"ატეხდა­ სროლას და დაიძახებდა, მოგკალიო! მერე მომვარდებოდა, მკვდარი ხარ, მკვდარიო და ავტომატს თავში მირტყამდა..." - კვირის პალიტრა

"ატეხდა­ სროლას და დაიძახებდა, მოგკალიო! მერე მომვარდებოდა, მკვდარი ხარ, მკვდარიო და ავტომატს თავში მირტყამდა..."

რას ჰყვება თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც უცხო მიწაზე უმძიმესი დღეები გამოიარა

ივლისის შუახანებში თურქეთში მომიწია ყოფნამ. შემთხვევით ვისარგებლე და ჩემს ძველ მეგობარს მინერალური წყლებით ცნობილ პატარა, მაგრამ უძველეს ქალაქ იალოვაში ვესტუმრე. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ამ ქალაქში ბევრი ქართველი ქალი მძიმე შრომის ფასად ლუკმაპურის ფულს შოულობსო (რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჩვენებურებს მხოლოდ დიდ ქალაქებში უნდა შევხვედროდი). სამწუხაროდ, თურქეთში ოჯახის სარჩენად გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეების ყოფა წლების განმავლობაში არ იცვლება - ისევ ისეთი მონური შრომა, უუფლებობა და ჩაგვრა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ ორიოდე წლის წინ მათი ხელფასი 600-900 დოლარი იყო, დღეს მხოლოდ 250 დოლარად უწევთ ღამეების თევა ჭურჭლის სამრეცხაოში თუ ავადმყოფი მოხუცების სასთუმალთან... მათი ამბები ზოგჯერ ისეთი შემზარავია, გახსენებაც უჭირთ, თუმცა ერთი ქალბატონი მაინც დავიყოლიე "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის თავისი ცხოვრების მაგალითით მოეთხრო, როგორი მძიმეა მათი ხვედრი უცხო მიწაზე.

ლიანა (სახელი შეცვლილია): - თურქეთში წამოსვლა 2008 წლის ოქტომბერში გადავწყვიტე. 20 ოქტომბერს დედაჩემის დაბადების დღე იყო - ვესტუმრე და თან ჩემი ორი შვილი დავუტოვე: 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა. მანამდე ბავშვებს ნელ-ნელა ვაჩვევდი, ვეუბნებოდი, უნდა წავიდე სხვა ქალაქში, რადგან ფული გვჭირდება და იქიდან ბევრ სათამაშოს და ტკბილეულს ჩამოგიტანთ, მანამდე კი ბებიასთან, დეიდასა და ბიძასთან იქნებით-მეთქი... ბიჭი უჩემოდ არასდროს იძინებდა, 21-ში საღამოს კი დავაძინე ბავშვები და ღამის 10 საათზე ჩემმა ძმამ თურქეთში მიმავალ ავტობუსთან მიმიყვანა (ეს ღამე რომ მახსენდება, სულ მეტირება). მოვდიოდით ოთხი ქალი - უბნის გოგოები, რომლებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო ოჯახებს ვტოვებდით, იმ იმედით, რომ თავს არ დავზოგავდით და შვილებს პურის ფულს არ გავუჭირვებდით.

მამა ვეტექიმი მყავდა, მამიდებს სამედიცინო სფეროში ყველა იცნობდა, მე პედაგოგი ვარ. ბოლო ხელფასი ბაღში 163 ლარი ავიღე, რომელიც ჩემს შვილებს არ ჰყოფნიდათ, მეუღლე უმუშევარი იყო, მოკლედ, ლუკმაპურის საშოვნელად უცხო ქვეყანაში მომიწია წასვლამ. მძინარე ბავშვები დავტოვე. გავეცალე შვილებს და არ ვიცოდი, როდის ვნახავდი, უცხო ქვეყანაში მივდიოდი, სადაც, არც კი ვიცოდი, რა მელოდა.

