"დღეს ადგილები საკმარისია, მაგრამ უარესი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"დღეს ადგილები საკმარისია, მაგრამ უარესი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ"

"ჩინეთმა 3 წლის ზემოთ დაიწყო აცრა... ჩვენთან "ფაიზერით" აცრა ნებადართულია 16 წლის ზემოთ, "სინოფარმით" და "სინოვაკით" - 18 წლის ზემოთ, "ასტრაზენეკათი" - 45 წლის ზემოთ"

ზაფხულზე არანაკლებ ცხელი გვაქვს პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება. ვესაუბრებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს.

- ეპიდსიტუაცია ივნისთან შედარებით გაუარესებულია. მესამე ტალღის პიკი გვქონდა მაისის შუა რიცხვებში, მერე თანდათან სიტუაცია გაუმჯობესდა. ყველა პარამეტრი, რომლებიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, ივნისის შუა რიცხვებისთვის უკეთესი იყო, თუმცა ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები მაინც არ ყოფილა. 25 ივნისიდან ნელი ტემპით დაიწყო გაუარესება და ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რამდენჯერმე 3 ათასსაც კი გადასცდა.

ყველა ინდიკატორი, რომლებიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაუარესებულია და მეტია, ვიდრე იყო მაისში, მესამე ტალღის პიკზე... ჩვენი შეფასებით, ახლა ვართ მესამე ტალღის გაგრძელების პიკში და ეს, ჩვენი გათვლებით, ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემდგომ, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და მეტ ადამიანს ავცრით, წესით, კლება უნდა დაიწყოს.

- შარშან დეკემბერში ქვეყნის ჩაკეტვა მოგვიხდა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს გამორიცხა. თქვენ რას იტყვით? - დღევანდელი ეპიდსიტუაცია რთულია, მაგრამ - მართვადი. შარშან ნოემბერ-დეკემბერში მეტი შემთხვევა ვმართეთ.

- საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება? - დღეს ეს აუცილებელი არ გახლავთ. ადგილები საკმარისია და თანდათან თავისუფლდება კიდეც, თუმცა უარესი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.

- აგვისტოში ტურისტების ნაკადი მოიმატებს. ხომ არ მსჯელობთ კონტროლის ახალ მექანიზმებზე, განსაკუთრებით - რუსი ტურისტებისთვის? - საბჭო ამ საკითხს განიხილავს. ვმსჯელობთ რეგულაციების უკეთ აღსრულების მექანიზმებზე როგორც საზღვრებზე, ისე ქვეყანაში, მაგრამ რთულია იმის თქმა, მოიმატებს თუ არა ტურისტების რაოდენობა.

საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე ქვეყანა, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდიოდა, ჩვენ უკვე წითელ ზონად მიგვიჩნევს. სამწუხაროდ, ისრაელმა 1-ლი აგვისტოდან საქართველოში ტურისტების მიმოსვლა შეწყვიტა.

- ალბათ, ყველა ქვეყანას, რომელიც წითელ ზონად გვაცხადებს, თავისი სახელმძღვანელო წესი აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვართ წითელი ზონა? - ჩვენთან დღეს სერიოზულად გაუარესებული ეპიდსიტუაციაა, რომელსაც სჭირდება ინტენსიური მუშაობა ორი მიმართულებით: ინტენსიური აცრა და წესების დაცვა. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი. იქ იანვარში დღეში 10-15 ათასი ახალი შემთხვევა დასტურდებოდა, მაღალი სიკვდილიანობით, მაგრამ სამი თვის განმავლობაში ინტენსიურმა აცრებმა მდგომარეობა გამოასწორა. თუმცა ისინი უფრო კანონმორჩილნი არიან და პირბადეებსაც ხმარობდნენ, არც ხალხმრავალ თავყრილობებს მართავდნენ... ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ...

