მარად ჭაბუკად დარჩენილ ღიმილის ბიჭს ძმათა სასაფლაოზე "გაგრის ბიჭები" ელიან - კვირის პალიტრა

მარად ჭაბუკად დარჩენილ ღიმილის ბიჭს ძმათა სასაფლაოზე "გაგრის ბიჭები" ელიან

"დღემდე, როგორც გარდაცვლილი, ჩემი ძმა არ მიხსენებია. მას, როგორც ცოცხალს, ისე ადღეგრძელებდნენ მეგობრებიც. ჩვენთვის თითქოს ახლა მოვიდა ომიდან ცნობა, რომ კოტიკო გარდაიცვალა"

აფხაზეთის ომში ერთი თვის წასული იყო, როცა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში ჩაეწერა. მისი კვალი გაგრასთან ახლოს, უსიერ ტყეში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ იკარგება. მერე იყო თითქმის სამი ათეული წლის ძებნა და მოლოდინი - იქნებ გამოჩნდეს, იქნებ ცოცხალია... სამშობლოსთვის გულანთებული 25 წლის ბიჭის, კოტე ანდრიაძის საფლავი 29 წლის შემდეგ იმავე გაგრის ტყეში იპოვეს და აპრილში თბილისში გადმოასვენეს. მანამდე ის გარდაცვლილად არავის მოუხსენიებია, არც ოჯახს, არც სამეგობროს. "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი დაღუპულია, მაინც ბედნიერი ვარ, რომ მისი საფლავი მექნება, რომ ჩემს ქმართან პირნათელი მივალ, რადგან შვილი დავაბრუნე", - ამბობს დედა, რომელმაც, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა და წლების განმავლობაში მარტო თავის კი არა, სხვების დაკარგულ შვილებსაც ეძებდა.

კოტე ანდრიაძეს, მარად ჭაბუკად დარჩენილ ღიმილის ბიჭს, 14 აგვისტოს დაკრძალავენ დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მას "გაგრის ბიჭები" ელიან და რომელსაც გარდაცვალებამდე რუდუნებით უვლიდა კოტეს მამა.

დავით ბეჟაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, კოტეს მეგობარი და თანამებრძოლი: - კოტე 1988 წელს გავიცანი ინსტიტუტში, როცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დავბრუნდით. დავბრუნდით და სხვა საქართველო დაგვხვდა... მაშინვე ჩავერთეთ ეროვნულ მოძრაობაში. კოტე მაშინ 21 წლის იყო, თავიდანვე დავმეგობრდით და ერთ-ერთ არაფორმალურ ორგანიზაციაში გავერთიანდით. მერე, როდესაც ბატალიონი "ორბი" შეიქმნა, მე და კოტე იქაც ერთად ვიყავით. მე გვარდიაში შევედი, კოტე მაშინ არჩევნებში იყო ჩართული, თუ არ ვცდები, სიაშიც იყო "ტრადიციონალისტებიდან". როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, პირველივე დღეს, 14 აგვისტოს წავედი ომში. დათო თევზაძის ბატალიონში ვიყავით, იმ პერიოდში ბატალიონს მე ვხელმძღვანელობდი. სექტემბერში ჩამოვიდა კოტე, ვეუბნებოდით, უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ მითხრა, შენ გამო ჩამოვედი, ყველა ჩემი მეგობარი აქ არის და სად უნდა წავიდეო. ეშერის მერე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები აღარ იყო, ვინაიდან დადებული იყო 3 სექტემბრის ხელშეკრულება. ჩვენ სტალინის აგარაკებზე ვიყავით დაბანაკებული და ამ შუა მოლაპარაკებების დროს აფხაზებმა და რუსებმა გაგრაზე შეტევა დაიწყეს. გია ყარყარაშვილმა შეგვკრიბა, გაგრაში მივფრინავთო.