ავტობუსამდე სულ ტირილით მივედი. გამცილებელი მძღოლს და ჩემს თანმხლებ ქალებს ეუბნებოდა, ეს უკან დააბრუნეთ, დარდით მოკვდება ანკარაში ჩასვლამდეო...

ანკარაში ერთი ქართველი ქალი იყო თურქზე გათხოვილი და მას ჰქონდა ე.წ. დასაქმების ოფისი. მე მაღალი და, რომ იტყვიან, ჩასკვნილი ვიყავი (130 კილო). დანარჩენები გამხდრები იყვნენ. ჩემი თანმხლები გოგოები ოჯახებმა ბავშვებთან სამუშაოდ მოითხოვეს, თამაში გაუადვილდებათო, მე კი, პროფესიით პედაგოგს, მომახალეს - შენ ბავშვებთან ვინ მიგიშვებს, ავადმყოფის მომვლელად თუ გამოდგებიო.

ოფისში ორი კვირა ვცხოვრობდით. ერთ ოთახში შეყრილ ოთხ ქალს იატაკზე გვეძინა. დამსაქმებელი გვეუბნებოდა, საქართველოში რომ იცით ტუალეტის ხეხვა, თურქები სხვანაირად ხეხავენ, ჩემი ტუალეტი გახეხეთ და ისწავლეთო. დღემდე ვერ ამოვხსენი, რას ნიშნავდა ეს სხვანაირი. ცხადი იყო, საქმეს გვირთულებდა...

იქ ასეთი წესია: როცა დამსაქმებელი გიშოვის სამსახურს, პირველი თვის ხელფასი უნდა მისცე, გარდა ამისა, შენი პატრონიც უხდის ფულს. არადა, ხშირად დამსაქმებელი ერთთვიან სამუშაოზე გიშვებს. მთავარია, თვითონ ფული აიღოს და თუნდაც იქიდან მეორე დღესვე გამოგაგდონ...

ერთ დღესაც წამიყვანეს საავადმყოფოში მომვლელად. ავადმყოფს ყელის კიბო ჰქონდა და ტრაქეასტომა ედგა. როგორც კი მივედი, დავფაცურდი - დავბანე, პამპერსი გამოვუცვალე, მოვაწესრიგე. აღმოჩნდა, რომ ტრაქეასტომაც მე უნდა ამომეწმინდა, მაგრამ როგორ, აზრზე არ ვიყავი (არადა, ჩემს დამსაქმებელს პატრონი მოუტყუებია, სამედიცინო განათლება აქვსო). ამიხსნეს, რომ ეს პროცედურა სპეციალური ხელსაწყოთი კეთდებოდა და საქმეს წამები წყვეტდა. მივხვდი, ამას გაწაფული ხელი სჭირდებოდა და უარი ვთქვი, მაგრამ - შემომიბღვირეს, რას ჰქვია, არ შეგიძლიაო, სხვა რა გზა მქონდა?! თუმცა სწორად ვერ გავაკეთე და როცა ავადმყოფს სუნთქვა გაუჭირდა, პატრონმა იკივლა, ეს ვინ მოათრიეს, გააგდეთ აქედანო. თავზარდაცემული გამოვვარდი პალატიდან... ოფისში დამსაქმებელმა მომახალა, აქაც კი ვერ ივარგე, მე ვეღარ დაგასაქმებ და თურქთან უნდა გაგიშვაო. სხვასთან იმიტომ მაგდებდა, რომ ახლა იმ სხვას ეშოვა ჩემგან ფული.