ბოლო დღეებში ყოველდღე 15-17 ათასი ადამიანი იცრება, მაგრამ მეტი გვჭირდება - დღეში 20-25 ათასი კაცი მაინც უნდა აიცრას. ამასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, ვიხმაროთ პირბადე! სადაც 5-10 ადამიანი იკრიბება, ეს აუცილებელია. ასევე აუცილებელია დიდ წვეულებებზე უარის თქმა.

- ამ ყველაფრის მონიტორინგი აუცილებელი არ არის?

- დიახ, მაკონტროლებელმა ორგანოებმა ამას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ბევრი შეზღუდვა ხომ აღარ დარჩა? მხოლოდ პირბადე, დისტანცია და თავშეყრისთვის თავის არიდება - ეს არის და ეს...

- თუმცა, ბევრი ამ წესებსაც არ იცავს და, სამწუხაროდ, ბათუმის მაგალითი ერთადერთი არ არის... - დიახ, ეს სამწუხაროა. ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ კონტროლი, მათრახი და შოლტი არ გვიშველის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში სერიოზული მდგომარეობაა და თუ გვინდა, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, არ აგიზგიზდეს ეს ცეცხლი, რომელიც ახლა ანთია, უნდა ავიცრათ და ყველა წესი დავიცვათ.

- "შარშან, არჩევნების წინ, შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს "კოვიდი" ახლაც ყალბი ცნობებით მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ტურისტები" - ეს სააკაშვილის ფრაზებია. ის ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ ეპიდსიტუაციას ხელოვნურად ართულებენ... - თქვენ იცით, რომ მე პოლიტიკოსების გამონათქვამებს არ ვპასუხობ. რა თქმა უნდა, რასაც ის ამბობს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთ მოსაზრებებს მე მხოლოდ პროფესიული ენით ვუპასუხებ, პროფესიულად კი გეუბნებით, რომ სიტუაცია გაუარესებულია, თუმცა საქართველო გამონაკლისი არ არის, ეს ხდება ბევრ ქვეყანაში.

მსოფლიოში შემთხვევათა ყოველდღიური მაჩვენებელი 300 ათასამდე იყო შემცირებული, ახლა კი ნახევარ მილიონს ასცდა, თითქმის ყველგან გაზრდილია სიკვდილიანობაც. ეს გამოწვეულია ახალი შტამებით, რომლებიც ახლა ცირკულირებს, განსაკუთრებით - დელტა შტამით, რომელიც მთლიანად ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამას ემატება ისიც, რომ ზაფხულში ბევრმა ქვეყანამ შეამსუბუქა რეგულაციები... კორონავირუსი არ აღმოჩნდა ისეთი, ერთი შეხედვით, მსუბუქი, როგორც შარშან ფიქრობდნენ.

- ჩვენს სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ერთადერთი, თითქმის სტაბილური, სიკვდილიანობის მაჩენებელია. დაახლოებითი ასაკი თუ ვიცით "კოვიდით" გარდაცვლილების და ყველაზე ხშირად რა არის გარდაცვალების მიზეზი? - გეთანხმებთ, ჩვენთან სიკვდილიანობა შემთხვევათა რაოდენობის 1,4%-ია, როცა საერთაშორისო მაჩვენებელი 2,1% გახლავთ. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 9%-მდეც კი ადის, თუმცა ჩვენთვის ეს 1,4%-იც ძალიან დიდი დანაკლისია. რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკს (პირველი ივლისის მდგომარეობით), დაახლოებით 40% 70 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტია, 30% - 70-79 წლის, 31%-მდე - 79 წელზე უფროსი. სქესის მიხედვით, გარდაცვლილთა 52,3% კაცია, 47,7% - ქალი. გარდაცვლილ პაციენტთა 49,4%-ს ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება. მათ შორის 45%-ს - კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, 11,4%-ს - დიაბეტი, 3,7%-ს - ონკოლოგიური დაავადება.

- ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებელი იმატებსო, ბრძანეთ. როგორ ფიქრობთ, "ფაიზერი" უფრო ადრე რომ შემოეტანათ, ეს მაჩვენებელი უკეთესი ხომ არ იქნებოდა? - "ფაიზერი" ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა მსოფლიოში. კარგად იცით, როგორი დეფიციტი იყო გაზაფხულზე - ეს ვაქცინა, ძირითადად, მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დღესაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი ტემპი მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია, თუ არ ჩავთვლით ჩინეთს.

ჩვენთან ახლა ოთხი ვაქცინაა: "სინოფარმი", "სინოვაკი", "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი". ოთხივე ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ოთხივეს ხარისხი და დამცველობითი უნარი მაღალია. განსაკუთრებით კარგად გვიცავს ჰოსპიტალიზაციის, რეანიმაციაში მოხვედრისა და, რაც მთავარია, სიკვდილისგან. არის ასეთი სლოგანი: დღეს უნდა აიცრა იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია!" ჩვენთან ხელმისაწვდომია ეს ოთხივე ვაქცინა, ამიტომ ავიცრათ, რომლითაც გნებავთ, მთავარია ავიცრათ! მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ აცრა მაქსიმალურად დაგიცავთ ჰოსპიტალიზაციის, რეანიმაციისა და სიკვდილისგან.

- ამბობენ, რომ "სინოფარმით" ორჯერ აცრილების ინფიცირება გახშირდა.

- ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. არის როგორც ერთხელ აცრილების (დაახლოებით 0.9%), ისე - ორჯერ აცრილების ინფიცირების შემთხვევები (0.3%). დაინფიცირდნენ როგორც "სინოფარმით", ისე "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" ორჯერ აცრილები. ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანია აცრილი "სინოფარმით", შემდეგ მოდის "ასტრაზენეკა", შედეგ - "სინოვაკი" და ბოლოს - "ფაიზერი". ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი იცრება "ფაიზერით", ამიტომ მალე აცრილთა საერთო რაოდენობაში ის ყველა სხვა ვაქცინას გადაუსწრებს.

- არასრულწლოვანთა აცრაზე რას გვეტყვით? - 12 წელზე უფროსი მოზარდების აცრა ნებადართულია მხოლოდ "ფაიზერით", ისიც - რამდენიმე ქვეყანაში (აშშ, კანადა, იტალია, საფრანგეთი). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ 12 წლის ზემოთ აცრაზე ავტორიზაცია არ გაუცია. ეს დიდი ქვეყნები თავიანთი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით ცრიან, ჩვენ კი ვეყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას.

რაც შეეხება უფრო პატარა ასაკს - ჩინეთმა 3 წლის ზემოთ დაიწყო აცრა. იქ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ გამოქვეყნებული მასალა დიდი არ არის. ჩვენთან "ფაიზერით" აცრა ნებადართულია 16 წლის ზემოთ, "სინოფარმით" და "სინოვაკით" - 18 წლის ზემოთ, "ასტრაზენეკათი" - 45 წლის ზემოთ.

- ბევრი მშობელი არასრულწლოვანთა აცრას ერიდება. ამბობენ, რომ ეს უშვილობას იწვევს. ეს მითია თუ რეალობა? - არა, ბატონო! უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული და მსგავსი არაფერი გამოვლენილა.

რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვაქცინა გავლენას არ ახდენს. მეძუძური დედები, ისევე, როგორც ორსულები, ექიმთან მოლაპარაკების საფუძველზე უნდა აიცრან "ფაიზერით", რადგან "სინოვაკსა" და "სინოფარმს" ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო ჩვენება აქვს. მართალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ რადგან ისინი ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინებია, ორსულობისა და ძუძუთი კვებისას მათი გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ინსტრუქციაში ორივე ვაქცინას ორსულობაზე საწინააღმდეგო ჩვენება აქვს მითითებული.