კოტეს ფეხი აწუხებდა, მაგრამ მაინც წამოგვყვა. 62 კაცი წავედით ჩვენების დასახმარებლად და 1-ლ ოქტომბერს ვერტმფრენით როცა მივფრინავდით, ახლოს ვიჯექი და მთელი გზა მესმოდა, გიას რომ ემუქრებოდნენ რუსები, ჩამოგაგდებთო, ეს პასუხობდა, მოვფრინავ, ჩამომაგდეთო. არც ერთს უკან არ დაგვიხევია, საოცარი სულისკვეთება იყო. როცა ჩავფრინდით, გაგრა უკვე დაკარგული იყო. ლესელიძეში გავაკეთეთ 11 ბლოკპოსტი და დავბანაკდით სასტუმრო "გრებეშოკში". გაგრის მიმართულებით კონტრშეტევას ვაპირებდით. დაზვერვაზე წავედით სამი ჯგუფი, მოვიპოვეთ მონაცემები და 4 ოქტომბერს გიამ აგვიყვანა ტყიან მთაში, რომელიც სანატორიუმ "უკრაინას" დაჰყურებდა. ძალებს ველოდებოდით, რათა კონტრშეტევა დაგვეწყო. გიას ამოსვლას ველოდით. ამასობაში თურმე ქვემოთ იმ ჯგუფს ალყა შემოარტყეს. ჩვენ არ ვიცოდით, ერთი რაცია გვქონდა და იმასაც ელემენტები დაუჯდა. შემდეგ რუსულმა შენაერთმა შემოგვიტია (რუსების და კაზაკების დაჯგუფება იყო), ძალიან მძიმე ბრძოლა გვქონდა. როცა ალყა შემოგვარტყეს, გასვლა ვცადეთ. როცა კოტე გადიოდა, დავუძახე, თავი დახარე და ისე გადი-მეთქი. ამოვისუნთქე, როცა სამშვიდობოს გავიდა. მე იმიტომ ვერ გავაღწიე, რომ ჩვენს თანამებრძოლს გია ბედოიძეს კანტუზია ჰქონდა, ყურში არ ესმოდა და ვერ გავაგებინე, რომ უნდა გავსულიყავით. სანამ მასთან მივხოხდი, ავუხსენი, დავრჩით ჯგუფს მოწყვეტილები და დანარჩენები აღარც მინახავს, სანამ 4-5 დღის მერე ტყეში არ გვიპოვეს. იმ ბრძოლაში რამდენიმე ჯარისკაცი დავკარგეთ. მერე გიამ ვერტმფრენი გამოიძახა და ვინც შევძელით, გადმოვასვენეთ. იქ დაიღუპა გოჩა, გია ყარყარაშვილის ძმაც, რომლის გადმოსვენებაც ვერ მოხერხდა. გოჩას და ერთ დაჭრილს მე და ბედოიძე ვყარაულობდით...

რაც კოტე ალყიდან გავიდა, მას შემდეგ აღარ გვინახავს, ყველას ვეკითხებოდი მასზე, მაგრამ კაციშვილმა არაფერი იცოდა. ანქვაბი ვალში იყო გიასთან და შეჰპირდა, შენს ძმას გამოგატან, ოღონდ ვინმე გამოუშვიო. გიამ გოგა ვარდანაშვილი გაუშვა, რომელმაც მანამდე თავისი ქურთუკი მისცა კოტეს. მერე ეს ქურთუკი, რომელშიც გოგას სამხედრო ბილეთიც იყო, იპოვეს, კოტე კი ვერა. მაშინ ვფიქრობდით, რომ კოტე ცოცხალი აღარ იყო, ან ტყვედ ჰყავდათ. 29 წელი გაილია კოტეს ლოდინში, მანამდე რა არ ითქვა... ახლახან აღმოაჩინეს მისი საფლავი, რომელიც იმავე ტყეში იყო, სადაც ჩვენ ვიყავით დაბანაკებული (იმ ადგილიდან გზამდე 4 კილომეტრია). შესაძლოა ალყიდან გასული კოტე არასწორი მიმართულებით წავიდა და მარტო დარჩა, არავინ იცის, მერე რა მოხდა...

იშვიათად შემხვედრია ასეთი გულიანი, გულუბრყვილო და უღალატო ადამიანი. კოტე ბოლომდე ჩვენთან დარჩა, მიუხედავად იმისა, ვეხვეწეთ, გაგრაში არ წამოსულიყო. მან, ფაქტობრივად, თავი გაწირა. ჩვენს კოტეს ყველა სიყვარულით იგონებს.

ერთხანს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. 2006 წელს "წითელმა ჯვარმა" გამართა კვიპროსში ჩვენი და აფხაზების შეხვედრა, მათაც ვთხოვე, იქნებ რამე გაეგოთ. 2006 წელს ჟენევაში უნდა გამართულიყო მაღალი დონის შეხვედრა, მაგრამ ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა რუსეთმა ქართველების დეპორტაცია დაიწყო და აფხაზებმაც მაშინვე გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა. იმის ილუზია არ მქონია, რომ კოტე ცოცხალი იყო, თუმცა სასწაულისაც მჯეროდა. როცა ომიდან დავბრუნდი, პირველ რიგში, ბიჭები მოვიკითხე, მაგრამ კოტე არსად ჩანდა. მარტო იმას ვფიქრობდი, თვალებში როგორ ჩამეხედა კოტეს მშობლებისთვის. მერე ნინელი დეიდა ვნახე, კოტეს დედა და ვუთხარი, ერთადერთი ის ვიცი, ცხელი წერტილიდან გავიდა-მეთქი. სამწუხაროდ, ბევრი თანამებრძოლი დავკარგეთ უგზო-უკვლოდ, ბატალიონ "ორბიდან" კი მარტო კოტე დაიკარგა...