ერთი თურქი ქალი იყო, გუზანა, ორი ბავშვი ჰყავდა. მის ბავშვებთან ხაშურელი სომეხი ქალი მუშაობდა. გუზანა კერძო საბავშვო ბაღის გახსნას აპირებდა (რემონტი არ იყო ჯერ დასრულებული). პირველ სართულზე დასაქმების ოფისი ჰქონდა და ქალებს უფასოდ ამუშავებდა, ჭამის სანაცვლოდ. მეც იქ, უფრო სწორად, ნახევრად სარდაფში მომიჩინეს ადგილი. მაცივარი იდგა და კამერა იყო დამონტაჟებული, რომ არავის გაეღო და ზედმეტი არაფერი ეჭამა. თურქეთში ონკანის წყალი არ ისმება, ჩვენ კი მხოლოდ ამ ონკანის წყალს ვსვამდით. ხაშურელს კიდევ გაჰქონდა თავი - ბავშვებთან მუშაობდა და რაც მორჩებოდათ, იმას ჭამდა. მე სულ მშიერი ვიყავი. ერთხელ ვეღარ მოვითმინე, ავედი მაგიდაზე, ქაღალდის ხელსახოცი კამერას ჩამოვაფარე, გავაღე მაცივარი და რაც ვნახე, თითო-თითო კოვზს გამალებული ვიყრიდი პირში. მურაბაც კი შემხვდა. გამიხარდა, ტკბილი გემო რომ ვიგრძენი და ცრემლები მომერია. მოსაღამოვდა და ისევ მშიერი ვარ... გვიანი იყო, როცა ჩვენი პატრონის მამა მოვიდა, ხორცი მოიტანა და არანორმალურად დაიწყო ჭამა. ცხვრის ხორცი ცხოვრებაში არ მეჭამა და იქ ვჭამე, მაგრამ რა ჭამა იყო - ნასუფრალის ძვლები მოგვცეს. მე ხერხემლის ერთი მალა შემხვდა, რომელზეც 50 გრამი ხორციც არ იქნებოდა...

ყოველდღე ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდით. ამასობაში ის საბავშვო ბაღიც გაიხსნა, თუმცა გუზანა ჩემს დასაქმებას არც კი ფიქრობდა, გამორჩენაზე იყო, მუქთად მამუშავებდა და შიგადაშიგ მაჭმევდა. ერთ დღეს 10 კილო მწვანე ლობიო მოიტანეს და ღამის ორ საათამდე ვარჩევდი. ლობის ოხრახუშიც მოჰყვა. 5 კილომდე ოხრახუში დამარჩევინა.

სამსახურის შოვნის იმედი რომ გადამეწურა, ერთი ადგილი გამოჩნდა. ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ადგილი, რომელიც ამ ჯოჯოხეთზე უარესი იქნებოდა... ბავშვის მომვლელი სჭირდებოდათ. ქალი ცნობილი კომპანიის მენეჯერი იყო, ქმარს გაცილებული. უფროსი შვილი მამასთან იზრდებოდა, უმცროსი, 6 წლის, სახლში ჰყავდა. თავიდან არავის უთქვამს, რომ ბავშვი პრობლემური იყო, ჰიპერაქტიური, რთული ხასიათის... დავიწყე მუშაობა და გავხდი ძიძა. დედა თავიდან თურქულად გამესაუბრა და როცა გავაგებინე, რომ ცოტაოდენი ინგლისური ვიცოდი და თურქული არა, ინგლისურად ცდილობდა, გაეგებინებინა - მე ხვალ 7 საათზე მივფრინავ და ერთი კვირა არ ვიქნებიო. ელდა მეცა! როგორი იყო ერთი დღის გაცნობილ ბავშვთან მარტო დარჩენა, თან რომ არ ვიცოდი, რა ენაზე დავლაპარაკებოდი! ბიჭი სკოლაში უნდა მიმეყვანა და მერე გამომეყვანა.

