"როდესაც მივუთითებთ, პირბადე გაიკეთონ, გვპასუხობენ, ყველა ასე დადისო. ამაზე სხვა რუსმა უპასუხა, ამიტომაც ვერ ავუდივართ ღამღამობით მიცვალებულების მალულად დამარხვასო" - კვირის პალიტრა

"როდესაც მივუთითებთ, პირბადე გაიკეთონ, გვპასუხობენ, ყველა ასე დადისო. ამაზე სხვა რუსმა უპასუხა, ამიტომაც ვერ ავუდივართ ღამღამობით მიცვალებულების მალულად დამარხვასო"

"ჩემი მეუღლე ისედაც წინააღმდეგი იყო მათი შემოშვების და ახლა ძალიან შეშინებულია. მგონი, ზოგიერთს ახლაც ის პირბადე უკეთია, რაც ჩამოსვლისას ეკეთა..."

ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონი წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მძიმედ მიმდინარეობს - თუ ერთ დღეს სანაპიროზე უამრავი ხალხია, მეორე დღეს შესაძლოა კანტიკუნტად გამოჩნდნენ. არასტაბილური ვითარების გამო დამსვენებელი ორი-სამი დღით ჩადის.

"ახლა იკრებდა ძალას ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონი და ამ "კოვიდმა" ძალიან დაგვხია უკან. შარშან წინა წლებთან შედარებით ბევრად ცოტა დამსვენებელი იყო, წელს კიდევ უფრო ცოტაა... დიდ ნაწილს არ სურს რეგულაციების დაცვა. რამდენიმემ უკმაყოფილოდ მითხრა, ქალაქს ამ პირბადის გამო გამოვექეცი და აქაც თუ იმავეს მომთხოვდით, არ მეგონაო. რანაირად არ გეგონა, არ იცი, რომ მთელ მსოფლიოშია-მეთქი? ზოგი, პირიქით, თუ ვინმეს პირბადე არ უკეთია, ჩვენ, ადმინისტრაციას გვაძლევს შენიშვნას, რეგულაციების დაცვას თუ არ უზრუნველყოფთ, ბარგს ჩავალაგებთ და წავალთო", - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი თამარ ნადარაია.

"რამდენიმემ მკითხა, ასეთი სიძვირე რატომ არისო. იმიტომ, რომ რეგულაციების დაცვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ზღვიდან დაბრუნებული ადამიანი სასტუმროში რომ შემოდის და პირბადე არ უკეთია, ჩვენ ვაძლევთ. სადეზინფექციო საშუალებები, ხსნარები, მუდმივი დასუფთავება, დამატებითი ხარჯია. ზოგი დამსვენებელი არც აქცევს ყურადღებას, მაგრამ ზოგიერთი დაჯავშნამდე არკვევს ყველა დეტალს, დაცულია თუ არა კოვიდრეგულაციები. თუმცა მერე თავად არ იცავენ რეგულაციებს. სანაპიროზე კვების ობიექტებში ძალიან ცოტას უკეთია პირბადე, პლაჟზე არაფერს ვამბობ, იქ ვერც ნახავთ პირბადიან დამსვენებელს. ზოგი ჩვენი სასტუმროს აუზზეც ისე გამოდის და შენიშვნასაც არ კადრულობს - აცრილი ვარ, დამშვიდდითო. სხვები უხსნიან, რომ აცრა არ არის გარანტია, რომ "კოვიდი" არ დაგემართება, რაზეც ზოგიერთი შფოთავს, აბა, რისთვის უკეთებენ ხალხს ამ "საწამლავსო". ასე მგონია, ეს საკითხი ვერასდროს დარეგულირდება", - ამბობს განმუხურელი ლია მანია.