კობა ანდრიაძე, კოტეს ძმა: - კოტე ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, მან "ჩამითრია" ეროვნულ მოძრაობაში. 9 აპრილს მოიწამლა და ძლივს გადარჩა. 1992 წელს 25 წლის იყო, არჩევნებში მონაწილეობდა, რაღაც არ მოეწონა და წამოვიდა. ერთ დღეს გამოაცხადა, აფხაზეთში მივდივარ, დათო თევზაძეს ვნახავ, რაღაცები უნდა ჩავიტანოთ და უკან დავბრუნდებიო. რისი ჩამომსვლელი იყო, ყველა მისი მეგობარი იქ იყო და აქ რა გააჩერებდა?.. ბოლოს 2 ოქტომბერს დარეკა სოხუმიდან და მამას მიულოცა დაბადების დღე. მას შემდეგ აღარ ვიცოდით მისი ასავალ-დასავალი. მიუხედავად ამისა, იმედი არასდროს დაგვიკარგავს. დედა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდისა და კომისიის მეშვეობით დიდხანს ეძებდა კოტიკოს, ჰქონდა კონტაქტები აფხაზებთან, აწვდიდნენ ინფორმაციას, სად რამდენი ქართველი იყო დამარხული, მაგრამ გაგრისკენ არ გაახედეს, მხოლოდ ოჩამჩირესა და სოხუმში. დედა ხშირად ჩადიოდა აფხაზეთში, ის მარტო კოტეს კი არა, ყველას დაკარგულ შვილს ეძებდა ფონდის თავმჯდომარე ვალოდია დობორჯგინიძესთან ერთად. თავდაპირველად ფონდი "მოლოდინი", მერე კი სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც თავიდან ჯაბა იოსელიანმა, შემდეგ კი ავთო იოსელიანმა მოჰკიდა ხელი. ავთო რომ არა, კომისია ვერც იმუშავებდა. ამასობაში ბევრი დაკარგული იპოვეს. მერე დედამ დიდ დიღომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მუზეუმიც გახსნა. აფხაზი მშობლები ისეთი აგრესიულები იყვნენ, ამათი დანახვაც არ უნდოდათ. დედა პირველად რომ ჩავიდა, შუბლზე ავტომატები დაადეს, მაგრამ იმდენი ელაპარაკა, მათი ნდობა მოიპოვა. მუზეუმში დედამ დიდი სტენდი გააკეთა დაკარგული აფხაზი მებრძოლებისთვის. აფხაზ დედებსაც ეხმარებოდა შვილების მოძებნაში. ეს არ იყო იოლი, ვინ იცის, რამდენი ხვეწნა-მუდარა, ბრძოლა დასჭირდა შვილდაკარგულ დედას, რამდენი ცალ-ცალკე დამარხულის საფლავი იპოვეს და გადმოგზავნეს. დედ-მამას დნმ ჰქონდა ჩაბარებული და აპრილში, როცა კოტიკო ჩამოასვენეს, მისი დნმ დაემთხვა. დღემდე, როგორც გარდაცვლილი, ჩემი ძმა არ მიხსენებია. მას, როგორც ცოცხალს, ისე ადღეგრძელებდნენ მეგობრებიც. ჩვენთვის თითქოს ახლა მოვიდა ომიდან ცნობა, რომ კოტიკო გარდაიცვალა...

წინასწარი ცნობით, კოტიკოს პანაშვიდი 13 აგვისტოს სამებაში გაიმართება, 14-ში კი დაკრძალავენ. დედას სურვილია დიღომში, ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალოს, გაგრაში დაღუპული ბიჭების გვერდით. მამამ იმდენი კვიპაროსი დარგო საძმო სასაფლაოზე, გულმოდგინედ უვლიდნენ გაგრაში დაღუპული ბიჭების სასაფლაოს.