გათენდა პირველი სამუშაო დილა. წამოვხტი უთენია, დავფაცურდი, ბავშვს საუზმე გავუმზადე. მეც ხომ თითქმის მისი ტოლი შვილები დავტოვე შინ და ისეთი სიყვარულით ვაკეთებდი, მეგონა, ჩემებისთვის ვამზადებდი. ბიჭმა გაიღვიძა და უცხო ქალი შევრჩი ხელთ. დედა მოიკითხა. დედა არ არის-მეთქი, მოვეფერე. ერთი შემომხედა რაღაც უცხოდ და გამერიდა. ჩანთა გავამზადე, საჭმელი ჩავუწყვე და ხელებით ვუხსნი: ბერქე, მე ახლა ჩავიცვამ და სკოლაში უნდა წავიდეთ. მოულოდნელად ბავშვი წამოხტა, კარში გავარდა და კიბეზე დაეშვა. ისღა მოვიფიქრე, რომ გასაღები ავიღე, ჩანთას ხელი დავავლე და ასე პიჟამით და ოთახის ჩუსტებით გამოვენთე: ბერქე! ბერქე! მაგრამ არ მაქცევს ყურადღებას და გარბის. გზა რომ გადაირბინა, თვალთ დამიბნელდა. არ მახსოვს, რამდენი ცუდი რამ ვიფიქრე... ბოლოს სკოლაში შევარდა და მეც შევყევი... ასე მიჰყვა მძიმე დღეები ერთმანეთს ანკარაში. როცა დედა ჩამოვიდა, გადაწყდა, რომ საცხოვრებლად იზმირში გადადიოდნენ და მეც უნდა გავყოლოდი. როცა ბავშვის ამბები მოვუყევი, ავტორიტეტი უნდა გქონდესო, მომიჭრა.

მე და ბერქე იზმირშიც, ფაქტობრივად, მარტო ვცხოვრობდით. დედამისი სულ სადღაც დაფრინავდა. ხომ გითხარით, 130 კილომდე ვიყავი-მეთქი. იმ ერთ-ორ თვეში 30 კილომდე დავიკელი და თითქმის ყოველ კვირას ტანსაცმელს ვავიწროებდი - ახლის ყიდვის საშუალება სად მქონდა!..

დილაობით სკოლაში რომ მივდიოდით, მშენებლობასთან უნდა ჩაგვევლო. ბერქე ეზოში მყოფ ძაღლებს აღიზიანებდა და ისინი რომ გამოეკიდებოდნენ, თავად იქვე ღობეზე შეხტებოდა, ამ გავეშებულ ძაღლებს კი მე შევრჩებოდი ხოლმე ხელში. ბოლოს მოვიფიქრე და ყოველ დილით ჯიბეებში ქვებს ვიწყობდი ძაღლების მოსაგერიებლად. ერთ დღეს ბერქე სკოლიდან გამოიქცა, ქუჩაში პოლიციელსაც მივარდა და უთხრა, არ მინდა ეს ქალი, დედა მინდა, ეს ქალი წაიყვანეთ, სადაც გინდათო. გულზე შემომეყარა - არ ვიცოდი, პოლიცია რას მოიმოქმედებდა. ვიფიქრე, ალბათ, საქართველოში გამაპანღურებენ-მეთქი. კიდევ კარგი, დედის ნომერი მქონდა და პოლიციელს მასთან დავარეკვინე... ომობანას თამაში უყვარდა და, რა თქმა უნდა, მეც უნდა მეთამაშა. მომცემდა დიდ ავტომატს და ტახტსა და სავარძლებს შორის ჩაწვებოდა. მერე უცებ ამოყოფდა თავს და დამიყვირებდა, დაიმალეო. ატეხდა სროლას და დაიძახებდა, მოგკალიო! მერე მომვარდებოდა, მკვდარი ხარ, მკვდარიო და ავტომატს თავში, ხელებში მირტყამდა. სულ დალურჯებული მქონდა მკლავები. სურათიც კი გადავიღე და გავუგზავნე ჩემს დამსაქმებელს, რა გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი.