ადგილობრივების თქმით, არის შემთხვევები, როდესაც რეგულაციების დაცვის გამო ბიზნესობიექტების დაპირისპირება იწყება - ნაწილი რეგულაციებს არ იცავს, თუმცა მომხმარებელი მაინც ჰყავს და უფრო დაბალი ფასებიც აქვს, რადგან ხარჯი ნაკლებია. "ოღონდ დამსვენებელი არ დაკარგონ და რისკზე მიდიან. არადა, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. ეს ხომ ის დრო აღარაა, "კოვიდი" არ არსებობსო, რომ გაიძახოდნენ... "დელტა" შტამის განსაკუთრებით მეშინია. მათიც მესმის, არასტაბილური ვითარებაა, ცდილობენ ტურისტს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან და საფრთხეზე თვალს ხუჭავენ. ზოგჯერ დამსვენებლები აპროტესტებენ, რა ამბავია, ასეთი სიძვირე, რძე და ყველი მაინც თავად მოგყავთო. ასე არ არის - პურის ფქვილი, შაქარი, ზეთი, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, ყველაფერი გაძვირდა და 5 წლის წინანდელი ფასები ვერ გვექნება. როდესაც ყველაფერი გაძვირებულია და ეს პანდემია კიდევ გრძელდება, დაბალი ფასები ვერ გვექნება. რაღაც მოგება ხომ უნდა დაგვრჩეს, თავი რომ გავიტანოთ?" - ამბობს მამუკა დარჩია.

ანაკლიელი 43 წლის ია ამბობს, რომ ბოლო ხანს რუსმა ტურისტებმა იმატა: "ბევრი ადრე აფხაზეთს არჩევდა, რადგან ფსოუდან გადასვლა უფრო კომფორტული იყო, მაგრამ ბოლო დროს რეგიონში ყოფნა სახიფათო გახდა. ჩივიან, ადგილობრივები აგრესიულად არიან განწყობილი და მომსახურებაც უხარისხოაო... რუს ტურისტებთან ძალიან რთულია რეგულაციების დაცვა. როდესაც მივუთითებთ, პირბადე გაიკეთონ, უკმაყოფილოდ გვპასუხობენ, ყველა ასე დადისო. ამაზე სხვა რუსმა უპასუხა, ამიტომაც ვერ ავუდივართ ღამღამობით მიცვალებულების მალულად დამარხვასო. ჩემი მეუღლე ისედაც წინააღმდეგი იყო მათი შემოშვების და ახლა ძალიან შეშინებულია. მგონი, ზოგიერთს ახლაც ის პირბადე უკეთია, რაც ჩამოსვლისას ეკეთა. ერთმა ბელარუსმა უთხრა რუსს, თქვენს გოგონას პირბადე ძირს დაუვარდა, მაგრამ ისევ გაიკეთაო... არა უშავსო, ამან უპასუხა", - გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"როდესაც ქარი ამოვარდება, აქაურობა უდაბნო გეგონებათ..."

დათო შენგელია, 36 წლის, ანაკლიელი: - რუსები ყოველ წელს გვყავდა. ზოგიერთის მეგობარი ან ახლობელი აფხაზეთში ისვენებდა და მათთვის რომ შეეხარბებინა, იქაური ბუნების ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიდა. გაგრის, ბიჭვინთისა და სოხუმის ზღვა და სანაპირო რომ აქაურს სჯობია, რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ვეუბნებოდი, აბა, მომსახურებასა და უსაფრთხოებაზე ჰკითხეთ, რას გეტყვიან-მეთქი... საბჭოთა კავშირის დროინდელი ტრანსპორტით დავყავართ ექსკურსიებზეო.

რამდენიმემ აღიარა, აფხაზეთში იმდენად ბევრი პრობლემაა, სუფთა ზღვა ამ ყველაფრის კომპენსირებას ვერ ახდენსო. მაგალითად, მოუწესრიგებელი, შპრიცებით, ბოთლებითა და ნაგვით სავსე ნაპირი. ნასვამი დამსვენებლები შედიან ზღვაში. ამას არავინ უშლის, მხოლოდ რეკომენდაციას უწევენ, შტორმის დროს ცურვას არ გირჩევთო, მაგრამ არავინ უჯერებს და უამრავი ადამიანი დაიხრჩოო. დამსვენებლები აფხაზებს იქით ედავებიან, შესაბამისი "კანონი" რატომ არა გაქვთო. ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით აქვთ, ინტერნეტი უხარისხოა და ამ ყველაფრის კვალდაკვალ ძალიან მაღალი ფასები.

