როგორ გამოიყურება "გინესის" წიგნში შესატანი სოფელი-მუზეუმი ფარცხნალში - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება "გინესის" წიგნში შესატანი სოფელი-მუზეუმი ფარცხნალში

რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრა" იუწყებოდა, რომ "გინესის" რეკორდების ცენტრალურ ოფისს იმერული სოფლის, ფარცხნალის, "გინესის" წიგნში შეტანის მოთხოვნით მიმართეს. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სოფელმა ბევრი სახელოვანი ადამიანი გაუზარდა სამშობლოს, მათ შორის - ოთხი აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი! "გინესის" რეკორდების ცენტრალური ოფისის პასუხი ასეთი იყო: "გვეეჭვება, რომ მსგავსი სოფელი იყოს მსოფლიოში, თუმცა, ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, გამოკვლევა სჭირდება..."

ვიდრე "გინესის" ოფისში იკვლევენ, შეიტანონ თუ არა ფარცხნალი რეკორდების წიგნში, სოცქსელში გავრცელდა იმ სახლების ფოტოები, სადაც კორიფეები აღიზარდნენ და ვინაიდან ისინი სავალალო მდგომარეობაშია, ამას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით სოფელ ფარცხნალის გამგებელს, ავთანდილ თაბუკაშვილს.

- ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ისეთ სოფელს ვემსახურო, რომელმაც საქართველოს გაუზარდა ოთხი აკადემიკოსი, მრავალი პროფესორი და საზოგადო მოღვაწე. მეც თაბუკაშვილი ვარ გვარად, რეზო თაბუკაშვილის მოგვარე და ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა! რეზო თაბუკაშვილი ფარცხნალში დაიბადა და გაიზარდა, ყოველთვის უყვარდა თავის სოფელში ჩამოსვლა მეუღლესთან, შვილთან, შვილიშვილებთან ერთად! დღეს სახლი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რეზო თაბუკაშვილის მემკვიდრე და სოფლის თუ რაიონის ხელმძღვანელობას არ გვაქვს უფლება, სხვის საკუთრებაში სამუშაოები წამოვიწყოთ. რაც შეეხება აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლს, იქაც ანალოგიური ვითარებაა. ხარაგაულის მერმა გვთხოვა, ყურადღება გამოგვეჩინა და ეზო მოვაწესრიგეთ, სახლს კი ბოქლომი ადევს.

ევგენი ხარაძე დიდ ყურადღებას იჩენდა თავისი სოფლის მიმართ. მთელი სოფელი უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ. სკოლა, რომელიც ევგენი ხარაძის სახელობისაა, მისი აშენებულია. 1966 წელს მიიღო სკოლამ პირველი მოწაფეები, დღეს კი, სამწუხაროდ, აქ მხოლოდ ორი მოწაფეა. უმძიმეს ოთხმოცდაათიან წლებში მთელ ქვეყანაში არაფერი იყო, ფარცხნალში კი იყო ყველაფერი ევგენი ხარაძის დამსახურებით.

- როდესაც ასეთი ადამიანების სახლები სავალალო მდგომარეობაშია, ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია, მემკვიდრეებთან შეთანხმებით მათ მიხედოს? - რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის თეატრის დირექტორი დაინტერესებულია, მთელი სოფელი მუზეუმად გამოცხადდეს და იყოს სოფელი-მუზეუმი. ძალიან მონდომებულია, ამ სახლებს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭოს და ჩვენც ვცდილობთ, ეს საკითხი მალე გადაწყდეს. სოფელში ამდენი გამოჩენილი მოღვაწე აღიზარდა და ერთის სახლ-მუზეუმიც კი არ არის! სადაც კიტა ბუაჩიძე გაიზარდა, იმ სახლის მხოლოდ ნანგრევებია, გვერდით კი ახალი სახლი ააშენა მისმა ძმისშვილმა. აღარც ის სახლი არსებობს, სადაც ცნობილი ოპერის მომღერალი ნადეჟდა ხარაძე გაიზარდა. მათ მთელ მსოფლიოს გააცნეს სოფელი ფარცხნალი და, ბუნებრივია, სოფლის მოსახლეობას სურს, მათი სახლ-კარი მოვლილი იყოს. ვინმე დაინტერესებული რომ მოვა სოფელში, ხომ უნდა შეეძლოს ნახვა იმ სახლებისა, სადაც ეს ბუმბერაზები აღიზარდნენ! ხარაგაულის მერიც ყველანაირად ცდილობს, სახლებს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭოს. მემკვიდრეებს უნდათ, სახლებს თვითონ მიხედონ და ჩვენ როგორ ვეტყვით, თქვენი წინაპრების სახლებში არაფერი გააკეთოთო?! თანაც მათი საკუთრებაა... ვიცი, რომ უამრავი ადამიანი გვაკრიტიკებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ.

ამ სოფელმა მხოლოდ უდიდესი საზოგადო მოღვაწეები კი არ აღუზარდა სამშობლოს, აქ ბიზნესმენებიც დაიზარდნენ, მაგრამ ამ სახლებისთვის ჯერჯერობით ვერ მოიცალეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დაგვეხმარონ, სახლები ისეთი იყოს, როგორც ეკადრებათ იმ ადამიანებს, რომელთა დამსახურება ქვეყნის

წინაშე განუზომელია!

ამ სოფელს უკავშირდება სიტყვა "პირველი"

ევგენი ხარაძე, საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი. სწორედ მან დააარსა პირველი ობსერვატორია საქართველოში; მისი ძმა არჩილ ხარაძე კი საქართველოს მათემატიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტი და ქართულად გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელოს პირველი ავტორი გახლდათ; პეტრე ბუაჩიძე - საქართველოში პირველი სპეციალისტი დერმატოვენეროლოგიაში; იოსებ ბუაჩიძე - პირველი ჰიდროგეოლოგიური რუკის შემქმნელი; რუსუდან ხარაძე - ეთნოგრაფთა პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხისა და კავკასიის მთიელთა სოციალური ურთიერთობების შესწავლას; მისი და ანა ხარაძე ბოტანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო მეუღლესთან, მიხეილ სახოკიასთან ერთად; ბიჭიკო ბრეგვაძე - პირველი ქართული საფოსტო მარკის შემქმნელი; კიტა ბუაჩიძე - ქართული დრამატურგიის კორიფე; რევაზ თაბუკაშვილი - ქართული დოკუმენტური კინოს სრულიად ახალი ჟანრის ფუძემდებელი; მერაბ თაბუკაშვილი - საქართველოს ტელევიზიის პირველი დიქტორი; ტრიფონ თაბუკაშვილი - საქართველოში პედაგოგთა პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი; ბენიტო ბუაჩიძე - მწერალი, პუბლიცისტი, პროლეტარული მწერლობის დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე; ნიკოლოზ თაბუკაშვილი - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მხატვართა პირველი სკოლისა და შემდეგ მხატვართა პირველი ინსტიტუტის დამაარსებელი... სოფელ ფარცხნალში ასწავლიდა გალაკტიონ ტაბიძე. ოთახი, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა, ოთახ-მუზეუმად გადააკეთეს. იქ დღემდეა სკამი, მაგიდა, საწოლი და სხვა ნივთები, რომელთაც გალაკტიონი იყენებდა.