ნინელი ანდრიაძე, კოტეს დედა: - კოტე პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სხვათა შორის, მისი და კოტეს მეგობრების დამსახურებაა, პუშკინის სახელობის ინსტიტუტს სახელი რომ გადაარქვეს და სულხან-საბა ეწოდა. 22 სექტემბერს წავიდა კოტიკო აფხაზეთში და მითხრა, დედა, იარაღის ჩასატანად მივდივარ და მალე ჩამოვალ, ოთხშაბათს სტუდკავშირს შევარდნაძესთან გვაქვს შეხვედრაო. მერე აღარ ჩამოვიდა და პირველად 2 ოქტომბერს დარეკა, მამას დაბადების დღე მიულოცა და დაგვპირდა, მე და დათო (ბეჟაშვილი) ორ დღეში ჩამოვალთ და ერთად მივულოცავთო. კოტე "ორბის" წევრი იყო, მაგრამ "თეთრ არწივს" გაჰყვა გაგრაში, საიდანაც მოსახლეობა იყო გამოსაყვანი. "გრებეშოკთან" მოუხდათ ბრძოლა, რის შემდეგაც კოტე არავის უნახავს. 17 ოქტომბრამდე ველოდით, თბილისიდან 4 თვითმფრინავი გაფრინდა იქ ჩარჩენილი ბიჭების ჩამოსაყვანად, სამზადისში ვიყავით, ჩემი კოტიკო ჩამოვა-მეთქი, მაგრამ ყველა ჩამოვიდა, ის კი არა... გია ყარყარაშვილი რომ ჩამოვიდა, მითხრა, ჩემი დეიდაშვილი, ოთარ ოძელაშვილიც დაიკარგაო. კოტიკო და ოთარი ერთად გაფრინდნენ... მოგვიანებით შვილდაკარგული მშობლები გავერთიანდით და ჩამოვაყალიბეთ ფონდი "მოლოდინი". დროთა განმავლობაში გამოვიყვანეთ გადარჩენილი ალუდაური, გერლიანი, გაგრის მთავარი არქიტექტორი გედენიძე, რუზგენ გოგოხია (პაატა ზაქარეიშვილის და ვლადიმერ დობორჯგინიძის მეოხებით). ამის შემდეგ მე შევახვედრე ერთმანეთს დედა-შვილი შუშანიები, რომელთაც ეგონათ, რომ დაბომბვაში დაიღუპნენ. აფხაზებთან მოლაპარაკებიდან ზუსტად 2 კვირაში მოძებნეს მანანა შუშანია, რომელიც აფხაზზე გათხოვილა, მოიყვანეს ენგურის ხიდზე და მისი შვილები ჩავაბარე. აფხაზებს რომ არ ჰგონებოდათ, მანანას არავინ დააბრუნებდა, მეც დავრჩი აფხაზეთში. კომისიას სულ რომ არაფერი გვეკეთებინა, მარტო ის რად ღირდა, დედა-შვილები რომ შევახვედრეთ.

იმედი არ დამიკარგავს კოტიკოზე, ვფიქრობდი, ცოცხალი იყო და სადაცაა გამოჩნდებოდა, მაგრამ სამი წლის წინ 18 წლის შვილიშვილი დამეღუპა, ჩემი კობას ბიჭი - ივიკო და მაშინ ვთქვი, რომ ჩემი კოტიკო აღარ იყო ცოცხალი. ივიკოს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა და მიზნად დავისახე, რომ დაკარგული შვილის საფლავი მქონოდა. გაათკეცებული ძალით ვეძებდი სათითაო საფლავს, სადაც გარდაცვლილი ქართველი გვეგულებოდა. გვქონდა ინფორმაცია, გამოკითხული გვყავდა თითოეული მებრძოლი, დავდიოდი ბატალიონების მებრძოლებთან, დევნილებთან და ასე ვაგროვებდი ცნობებს. კოტიკოს საფლავის მოძიებაში "წითელმა ჯვარმა" და ჩვენმა სამინისტრომ, კონკრეტულად კი გოგი ფაცაციამ გასწიეს დიდი შრომა. 14 ივლისს იყო კოტიკოს დაბადების დღე და 16-ში ბატონი გოგი და ნათია შეროზია მოვიდნენ და მითხრეს, არ ვიცით, მოგილოცოთ თუ მოგისამძიმროთ, დნმ დაემთხვა და ჩამოსვენებული თქვენი შვილი აღმოჩნდაო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, გავითიშე, გავქვავდი, აღარც ემოცია, აღარც გრძნობა, მთლად გამოვიფიტე. მესამე დღეს უკვე გავიაზრე ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი დაღუპულია, მაინც ბედნიერი ვარ, რომ მისი საფლავი მექნება, რომ ჩემს ქმართან პირნათელი მივალ, რადგან შვილი დავაბრუნე. კოტიკოს გაგრელ ბიჭებთან, საძმო სასაფლაოზე დავასაფლავებთ, სადაც ჩემი მეუღლის დარგული კვიპაროსებია. კოტიკო იქ და მათთან ერთად უნდა იყოს.