- სიიაფე არც ანაკლიასა და განმუხურშია. - დიახ, მაგრამ ჩვენთან მომსახურება უკეთესია. დენი, წყალი, ინტერნეტი და უსაფრთხოების პრობლემები ნამდვილად არ არის. სანაპირო სრულყოფილად კონტროლდება, წყალზე მაშველები ლამის ყოველ ნაბიჯზე არიან. ნასვამი დამსვენებლები სანაპიროდან მაშინვე გაჰყავთ. შტორმის დროს ზღვაში არავის უშვებენ... ითქვა, წელს თხილს მაღალი ფასი ექნებაო და აქაურები იმედიანად არიან.

პორტის პროექტი ჩავარდა და ჩვენი იმედებიც გაქრა, რომ მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებით ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. მოკლედ, იმ შეჩერებულ პროექტთან ერთად ანაკლიაში ცხოვრებაც გაჩერდა.

ასე რომ, ღრმაწყლოვანი პორტის ნაცვლად ქვიშის ქარი დაგვრჩა ანაკლიაში. 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ქვიშაა დაყრილი. ტერიტორია, სადაც პორტი უნდა აშენებულიყო, მაგრამ მუშაობა შეჩერებულია, დასახლებულ პუნქტებს მჭიდროდ ესაზღვრება. როდესაც ქარი ამოვარდება, რაც იშვიათად არ ხდება, აქაურობა უდაბნო გეგონებათ, ყველაფერი ნაცრისფერია, სახლები და ეზოები ქვიშით ივსება. ყველა ღრიჭოდან შემოდის. ვერ ვსუნთქავთ. ქარის ჩადგომის შემდეგ სახლს "კერხერით" ვრეცხავთ, რაც ადვილი საქმე არ არის. ასე რომ, აქ მხოლოდ "კოვიდი" არ გვემუქრება...

"პანდემიამ ჩვენი შემოსავალი გაანახევრა და ზოგიერთი ცდილობს რეგულაციების დაუცავად გავიდეს ფონს"

ანა, 31 წლის: - სანამ სეზონი არ დაიწყება, უფრო სწორად, არ გახურდება, ბულვარი ცარიელი და მოუვლელია. სიგრძეზე ჩამწკრივებულ პალმებსაც "ხელი აკლია", რამდენიმე გამხმარია. მე მხოლოდ ბინის გაქირავებაზე არ ვარ დამოკიდებული, ველოსიპედები და საბავშვო მანქანებიც მყავს. ველოსიპედის დაქირავება ერთი საათით 10 ლარი ღირს, 10-წუთიანი საბავშვო მანქანით სეირნობა - 5 ლარი. ეს ჩემი დამატებითი შემოსავალია, მაგრამ სხვამ რა ქნას? აქ ერთადერთი "ცოცხალი ნაწილი" ბულვარია, სადაც ხალხი მიდი-მოდის. ახლა გაირკვა, რომ ეს ტერიტორია ვაჭრობის მსურველებმა სეზონზე იჯარით უნდა აიღონ. ამ თანხას რომ გადაიხდიან, მერე რაღა დარჩებათ, არ ვიცი...

- ერთი სეზონის საშუალო შემოსავალი რამდენია? - გააჩნია სეზონს, ალბათ, 5 ათას ლარამდე, ხან ცოტა მეტი ან ნაკლები, მაგრამ ეს ზოგიერთ ოჯახს, მათ, ვისაც თხილით შემოსავალი არა აქვთ, მთელი ზამთარი უნდა ეყოს. ამიტომ ქალები უცხოეთში, თურქეთში ან იტალიაში მიდიან სამუშაოდ, იქიდან გამოგზავნილი ფულით კი ჯერ სახლს არემონტებენ, მერე კი სხვა ფართობებს, რომელთაც მოკოხტავების შემდეგ ქართულ-რუსულ-ინგლისური აბრა "ქირავდება ბინა" უკეთდება.

გასულ წელს პანდემიის გამო უცხოელი ტურისტები თითქმის არ გვყოლია. დიდი სასტუმროები კოვიდსასტუმროდ ან საკარანტინე სივრცეებად იყო გადაკეთებული. თუმცა მცირე საოჯახო სასტუმროები როგორღაც მაინც მუშაობდნენ. პანდემიამ ჩვენი შემოსავალი გაანახევრა და ზოგიერთი ცდილობს რეგულაციების დაუცავად გავიდეს ფონს, რისკავს, პირბადის გარეშე დადის, ან ტურისტებსაც აძლევს პირბადის გარეშე ყოფნის უფლებას.