ერთხელ ჩემი პატრონი სტუმრებს ელოდებოდა და მითხრა, ფლავის გაკეთება თუ იციო? ვიცი-მეთქი. მაგრამ არ ვიცოდი, რომ თურქეთში მარილიან ფლავს აკეთებენ. დავიკაპიწე ხელები ჩვენებური ტკბილი ფლავის გასაკეთებლად, ჩავყარე ქვაბში ყველაფერი და შემოვდგი ცეცხლზე. გახარებული ვიყავი, რომ შეიძლებოდა ერთი ულუფა მეც შემხვედროდა... როცა ჩემი პატრონი სამზარეულოში შემოვიდა და ქვაბში ჩაიხედა, მიყვირა, ეს რა გიქნიაო?.. მერე ხელი ჰკრა და ეს ადუღებული წყალი ლამის ზედ გადმომესხა, ბეწვზე გადავრჩი. საერთოდ, თურქეთში ქალები მოახლეების მიმართ ძალიან აგრესიულები არიან.

ბერქეს უყვარდა "მაკდონალდსში" სიარული და ამისთვის ტაქსი გვაკითხავდა ხოლმე. სახლში თითქმის არაფერს მაჭმევდნენ და იქ რამის ჭამა ჩემთვის ოცნებადაც არ ღირდა. ერთ დღეს, არ ვიცი, რა მოხდა, დედამისმა მითხრა, შენთვისაც იყიდეო. გამიხარდა. ერთი ბავშვს ვუყიდე, მეორე ჩემთვის ავიღე. ბერქემ ეს რომ დაინახა, ჩემი ჰამბურგერი გადახსნა, შიგ ჩააფურთხა, შემდეგ ისევ მაგიდაზე დადო და მშვიდად გააგრძელა ჭამა... სახლში მოსულმა დედას ავუხსენი, რომ ბერქეს საქციელი უკვე ყველა ზღვარს სცდებოდა, მაგრამ პასუხად ისევ ის მივიღე - ავტორიტეტი არ გაქვსო...

ერთ დღეს დავინახე, რომ ჩემმა პატრონმა პური მოიტანა და კარადაში შედო. როცა გარეთ გავიდა, დრო ვიხელთე, ერთი კარგი ნაჭერი ჩამოვაჭერი და ტუალეტში შევიკეტე, რომ მეჭამა. ისე ჩქარა ვჭამდი, გულზე დამადგა. ამ დროს კორიდორში ფეხის ხმა გავიგონე. აღარ ვიცოდი, რა მექნა... იმ ღამეს გადავრჩი... ერთადერთი, რაც კარგი შემემთხვა იმ ოჯახში (ამას თუ კარგი ჰქვია), თურქული ვისწავლე... რადგან ბერქე პირველკლასელი იყო, კომპიუტერით მეცადინეობდა და მეც გვერდზე ვეჯექი. როგორც კი ეკრანზე გამოჩნდებოდა, მაგალითად, ბატი, უნდა წამეკითხა. თუ სწორად ვერ წავიკითხავდი, ავტომატს აიღებდა და თავში ჩამარტყამდა.

ამასობაში თურქეთში ყოფნის სამი თვეც გავიდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო შინ დაბრუნება გადავწყვიტე. პატრონს პირველი თვის ხელფასი დამსაქმებლისთვის უნდა მიეცა, მაგრამ არ მისცა, მე კი ორი თვის 900 დოლარიდან, მხოლოდ 450 დოლარი მომცა, ჩამსვა ავტობუსში და გამომიშვა. 36 საათი ვიმგზავრე. როცა ჩემს სოფლამდე მოვაღწიე, გზიდან მეუღლეს შევატყობინე, რომ დამხვედროდა, თუმცა არაფერი მომქონდა საქართველოდან წაღებული წიგნების და ერთი-ორი ძველმანის გარდა. მარშრუტკიდან რომ ჩამოვედი, ჩემმა ქმარმა ვერ მიცნო, ისე ვიყავი დასუსტებული და შეცვლილი. რამდენიმე თვე მკურნალობა დამჭირდა. ვფიქრობდი, რომ თურქეთში აღარასოდეს დავბრუნდებოდი და სამუშაოს საქართველოში ვიშოვიდი. მართალია, თბილისში ჩამოვედი, მაგრამ დრო გადიოდა და ვხედავდი, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სჭირდებოდათ, ერთ დღეს კი გადავწყვიტე, ისევ თურქეთში დავბრუნებულიყავი...