"ბევრმა მამაკაცმა ცოლ-შვილი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ოჯახში აუტიზმის სპექტრის ბავშვი გაჩნდა!" - კვირის პალიტრა

"ბევრმა მამაკაცმა ცოლ-შვილი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ოჯახში აუტიზმის სპექტრის ბავშვი გაჩნდა!"

"დღეს 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობა"

აუტიზმი ბავშვების პრობლემაა, რომელიც პანდემიამ უფრო გაამწვავა. ლოკდაუნის დროს სპეციალისტები იძულებული გახდნენ, მათთან მუშაობა შეეწყვიტათ, რის შემდეგაც ეს ბავშვები შინ გამოიკეტნენ. ამგვარმა სიტუაციამ მათ მენტალობას დიდი ზიანი მიაყენა, რის აღმოფხვრაში მშობლებს სახელმწიფო არ და ვერ დაეხმარა, მათ კი, ამის გარეშე, პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლეს. ვერც ის მშობლები გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომლებიც აუტისტური სპექტრის შვილების დასახმარებლად რეგიონებიდან დედაქალაქის ნაქირავებ ბინებში გადმოვიდნენ, რადგან აქ შესაბამისი განვითარების არაერთი ცენტრია. ირკვევა, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვების მომავალი, უმთავრესად, დედებზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ ქალბატონებს აღმოაჩნდათ ძალა, შვილების მომავალზე ეზრუნათ.

ლელა აფციაური-კიკვიძე ერთ-ერთი ასეთი მშობელია. მან, დიდი ბრძოლის შედეგად, რუსთავში აუტისტური სპექტრის ბავშვების დახმარების ცენტრი შექმნა, თუმცა პრობლემების მოგვარება მისთვისაც მეტისმეტად რთული აღმოჩნდა.

- 11 წლის აუტისტური სპექტრის ბავშვის დედა ვარ. როდესაც ჩემი პრობლემა გავაცნობიერე, დავიწყე ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ჩემს შვილს უნდა დახმარებოდა, თუმცა ეს ადვილი არ იყო. ხშირად მიხდებოდა სიარული დედაქალაქში, მშობელთა აქციებზე, რომლებიც შვილებისთვის მომავალს ვითხოვდით. სახელმწიფო იძულებული გახდა, ჩვენი აქციებისთვის ანაგრიში გაეწია და თითოეულ ბავშვს 600-ლარიანი ვაუჩერი გამოუყო. სწორედ ამ თანხით გავხსენი რუსთავში აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის პირველი ცენტრი. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი შვება აღმოჩნდა როგორც მშობლების, ისე - ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან სიხარულით მოვიდნენ. მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც ასე რუდუნებით ვასწავლიდით ყველაფერს, პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. სახლში გამოკეტვა და სპეციალისტებთან ურთიერთობის შეწყვეტა მათთვის სხვებზე ძნელი აღმოჩნდა. ამ მდგომარეობაში სახელმწიფო როგორღაც უნდა დაგვხმარებოდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების მენტალიტეტიც უარესად დაგვიპირისპირდა. რუსთავში მხოლოდ ორი საცურაო აუზია და ორივეს დირექტორმა მტკიცე უარი გვითხრეს ბავშვების შეშვებაზე, არადა, ბავშვებს ფსიქოლოგი დავუქირავეთ, სწორედ მასთან ერთად უნდა ჩასულიყვნენ ჩვენი შვილები აუზში. უბედურება ის არის, რომ ჩვენთან საუბარს ხალხი თანაგრძნობით იწყებს - ასე მოიქცა ორივე დირექტორიც, თუმცა მერე მოგვახალა, თქვენი შვილების გამო სხვას ხომ არ ამოვიყვან აუზიდანო! არ გაჭრა მტკიცებამ, რომ ბავშვები აუზში ფსიქოლოგთან ერთად უნდა ჩასულიყვნენ.

- სამწუხაროა. თუმცა აუტისტური სპექტრის ბავშვების დედები შვილებისთვის თავგანწირვით იბრძვით და საზოგადოებასაც ამას ასწავლით. - ნამდვილად ასეა, თუმცა საქართველოში არაერთი რაიონია, სადაც მშობლებს ეს ბრძოლა არ შეუძლიათ, იქ მათთვის არც სწავლების ცენტრები არსებობს.

ამას წინათ გარდაბნელ ქალბატონს ვესაუბრე, რომელიც ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ამხელა მუნიციპალიტეტში აუტისტური სპექტრის ბავშვების ცენტრი არ არსებობს და ეს პრობლემა ყველგან არსებობს. აქვე ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ დედების შრომაზე ვლაპარაკობ და არა - მამების. მაგრამ ამის საფუძველიც მაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრმა მამაკაცმა ცოლ-შვილი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ოჯახში აუტიზმის სპექტრის ბავშვი გაჩნდა! თქვენ წარმოიდგინეთ, მამებს აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მარტო დარჩენაც უჭირთ, რადგან მათი ქცევების მართვა არ შეუძლიათ, დედებმა კი ყველაფერი უნდა გადაიტანონ, მათ შორის - მარტოხელა დედებმაც, რომელთაგან ბევრს შვილის ელემენტარული საჭიროებებისთვის სახსარი არ გააჩნია.

ასეთი დედა აუტისტური სპექტრის ბავშვის ყოფით პრობლემებს როგორ მოაგვარებს! სტომატოლოგთანაც კი ვერ მიიყვან ატკივებული კბილის გამო, რადგან პირს არ აღებენ, არ შეუძლიათ. ვერც სრულფასოვან საკვებს ვაწვდით, რადგან არ იღებენ. ამოჩემება იციან და ჯიუტობენ.

ჩემს შვილს კბილების დასაბჟენად 4.500 ლარი დასჭირდა, რადგან ყველა კბილი დაზიანებული ჰქონდა. იმ დღეს სტომატოლოგის კაბინეტიდან გულგახეთქილი წამოვედი - ყველას ხომ არ აქვს ამდენი ფული, რომ შვილს უშველოს?! მარტოხელა მშობლები ბავშვებს ტკივილებს აბებით ვითომ უამებენ, თუმცა ის ხომ მალევე ახლდება! პრობლემები იმატებს და სახელმწიფო ამაზე უნდა დაფიქრდეს!

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღეს 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობა, მათ შორის მსუბუქი ფორმაც. ამასთან, აუტიზმი ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.