სხვა ბანკებს სისტემის გასამართად დამატებითი დრო მისცენ?!

პენსიის გაცემა ფასიანი ხომ არ გახდება, ისევე როგორც სხვადასხვა საბანკო მომსახურება?
- ამისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ექსპერტების აზრით, პენსიის გაცემის სისტემაში სხვადასხვა ბანკის ჩართვა ამ მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. გაძვირების ანაზღაურება კი ორი გზით შეიძლება: ის შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვეს ტვირთად ან კიდევ უარესი გამოსავალი მოიძებნოს და პენსიის მიწოდების საფასურის გადახდა პენსიონერს თავისივე ჯიბიდან მოუწიოს.

ექსპერტების შეფასებით, ახლა ერთი მომსახურე ბანკის შემთხვევაში ამ მომსახურებას მთლიანად ბანკი ახორციელებს, დაშლის პირობებში კი მოსალოდნელია ადმინისტრირების ტვირთი ძირითადად სახელმწიფოზე გადავიდეს. პროცესის მართვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწევს, რომელსაც დღეს სისტემა გამართული აქვს ერთ ბანკთან ურთიერთობით. ტენდერში რამდენიმე ბანკის გამარჯვების შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, რაც, თავის მხრივ, პენსიის მიწოდების სერვისის ღირებულებაზეც აისახება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის მოკვლევის დროს აღმოვაჩინეთ ერთი საინტერესო ფაქტი - თურმე დღეს სახელმწიფო არაფერს უხდის ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ექსკლუზიურად ემსახურება.

კიდევ რა რისკების წინაშე შეიძლება ამოჩნდნენ პენსიონერები?
- სისტემამ გამართულად და შეფერხებების გარეშე უნდა იმუშაოს, მათ შორის კრიზისის დროს და პენსიების გამცემმა ბანკმა უწყვე­ტად და უხარვეზოდ შეძლოს მომსახურება. ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა. სხვადასხვა ბანკი შეძლებს იმას, რაც პენსიის გამცემმა ბანკმა შეძლო, როდესაც სრული ჩაკეტვის პირობებშიც კი მთელი ქვეყნის­ მოსახლეობა პენსიასა და სოციალურ გასაცემლებს შეუფერხებლად და დროულად იღებდა? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. მეორე მხრივ, როგორც ამჟამინდელი პენსიების გამცემი ბანკის წარმომადგენელი ამბობს, იმისათვის, რომ პანდემიის პიკში არ მომხდარიყო ერთდროულად პენსიის გაცემით რიგების ზრდა, რაც უეჭველად გამოიწვევდა ინფიცირების მატებას ასაკოვან მომხმარებელში, "ლიბერთიმ" სწრაფი ადმინისტრირებით გაანაწილა მომხმარებელი და ყველას ინდივიდუალური დღე განუსაზღვრა სერვისის მისაღებად.

გადამწყვეტია, რომ თითოეულ ზემოთ დასმულ კითხვაზე მკაფიო პასუხი გაიცეს და მხოლოდ შემდეგ დადგეს საკითხი, საჭიროა თუ არა, რომ პენსიას რამდენიმე ბანკი გასცემდეს. სხვადასხვა ბანკისა თუ პოლიტიკური პარტიის ინტერესების სანაცვლოდ პენსიების გაცემის საკითხი ბუნდოვანი არ უნდა გახდეს. ეს გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ კონკრეტული ადამიანების მიზნების განხორციელების სანაცვლოდ, ათასობით მოქალაქე და მათთან ერთად საბოლოოდ სახელმწიფოც დაზარალდება.

ნანა მღებრიშვილი
შალვა
08 აგვისტო 2021 19:01
პენსია რატომ უნდა გასცეს კომერციულმა ბანკმა და ყოველ თვე დამსახურებულ პენსიის მისაღებად რიგში დგომა 70-80 წლის ხალხია. ეს სისტემა აწყობილი იყო ფოსტის მეშვეობით ღებულობდა ავადსახსენებელი კომუნისტების დროს ხალხი სახლში. დღეს სირცხვილის გრძნობა არ აქვთ ბანკებს და საწყალ პენსიონერს 50 პროცენტიან სესხს თავაზობს თავაზიანად და ლამაზად ძარცვავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები